პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ღია საფოსტო ბარათები

პირველად ღია საფოსტო ბარათი ჩემი დამრიგებლისგან, დონარი მასწავლებლისგან, მივიღე. 1982 წელს დაბეჭდილ ბარათს  ყვავილები ამშვენებს. ბარათი  1993 წლის 6 ოქტომბერს მიმიღია. ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, ის დღე მკაფიოდ რომ მახსოვს – ბოლო მერხზე ვიჯექი და უეცრად მოვარდნილმა სიხარულმა ტალღასავით გადამიარა. ეს იყო პირველი აღიარება. ამ დღის შემდეგ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ამბავი მეხუთე კლასამდე აღარ მომხდარა. იმის გამო, რომ სკოლამდელ პერიოდში ბევრს მიკითხავდნენ, როგორც ჩანს,  გაწაფულ კითხვას მალევე დავეუფლე და დონარი მასწავლებლის წარწერაც – „ლელას, სანიმუშო კითხვისთვის.“ – ამ უნარს გულისხმობს.

1993 წლის 6 ოქტომბერი. სოხუმის დაცემიდან ერთი კვირაა გასული. რა მახსოვს მე? შავ-თეთრ ტელევიზორთან ჩამომდგარი ოჯახის წვერები და სასოწარკვეთილი ამოძახილები. მერე პური გაქრა და ყველი სანატრელი გახდა. მე კი ძალიან მინდოდა  კარაქიანი პურით ამოვსებული კონტეინერის სკოლაში წაღება. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ხორცსაკეპ მანქანაში მანდარინის ქერქი გავატარე და როგორც განსაკუთრებული ნუგბარი, ისე ავაფრიალე შესვენებაზე.

მალე ყველას ოჯახს ობივით მოედო სიდუხჭირე.

ახლა, როცა დონარი მასწავლებლის მსგავსად ბავშვებისთვის მძაფრი და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების აღმძვრელი ვარ და უხილავმა ვირუსმა სასკოლო ცხოვრებაც ყირაზე დააყენა, თან საზაფხულო არდადეგებია, საფოსტო ბარათებზე ვიწყებ ფიქრს.

მოდი, ჩემს ყველა მოსწავლეს გავუგზავნი ღია საფოსტო ბარათს-მეთქი – გამიელვა უეცრად, მერე ფიქრი ფიქრს მოჰყვა და გადავწყვიტე, ინტერნეტის შესაძლებლობები გამომეყენებინა. ეს უფრო მარტივია.

მაგალითისთვის ღია საფოსტო ბარათი Word-ის  ფაილში ავკინძე.  მარკის ადგილას ინდივიდუალურ ფოტოს შევარჩევ მათი ხასიათის, ინტერესისა და გარეგნობის გათვალისწინებით. ბავშვების გამოგზავნილი საშინაო დავალებებისთვის დახატული ილუსტრაციების გამოყენებაც შეიძლება. როგორც წესი, სიგელებს საერთო ტექსტი და ვიზუალი აქვს.  ბარათები კი ინდივიდუალურობას გამოკვეთს და მოსწავლეს ნდობას გაუღვივებს.

გარეკანის ფოტო, მისამართი, მარკა, ტექსტი –  ღია საფოსტო ბარათის ძირითადი მახასიათებლებია.

ადრესანტის მისამართი ყველა ბარათისთვის საერთო იქნება, ადრესატის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძებნა ცოტა გართულდება. ამიტომ მისამართად შეიძლება საინტერესო ფრაზის მოფიქრება, მაგალითად – „მხიარული ბიჭის კეთილი გული“ ან „ცქრიალა გოგოს ღიმილი“.

ცხადია, 80-მდე მოსწავლისთვის ღია საფოსტო ბარათების დამზადებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, სამაგიეროდ, მასწავლებლის გზავნილები პირად მაგალითად იქცევა.

გთავაზობთ ჩემი მოსწავლისთვის განკუთვნილ ერთ ბარათს:

 

 

ძვირფასო გაბრიელ,

 

დიდი მადლობა გულისხმიერად შესრულებული საშინაო დავალებებისთვის!

 

ბედნიერ დღეებს გისურვებ!

 

დიდი სიყვარულით,

შენი ლელა მასწავლებელი

 

 

 

 

 

 

 

სახლს, რომელსაც ფანქრით დაჯღაბნილი კედლები აქვს;

სახლიდან, რომლის აივანიც მტრედებს ძალიან უყვართ.

 

ინგუნ თონის „ულისი“

ტელესკოლისთვის ღია საფოსტო ბარათების შესახებ გაკვეთილს რომ ვგეგმავდი, სწორედ მაშინ მირჩია ჩემმა მეგობარმა გვანცამ ინგუნ თონის „ულისი“, რომლის სიუჟეტი ღია საფოსტო ბარათის ირგვლივ ვითარდება.

ულისი ათი წლის ნორვეგიელი გოგონაა. მამამისის შესახებ არაფერი არ იცის. მერე დედას ცხოვრებაში აინარი ჩნდება. ულისს ჰგონია, რომ დედას აღარ უყვარს. გრუ მისი ერთადერთი და საუკეთესო მეგობარია. ერთ მშვენიერ დღეს ველოსიპედებით არყის ტყეში გაისეირნებენ, სადაც ყვითელ საფოსტო ყუთსა და ბარათს აღმოაჩენენ. ამ დღის შემდეგ ულისის ცხოვრება თავდაყირა დგება. საშობაო ნათურებით განათებული ქოლგის ქვეშ ბარათზე დატანილ წარწერას წაიკითხავს: „გამარჯობა, ულის. ეს მე ვარ. გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ.“ აღმოჩენას კვლევა-ძიება მოჰყვება. ასე გაიცნობენ გრუ და ულისი უზომოდ საინტერესო ქალს – ბორგნის. ის შუაგულ ტყეში ცხოვრობს და დაკარგული, უმისამართო წერილების კითხვით კლავს მარტოობას.

ულისისთვის გამოგზავნილი და არყის ტყეში აღმოჩენილი ბარათის ადრესანტი ვინ არის, საიდუმლოდ დავტოვებ. წიგნის წაკითხვას კი მთელი გულით გირჩევთ.

 

ბუკინისტი დედაენის ბაღიდან

ბატონი ალექსანდრე თმაჭაღარა ბუკინისტია. დედა ენის ბაღში, მტკვრის ნაპირას, პატარა ჯიხური წიგნებით ჰქონდა სავსე.  ორი წლის წინ მასთან ღია საფოსტო ბარათი შევიძინე. ბარათს ფრანგი მხატვრის ნახატი ამშვენებდა. ადრესატისთვის კი ტექსტის ნაცვლად ფანქრით შესრულებული ნახატი გაეგზავნათ – შლაპიანი მამაკაცი ძაღლს ასეირნებს. ხშირად ვფიქრობ, როგორ წაიკითხავდა ადრესატი ამ ნახატს, თუმცა ამ ბოლო დროს ბატონ ალექსანდრეზეც  მეფიქრება. ბუკინისტების ჯიხურები ზაფხულში გაუქმებული დამხვდა. გვიან შემოდგომაზეც რესტავრაციისა და კიდევ უფრო მეტად პანდემიის გამო მათი კვალიც კი აღარ ეტყობოდა პარკს.

 

ღია საფოსტო ბარათი შტუტგარტის ბიბლიოთეკიდან

ერთი წლის წინ ჩემი გოგონა მამამ გერმანიაში წაიყვანა. მუზეუმებთან ერთად შტუტგარტის ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ. თეკლამ საჩუქრად ღია საფოსტო ბარათი ჩამომიტანა, რომელიც ბიბლიოთეკის საბავშვო წიგნების ერთ-ერთი პროექტის მიხედვით არის შექმნილი. საქმე ის არის, რომ ორი წლით ადრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკა მეგობართან ერთად დავათვალიერე და თეკლას ნაჩუქარ ღია საფოსტო ბარათზე დატანილი პროექტი პირადად ვიხილე. ამ ამბავმა დამაფიქრა იმაზე, რომ ნებისმიერი სასკოლო პროექტის ერთ-ერთ საფეხურად თემატური ღია საფოსტო ბარათების შექმნა და ერთმანეთისთვის გაგზავნა შეგვიძლია.

 

ერთი გაკვეთილის ამბავი

მე 23 აპრილს, წიგნის მსოფლიო დღეს, დავბადებულვარ. სწორედ ჩემს დაბადების დღეს წიგნის მაღაზიაში ღია საფოსტო ბარათების შეკვრას მივაგენი. თითოეულს ჩემთვის უცნობი ფრანგი მხატვრის ნახატი ამშვენებდა. გაკვეთილის იდეაც მაშინ დამებადა. მეოთხეკლასელებს სათითაოდ დავურიგე ბარათები და ვთხოვე, კლასელისთვის დადებითი შინაარსის წინადადებები მიეწერათ. დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ ინსტრუქციის შესრულებას.

„ნატალი, შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი, ტვინიკოსი და საყვარელი. მე შენ ძალიან მიყვარხარ. კიდევ მიყვარს შენი მთლიანი ოჯახი. ნეტავ ისევ კიდე ბავშვები ვიყოთ, რომ მომწონდი და შეყვარებული რომ მეგონე.“ – სანდრო სწერს ნატალის.

ნატალის პასუხი ამგვარია:

„სანდრო, შენ ხარ ცოტა ცელქი. მზე გამოვიდა. გილოცავ წიგნის დღეს და მასწავლებლის დაბადების დღეს. ჯანმრთელი ადამიანი ყოფილიყავი.“

შემდეგ ღია ბარათები გაცვალეს და სამახსოვროდ შეინახეს. ამ ფორმით ბავშვებმა ერთმანეთის დადებით თვისებებზე დაიწყეს ფიქრი, რაც ურთიერთობებს ათბობს და ალამაზებს.

 

ონის ფოსტა

მე და ჩემი მეოთხეკლასელები  ფოსტაში სტუმრობას და ღია ბარათების გაგზავნას  ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მთელი წლის განმავლობაში ბევრი რამ დამიგროვდა – შემაჯამებლად გადაქცეული პირადი წერილები თამარ გეგეშიძისთვის, მეოთხე კლასელების წერილები სახელმძღვანელოს ავტორის, ნინო გორდელაძისთვის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 13 წლის ბიჭისთვის. ხელი მოვხვიეთ გასაგზავნ ნივთებს და ჩვენი სოფლიდან ონის ფოსტისკენ გავეშურეთ.  ამ დღეს პირველად გავგზავნე ფოსტით ღია ბარათი და მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის ადვილი მოკლე ტექსტის მოფიქრება საყვარელი ადამიანისთვის.

 

გრიგოლ რობაქიძის ერთი წერილი

სტატიაზე მუშაობისას გადავაწყდი გრიგოლ რობაქიძის წერილს, რომელსაც მეგობარს, ქეთევან ამირეჯიბს, სწერს და წერილში ღია საფოსტო ბარათსაც ახსენებს.

„ყოველივე საუკეთესო, მშვენიერი თქვენ! ნათელ განწყობას გისურვებთ მთელი სიცოცხლის მანძილზე! მომწერეთ: როგორ ხართ? ნათელი განწყობა გაქვთ? რას კითხულობთ? მიხსენებთ თუ არა? თქვენ ჩემი ერთადერთი მზიური მეგობარი ხართ და თქვენი წერილები უზენაესი სიხარულია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ, ხშირად მომწეროთ. იბედნიერეთ! ძალიან, ძალიან მომეწონა ღია ბარათზე „ლოცვა“. ღმერთი შეგეწიოთ თქვენი ოცნებების ასრულებაში!“

პირადი წერილის კითხვისას მოგვრილ უხერხულობას ვუმკლავდები და ქეთევან ამირეჯიბის ღია ბარათზე დატანილი წარწერის წაკითხვის სურვილით ვივსები.

 

ასე უცნაურად ეჯაჭვება ადამიანების ისტორია ღია საფოსტო ბარათებს, რომლებიც ინახავენ ათას ემოციას, მოლოდინს, სიხარულს, სევდას, დროსა და სივრცეში გაბნეულები ერთმანეთს ეხმიანებიან და ახალ-ახალ ამბებს ქსოვენ.

ლიტერატურული პერსონაჟებისა თუ პირადი ამბების შთაგონებით ღია საფოსტო ბარათებით ჯადოსნური ამბების დატრიალება მასწავლებლებსაც შეგვიძლია – მეც სიამოვნებით მივიღებდი ჩემი მოსწავლეებისგან თუ მონატრებული მეგობრებისგან ჩემთვის მოფიქრებულ წინადადებებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი