ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მანიპულატორი ბავშვები

ერთხელ ორი ქალბატონის საუბარს შევესწარი. „არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩვენს პატარას. ჯერ ოთხი წლისაც არ არის და მთელ ოჯახს თავის ჭკუაზე გვათამაშებს. მზად ვართ, ნებისმიერი სურვილი შევუსრულოთ. მიკვირს, როგორ ახერხებს ამას – არც ტირის, არც ჭირვეულობს, პირიქით, გვეფერება და გვეალერსება“, – გაოცებას ვერ მალავდა ერთი. „თქვენ კარგად გქონიათ საქმე. აი, ჩვენი ნიკუშა კი სხვა ხერხს იყენებს მიზნის მისაღწევად – თუ რამეზე უარი ვუთხარით, ისე აკივლდება, რომ შეწუხებული მეზობლები კარზე გვიკაკუნებენ, ხომ მშვიდობა გაქვთო. იმის შიშით, რომ კივილი არ დაიწყოს და მეზობლები არ შევაწუხოთ, მთელი ოჯახი ამ ერთი ციცქნა ბავშვის დაკრულზე ვცეკვავთ. წელს სკოლაში მიგვყავს და არ ვიცი, როგორ გაუძლებენ პედაგოგები. ოცდაათი წელია, მასწავლებლად ვმუშაობ და ასეთი ბავშვი ჯერ არ შემხვედრია“, – წუხდა მეორე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მანიპულატორ ბავშვთან გვაქვს საქმე. შინ თუ გარეთ არაერთხელ გვინახავს, რა მოხერხებულად მანიპულირებენ ბავშვები უფროსებით. მშობელთა დიდი ნაწილი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად მაშინვე ფარ-ხმალს ყრის და უბრძოლველად ნებდება.

მანიპულაციას არანაკლები სიხშირით მიმართავენ ზრდასრული ადამიანებიც, თუმცა მათთან ეს უფრო შეფარულია.

მანიპულაცია სხვების ფსიქიკაზე ზემოქმედების ფარული ტაქტიკაა სასურველის მისაღწევად. მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის არის, რომ მანიპულატორი მალავს თავის ნამდვილ განზრახვას, ის პირდაპირ არასოდეს ლაპარაკობს თავის გრძნობებსა და საჭიროებებზე – ცდილობს, ყველაფერი ისე მოაწყოს, თითქოს მას არც უთხოვია თქვენთვის ამის გაკეთება, მაგრამ თქვენს ემოციებსა და გრძნობებზე თამაშით აღწევს იმას, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რაც მას სჭირდება. ასეთი დახვეწილი მანიპულატორები უმეტესად ზრდასრული ადამიანები არიან, თუმცა მანიპულირების უნარი ბავშვს საკმაოდ ადრეული ასაკიდან, უკვე 1,5 წლიდან უყალიბდება. პატარები შესანიშნავად გრძნობენ მშობლების, განსაკუთრებით დედების ემოციურ მდგომარეობას. სწორედ დედაზე ხვეწს ბავშვი მანიპულატორის უნარებს. მამები გაცილებით იშვიათად არიან მანიპულაციის ობიექტები.

უფროსებით მანიპულაციისთვის ბავშვები იყენებენ:

. ისტერიკას. ეს მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული ხერხია „უიარაღო“ ზემოქმედების ფართო სპექტრით – უბრალო სლუკუნით დაწყებული, იატაკზე გაშხლართვით დამთავრებული. ბავშვები ხშირად მანიპულირებენ ისტერიკის დახმარებით. შეუძლიათ მოაწყონ სცენები უცხო ადამიანების თანდასწრებით. მშობელი კი, იმის შიშით, რომ მასზე როგორც აღმზრდელზე ცუდი არაფერი იფიქრონ და იმისთვის, რომ როგორმე შეაწყვეტინოს ბავშვს ისტერიკა, თანხმდება იმაზეს, რასაც სხვა დროს, სხვა სიტუაციაში არ გააკეთებდა. ხშირად ის თვითონვე გრძნობს და აღიარებს საკუთარ სისუსტეს და იმას, რომ ასე ადვილად დაემორჩილა ბავშვის მანიპულაციას.

. მოჩვენებით უსუსურობას. ასეთ დროს ბავშვს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს გონებაში: „დედა თვითონ გააკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ აუცილებლად შევებრალები“. ის მუდმივად წუწუნებს, რომ არ შეუძლია ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის ჩაცმა, რომ ძალიან დაიღალა, თავი სტკივა. ხშირად ბავშვები ამ ხერხს მიმართავენ, როცა არ სურთ საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლა.

. ხელოვნურ, არაბუნებრივ, საომარ განწყობას. ამ ხერხს ირჩევს ძლიერი, მტკიცე ხასიათის მქონე მანიპულატორი. ის ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს გარშემო მყოფებზე ჩხუბით, კამათით. ჩვეულებრივ მშვიდი ბავშვი ერთბაშად შესაძლოა ნამდვილ ტერორისტად იქცეს, თუ ძალიან მოინდომებს სასურველის მიღებას.

. ავადმყოფობას ან მის სიმულაციას. თუ ბავშვმა დაინახა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ მისთვის, როცა ის ავადმყოფობს, შესაძლოა, სხვა დროსაც სცადოს პირადი მიზნებისთვის ამის გამოყენება. ის მოახდენს ავადმყოფობის სიმულირებას, დაიწყებს ჩივილს, რომ თავი სტკივა, ჩაწვება საწოლში და წამლის მიღებასაც კი დაიწყებს – ამის შემდეგ ხომ მშობლები მას უფრო მეტის უფლებას მისცემენ, ვიდრე სხვა დროს, უყიდიან სანატრელ სათამაშოს და ტკბილეულს. ავადმყოფობის სიმულაცია ბავშვისთვის მიზნის მიღწევის კარგი საშუალებაა.

. მლიქვნელობა, პირფერობა. ამ ხერხს არცთუ იშვიათად მიმართავენ ბავშვები – სანამ რაიმეს ითხოვენ, ქათინაურებს არ იშურებენ მშობლებისთვის, ეხვევიან, ეხუტებიან, კოცნიან. მშობლები ადვილად ტყუვდებიან და ვერ ამჩნევენ ბავშვის ნამდვილ მიზანს.

თუ მანიპულაცია მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ვერ დავძლიეთ და მას ფართო გასაქანი მიეცა, ბავშვი შეიძლება გაიზარდოს არაჯანსაღი, არასწორი განწყობა-დამოკიდებულებებით. მანიპულირების უნარი ისე მტკიცედ გაიდგამს ფესვს მის ხასიათში, რომ ძნელი სათქმელია, რაზე იქნება წამსვლელი ადამიანი სასურველის მისაღებად უკვე 30-40 წლის ასაკში.

ზრდასრულ, გამოცდილ მანიპულატორთან საქმის დაჭერა საშიშიც კია. ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეუძლია მანიპულატორების ამოცნობა. ისინი მათ ინტუიციურად გრძნობენ და ცდილობენ განერიდონ, რადგან იციან, რომ ამ ფსიქოლოგიურ „ტერორისტთან“ საკმაოდ რთულია მეგობრობა, ოჯახის შექმნა, თამამშრომლობა.

თუ მანიპულატორი ბავშვობაში იოლად ახერხებდა, ყველას მის დაკრულზე ეცეკვა, წლების შემდეგ ადამიანებზე ზემოქმედების მექანიზმის მუშაობაში შესაძლოა გაუმართაობამ იჩინოს თავი, რაც თავად მანიპულატორისათვის ნამდვილი კატასტროფა იქნება – მას ელის ღირებულებების მსხვრევა, მძიმე დეპრესია და ფსიქოპათიაც კი.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ამოვიცნოთ მანიპულაცია და საჭირო ზომები მივიღოთ მის აღმოსაფხვრელად. სხვაგვარად ნეგატიურ შედეგებს თავს ვერ ავარიდებთ.

 

რეკომენდაციები ბავშვებში მანიპულაციის დასაძლევად

. შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვებში მანიპულაციის დასაძლევად აუცილებელია დავივიწყოთ სიბრალული და აღვიჭურვოთ მოთმინებით. თუ ბავშვი საკუთარი უსუსურობის დემონსტრირებას ახდენს, შესაბრალისი თვალებით გვიყურებს და ელოდება, რომ ჩვენ ჩავაცმევთ, ვაჭმევთ ან მის გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ, საჭიროა მოვუწოდოთ მას დამოუკიდებლად მოქმედებისკენ და დავუწესოთ მკაცრი დროითი ჩარჩოები: „გააკეთე თავად! მაისურის ჩაცმა დაუხმარებლადაც შეგიძლია!“ აუცილებელია ვიყოთ მტკიცე და თანმიმდევრული. ცრემლებმა გული არ მოგვილბოს და გადაწყვეტილების შეცვლა არ გვაიძულოს. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრის შეთანხმებული მოქმედება. თუ რომელიმე მათგანი უეცრად გადაწყვეტილებას შეიცვლის და პატარა შანტაჟისტთან დათმობაზე წავა, შედეგის მიღება შეუძლებელი გახდება.

. ბავშვებთან, რომელთათვისაც მანიპულაციის საყვარელი ინსტრუმენტი ისტერიკაა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არავინ დავობს, რომ ეს რთულია, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება გავაგებინოთ მანიპულატორს, რომ ისტერიკებით მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთან ერთად, საჭიროა ყურადღებით ვიყოთ – ისტერიკებისადმი მიდრეკილი ბავშვები, ჩვეულებრივ, საკმაოდ გონებამახვილები და ლაბილურები არიან, მათ შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად შეცვალონ ერთი ტაქტიკა მეორით. თუ ბავშვს ისტერიკა დაეწყება, უმჯობესია შევწყვიტოთ მასთან საუბარი და ცოტა ხნით გამოვიდეთ ოთახიდან. როცა პატარა დამშვიდდება, მაშინვე მის მოფერებას ნუ დავიწყებთ, მოვითმინოთ, სანამ თავად არ გადაწყვეტს ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლას. ხანდახან უფროსის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმას ასეთი ბავშვები საკუთარ გამარჯვებად აღიქვამენ. ამ შემთხვევაში მათ შესაძლოა ისევ დაეწყოთ ისტერიკა. ვეცადოთ ვიყოთ ბუნებრივი, გულწრფელი. ნუ დავიწყებთ ნოტაციების კითხვას, თავი შევიკავოთ ჩხუბისგან და, მით უმეტეს, ფიზიკური დასჯისგან, რადგან ეს მხოლოდ გააძლიერებს წყენას. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერ იღებს სასურველს იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზები და არა იმიტომ, რომ ასე თქვეს დედამ და მამამ.

. მათთან, ვინც ავადმყოფობით მანიპულირებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია. თუ ბავშვი წუწუნებს და სასურველის მისაღებად ავადმყოფობას იმიზეზებს, მივმართოთ ექიმს. ამ შემთხვევაში ან ტყუილი გამოაშკარავდება, ან ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება მართლაც აწუხებდეს ბავშვს, ადრეულ სტადიაზევე განიკურნება. ბავშვებს არ უყვართ ექიმები და წამლები, ამიტომ პატარა მალევე შეწყვეტს მანიპულირებას.

. ყველაზე საშიშია ის მანიპულატორი, რომელიც უფროსებით მანიპულირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იწყებს. უცხო ადამიანების თანდასწრებით ჰაცილებით ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევა. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანია მტკიცე და კატეგორიული „არა“. არავითარი ახსნა-განმარტება და დარწმუნების მცდელობა!

. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ემოციებით მოთამაშე მანიპულატორებთან ურთიერთობა. მშობლებთან ურთიერთობისას ამ ტიპის შანტაჟისტები ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზებს იყენებენ: „მე თქვენ არ გჭირდებით, არ გიყვარვართ, რატომ გამაჩინეთ?!“ ასეთი ბავშვები ვირტუოზულად ახერხებენ მშობლების დაპირისპირებას, განსაკუთრებით –  თუ ისინი დაშორებულები არიან. როცა ერთი რამეს უკრძალავს, მეორე ჯიბრზე აძლევს ამის უფლებას. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია, მშობლებმა შეთანხმებულად იმოქმედონ, რათა ერთი მშობლის „არა“ მეორის „კი“-ს არ ნიშნავდეს ბავშვისთვის.

. როდესაც პატარა მანიპულატორის ქცევის კორექციას ვცდილობთ, უნდა ვეცადოთ, ბავშვის პიროვნება არ დაზიანდეს. გვახსოვდეს, რომ ის ისეთია, როგორიც არის და ძირფესვიანად მისი შეცვლა არ გამოგვივა.

ვეცადოთ, თავად არ ვიქცეთ მანიპულატორად და ბავშვის პროვოცირება არ მოვახდინოთ. ამისთვის საჭიროა, ბავშვთან ურთიერთობისას დაკვირვებით შევარჩიოთ ყოველი ფრაზა. მაგალითად, ნაცვლად ამისა: „თუ დაალაგებ შენს ოთახს, გიყიდი ნაყინს“, – შეიძლება ვუთხრათ: „მოდი, ერთად დავალაგოთ ოთახი, მერე კი ერთად მივირთვათ ნაყინი“.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ ბავშვს რთულ სამყაროსთან შეგუებაში, იმის გაგებაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა და ამას თავისი მიზეზები აქვს.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის მხრიდან ნებისმიერი მანიპულაციის მიზანი ჩვენი ყურადღების მიპყრობაა. თუ ჭირვეულობა და ტყუილები გახშირდა, დავფიქრდეთ: ჰყოფნის თუ არა მას ჩვენი სითბო და ყურადღება? იქნებ დადგა დრო დადებითი ცვლილებებისთვის, რომლებიც უფრო მეტად დაგვაახლოებს ბავშვთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი