შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თქვენთვის წერილია

არტურო პერეს რევერტეს

ჩემი უმცროსი მეგობარი, თანაკლასელ გოგოს გაუმიჯნურდა. მორიდებული ყმაწვილია, ხმამაღალს ვერ დააცდენინებ. მისვლა ვერ გაბედა, წერილის მიწერა განუზრახავს და დახმარება მთხოვა. მეც ვურჩევ, ოღონდ ღიად და მხოლოდ თქვენი თანდასწრებით:

შავმელნიანი, წვრილბურთულიანი კალმით წერე – ასე უფრო სოლიდურია, სერიოზული ტიპის შთაბეჭდილებას დატოვებ. ვინაობა არ გათქვა.  ერთი წერილი არ ივარგებს, წერილების სერია შექმენი. იყავი სიტყვაძუნწი. თითქოს ჩახლართული დეტექტივისთვის მოგეკიდოს ხელი. სიუჟეტის ჩონჩხი მოიფიქრე. ნელ-ნელა გახსენი კარტი. მერე გახსნილი კარტებიც აურიე, ძაფი აბლანდე. იმოქმედე სერიული მკვლელივით. ააფორიაქე, დააბნიე და დაასუსტე. კვანძი მხოლოდ დასასრულსღა გახსენი. 

არ წამოგცდეს რომ მოგწონს. არ გაბედო იმის თქმა, რომ ლამაზი თვალები აქვს, მისი კანი ხავერდს გაგონებს, თვალები კი – ბაიკალს. შეგიძლია გრძელი ფეხები შეუქო, მაგრამ ღია ხოტბა არც მაგისა ივარგებს. მაგ მხრივ, 2000-იანების პირველ ნახევარში იაღლიში მომივიდა: ერთი უფროსკლასელისთვის, რომელსაც ვენებგადმოყრილი ბაბულიკა მოსწონდა, შექსპირად გარდავისახე – ფეხქვეშ გავეგე. მეორე დილით, სკოლის დერეფანში თავზე ხელი გადამისვა და მითხრა შენ რა სასაცილო ბიჭი ყოფილხარო. ლამის ვიტირე. 
ასო „რ” – ყოველთვის ორი ფეხი გაუკეთე. სტრიქონებს შორის ადგილი დატოვე, რათა წინადადებებმა ისუნთქონ. არ ჯღაბნო, მაგრამ გაკრული ხელით მიჰყევი ტექსტს. ამით დარწმუნდება, რომ ცხოვრება არ გბოჭავს და წერისას ფიქრობ. 

სანამ წერად მოჯდები, სუნამო მიიპკურე. „ჟივენშის” ან „კაროლინა ჰერერას” ნაწარმი სცადე. რაც გრილი სურნელი – მით უკეთესი. ქაღალდი სურნელს აიღებს. თუმცა არავითარ შემთხვევაში ფურცელს არ აპკურო. ზედმეტად პრანჭია ყმაწვილად აღგიქვამს. 

იყიდე რაც შეიძლება სქელი თაბახი, მაგრამ არამც და არამც სახაზავი ფორმატის სისქის. წერტილები დასვი გარკვევით, რათა ნაჭდევი ხელითაც იგრძნობოდეს – ამით ძალას და ტემპერამენტს აჩვენებ. როცა წერას დაარულებ, ქაღალდი ზუსტად გაკეცე, ოღონდ ფრჩხილს ნუ გამოიყენებ – მელანი გაიდღაბნება. აკურატულობის ეტალონი უნდა გახდე მისთვის. 

აუცილებლად უყურე „ჰანიბალს”. კარგად შეისწავლე, თუ რა ჰაეროვნ წერილს სწერს ჰანიბალ ლექტერი კლარისა სტერლინგს. მის მსგავსად, ტექსტის ბოლოს გააკეთე მინახატი, თუნდაც უაზრო და არასოდეს ახსნა მისი მნიშვნელობა. შეეცადე სექსუალური მანიაკი არ ეგონო. 

აიძულე ნაწერით შენი ხმა ამოიცნოს – ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ტემბრი, გამოცდილი ყმაწვილისა. ამისთვის გირჩევ ოსკარ ბენტონის და რაიან ბინგემის სიმღერებს მოუსმინო. ტექსტში მძიმეები მოათავსე ისე, რომ ჩახველებას ჰგავდეს. დეფისი კი – ულვაშებში ჩაღიმებას. 

წერისას ხმამაღლა ააკვნესე ავე მარია ან მთვარის სონატა, რათა დაგამშვიდოს და გოგონამ შენი დაწმენდილი გულისცემა იგრძნოს. ეს აფიქრებინებს, რომ გაწონასწორებული პიროვნება ხარ. 

როგორმე მოახერხე და წერილში ოქროს შუალედი გაავლე: ილაპარაკე ქარაგმებით, მაგრამ არ მიბაძო იესოს; ჩასვი თავსატეხები, მაგრამ კონან დოილად ნუ გადაიქცევი; იფილოსოფოსე, მაგრამ პლატონად არ გადაეგო; იარშიყე, მაგრამ დონ ჟუანი ნუ გახდები; დაუგე ხაფანგები, თუმცა პროფესორი მორიარტი გონებიდან ამოიგდე; ისაუბრე უშუალოდ, მაგრამ არა ლაწირაკი ბაცანასავით. 

აუცილებლად გამოიყენე კონვერტები. წებო დაივიწყე – ნერწვით შეადუღაბე. კონვერტის გარე ფასადის გაფორმებაშიც იძუნწე – ერთი ან ორი სიტყვით შემოიფარგლე. ქათქათა კონვერტი და შავი მელნით გადასმული მიჯნურის სახელი – ნახე რა რომანტიკაა. 

პირველი წერილი სკოლის კედლებს გარეთ ნახოს, თორემ იაფად გაყიდი თავს. თავდაპირველად უცნობი თაყვანისმცემელი უნდა ეგონო – იდუმალი. მეორე წერილამდე ადროვე, ეიფორიამ გადაუაროს, იფიქროს, რომ დაგავიწყდა. მერე უეცრად გამოჩნდი – კონვერტი სახლლის კართან დაუტოვე. 

ისევ გადაიკარგე. დააკვირდი გაკვეთილებზე როგორ მოიქცევა. დამიჯერე, თვალებში ცეცხლი ფეხდაფეხ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუნელდება და მაშინ, როცა ჩაქრობას დააპირებს, ისევ გამოჩნდი. მოაწყე ისე, რომ კონვერტი მის ჩანთაში ჩადო. ამაზე იფიქრებს, რომ იდუმალი თაყვანისმცემელი მის გამო უკვე საკლასო ოთახში შემოიპარა და სიგიჟეებს სჩადის. 

სანამ საკონტროლო გასროლებზე გადახვალ, ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის ფილმს უყურე – „თქვენთან წერილია” ჰქვია. მისი სიუჟეტი მომაკვდინებელი დარტყმებისთვის გამოგადგება. ნელ-ნელა დაუახლოვდი. მოახერხე და მისი მესაიდუმლე გახდი. 

საფანტი ისროლე – შეხვედრაზე შეაპარე. 

როცა საკუთარ თავგადასავალსა და იდუმალ მიჯნურზე მოგიყვება, ჯერ ცხვირი აიბზუე, დროთა განმავლობაში კი ურჩიე უცნობს შეხვდეს. იმ დღეს უნდა ელანდებოდეს, რომ მის ნაბიჯებს სხისი ნაბიჯები მიჰყვება კვალდაკვალ. მოეჩვენოს, რომ მის კისერთან ვიღაც სუნთქავს. ცოტა ჟივენშის სურნელიც იგრძნოს. 

მერე კი შაშხანაში ტომას ბეკეტისეული ტყვია მოათავსე. შეხვედრა დაუთქვი. იმდენად განსაკუთრებულად იზრუნე საკუთარ გარეგნობაზე, რომ კვალი დარჩეს – თითქოს არც გიზრუნია. თმას მაინცდამაინც რადიოზე ნუ მომართავ. აკადემიურად არ ჩაიცვა. სუნამო – კი იცი. 

როცა დაგინახავს და ბოლომდე გადახარშავს რაც მოხდა, პირს დააღებს. სანამ პირღია იდგება, საუბარი სხვა მხარეს წაიყვანე და შეხვედრის ადგილს მოაშორე. წერილებზე არ დაელაპარაკო. ესაუბრე ოდრი ჰეფბერნზე, კალათბურთზე, ცისფერ მთებზე, ისტორიის მასწავლებელზე და ნაყინზე. მერე კი შესთავაზე კიდეც. სიყვარულზე სიტყვა არ დაგცდეს. 

საღამოს სადარბაზოსთან მიაცილე და უთხარი: „აი, ჩვენ უკვე ერთი დიდი საიდუმლო გვაქვს”. 

… ისე, თუ მართლა გინდა მაგ გოგოს თავი მოაწონო, ნუ მაწერინებ ამ სისულელეებს. უაზრო მოსე მწერლობას მოეშვი, მიაჭერი და ყველაფერი პირდაპირ უთხარი. 

ბიჯოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი