შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლის პირადი მაგალითი, როგორც აღზრდის საუკეთესო საშუალება

 

„საინტერესოა, ვინ ასწავლა ამ ბავშვს ასეთი ტყუილები!“ – აღშფოთებას ვერ მალავს 5 წლის გიოს დედა საკუთარი შვილის საქციელის გამო, თუმცა, არ სურს იმ დღის გახსენება, როცა კარზე კაკუნის ხმის გაგონებისას, პატარა გიოს თანდასწრებით, უფროს შვილს სთხოვა, მასთან მოსული მეზობელი ქალბატონისთვის ეთქვა, რომ სახლში არ იყო და ძალიან გვიან დაბრუნდებოდა. ბავშვებს გაოცება აღებეჭდათ სახეზე, განსაკუთრებით პატარა გიოს გაუჭირდა განცვიფრების დამალვა და გაკვირვებულმა ჰკითხა დედას: „კი, მაგრამ შენ ხომ სახლში ხარ?“ „სახლში ვარ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო!“ – უხეშად მიუგო ბავშვს დედამ და არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ მისი ქცევა შეიძლებოდა მაგალითი გამხდარიყო პატარა გიოსთვის და მომავალში ისიც ადვილად იტყოდა ტყუილს, თუკი მას ეს დასჭირდებოდა.

ვფიქრობ, ანალოგიური სიტუაციების მოწმე და შესაძლოა მონაწილეც თითოეული ჩვენგანი ყოფილა. სამწუხაროდ, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება სწორედ ჩვენი ესა თუ ის საქციელი გახდეს ბავშვში იმ თვისებების ჩამოყალიბების მიზეზი, რომლებიც ასე არ მოგვწონს მოზარდებში, მათ აღმოფხვრასაც კი ვცდილობთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი ყველანაირი მცდელობა, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ მთავრდება. როგორც წესი, ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების მიბაძვა. ამაში არაფერია გასაკვირი, რამდენადაც ეს პატარების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა.

ყველას შეგვიმჩნევია, თუ როგორ ჰგვანან ბავშვები თავიანთ მშობლებს და ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნობას არ ეხება – ხასიათით, სიარულის, საუბრის მანერით, ხმის ტემბრით, პრობლემურ სიტუაციებზე რეაქციებით ისინი საკუთარი მშობლების ანარეკლს წარმოადგენენ.  მშობლები ბავშვისთვის არა მხოლოდ საყვარელი ადამიანები არიან, არამედ ეტალონიც, მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, როგორ მართონ ემოციები, როგორ მართონ საკუთარი ქცევა. მშობლების პირადი მაგალითი ბავშვისთვის თვალსაჩინო მოდელია. ისინი ღრუბლის მსგავსად ისტრუტავენ მათ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ქცევას, მათ ჩვევებს. ისინი სწავლობენ მშობლების მაგალითზე და ფაქტობრივად კოპირებას უკეთებენ მათ ქცევას, იმეორებენ კარგსაც და ცუდსაც. ბავშვები ძალიან დაკვირვებულები არიან და იმეორებენ ყველაფერს, რასაც მათი მშობლები აკეთებენ. მშობლების მაგალითი ხომ აღზრდის საფუძველია. თუ დედა ზედმეტად ემოციურია, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა და ყვირილით, ხმამაღალი ტონით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ბავშვი მშვიდად ილაპარაკებს.

მთავარ როლს ბავშვის ცხოვრებაში უპირობოდ ასრულებენ მშობლები. პატარას განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს მათთან. ეს დამოკიდებულება განსხვავდება სხვა ემოციური კავშირებისგან. ამიტომ, ოჯახურ აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების ავტორიტეტს და მათ პირად მაგალითს. მშობლების ინტერესები და ჩვევები, მათი ქცევა და ურთიერთობა უშუალო გავლენას ახდენს ბავშვზე. იმიტაციის საშუალებით ისინი სწავლობენ ახალ მოქმედებებს და ქცევებს სხვადასხვა სიტუაციაში. როგორც ამბობენ, ბავშვი ოჯახის სარკეა, რომელშიც აისახება ყველაფერი: მშობლების პიროვნული პრობლემები, მეუღლეებს შორის ურთიერთობები, მშობლისა და ბავშვის ურთიერთდამოკიდებულებები, წინააღმდეგობები და კონფლიქტები. და, თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, ბავშვები მშობლების პრობლემების სარკეა. სამწუხაროდ ხშირად ეს სარკე მრუდეა და სიმრუდე ვლინდება ბავშვის უკონტროლო, ნეგატიური ქცევის ფორმით. აღნიშნული გამოვლინებები შეიძლება შევარბილოთ, შევამციროთ, ან საერთოდ  აღმოვფხვრათ, რასაც ხელს შეუწყობს დადებითი ცვლილებები ოჯახურ ურთიერთობებში, მუშაობა მშობლების შიდაპიროვნული, ინტრაპერსონალური პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთი სახის სამუშაოები დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. უფროსების ქცევა ხომ ყოველთვის აისახება ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ აკოპირებენ მათ ოჯახში მიღებული ურთიერთობისა და ქცევის მოდელს. როგორც წესი, ჩვენი ჭკუისდამრიგებლური და აღმზრდელობითი ხასიათის საუბრები ბავშვებთან კარგავს ყველანაირ ეფექტიანობას, თუ ჩვენი მოქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს. მაგ. თუ ბავშვს სიკეთეზე, შემწყნარებლობაზე, ემპათიაზე ვესაუბრებით, მაგრამ ქუჩაში გასულები პირველივე ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვს, განვიკითხავთ და საყვედურებით ვავსებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზემოჩამოთვლილი თვისებები ჩამოუყალიბდეს ბავშვს, რომელიც ჩვენს სიტყვასა და ქმედებას შორის ასეთი განსხვავების მოწმე ხდება. კარგი თვისებები, რომელთა აღზრდასაც ვცდილობთ ბავშვებში, უფრო მტკიცე იქნება,  თუ ისინი ამ თვისებებს საკუთარ მშობლებში დაინახავენ.

მოსწონს ეს თუ არა მშობელს, შვილებისთვის ის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.  „აღზარდეთ ბავშვი საკუთარი მაგალითით“ – ალბათ ეს საუკეთესო, უმარტივესი და ყოვლისმომცველი რჩევაა მშობლებისთვის. თუმცა, ამ რეკომენდაციის განხორციელება ადვილი არ არის, რადგანაც თითოეულ  ჩვენგანს აქვს დღეები, როდესაც ოჯახის წევრებთან ვსაუბრობთ არასასურველი ტონით, მაღალი ხმით, ან შეიძლება ვთქვათ რაიმე ისეთი, რაზეც მოგვიანებით ვინანებთ. რეალობა ისეთია, რომ არცერთი ჩვენგანი არ არის იდეალური, სრულყოფილების განსახიერება და აქედან გამომდინარე ხანდახან შეიძლება გავაკეთოთ ის, ან ვთქვათ ის, რაც სასურველია, რომ ბავშვმა არ დაინახოს, ან არ გაიგოს, არ მოისმინოს ჩვენგან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პრობლემებს ქმნის არა შეცდომები, არამედ შეცდომების არაღიარება, დაუნახაობა და მათზე არასწორი რეაგირება. ამიტომ, საჭიროა მომხდარის კონსტრუქციული განხილვა, ბოდიშის მოხდა, შერიგება, ემპათიის, პატივისცემის გამოვლენა. საკუთარი მაგალითით ბავშვების აღზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მშობლები იდეალურები უნდა იყვნენ. უბრალოდ არასოდეს დავივიწყოთ, რომ ჩვენს სიტყვებსა და მოქმედებებს შთანთქავენ ბავშვები. თავის მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან მშობლებს ყოველდღიურად ეძლევათ შანსი, დაეხმარონ შვილებს, გახდნენ ისეთები, როგორების ხილვასაც თავად ისურვებდნენ. ამასთან, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მშობლების პირადი მაგალითის ზემოქმედების ძალა დამოკიდებულია მათ ავტორიტეტზე. ბავშვებში ავტორიტეტის მოპოვება კი ადვილი არ არის. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა,  ბუნებრივობა, უშუალობა და გულწრფელობა გვჭირდება. ხელოვნურობას დედის ან მამის ქცევაში ბავშვი ადვილად ამჩნევს, გრძნობს. დადებით შედეგს იძლევა მხოლოდ ავტორიტეტი, რომელიც პატივისცემაზეა დაფუძნებული, ურთიერთობა პატარებთან მათი ადამიანური ღირსებების შელახვის გარეშე ზრდის უფროსის ავტორიტეტს.

სამწუხაროდ, მშობლების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილს არ სურს აღიაროს საკუთარი „წვლილი“ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების არსებობაში. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირად, მათ არ სურთ იმუშაონ საკუთარ თავზე და საკუთარ ნაკლოვანებებზე. როგორც წესი, ასეთი მშობლები მხოლოდ სხვებისგან – პედაგოგებისა და ფსიქოლოგებისგან   მოითხოვენ იმუშაონ ბავშვთან მისი ქცევის შესაცვლელად; მაგრამ, რაც უფრო მეტს მუშაობენ ეს ადამიანები მოზარდთან, მით უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ბავშვებს შორის „რთულები“ არ არსებობენ, უბრალოდ, ისინი საჭიროებენ ჯანსაღ გარემოს და მათი პრობლემებით დაინტერესებულ, გულშემატკივარ ადამიანებს გვერდით.

მართალია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება ბავშვთან, მისთვის მაგალითი ხდება, მაგრამ მშობლის როლი და მნიშვნელობა მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში განუზომელი და შეუფასებელია. მშობლების   მაგალითი და ბავშვთან მათი ურთიერთობის მანერა სამუდამოდ რჩება  მოზარდის ცნობიერებაში და განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება, როცა ის თავად ხდება მშობელი. ამდენად, მშობლის დადებითი პირადი მაგალითი არა მხოლოდ კარგი პიროვნების, არამედ კარგი მშობლის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაც შეიძლება გახდეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი