შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვინ იყო პატრის ლუმუმბა?

საბჭოთა პროპაგანდა თავისი მიზნებისთვის უამრავი თავდადებული ადამიანის ბედისწერას იყენებდა. კრემლის სააგიტაციო მასალებში აღმოჩენილ მებრძოლებს ხაზი არ უნდა გადავუსვათ და დავიწყების მორევში არ უნდა მივუჩინოთ ადგილი. პირიქით, მათი ღვაწლი მეოცე საუკუნის კლიშეების გარეშე თანამედროვეობის შუქზე გადააზრებას იმსახურებს.

ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკა მოსაწყენი, ერთფეროვანი, მხოლოდ ინტრიგებითა და შუღლით სავსე საქმეა. შესაბამისად, ძნელია პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებულისა და განუმეორებელის აღმოჩენა. ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანებს მარტივად შემიძლია გავუქარწყლო თავიანთი შთაბეჭდილებები. მთავარია, 1960-იანი წლების აფრიკაში, კონგოში გამომყვნენ და ცალი თვალით მაინც დააკვირდნენ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიალს. მსოფლიოს ლიტერატურისა თუ თეატრალური ხელოვნების არაერთ შედევრს შეშურდებოდა ის ატმოსფერო, დრამატიზმი, დინამიკა და მშვენიერება, რომელიც მოვლენის მონაწილეებმა შექმნეს. დაპირისპირებულ ლიდერებს შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ, სხვადასხვა სტატუსის მქონე პოლიტიკოსთა მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ღონისძიება დაუვიწყარ ისტორიულ ჩანახატად აქციეს.

1960 წლამდე კონგო ბელგიის კოლონია გახლდათ. ცენტრალურ აფრიკაში მდებარე ქვეყანა ევროპელი მონარქის პირადი საკუთრება იყო. ურანითა და კობალტით, ოქროთი და სპილენძით, მანგანუმითა და თუთიით, ალმასებით მდიდარ რეგიონს მეტროპოლია თავისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის შედეგიანად იყენებდა. ბელგიელთა სიმდიდრის წყაროდ იქცა კაუჩუკის, წითელი ხისა და ბამბის წარმოებაც. ცხადია, მონარქს აფრიკაში მუშახელი სამშობლოდან არ ჩაჰყავდა. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში უმძიმეს შრომას ადგილობრივი შავკანიანები ეწეოდნენ. ცხადია, კონგოელების 8-საათიან სამუშაო დღეზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და ცხოვრების ღირსეულ პირობებზე არავინ ზრუნავდა. პირიქით, ბელგია წლიდან წლამდე აძლიერებდა კოლონიაში თავის სამხედრო წარმომადგენლობას, რათა საშინელი ჩაგვრისთვის, ექსპლუატაციისთვის, ხალხის დამცირებისთვის წინააღმდეგობა არავის გაეწია. პატარა ევროპული სახელმწიფო ვრცელ აფრიკულ რეგიონში მხოლოდ ისეთ ინფრასტრუქტურას აშენებდა, რომელიც საწარმოო მიზნებისათვის იყო გამოსადეგი. ქარხნებისა და ფაბრიკების, რკინიგზის სადგურების მიღმა ქვეყანა ავადმყოფობისა და შიმშილის წყვდიადში იყო ჩაძირული. მხოლოდ ზოგიერთ ადგილობრივ ბავშვს უმართლებდა, თუ კოლონიზატორები თავიანთი პატარებისთვის გასართობად აფრიკელი თანატოლის მიყვანას გადაწყვეტდნენ.

მრავალი ტომისგან შემდგარი კონგოელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური წინააღმდეგობის გადალახვას, გაერთიანებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წარმატების დასრულებას. 1950-იან წლებში კი ასპარეზზე გამოვიდა ერთი ფოსტის მუშაკი, პროფკავშირელი, რომელსაც ცოდნა თვითგანათლების წრეებში ჰქონდა შეძენილი, კარგად იცნობდა კოლონიზატორთა ბუნებასა და შეეძლო ადამიანებს შორის მტკიცე კავშირების შენება. შესანიშნავმა ორგანიზატორმა და მჭევრმეტყველმა მალევე მოახერხა პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც კონგოს ყველა რეგიონში იყო წარმოდგენილი და მცირე ჯგუფების ინტერესების ნაცვლად საერთო ეროვნულ მიზნების ემსახურებოდა. პატრის ლუმუმბას პარტია ამ თვალსაზრისით ერთადერთი და განუმეორებელი იყო. 1960 წლისთვის, მრავალი დარბევის, დაპატიმრების, სახალხო მღელვარების შემდეგ კონგომაც მიაღწია შეთანხმებას დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, პატრის ლუმუმბა კი ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

30 ივნისს კონგოს პარლამენტში დაუვიწყარი სცენა გათამაშდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიალზე პარლამენტისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ ბელგიის მეფე ბოდუენ I და რესპუბლიკის პრეზიდენტი კასავუბუ. ევროპელმა მონარქმა აღნიშნა, რომ ბელგიის წყალობით კონგოელი ხალხი ცივილიზაციასთან ზიარების გზას დაადგა, განვითარდა, ისწავლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ყოფილმა კოლონიზატორმა დიდი დრო დაუთმო ევროპელთა აფრიკული მიღწევების ჩამოთვლასა და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას. საკმაოდ ზოგადი და უღიმღამო გახლდათ პრეზიდენტ კასავაბუს საზეიმო სიტყვაც, რომელიც ძირითადად კონგოს „ნათელ მომავალზე“ სვამდა აქცენტს. მეფისა და სახელმწიფო მეთაურის გამოსვლების შემდეგ ისტორიული კრება უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად, პროტოკოლის წესების დარღვევით ტრიბუნასთან ქვეყნის უმსხვილესი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ლუმუმბა მივიდა. ალბათ ვერ გაუძლო იმ სიყალბესა და უსამართლობას, რომელსაც ევროპელი ორატორი ქადაგებდა. აფრიკელმა გამათავისუფლებელმა ვერ აიტანა ის სიმხდალე და კონფორმიზმი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა გამოავლინა.

პატრის ლუმუმბამ ისტორიული და მონუმენტური სიტყვა წარმოთქვა, რომელმაც მეფე განარისხა, აფრიკის მთელი კონტინენტი აღაფრთოვანა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების გულებში იმედი გააღვივა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა (ნაწყვეტი): „არცერთმა კონგოელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ დამოუკიდებლობა ბრძოლით მოვიპოვეთ და ამ ბრძოლისთვის საკუთარი სისხლი და ძალა გავიღეთ… ეს იყო კეთილშობილური და სამართლიანი ბრძოლა. ეს ბრძოლა გახლდათ გარდაუვალი, მის გარეშე ვერ გავთავისუფლდებოდით დამამცირებელი მონობისგან, რომელიც ძალით მოგვახვიეს თავს… ჩვენი ჭრილობები ძალიან ახალი და ტკივილის მომგვრელია იმისათვის, რომ სწრაფად გაქრეს ხალხის მოგონებებიდან.

ჩვენ შევიცანით დაცინვა, შეურაცხყოფა, ცემა, რომელსაც ვიტანდით დილით, შუადღეს და საღამოს მხოლოდ იმიტომ, რომ შავები ვართ…

ჩვენ ვნახეთ, როგორ ნაწილდებოდა ჩვენი საკუთარი მიწა მხოლოდ ძლევამოსილთა სასარგებლოდ შექმნილი კანონების მიხედვით… ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი მოსახლეობის ნაწილისთვის ხელსაყრელი იყო, უმრავლესობისთვის კი სასტიკი და არაადამიანური…

ძმებო და დებო, ერთად ჩვენ ვიწყებთ ახალ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას მშვიდობამდე, კეთილდღეობამდე და დიდებამდე მიიყვანს…

…გაუმარჯოს დამოუკიდებელ კონგოსა და აფრიკის ერთიანობას!“.

ცხადია, ბელგიის მეფეს პირკატა ეცა, რადგან მისი ქვეყანა ძალადობის, ჩაგვრისა და განადგურების თანაავტორად გამოცხადდა. მონარქმა ვერ აიტანა კოლონიზაციის თანმხლებ უბედურებებზე პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოწოდება. მას პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად უნდოდა კონგოს დატოვება, მაგრამ მრჩევლებმა დემარში გადააფიქრებინეს. მათ ლუმუმბას დასჯისთვის უკეთესი გეგმები ჰქონდათ შემუშავებული.

კონგოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე რესპუბლიკის უმდიდრესი რეგიონი კატანგა აჯანყდა და უარი განაცხადა ლუმუმბას მთავრობის მორჩილებაზე. მმართველობის პირველივე დღეებში აფრიკის გულში მდებარე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. პრეზიდენტმა რამდენჯერმე გადააყენა თანამდებობიდან ფოსტის ყოფილი მუშაკი, მაგრამ პარლამენტმა ლეგენდარული პოლიტიკოსი კვალავ დააბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მოგვიანებით ლუმუმბას პატიმრობა მიუსაჯეს, პატიმრობიდან გაქცეულ ლიდერს კი საკუთარი არმიის ხელმძღვანელობამ უღალატა. შეპყრობილი პრემიერი კატანგაში სეპარატისტულ რეგიონში გაამგზავრეს, სადაც იგი სასტიკად აწამეს და მოკლეს.

ლუმუმბას მკვლელობას ევროპიდან ორგვარად გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა მთავარმა ბელგიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე საზეიმო სათაური გამოიტანა: „სატანა მკვდარია!“. გენიალურმა ფრანგმა მოაზროვნემ, ჟან-პოლ სარტრიმ კი განაცხადა: „მას შემდეგ, რაც პატრის ლუმუმბა გარდაიცვალა, მან შეწყვიტა ადამიანად, პიროვნებად ყოფნა და მთელ აფრიკად იქცა“.

პატრის ლუმუმბას მაგალითი და ისტორია შესანიშნავი წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის კოლონიალიზმის შესახებ გაკვეთილის ჩასატარებლად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი