ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცოდნის ჯიხურები

პოლიტიკური მეცნიერების ან სოციოლოგიის შემსწავლელთათვის უამრავი სოციალური მოძრაობის შესახებაა ცნობილი. მკვლევართა ინტერესის სფეროში ყოველთვის ხვდებიან პროფკავშირული, ეკოლოგიური, ქალთა და აფროამერიკელთა უფლებების დაცვისთვის მებრძოლი საზოგადოებრივი გაერთიანებები. ახალ საუკუნეში შინაარსით განსხვავებული და უცნაური სამოქალაქო ინიციატივების ჩამოყალიბებაც დაიწყეს. ფართო საპროტესტო კამპანიების ორგანიზებით, მოქალაქეთა ნაწილი ხან ლოთ მძღოლებს უპირისპირდება, ხან მადაგასკარელი ლემურების სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას ითხოვს, ხან კი პირდაპირი ინტერნეტდემოკრატიის დამკვიდრებას ცდილობს. თითქოს წარმოუდგენელი გახდა სრულიად განსაკუთრებული, ირგვლივმყოფთათვის სასარგებლო და საყოველთაო სოციალური მოძრაობის აგორება. თუმცა აღნიშნული მოსაზრება რიგითი ვისკონსინელი მასწავლებლისადმი სიყვარულმა გააბათილა.
2009 წელს, ქალაქ ჰადსონის (ვისკონსინი, აშშ) მკვიდრმა ტოდ ბოლმა საკუთარი სახლის წინ, კოხტად გაკრეჭილ გაზონზე პატარა ხის ჯიხური დადგა. წყალგაუმტარ ჯიხურს სკოლის შენობის ფორმა და პატარა კარები ჰქონდა. იდეის ავტორმა ორიგინალურ ხელნაკეთ ყუთში წიგნები შეალაგა და მეზობლებს პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკით სარგებლობა შესთავაზა. მკითხველთათვის ერთადერთი რეგულაცია დაწესდა: ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანის შემთხვევაში, იგი სხვა ლიტერატურით თავად მოსარგებლეს უნდა ჩაენაცვლებინა. ტოდ ბოლმა გამოგონება გარდაცვლილი დედის, საშუალო სკოლის პედაგოგის საპატივცემულოდ შექმნა, რომელიც თურმე ბევრს ცდილობდა და აკეთებდა მოსწავლეებს შორის წიგნის კითხვისა და სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების პოპულარიზებისათვის.

ტოდის მეზობლებმა პატარა ბიბლიოთეკის ეგოისტურ, ცალმხრივ გამოყენებაზე უარი თქვეს, ენთუზიაზმით აიტაცეს მეგობრის ინიციატივა და თავიანთი სახლების წინაც დაიწყეს ჯადოსნური ჯიხურების დამონტაჟება. მალევე, წიგნების გაცვლის კეთილი მეთოდის შესახებ მთელმა ქალაქმა და მთელმა შტატმაც შეიტყო. ბუნებრივია, უმოკლეს დროში შესანიშნავმა იდეამ მსოფლიოს სხვადასვა კუთხეში მიმოფანტული მილიონობით ადამიანის ყურამდეც მიაღწია. დღეს უკვე ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე ხუთი ათასი რეგისტრირებული და  ათასობით გაუფორმებელი წიგნთსაცავი დგას. ზოგიერთი მათგანი გამოშიგნულ მაცივარში, ძველ „ტაქსოფონში” ან გადასაგდებად გამზადებულ გარდერობში არის „გახსნილი”.

ვისკონსინელი პედაგოგის სიყვარულით აგორებული სოციალური მოძრაობის ოფიციალურად დასაფუძნებლად ტოდ ბოლმა სპეციალური ვებგვერდიც შექმნა (იხ.https://www.littlefreelibrary.org/), რომელზეც უამრავი საინტერესო ინფორმაცია, პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკების ამსახველი ფოტოები და ახალი ინიციატივები ერთადაა თავმოყრილი. აქვე, შესაძლებელია მოძრაობის შემოწირულობებით დახმარებაც. ინტერნეტით შეგროვებული თანხა ღარიბ ქვეყნებში, ქალაქებსა თუ სოფლებში ცოდნის ჯიხურების დასადგმელად გამოიყენება.


გასულ წლებში საქართველოში არაერთი ბიბლიოთეკა დაიხურა, უამრავი სკოლის წიგნთსაცავი ლიტერატურის დეფიციტს განიცდის, ათობით დასახლება ნორმალური სამკითხვლოს გარეშეა დარჩენილი, ბევრ წიგნის მაღაზიაში ფასებს ჯოჯოხეთური ცეცხლი უკიდია. გარდა ამისა, გავლენიანი საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში წიგნირების დონე ზრდის ტენდენციით არ ხასიათდება. აქედან გამომდინარე, მგონი, შესანიშნავი იქნება თუ ჩვენს ორღობეებსა და ქუჩებშიც გამოჩნდება რამდენიმე ცოდნის ჯიხური. არ არის გამორიცხული, რომ „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა” უსინდისოდ გაძარცვონ, დაამტვრიო ან ბუხარს შეუკეთონ, მაგრამ ცდა მაინც ბედის მონახევრედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი