ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ზაფხულის არდადეგები

ახლა არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ჩემს ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულები, სკოლაში თითქმის ყოველ წელს ვწერდით „თავისუფალ თემას” – „როგორ გავატარე ზაფხული”. რუსულის სახელმძღვანელოების პირველი გაკვეთილებიც ამავე თემას ეძღვნებოდა – როგორ კრეფდნენ სოფელში, ბებია-ბაბუასთან ჩასული ბავშვები სოკოს და კენკრას, დადიოდნენ მდინარეზე და იჩენდნენ ახალ მეგობრებს, მერე კი მასწავლებელი ეუბნებოდა, რამხელა გაზრდილხარ, როგორი გარუჯული დაგვბრუნებიხარო.

მე არდადეგების ნახევარს იმერეთში ვატარებდი, დედულეთში, ნახევარს – ხევსურეთში, მამის მშობლებთან. ალბათ სწორედ მაშინ, გრძელ, თბილ ზაფხულებში, შემიყვარდა მთები, თავისუფლად მცხოვრები ხალხი და გამჭვირვალე ჰაერი.

ზაფხულის მიწურულს კი, ბავშვობის დროინდელი ტრადიციისამებრ, მოგიყვებით იმაზე, როგორ გავატარე დასვენებისთვის გამონახული რამდენიმე დღე მთებში ჩაკარგულ სოფელში, ლაღ და ბედნიერ ადამიანებთან.

ციკომ სკოლა დაამთავრა და სტუდენტობის პირველ დღეებს ელოდება, 18 წლისაა და 25 დღეა, აქ მუშაობს, სექტემბრამდე. აღებული ხელფასით სასურველი ტელეფონის ყიდვას აპირებს, შესვენებისას კი ბავშვების ეზოში მიყრილი ნივთებით, ველოსიპედით, სკეიტბორდით, გორგოლაჭებით ერთობა. ამ დროს 82 წლის ბაბუა ოთარი დანანებით იქნევს თავს და ამბობს, რომ ციკო ჯერ კიდევ ბავშვია, მისგან არაფერი გამოვა. ბაბუა ოთარის დედა 13 წლისა გათხოვილა, 18 წლისას სამი შვილი ჰყოლია უკვე. ცხადია, მასთან შედარებით ჩვენ ყველა უმნიშვნელო თამაშებით ვარ დაკავებული.

იმ დროს, როცა ოთარი ბაბუას 18 წლის დედა სამ შვილს ზრდიდა, არა მარტო 18 წლის გოგონები, აქაური ცხოვრებაც სრულიად სხვაგვარი იყო. მაგალითად, მე-12 საუკუნის ეკლესიაში, სოფლის ბოლოს რომ დგას და უნიკალური ფრესკებით არის მოხატული, ნაადრევად დაქვრივებული და ბერად შემდგარი ახალციხიდან ჩამოსული მამა პახუმი ცხოვრობდა და სოფლის ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა. ახლა აქ დიდი მონასტერი შენდება გაცილებით მეტი ბერისთვის, თუმცა სასულიერო პირებმა საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე დიდი ხანია ფაქტობრივად უარი თქვეს.

მაშინ, საუკუნის დასაწყისში და უფრო ადრეც, ზემოთ, გუჯარეთის ხეობაში, ოსებით დასახლებული ულამაზესი სოფლები ყვაოდა, დაუღალავი შრომით შექმნილი მდიდარი მეურნეობა მთელ ახლომახლო ტერიტორიას ამარაგებდა. მერე, 90-იან წლებში, სახელმწიფოს მახინჯ პოლიტიკას ემსხვერპლნენ ეს შრომისმოყვარე ადამიანები, ერთიანად აყარეს და ისტორიულ სამშობლოში გაისტუმრეს. ახლა აღარც იმ სოფლებამდე მისასვლელი გზა ვარგა, აღარც სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა იქაურობას.

ოთარი ბაბუასთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ერთგულად უვლის ფუტკრებს, კურდღლებს და ქათმებს, დარაჯობს თხილის ბუჩქებს, ვინმე ციკოსნაირმა ონავარმა ნაადრევად რომ არ გაუჩანაგოს და ასხამს ბოთლებში თავის გამოხდილ არაყს, – ისევე, როგორც, ალბათ საუკუნის დასაწყისში, პატარა ბიჭი რომ იყო.

ადგილს, რომლის ამბებსაც გიყვებით, ტიმოთესუბანი ჰქვია და ყველა პერსონაჟი რეალურია. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც ურბანული გარემოდან გაქცევა, ტყის ტექსტურის, სუნისა და ხმის შესწავლა, სუფთა ჰაერის თერაპია და შვებულების მშვიდად გატარება უნდა. ტიმოთესუბანში სულ ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ეკლესია და ეკოკოტეჯები, სადაც მე ვისვენებ, ციკო მუშაობს და ოთარი ბაბუა ცხოვრობს.

ეკოკოტეჯები ერთი ოჯახის წარმატებული პროექტია: სოფლის ბოლოს, სიმწვანეში ჩაფლული წიწვოვანი ხის კოტეჯები ნაძვის სუნით და ლამაზი აივნებით. ადგილობრივ მეურნეობაში მოწეული სურსათისგან მომზადებული უგემრიელესი კერძები ყოველ წამს გახსენებს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სოფლებზე უარის თქმით და დიდ ქალაქებში გახიზვნით სიცოცხლის შემოკლებული და ნაკლებად ლაღი ვერსია აირჩიეს, უეზოებო ერთნაირ სახლებში გამოიკეტნენ და ბავშვებს ნამდვილი ცხოველების მაგივრად წიგნების ილუსტრაციებს აცნობენ, გვარიანი სისულელე ჩაიდინეს.

ოჯახი, რომელიც ამ პროექტის ავტორია, ძირფესვიანად ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ სოფელში ცხოვრება მძიმე და საშინელია, სრულფასოვანი განვითარების პირობები არ არის და აქ ბავშვების გაზრდა ძნელია. იშვიათად მინახავს ისეთი გონებაგახსნილი, თავაზიანი და თბილი ბავშვები, როგორიც ოთარი ბაბუას სამი შვილიშვილია. ასეთი ბარაქიანი მეურნეობა და საათივით აწყობილი საქმეც იშვიათია ჩვენს რეალობაში.

დღისით ჩემს ერთი წლის შვილს ვუვლიდი, რომელიც განსაკუთრებით ქათმებითა და კურდღლებით მოიხიბლა, საღამოობით კი ხის აივანზე ვიჯექი, ვარსკვლავებიან ცას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ თუ ბედმა გაგიღიმა და ასეთი ადამიანები გაიცანი, ასეთი ადგილები ნახე, აუცილებლად უნდა მოუყვე ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ხალხს, რომ ყველამ ერთად გავიხსენოთ, როგორ შეიძლება, ბედნიერება ხელშესახები გახადო, საქმე – წარმატებული, ზაფხულის არდადეგები – დაუვიწყარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი