ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მარაშნა

დიდი ხანია, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემს სოფელში არ შევხვედრივარ. ადრე სულ იქით მიმიწევდა გული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბებია და ბაბუა მელოდნენ ცაიშში. ბავშვობისას მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი და ფეხბურთის თამაშში, თევზაობასა და ტყე-ღრე წანწალში გალეული დრო დიდხანს მყოფნიდა სათქმელად, სალაპარაკოდ, ახალი თავგადასავლებისთვისაც.

მარაშნას მოლოდინი მაინც სხვა იყო. ის არ ჰგავდა ახალი წლის პირველ დღეებში მობრძანებულ ქირსეს (რომლისთვისაც მთელი წელი ასუქებდნენ ღორს სოფელში), არც თანაფას (ენდროსფრად შეღებილი კვერცხებითა და ნაირ-ნაირი მოსაკითხით სასაფლაოზე გაკრეფილ ადამიანებს), არც პერტობას…

სამზადისი წინა დღეს, უთენია იწყებოდა. კაცები შეშას ვეზიდებოდით ტყიდან, დედა და ბებია ეზო-კარს გვიდნენ და ასუფთავებდნენ. მერე ბუხარში ცეცხლი გაჩაღდებოდა, ახმიანდებოდა გამხმარი კუნძი და წვრილ-წვრილი ფიჩხი.

იმ დღისა და იმდღევანდელი სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო საკურთხი – მიცვალებულთა ულუფა. ბებიაჩემი ისეთი მონდომებითა და მოწიწებით ამზადებდა საკურთხს თავისი მშობლებისა და დედამთილ-მამამთილისთვის, რომ მე და ჩემს ძმას გვშურდა, გვწყინდა, ბავშვურად გვჯეროდა კიდეც, რომ ჩვენ არ ვიყავით ასეთ პატივში.

– იმ ბარკალს ავიღებ, თუ შეიძლება, ჩემსას მოვრჩი უკვე, – ვამბობდი ყველას გასაგონად და მადიანად გავცქეროდი თეფშებზე განცალკევებით დაწყობილ ოხშივარადენილ კერძებს, თან მაინტერესებდა, რას იტყოდა ბაბუა, ნებას დამრთავდა თუ დამიშლიდა.

– აგერ ბარკალიცაა და რბილი ხორციც, – ამის პასუხად ბებია თეფშს გამომიწვდიდა, გადაიღეო.

ის საკურთხი მაინც იდუმალი და მიუწვდომელი ჩანდა. თქვენც წარმოიდგინეთ: მაგიდაზე გადაფარებული ქათქათა ტილო, ზედ დალაგებული ძვირფასი ჭურჭელი, სუფრის ცალ მხარეს – მთელი ოჯახის დიდ-პატარა, მეორე მხარეს კი ისინი, ვინც მარადიულად იგულისხმებიან ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მათ კერძს ლუკმა არ აკლდებოდა, სამაგიეროდ, მათ თეფშებზე დამაგრებული სანთლები წვეთავდნენ, ილეოდნენ, თითქოს წამიერად, ჩვენ თვალწინ, ერთხელ კიდევ იბადებიან და იფერფლებიანო.

დაფერფვლაზე წინა ღამე – ჭეჭეთობა-ჭიაკოკონობა – მახსენდებოდა. თავს მოვიჩიჩქნიდით – ავი სულებისგან, მაზაკვალებისგან დასაცავად თმაში ჩაწებებული სანთელი ადგილზე იყო. არც სახელდახელოდ მოგროვილ „პაკრიშკებზე” გადახტომა-გადმოხტომის დროს ატრუსული, კვამლისსუნნაკრავი ტანსაცმელი ეწყო შეუფერებელ ადგილას – სარეცხში ეყარა…

ბებიას ახალი ხილი და ბოსტნეული შემოჰქონდა სუფრაზე. თვალს ახარებდა და ოთახსაც სურნელებით ავსებდა ლანგრებზე დაწყობილი ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, ნესვი თუ საზამთრო. ბაბუაჩემს უცნაური და მოულოდნელი ამბები ახსენდებოდა ასეთ დროს, – ერთი ქალი იყო ჩვენს სამოხიო-საახლობლოში, შვილის სიკვდილის შემდეგ ხილს და ტკბილეულს არ ეკარებოდაო. ჩვენ გვიკვირდა, გაოცებული შევყურებდით, მისი შეთხზული და გამოგონილი გვეგონა, ის კი, ჩვენს გაკვირვებაზე:

– ადრე გლოვაც ღირსეული იცოდნენ, ახლა რომ გაფუჭდა და გაბითურდა ყველაფერი! – იტყოდა ხმამაღლა და დაბეჯითებით.

სოფელში ამბობდნენ, მარაშნამდე რამდენიმე დღით ადრე, ფერიცვალებას, მდინარეში ყინული ვარდება და ბანაობა არ შეიძლებაო. წარმოვიდგენდი კიდეც, როგორ შეიძლებოდა, წყალში ყინული ჩავარდნილიყო: ალბათ, მთის მწვერვალიდან, სათავიდან დაუყვებოდა, მთელ შენაკადებს მოედებოდა, დაიქსელებოდა, გაფართოვდებოდა და ფსკერამდე უწევდა. ამიტომაც დღემდე ვერ გამიბედავს შემოდგომაზე მდინარეში შესვლა, ასე მგონია, ყინულით გაჭექილი წყალი ფილტვებზე შემომიდგება, სუნთქვას დამიხშობს და ჩამითრევს სარკესავით დაწმენდილ, აუმღვრეველ მორევში.

მანამდე კი, სანამ იქ შესვლას გავბედავდე, ჩემი ბავშვობის მდინარეს მაინც დავუყვები ნაპირ-ნაპირ, ეგებ მეხსიერების ფსკერზე დაცვენილი ოქრო-ვერცხლი და მონეტები – ძვირფასი წუთები – წამოვკრიფო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი