პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელთა სევდა

მიგელ დე სერვანტესის “დონ კიხოტს”, როგორც წესი, ორი სხვადასხვა პოლუსის მკითხველი ჰყავს. ერთნი მას კომედიურ ჟანრს მიაკუთვნებენ და სევილიელი იდალგოს ყოველ ახირებაზე გულიანად ხარხარებენ, მეორეთათვის კი იგი ტრაგიკული ნაწარმოებია. ტერმინი “დონკიხოტობაც” ზოგს ეთაკილება, ზოგი კი ვაჟა-ფშაველას “უძმოს-ძმასთან” აიგივებს მას და ყოველთა ჩაგრულთა მფარველად, უსამართლობასთან მებრძოლად წარმოუდგენია.

ჩაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირების კიდევ ერთმა ციებ-ცხელებამ და ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. ასაღელვებელ-დასაფიქრებელი მართლაც ბევრია… მინდა, ამთავითვე განვაცხადო, რომ მე ერთი მათგანი ვარ, ვინც გამოსაცდელის დანდობა არ იცის, მაგრამ ქიმიის მასწავლებელთა “ქიმიური ანალიზის” შედეგები უფლებას არ მაძლევს, არ განვაცხადო: ასეთი შედეგის მხოლოდ გამოცდის ვერჩამბარებელი მასწავლებლებისთვის გადაბრალება უსამართლობაა!

მაშ, ვინ არის დამნაშავე? 

ეროვნული საგამოცდო ცენტრი? ის ამოცანები, რაც ცენტრმა წელს (და არამარტო წელს) შესთავაზა მასწავლებლებს, საკმაოდ შორს არის თანამედროვე (შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვა “საერთაშორისოს”) მოთხოვნებისგან.  ექსპერტებს  დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ტესტს ტესტის სახეც ჰქონოდა და თან როგორმე მორგებოდა არსებულ უმძიმეს ვითარებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი? – არა, მასწავლებლის სახლი, ქიმიის კონსულტანტ-ტრენერების დიდი ამქრით, შესაძლებლობათა მაქსიმუმს აკეთებს ტრენინგებისთვის გამოყოფილი დროისა და რესურსების ფარგლებში.

ვფიქრობ, მთავარი მიზეზი მოტივაციაა, უფრო სწორად, უმოტივაციობა! ამ პრობლემას საშველი მაშინ დაადგება, როდესაც გაჩნდება შინაგანი მოთხოვნილება პროფესიული თვითსრულყოფისა და განვითარებისთვის. დღეს კი დავსვათ მარტივი კითხვა: რატომ უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა ტესტი? რას დაკარგავს, თუ ვერ ჩააბარა?

სამწუხაროდ, დღეს მასწავლებელი თავისი პროფესიით უკვე აღარ ამაყობს და ამ შრომის ანაზღაურებაც მხოლოდ მისი სხვა შემოსავლების დანამატია. ჰოდა, რატომღა შეიწუხოს თავი „არაფრის მომცემი” თვითგანვითარებით, რომელიც ყოველდღიურ შრომას მოითხოვს?!

მისაღებია არგუმენტი, რომ მასწავლებელი ახალი თაობის ლოკომოტივია და მისმა პრობლემებმა არ უნდა დაუმახინჯოს მომავალი ახალგაზრდებს, ამიტომ უნდა ეყოს გამბედაობა და წესიერება და… ან ყველაფერი გააკეთოს თვითგანვითარებისთვის, ან განზე გადგეს და სხვას დაუთმოს ასპარეზი. მაგრამ ასეთი ჰეროიკული საქციელი მაღალგანვითარებულ (მატერიალურად თუ ზნეობრივად) საზოგადოებას თუ შეიძლება მოვთხოვოთ, ჩვენგან კი იქამდე ჯერ შორია.

სხვა გზაა მოსაძებნი…

არსებობს მოარული ფრაზა: “დედამიწის მოსახლეობის 90%-ს არ უყვარს ქიმია, ხოლო ვისაც უყვარს ქიმია, მათ 90%-ს სძულს ფიზქიმია”. არადა, ამ და მრავალ სხვა საკითხში ფიზქიმიის კანონების მოშველიება დიდად წაგვადგებოდა.

ცნებებს “ენტროპია”, “ენთალპია”, “ჯიბსის კანონი” საზოგადოება მე-19 საუკუნის შუა წლებიდან იცნობს, მაგრამ მათი მნიშვნელობა ჯერაც ვერ გავისიგრძეგანეთ ბოლომდე, ამიტომ მათ გამარტივებულ განმარტებას აქაც მოვიყვან.

ენტროპია არის მრავალ ნაწილაკიანი სისტემის მოუწესრიგებლობის (“ქაოსის”) ზომა.

ენთალპია არის თერმოდინამიკური პოტენციალი, რომელიც აღწერს სისტემის მდგომარეობას თერმოდინამიკურ წონასწორობაში. უფრო მარტივად, ენთალპია ის ენერგიაა, რომელიც ხელმისაწვდომია განსაზღვრულ ტემპერატურაზე სითბოდ გარდასაქმნელად.

ვინც ფიზქიმია, მით უფრო – ქიმია არ იცის, მისთვის ეს ცნებები არაფრის მთქმელია, მაგრამ მათი მოშველიებით უმნიშვნელოვანესი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ნებისმიერი ქიმიური (და არამარტო ქიმიური) პროცესის დროს ერთდროულად მოქმედებს ორი ურთიერთსაპირისპირო ფაქტორი: ენტროპიული (TDS)  და ენთალპიური (DH).  ამ ორი ურთიერმოქიშპე სტიქიის სხვაობით (თუნდაც შეკრებით) განისაზღვრება ჯიბსის ენერგიის ცვლილება:DG=DH- TDS. თუ DG<0,  პროცესი შეიძლება წარიმართოს, ხოლო თუ DG>0, ჩვენი ყოველგვარი მცდელობა ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და მარცხისთვის არის განწირული.

თუ გამოვთვლით ჯიბსის ენერგიას მასწავლებელთა მომზადება-სერტიფიცირების პროცესისთვის, მისი მნიშვნელობა ნულზე მეტი იქნება, ვიდრე არ გაჩნდება მოტივაცია, ამიტომ ყოველგვარი მცდელობა, სკოლაში გვყავდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგი, იქნება ფუჭი. ხოლო თუ დავუბრუნებთ მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟს, DG-ც შეიცვლის ნიშანს და აღარც ტესტების შემდგენლებს და(გვ)ჭირდება, ომამდელი არტილერისტების (“ვერ მიაღწია”, “თავზე გადააფრინდა”) პრინციპით ტესტები მასწავლებელთა ცოდნას მოვარგოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი