პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თანადგომა

ყველა მასწავლებელი ოდესღაც მოსწავლე იყო. ან ჯერ კიდევ არის, მაგალითად ისევე, როგორც მე და ლექტორების გარემოცვაში ისე გრძნობს თავს, თითქოს დიდი სულაც არაა.  და, ყოველ ჯერზე, როდესაც იმ კლასიდან, სადაც მასწავლებელია, იმ კლასში ინაცვლებს – სადაც მოსწავლედ ითვლება, ისეა, თითქოს თავის დიდურ საქმეებსა და მიღწევებს, სადღაც  შორს, სხვა შენობის კედლებში, ან სულაც სხვა განზომილებაში ტოვებს. ამით მარტივად აიხსნება ის, თუ რატომ მიფართოვდება თვალები ნერვიულობისგან, როცა ლექტორებმა უნდა მისმინონ. არადა ცალსახაა, რომ ზრდასრული ადამიანებით სავსე აუდიტორიის ყურადღების მიქცევა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ბავშვებით სავსე კლასის, შენს შესვლასაც რომ ვერ იგებენ, ისე ხმაურობენ. მტკიცედ მჯერა, რომ თუკი ადამიანი მეხუთე კლასელების შუაში დგას და იმდენს ახერხებს, რომ ყოველი მათგანი უსმენს და უყურებს, იგივე  ადამიანი ტრიბუნასთან რომ დააყენო მთელი მსოფლიოს ყურადღებასაც მიიპყრობს. მიუხედავად ამისა, ხანდახან განწყობის ცვლილება გარდაუვალია; ზოგჯერ ნებისმიერ აუდიტორიას ვიპყრობთ პატარებთან გამოცდილები, ზოგჯერ კი რაღაც ხდება და ყველაფერი არც ისე კარგად სრულდება, რაც შემდეგ გვიკვირს (და გვაწუხებს).  თუმცა გაჩენილ კითხვებზე პასუხების პოვნა იმაზე ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია, თუკი შევძლებთ და ჩვენს თავებს ჩვენსავე პატარა მოსწავლეებს შევადარებთ.

ერთხელ ჩემს მეორე კლასელებს გასაფერადებლად ფურცლები დავურიგე, რომელზეც სკოლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ეხატა. დავალება მარტივი იყო, შავ-თეთრ გამოსახულებაში უნდა ეპოვათ თითოეული ნივთი და იმ ფერით გაეფერადებინათ, რომელიც პირობაში ეწერა. მაგალითად, ფანქარი – ყვითლად, საშლელი – ლურჯად და ა.შ. მერე კი თავისი ნამუშევარი კლასისთვის უნდა ეჩვენებინათ და თან ინგლისურად მოკლე წინადადებები წარმოეთქვათ, იმაზე თუ რა იპოვეს და რა ფერით გააფერადეს.  ბავშვებმა მიცემულ დროში დიდი დაკვირვებით და ენთუზიაზმით იმუშავეს, თუმცა ერთ-ერთმა პატარამ ზუსტად მაშინ, როდესაც დავალების დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, გადაწყვიტა, რომ რაღაც არასწორად გააფერადა და რომ მის გვერდით მჯდომ თანაკლასელს უფრო საჭირო ფერი ჰქონდა გამოყენებული. ამიტომ, მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ვეღარ მოასწრებდა და თანაც ნახატს გააფუჭებდა, მიუბრუნდა და სასწრაფოდ დაიწყო გაფერადება. საბოლოოდ ისეთი უფორმო ნახატი მივიღეთ, რომ ვერაფრით გავარჩიეთ ზედ პენალი ეხატა თუ ტანსაცმლის კარადა.  თუმცა თვითონ დიდად არ უდარდია, რადგან ხატვისა და მუშაობის პროცესით ნასიამოვნები დარჩა. ბევრიც ვიცინეთ და ვიხალისეთ ასოციაციობანას თამაშით.

ამ ამბის მერე კარგა ხანმა განვლო, როცა მასწავლებელი ისევ მოსწავლედ გარდავისახე და ჩემი სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვის დღე დადგა. ვიდრე ჩემი გამოსვლის ჯერი დადგებოდა, სხვების მოსმენისას ათასი აზრი მომდიოდა თავში: რომ მე მსგავსი მონაკვეთი არ მაქვს, რომ ის ტექსტი, რომელიც უნდა წავიკითხო პატარაა, რომ რაღაც ჩასასწორებელია და ა.შ. თუმცა დიდურად და მასწავლებლურად ათასჯერ შევუტიე ჩემს თავს, ტექსტს ხელი არ ახლო, რაც არის ეგ არის, შეცვლის დრო აღარ არის-მეთქი. საბოლოოდ, ჩემში მეორე კლასელმა გაიმარჯვა, ერთი პარაგრაფი მთლიანად წავშალე, აქ სხვა რამეს ჩავსვამ-მეთქი.  მეორე პარაგრაფისთვის ნაშრომიდან სხვა აბზაცი ამოვაკოპირე და ჩავამატე, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ზუსტად არ დაემთხვა და გასწორება სჭირდებოდა. პარალელურად გაშლილ სხვა ფაილში ის მონაკვეთი დავკარგე, რომელიც მჭირდებოდა და ვიდრე ხუთ წამში ჩემს არეულ-დარეულ ტექსტს რამეს მოვუხერხებდი ჩემი გვარიც მომესმა. ამის გამო ავტომატური პანიკის რეჟიმი ჩამერთო და სიმშვიდე დავკარგე. საქმე იმაშია, რომ მე მეორე კლასელი ერეკლე არ ვიყავი, რომ ბოლო მომენტში გაფუჭებულ ნახატზე არ მედარდა და არც ასოციაციობანას მეთამაშა ვინმე. სინამდვილეში, უბრალოდ ყველაფერი გავაფუჭე. ბევრი რაღაც გამოვტოვე და როცა იმ პარაგრაფს მივადექი, სადაც ტექსტი ტექსტს ზუსტად არ ემთხვეოდა, საერთოდ დავიბენი, ბევრი შეცდომა დავუშვი და ჩემი პრეზენტაციაც ისეთ უფორმო გამოვიდა, როგორც ერეკლეს ხელახლა გადაფერადებული პენალი. მართალია, ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი  სამაგისტრო ნაშრომი ასეთ წარდგენას  ნამდვილად არ იმსახურებდა.

ახლა, როცა ამ ამბის მერე ცოტა დრო გავიდა, კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: რატომ არ ვითხოვე რიგის გაცვლა. უარს არავინ მეტყოდა, რომ მეთქვა, რაღაცას ვასწორებ და შემდეგი გამომსვლელი ვიქნები-მეთქი. აქ თითქოს ჩემს მეოთხე კლასელს ვგავარ: ერთხელ მინი პრეზენტაციების გაკვეთილი გვქონდა. უდარდელად დავუძახე ერთ-ერთს, აბა გისმენ-მეთქი, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან აქტიური და მამაცია, ამიტომ ყოველთვის პირველია, როცა საქმე რაიმეს დაწყებაზე მიდგება. უარი არ უთქვამს, თუმცა ორი სიტყვის თქმის შემდეგ მოულოდნელად ტირილი დაიწყო, რამაც, რასაკვირველია, თავზარი დამცა. გაირკვა, რომ სურდა ძალიან კარგად წარედგინა ყველაფერი, რის გამოც რამდენიმე წინადადება რვეულში ჰქონდა ჩაწერილი და ამ წინადადებებში ჩახედვა გამოსვლის წინ ვერ მოასწრო. დავამშვიდე და ვკითხე, რატომ არ მითხარი უარი გამოსვლაზე, ხომ იცი ამის უფლება გაქვს-მეთქი, უცებ ვეღარ მოვიფიქრეო, მომიგო. მაშინაც მივხვდი, თუმცა ახლა კიდევ უფრო უკეთ ვხვდები. პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ შენი სახელის გამოცხადებით გამოწვეულ პანიკას ვერ ძლევ და გავიწყდება თქვა, რომ მზად არ ხარ. პრობლემა ისიცაა, რომ იცი, ვერავის წარმოუდგენია, რომ შენ შეიძლება მზად არ ხარ, ამიტომ გიჭირს ამის ხმამაღლა თქმა და აღიარება. მე გამუდმებით ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს მსგავსი ბარიერები დავაძლევინო, თუმცა, როგორც ჩანს, პირველ რიგში, ამაზე მუშაობა საკუთარ თავთან მესაჭიროება.

ამის გაცნობიერებას ნამდვილად არ შევუშინებივარ. თუკი საკუთარ პრობლემებთან გამკლავება არ გიწევს და თუ სირთულეების დაძლევით არ იზრდები, პატარა ადამიანებს მაგალითს ვერ მისცემ. უბრალოდ ვერ ასწავლი მათ, რომ ერთმა წარუმატებლობამ ხელი არ უნდა ჩააქნევინოთ, თუ პირველ რიგში ამას შენ ვერ ხვდები. ალბათ პატარებს სწორედ ისეთი მასწავლებლები სჭირდებათ, რომლებიც თუნდაც სულ მცირე წარუმატებლობისას მათ მხარეს იჭერენ, ცდილობენ, პირველ რიგში, დადებითი წამოწიონ წინ, შეცდომაზე კი შთააგონონ, რომ არაფერია, ხდება ხოლმე. მსგავსი გაკვეთილები უდიდეს გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნულ ჩამოყალიბებაში არამხოლოდ მაშინ, როდესაც პატარები არიან, არამედ მაშინაც, როცა უკვე დიდები გახდნენ და საკლასო ოთახის მაგიერ უნივერსიტეტის აუდიტორიაში სხედან. პრობლემათა მასშტაბურობა მოსწავლისა და სტუდენტისთვის ცალსახად განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა ეს არცერთი წამით არ გამორიცხავს იმას, რომ ორივე მათგანს ესაჭიროება ემოციური მხარდაჭერა და დახმარება იმაში, რათა საკუთარ თავში ძალები იპოვოს. ისეთი ძალები, რომლის არსებობაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

კარგი მასწავლებელი კარგი წინამძღოლია, კარგი ხელმძღვანელი და კარგი ავტორიტეტი, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში ჰაერივით სჭირდება.  კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც ახერხებს და სულ უკანა მერხზე მჯდარ ჩუმ მოსწავლეს საუბარს აწყებინებს; სწორედ ასე დამაწყებინა საუბარი თავის დროზე ჩემმა ლექტორმა. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დამეხმარა, რომ მერწმუნა, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამის მერე უკანა მერხიდან ნელ-ნელა წინა მერხზე გადმოვინაცვლე, ის კი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი გახდა. ჭეშმარიტია, რომ თავდაჯერებულობა ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ ცოდნასაც და გამოცდილებასაც თავდაპირველად გაკვეთილის ან სემინარის ორმოცი წუთი გვაძლევს; ეს მანამდე, ვიდრე საკლასო ოთახის ან აუდიტორიის კარს გამოვიხურავთ და რეალურ ცხოვრებასთან პირისპირ უკვე გაზრდილები დავდგებით. როცა დიდი ხარ და როცა შენი ხმა მკაფიოდ ისმის, როცა შენი გაკეთებული საქმეები ყველასთვის თვალსაჩინოა,  ადვილია შენი სჯეროდეთ, მაგრამ ჩვენთვის შეუცვლელად სწორედ ის მასწავლებელი რჩება, ვინც მანამდე შეგვნიშნა და  მანამდე ირწმუნა ჩვენი, ვიდრე რამეს მივაღწევდით. ცოდნისა და გამოცდილების მიღება კი უწყვეტი პროცესია და მეტიც, თუ გსურთ რომ იყოთ კარგი მასწავლებელი, ამისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, მუდმივ მოსწავლედ დარჩეთ. შესაძლოა, ზოგჯერ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია ჩავაგდოთ, ან რაღაც ისე ვერ გამოგვივიდეს, როგორც საჭიროა. სამაგიეროდ ეს დაგვეხმარება, რომ იგივე ჩვენი მოსწავლეებისგან მარტივად მივიღოთ, დავიცვათ ისინი და ვასწავლოთ, რომ აუცილებლად მამაცურად უნდა გაუმკლავდნენ თუნდაც სულ მცირე წარუმატებლობისგან გამოწვეულ სტრესს.

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლესთან ამაზე საუბარი ან პირდაპირ შეიძლება, ან ირიბად; წარმოიდგინეთ, რომ იქ, სადაც ჩვენი წარმატება ან წარუმატებლობა უნდა გადაწყდეს, ბრძოლის ველია და, გვინდა თუ არ გვინდა, ამ ბრძოლას ბევრი ვინმე ადევნებს თვალყურს. თუ თქვენ მასწავლებელი ხართ და ხედავთ, რომ თქვენი მოსწავლის საქმე არც ისე კარგად წავიდა (ან შესაძლოა ხედავთ, რომ თავად ჰგონია, რომ არც ისე კარგად წავიდა)  ბრძოლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია უშუალოდ მოსწავლეს დაელაპარაკოთ, ან ბრძოლის ველზე ყველას გასაგონად აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის, რაც თქვენმა მოსწავლემ გააკეთა დასაფასებელია და ძალიან კარგი იყო. ეფექტი სხვადასხვანაირი იქნება, თუმცა ორივე შემთხვევაში ცალსახად – დადებითი. მაგალითისთვის, მე გაცილებით რთულად გადავიტანდი ჩემს შემთხვევას, რომ არა ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვიანებით ჩემი გაფუჭებული სიტუაცია გამოასწორა და რამდენიმე წინადადებად თქვა, რომ საბოლოო ჯამში ნაშრომზე ძალიან კარგად ვიმუშავე და კარგიც გამოვიდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ეს, ჩემი და ჩემი მოსწავლეების საყვარელი ანიმედან  ეპიზოდს დაგიტოვებთ. ეპიზოდში ბრძოლის მერე დაღლილი და დასავარდნად გამზადებული პერსონაჟის უკან უცებ მისი მასწავლებელი ჩნდება და მუხლს აშველებს, რათა მისი მოსწავლე არ წაიქცეს. სწორედ ეს არის ის ფარული,  სხვებისგან თითქმის შეუმჩნეველი ჟესტი, რომელიც მოსწავლეებს მასწავლებლისგან ასე ესაჭიროებათ; და ალბათ ჭეშმარიტი მასწავლებლის საქციელიც მუდამ ასეთი უნდა იყოს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი