ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წიგნები ბათუმში

ქობულეთის სახლი, თუ უფრო ძველი არა, ნიკოლოზის დროინდელი მაინც იქნება. ძველია ოხერი, ძველი და საოცრად მყუდრო. ფასადსა და სახურავს აქლემის კუზებივით მოვარაყებული ლითონი აკრავს. ხის კარებითა და ქვის კედლებით გადატიხრულ ოთახებს ბებია-ბაბუის გემოვნება ეტყობა. ჭერამდე აწვდენილი კარადები, კედელში ამოკვეთილი საკვამურები, სხვადასხვაფერად შეღებილი ოთახები, რომლებისთვისაც შვილების სახელები მიუციათ…

როცა მეხი ზღვის დასალიერთან ბაგირს ჩაუშვებს და ქობულეთის ცა პირს მოაღებს, ადგილიდან უნდა მოწყდე, მეორე სართულზე ამავალი კიბე აირბინო, ხის ჭრიალა კარი შეაღო, ხელში კარგი დეტექტივი მოიგდო და იმ ტახტრევანზე წამოწვე, თავთით რომ უზარმაზარი კარადა და ბამბუკის კიბე უდგას. როცა ბოროტმოქმედის ნაბიჯები სახურავზე მორაკრაკე წვიმის მუსიკას დაემთხვევა – რაღა შენ და რაღა ერკიულ პუარო.

„შეგრძნებები კონკრეტულ ადგილებზე იყინება”, – მითხრა კაცმა, რომელსაც ჩემზე სამჯერ მეტი უცხოვრია და ჭკუაც გვარიანად მოეკითხება. ღმერთია მოწამე, რამდენიმე დღის წინ მისი მჯეროდა, ბათუმში ჩასვლის შემდეგ კი საგონებელში ჩავვარდი.

კაფე „ცეროდენა” გეცოდინებათ. მას რომ ქვაფენილიანი ქუჩა ჩაუდის, მემედ აბაშიძის სახელობისაა. ამ ქუჩის 60 ნომერში ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობრებმა, მარი კორინთელმა და ირაკლი ბაკურიძემ, წიგნის მაღაზია და ღია კაფე გახსნეს. სახელიც ერთსა და იმავე დროს უბრალო და ორიგინალური შეურჩიეს – „წიგნები ბათუმში”.

შესაძლოა მომეჩვენა, მაგრამ მეეჭვება ვცდებოდე – ეს ქუჩა თითქოს მაღაზიამდე მისასვლელი დერეფანია: სიმყუდროვის შექმნას მაღაზიის მეპატრონეები გარედანვე იწყებენ. მეზობლად რკინის თეთრი ჭიშკარი ციტატებით, ილუსტრაციებითა და კინოს მინიმალისტური პოსტერებით დაუმშვენებიათ. რა გასაკვირია, რომ პირველი, რამაც მიახლოებისას თვალი მომტაცა, „გუგულის ბუდის” კრეატიული გამოსახულება იყო.

კიბეზე ფეხის შედგმამდე დაინახავთ შუშის ვიტრინაში, როგორ იღვიძებს შერლოკ ჰოლმსი – თაღქვეშ მოცეკვავე კაცუნები ბარბაცებენ. იდეა იდეად კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ, ქართული სინამდვილის ნიმუშთა უმეტესობისგან განსხვავებით, ეს გამოსახულება ბუტაფორია ან ქეციანი PR-ის ნაწილი არ არის – ვისაც ლონდონელი დეტექტივის თავგადასავალი გულით იტაცებს, თვალების მოჭუტვა და გონების ოდნავი დაძაბვაც ეყოფა იმის მისახვედრად, რას ამბობენ მოცეკვავე კაცუნები: Welcome to books in Batumi.

წარწერის მსგავსად, აქ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. იმ ძველისძველ გრამოფონსაც, რომელიც მეოცე საუკუნის ლიტერატურულ სალონებში გადაგისვრით; შელახულ, ვეება ჩემოდანსაც, მე რომ ორჰან ფამუქის მამისას მივამსგავსე; სარწეველას, რომელიც თქვენ ირგვლივ გარემოს ლიბრს აკრავს და ლიტერატურის პირისპირ გტოვებთ – ამ დუელში ან დამარცხდებით, ან გაიმარჯვებთ.

თაროებისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ წიგნები ხელფასის მომლოდინე რობოტებს კი არა, ისეთ ადამიანებს შეურჩევიათ, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან უყვართ. გემოვნება მსუბუქად ენაცვლება გემოვნებას: კლასიკა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება; სამხრეთელები, რომლებიც ფეხქვეშ ცეცხლს გინთებენ; ფენტეზი, რომელიც გმირად გაქცევს; სამეცნიერო ფანტასტიკა, აღმოსავლეთი… ისეთი განცდა გიჩნდებათ, თითქოს გურმანს ვახშმად მიეწვიოთ და ზუსტი თანამიმდევრობით მოერთმიოს უგემრიელესი კერძები, არომატული წვნიანით დაწყებული, ალუბლის ნოტიობისკვიტიანი დესერტით დამთავრებული, რომელსაც კონიაკის სიმწარე დაჰკრავს.

გუშინ, საღამო ხანს, ბათუმში თქეშად დაუშვა. გავიხედ-გამოვიხედე და მაღაზიაში ორიოდე კაციღა შემოვრჩენილიყავით. სტივენ კინგის სქელყდიან წიგნს ხელი დავავლე და სარწეველაში გადავეშვი. „რატატუი” გახსოვთ? – მკაცრი, გაუცინარი კრიტიკოსი ანტუან ეგო გიუსტავ გიუსტოს რესტორანს უკანასკნელ შანსს მისცემს. რემი გუმანის კარნახით სოფლურ კერძს მოუმზადებს – ბადრიჯნითა და პომიდვრით, რატატუი რომ ჰქვია. ანტუან ეგო ჩანგალს პირში გამოისვამს და მყისვე ბავშვობაში გადავარდება. დამეფიცება, ზუსტად ასე მოხდა: ხოშკაკალმა, სარწეველამ, წვიმის მუსიკამ და მაღაზიამ „წიგნები ბათუმში” წიხლით გადამისროლა შორეულ წარსულში, ქობულეთის სახლის მეორე სართულზე, ბამბუკის კიბესთან. და აი, აქ მოხდა საოცრება – შორიდან მომავალმა მჭახე კაკანმა მიძინებული ქუჩა ნელ-ნელა გამოაღვიძა. ვიტრინიდან დავინახე, როგორ ჩაიარა უძველესმა დრანდულეტმა. ზუსტად ისეთმა, როგორითაც ბაბუაჩემთან შეზრდილ მეგობარს ხასან ნაგერვაძეს ქობულეთის სახლში ცხელ-ცხელი პური მოჰქონდა. გუშინწინ მომეჩვენა, რომ საჭირო ადგილებში ლიტერატურა იღვიძებს, მარისა და ირაკლის მაღაზიაში კი წიგნებს სულ ღვიძავთ. დღისითაც, ღამითაც.

ბავშვობაში ქობულეთის სახლში ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა. გულღრძო დღე იდგა. ნესტი ძვლებში ატანდა. საპირფარეშოს კარი გამოვაღე და ბიძაჩემის მდგმური, სანდომიანი გარეგნობის გოგონა დავინახე. მე ელდა მეცა, მან კივილი მორთო; მას უნდოდა, მალე გავცლოდი იქაურობას, მე მსურდა, რაც შეიძლება მეტხანს მეყურებინა მისი მოშიშვლებული თეძოებისთვის…

იმ დღეს სწორედ ასე ვუყურებდი ბათუმის წიგნების მაღაზიას, რომელმაც მოგონებები წამომიშალა. თუმცა საბოლოოდ ყველას სადღაც გვეჩქარება – მეც, თქვენც, წიგნებსაც. ჰოდა, წამოვედი.

ისე კი, მე თუ მკითხავთ, ასეთი ადგილებიდან წამოსვლა მხოლოდ იმისთვის ღირს, რომ ოდესმე ისევ დაბრუნდე იქ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი