ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რას ვფიქრობ „ვეფხისტყაოსანზე“ მე და რას ფიქრობენ ისინი

 

ხშირად, როცა „ვეფხისტყაოსანის“ სწავლებას ვიწყებ, ვხედავ, როგორ უქრებათ ჩემს თოთხმეტ-თხუთმეტი წლის „სამიზნეებს“თვალებში სხივი, ექუფრებათ სახე, ხელებს უღონოდ ჩამოყრიან, მძიმედ სუნთქავენ და უხერხულად იშმუშნებიან. ამ დროს, თითქოს, მათ თავში ვზივარ და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც ვიცი, რას ფიქრობენ:

სანდრო: მთელ სამყაროში ყველაზე დიდი ნაწარმოებია, არა, ყველაზე დიდი ლექსი და უკვირთ, რატომ არ მიხარია მისი სწავლა.

თიკო: სულ ძველი და გაუგებარი სიტყვები, სულ გამოცანები…

ნიკა: უნდა თარგმნო, რა! მთარგმნელი კი არ ვარ, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ! რამე ქართულად დაწერილი მასწავლეთ!

თემო: ნახევარს კი არა, ნახევარზე მეტს ვერ ვიგებ! თავს ზრდილობისთვის ვიქნევ!

ანდრია: ისევ იგივე, მთელი წელი ერთი და იგივე!

ანა: ვიცით, რომ რაღაც დიდებულია, გავიგეთ!

მაგრამ სინამდვილეში სულაც არაფერი იციან! მაგალითად, არ იციან, ვინ იყო ეს საოცარი კაცი, რომელმაც ისე დაწერა ამხელა ნაწარმოები, ერთხელაც არ გადაუხვევია არჩეული გზიდან, საკუთარ თავში ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი! სად მიიღო ასეთი მრავალმხრივი განათლება, ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები? როგორ შეძლო, ერთ ტექსტში მოეყარა თავი შუასაუკუნეობრივი, რენესანსული, აღმოსავლური, დასავლური თუ ყველა ტიპის აზროვნებისთვის? როგორ დაიცვა ბალანსი პირად, სახელმწიფოებრივ და ლიტერატურულ-კულტურულ ინტერესებს შორის? როგორ დაწერა წიგნი ერთდროულად სიყვარულზე, სიძულვილზე, ადამიანობაზე, არაადამიანობაზე, ვნებებზე, განსჯებზე, გადარჩენაზე, მკვლელობებზე, ჰარმონიასა და რღვევაზე? რამდენი ხანი წერდა, ერთი წელი თუ ათი?

მათ არც ის იციან, რომ ავთანდილი ყველაზე დიდი მოგზაურია მათ შორის, ვის შესახებაც ოდესმე სმენიათ, მარკო პოლოსა და  ამერიგო ვესპუჩიზე უფრო დიდიც კი. ხოლო მისი თავგადასავალი ყველაზე  უცნაური თავგადასავალია, რაც კი შეიძლება ერთ ადამიანს თავს გადახდეს, უფრო უცნაური, ვიდრე ოკეანეში დაკარგვა, უკაცრიელ კუნძულზე გარიყვა და წყალქვეშა გემის აღმოჩენა.

არ იციან, რომ ქალს, რომელიც ქვეყნის მმართველადაა აღზრდილი, შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის, მართოს, ააშენოს, გასცეს, შეიწყალოს, განურისხდეს, საბრძოლველად აამხედროს ან მოსაკლავად გაიმეტოს, მაგრამ იგივე ქალი თავს დახრის და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის საყვარელი მამაკაცის წინაშე, ან უსიტყვოდ აიტანს ლოდინს და მარგალიტის მძივს გაატანს მთელს გულისნადებს.

მაგრამ როცა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ვასრულებ, უკვე აღარ ვიცი, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე, ამიტომ მათ მოსაზრებებს ვისმენ, ვიწერ და ყოველთვის გაოცებული ვრჩები.

გვანცა: ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ამხელა ტექსტის მთლიანად შესწავლა. მე პირადად ძალიან მიყვარს ძველი ნაწარმოებები, რადგან ასე ვხსნით იმდროინდელ ეპოქას, იდეოლოგიას, პოლიტიკასა თუ სახელმწიფოებრივ მდგომარეობას, რაც შემდეგ მეხმარება, მეტი გავიგო წარსულზე. „ვეფხისტყაოსანშიც“ ასე იყო, ვცდილობდი, არცერთი დეტალი არ გამომეტოვებინა და ტვინში ყველაფრისთვის ჩემებური ახსნა მომეძებნა, რაც სწავლას მიმარტივებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი რაღაცის გაგება გამიჭირდა, მაგალითად, ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის. მასწავლებელთან ხშირად ვკამათობდი ამ თემაზე, რატომ იყო მათი სიყვარული ასე ამაღლებული და რატომ ჰქონდათ ყველაფრის უფლება? მერე მასწავლებელს თავს ვაჩვენებდი, თითქოს, დამარწმუნა, მაგრამ მათი გრძნობები ჩემთვის მაინც ამოუხსნელი დარჩა. შეიძლება, გავიზარდო და უკეთ გავიგო? არა მგონია!

ყველაზე მეტად ავთანდილის პერსონაჟმა დამაინტერესა, მისმა გონებამ და მისმა შესაძლებლობებმა გამაოცა. ათი ნაბიჯით მაინც უსწრებდა ყველას, თითქოს, წინასწარ გრძნობდა, რა მოხდებოდა, ყველას შიგნიდან იცნობდა, ხან ფრთხილობდა და ხანაც ეშმაკობდა. რაღაც მომენტში ამან ჩემში აღტაცება გამოიწვია. მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე მაინც არ ვიცნობ ამ პერსონაჟს. ადვილი არ იყო, მაგრამ არ ვნანობ, რომ ეს წიგნი წავიკითხე.

ელენე: პირდაპირ ვიტყვი (რადგანაც მასწავლებელი ამას ითხოვს ჩემგან), რომ არ არის საჭირო, სკოლაში „ვეფხისტყაოსნი“ ისწავლებოდეს სრულად. ჩემთვის ტექსტი არ იყო იმდენად რთული, რამდენადაც განწყობა და მოლოდინი, რომ ისევ „ვეფხისტყაოსანს“ ვხსნით. მაგრამ უნდა ვაღიარო, სულ მაინტერესებდა, ყოველ გაკვეთილზე ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევდა. მაგალითად, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ტარიელი, ასეთი ძლიერი მებრძოლი და მომავალი მეფე, ასეთი, თითქოსდა ყოვლისშემძლე კაცი, იჯდა და ტიროდა მიჯნური გამო (თუნდაც ეს ტირილი სიმბოლურად კიდევ სხვა რამეს ნიშნავდეს). ამ ტექსტმა დამარწმუნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა კაცის მდგომარეობას, თანამდებობას ან წოდებას, მას შეუძლია საყვარელი ქალის გამო იტიროს. და ეს არის GIRLS POWER!

არის თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ძალიან დიდია და კითხვისას ხანდახან ვიღლებოდი ან ვიწყენდი. მაგრამ მერე ისევ ვიპოვიდი რაიმე საინტერესოს, ახალ ინტრიგას, ახალ საიდუმლოს და ისევ მინდოდა გაგრძელება.

ლუკა: ვერ ვიტყვი, „ვეფხისტყაოსანი“ თავიდან ბოლომდე წავიკითხე-მეთქი, უფრო ვისმენდი და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებს ვკითხულობდი. რთულია, როცა, შინაარსის გასაგებად წინ ორი წიგნი უნდა გედოს, თან განმარტებებში იყურო, თან წერო. მგონია, რომ მთავარი პრობლემაც ესაა, ეს წიგნი ძალიან ბევრ დროს ითხოვს. სამაგიეროდ საინტერესო იყო პერსონაჟებზე მსჯელობა და მათი საიდუმლოებების ამოხსნა. მაგალითად, ერთხელ გავითამაშე ფარსადან მეფის როლი და იმდენ შეკითხვას ვუპასუხე, ბოლოს ლამის მართლა მჯეროდა, რომ ფარსადანი ვიყავი და გაბრაზებული ვიცავდი ჩემს პოზიციებს. ფარსადანზე უმეტესობას ცუდი წარმოდგენა აქვს, ამიტომ ყველა თავს მესხმოდა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ცუდი პერსონაჟია. ასეთმა ამბებმა „გადაარჩინა“ ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“, თორემ ისე ვერ გავუძლებდი, მართლა ძალიან დიდია.

ნინი: შორიდან ყოველთვის მაშინებდა ეს წიგნი, ვიცოდით, რომ ერთხელაც ათასსტროფიანი ლექსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ახლოდან ისეთი საშიშიც არ აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ტექსტში – პერსონაჟების გრძნობები და ემოციები სულ იცვლება, ხან ბედნიერები არიან, ხან იტანჯებიან, ნადიმობენ ან ტირიან, ზოგი უყვართ და ზოგი სძულთ. მომეწონა, რომ ასეთი აქტიურები იყვნენ, ნამდვილ ადამიანებს ჰგავდნენ. სულ ვფიქრობდი, მერე რა იქნება? რატომ მოეწონათ ასე უცხო ადამიანი? რას გლოვობს როსტევანი? რატომ გაუშვა თინათინმა ავთანდილი? პასუხებიც ჩემებური მქონდა – იმიტომ, გაუშვა, რომ აინტერესებდა, რისი გამკეთებელი იყო, გამოსცადა, იმიტომ წავიდა, რომ დაემტკიცებინა, ყველაფერი შემიძლიაო, ერთგვარი ადრენალინიც იყო ორივესთვის.

ხანდახან უბრალოდ სასიამოვნოა, რომ ერთ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი