ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მალარიის მეტაფორა დემნა შენგელაიას რომანში „სანავარდო“

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი ნაწარმოებია, რომლებშიც საშიში პანდემიური დაავადებები სიმბოლური მნიშვნელობით წარმოჩნდება. ამგვარი რომანია დემნა შენგელაიას „სანავარდო“, რომელშიც ერთ ძლიერ ნაკადად შემოიჭრა მალარიის თემა, რომელმაც ადამიანის დასნეულებული სული წარმოაჩინა. ამგვარი სული განიცდიდა როგორც საკუთარი არსების, ასევე სამყაროს ხრწნას, დაშლასა და დანგრევას. მალარიამ, საზოგადოდ, ჭაობის ავადმყოფობამ, „იტვირთა“ ხატოვნად იმის გამოხატვა, რაც გულისხმობდა სულიერ კრიზისს. ეს იყო გაორება, გაუცხოება, ურწმუნოება, სპლინი, მომავლის შიში… „ახალი გაგება სამყაროსი. უკანასკნელი დაფარულია ბოროტ ყვავილებით. მეტაფიზიკური ტალახი. მიწა – გაჟღენთილი ჭაობის სუნით, სასაცილო ფიგურები, ქონდრისკაცები დადიან მასზე ჩვრებში გამოხვეულნი, ორბიტი მისი შემოვლებულია ლირწით და მიზანი რადიუსებად არის დაბნეული. ნივთი გახრწნილია. ხორცი მისი ლეშად დავარდნილი და სუნი შხამიან ყვავილებთან შეუღლებული. ცაზე მწვანე ვარსკვლავების ადგილზე ბაყაყებია წამომჯდარი, თაღი ობობას ქსელით დაფენილი. არის ერთი კოსმიური წუმპე, რომელიც ამრავლებს ორგანიზმის დამშლელ ბაცილებს – მალარიას. ეს არის შედეგი სამყაროსთან დადებითი ცოდნით მისვლისა”, – ასე აფასებს ტიციან ტაბიძე მალარიას, რომელმაც მის ლექსებშიც შთამბეჭდავ მეტაფორულ ხატებად გაიელვა.

მეცნიერულ-ტექნიკური აღმოჩენებით გათამამებულ ადამიანს გაუჩნდა ილუზია სამყაროს რაციონალური გზით ახსნის შესაძლებლობისა. სამყარო კი გახსნის მაგიერ უფრო ჩაიკეტა. ადამიანი შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ და უსუსურობამ. საკუთარ არსებაში უკუიქცა, გარეთ მხედველი თვალი „დაიბრმავა“ და შიგნით მიაპყრო მზერა. იქაც ცხრაკლიტულით ჩარაზული კარიბჭეები დახვდა. დაბნეული ადამიანი ჩიხში მოექცა, თითქოს ზღაპრულ გზაჯვარედინზე შეყოვნდა. მარილს (რწმენას) მოკლებული მისი ხორცი ვერ უძლებდა წარმავლობის დამშლელ ბაცილებს. კაცის თავში შეტბორებულ ფიქრს შმორის სუნი აუვიდა. სწორედ ეს პრობლემაა წარმოჩენილი დემნა შენგელაიას მოდერნისტულ რომან „სანავარდოში“. მასში დახატულია მალარიით დასნეულებული სანახები. მწერალი, უპირველესად, სნეული ბონდო ჭილაძის დარღვეულ არსებას წარმოადგენს დალორწილ პეიზაჟებად. ამაოდ კითხულობს ბონდო ჭილაძე კანტის „წმინდა გონების კრიტიკას“. წიგნები არ იქცევა მისთვის საიდუმლოს გასაღებად. იგი ზმანებებში, ხილვებსა თუ ჰალუცინაციებში ინტუიციურად იგზნებს სინამდვილეს და მიხვდება ავადმყოფობის მიზეზს: „ჩემი სული დამძიმდა ცოდვებით! ცოდვებით, რომელიც მე არ ჩამიდენია! რისთვის უნდა ვზღო მე, მამაჩემო, ის ცოდვები, რომლებიც ოდესღაც ჩემს მამა-პაპას ჩაუდენია! მე მინდა, მამა, სიცოცხლე და სიცოცხლე ჩემი გაძაღლებულია! მე მინდა, მამა, სიყვარული და ნიათი არა მაქვს“. ცოდვებით დამძიმებული სული კი ისევე ყარს, როგორც სახარებისეული განგოზილი საფლავები. ბონდო საკუთარ არსებაში თვითჩაღრმავების გზით წარმოაჩენს ადამიანის „ბნელ უფსკრულებს“. უჟმურით დალორწილი ბონდოს სისხლი თითქოს მთელ სანავარდოს „გადაესხმება“ და კერძო კაცი, სოფელი, ერთ განუყოფელ მთლიანობაში იხატება. ნიცშეს ზარატუსტრამ ზუსტად შეაფასა ადამიანის ამგვარი მდგომარეობა: „მიწას, – სთქვა მან, – გარსი აქვს და ამ გარსს სნეულებანი. ერთ ამ სნეულებათაგანს, მაგალითად, „ადამიანი“ ეწოდება“ („ესე იტყოდა ზარატუსტრა“).

ხაშმი და გვალვა, ბალღამი და ლორწო ხატოვნად ბონდო ჭილაძის არსებაში ფესვგადგმულ გადაგვარებისა და გადაშენების სენს წარმოაჩენენ. ბონდოს, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის ენერგია დაეშრიტა. მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟები, რომლებიც მას ცხადსა თუ სიზმარში ევლინებიან – ხათუნა, დოდო ბაყაყი, იშთარი, მზეთუნახავი – მისი სნეული გონების ჰალუცინაციებია, რომლებიც მას – კერძო კაცს – მითისა და ზღაპრის უჟამობაში გადაასახლებენ და სიცოცხლის პირველსაწყისებს მიაახლებენ, სამყაროს მარადიულ, უცვალებელ კანონებს აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთი უპირველესია ნება სიცოცხლისა, სიყვარულზე დაფუძნებული.

გაუგუნურებული ადამიანი ზეცას სიყვარულით კი არა, რკინის ხელებით წაეპოტინა, თაღები აანგრია საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით და როცა ეგონა, რომ ახლოს იყო საიდუმლოსთან, ისევ სიცარიელეს შეეჯახა. მიხვდა გარჯის უნაყოფობას და „ჩამოვარდნის“ ელდამ და ტკივილმა „დაასახიჩრა“. დასავლური კულტურის კრიზისი ირეკლება „ესე იტყოდა ზარატუსტრაში“. ღმერთის სიკვდილის გამოცხადებით ნიცშემ ამ კრიზისის სიღრმე წარმოაჩინა. სამყარომ თითქოს საყრდენი დაკარგა. ადამიანმა პირი იბრუნა ღვთიურისა და ზეგრძნობადისგან. ღვთის კვალი გაქრა საგნებიდან. ადამიანი დაკნინდა და დაბეჩავდა. მალარიაშეყრილივით აცახცახდა და აძაგძაგდა.

დოდო ბაყაყი უხსნის ბონდოს დაცემის „დიდ კანონს“: „რამდენი მაღლა ახტები, იმდენი უფრო მაგრა დაეცემი“. ნიცშე წერდა: „არა მწვერვალი, ფერდობია საშინელი! ფერდობი, სად თვალი ძირს დაექანება და ხელი მაღლით მწვერვალს ეჭიდება. მაშინ ბრუის გული თავისი მარჩბივი ნებითა. ჰე, მეგობრებო, ამოიცანით ჩემს გულშიც ნება მარჩბივი? ესე, ესეა ფერდობი ჩემი და ხიფათი ჩემი, რომ თვალი მაღლით ისწრაფვის და ჩემს ხელს ჰსურს მოეკიდოს და დაეყრდნოს სიღრმეს“ („ესე იტყოდა ზარატუსტრა“).

მარჩბივი ფიქრი თუ გული ყველაზე დიდი საცდურია ადამიანისთვის. სატანასა და ანგელოზს შორის ჭიდილში იბადება ჭეშმარიტი ადამიანობა. ბონდომ „შემოუშვა“ მალარია თავის არსებაში ქვეცნობიერი ნებით. ეს ნება კი განსაზღვრული იყო არა მხოლოდ მისი, არამედ წინაპარი თაობებით.

რომანში სანავარდო იხატება როგორც დიდი „ფერდობი“ საქართველოსი. შორს არიან თამარი და რუსთაველი. ძლივსღა ბჟუტავს იმედი: „არ გადავშენდებით“. ახლოა ყოვლის მპყრობელი უჩა-ღართამი – დიდი გველი. „მავნე სულების მარულაა გაჭენებული“. ფოლკლორული არქეტიპების მოხმობით მწერალი ერთსა და იმავე მოვლენის სხვადასხვა სიბრტყეს წარმოაჩენს – განფენილს როგორც ხილულ, ასევე უხილავ სივრცეში, ადამიანის ცნობიერ თუ ქვეცნობიერ განზომილებაში.

მალარიამ ბონდოს არსებაში გამოავლინა XX საუკუნის კრიზისული ადამიანის ბუნება. ეს არის, უპირველესად, საკუთარ თავთან გაუცხოება, სულიერი და ფიზიკური იმპოტენცია, დაღლილობა, წინააღმდეგობის გადალახვის უუნარობა. პოლ ვალერი ესეში „სულის კრიზისი“ შენიშნავდა იმ უჩვეულო „ჟრუანტელის“ მოგვრის შესახებ, რომელმაც დაუარა „ევროპის ტვინს“, რომ თანამედროვე ჰამლეტი, წინაპრისაგან განსხვავებით, იყო ინტელექტუალი და კაცთა ყოფნა-არყოფნის პრობლემაზე კი არა, ჭეშმარიტებათა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე ფიქრობდა: „მალე ბურუსი გაიფანტება და ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ვიხილავთ გაცხადებულ სასწაულს, ცხოველურ საზოგადოებას, სრულყოფილსა და თავის თავში დასრულებულ ჭიანჭველეთს“. სწორედ ამგვარი „ჭიანჭველეთი“ წარმოგვიდგება „სანავარდოში“. გაბერწებულ სოფელში მხოლოდ სიკვდილი და შიში იბადება. „ციებით დალორწილი, სტალაგმიტებივით ამართული ბნელი კიპარისები და ქოქოსები ირწევიან ტყირპიან ღამეში. ლელიანში ბუნაგად მიგდებულ ბეჰემოტს დაესია კოღოები, შხამავენ და ბღავის გამწარებული. ყვითელი სატურნი არწყევს სამსალას და ლპება ყველაფერი. კირჩხიბი დაესო ღამეს, ლოშქრავს მას და სისხლით სივდება“.

ჩნდება შორეული ასოციაცია თომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწისა“(1922 წ), რომელშიც მწერალმა თანადროული ევროპის დაცემის კალეიდოსკოპური სურათები დახატა. პოემაში წარმოჩენილია გადახრუკული და უნაყოფო მიწა, რომელსაც ნაყოფიერების საწინდარი – სულიერი საწყისი – დაუკარგავს. მწერლის აზრით კი, სულიერ უდაბნოში ფიზიკური არსებობა გაჭიანურებულ კვდომას ემსგავსება.

„სანავარდოში” დახატული გვალვის სიმბოლური სურათები გრიგოლ რობაქიძის „ლონდასაც” წამოატივტივებს. გვალვით გახელებული ხალხის განცდები მისტიკური ელფერითაა შემოსილი. მკითხველს ატყვევებს მზით „გახელებული სიტყვების“ გამომსახველობა. “სანავარდოშიც“ არაჩვეულებრივი ძალით იმსჭვალებიან სიტყვები, თითქოს მათი საშუალებით წარმოსახულ სახეებს კი არა, თვითონ ამ სიტყვებს ასდით შმორისა და სიდამპლის სუნი, ნესტი მოჟონავს სტრიქონებიდან, ყვითელი ბალღამი სტრიქონთა შორის ჩრდილებივითაა ჩაწოლილი.

მალარიის გამოვლინებად შეიძლება გავიაზროთ ნიცშეს მიერ სენად სახელდებული „ცეცხლის ძაღლი“, რომელიც სიმბოლოა სოციალური გადატრიალებებისა, ნგრევისა. რევოლუცია, “ცეცხლის ძაღლი” მხოლოდ ყვირის თავისუფლებაზე, მაგრამ სინამდვილეში მას აუქმებს. ის გაჰყვირის, ანგრევს და ამით სურს „დიდ მოვლენად“ მოგვაჩვენოს თავი.

„სანავარდოში“ იხატება მომავალი რევოლუცია, რომელიც მოდის როგორც „მუცელგახეთქილი უჟმურთა უჟმური“ და ყველაფერს შხამითა და საწამლავით ავსებს. „დედაკაცები წივიან, იფოფრებიან, დარბიან თავგზააბნეულნი, ჭიშკარში ვერ ეტევიან და არის ჟრიამული, წყევლა-კრულვა, მოთქმა და ვიში. ღობე ილეწება. სადღაც თოფი გავარდა. იელვა ხანჯალმა. დამფრთხალი ცხენები ახვიხვინდნენ. მოღრუბლული ცა გასკდა უზარმაზარი ხარის ფაშვივით და დაუშვა კოკისპირული. წამოვიდა თქეში და ნიაღვარი“. ბონდოს თანაბრად ტანჯავს და აწვალებს ეპილეფსია და სიმარტოვე. თაობათა ჯაჭვში სწორედ იგი გამოირჩა, ვისაც ცოდვები უნდა მოჰკითხვოდა. წინაპრის ლანდი მას ბედისწერის შავ ჩრდილად ეფინება გზაზე, სულერთია, სად იქნება –  გაყინული პეტერბურგის სარკეებიან დარბაზში, მადამ ტრუბანოვას მკლავებში, სკაპცების „კვარცხლბეკზე“ თუ „ვნებააყეფილი“ გუჯუ ლაბახუას გვერდით.

ოსკარ უაილდი წერდა: „ვცხოვრობთ არა ჩვენი, არამედ მკვდრების ცხოვრებით. არც ჩვენში დაბადებული სულია ერთადერთი სულიერი არსი, პიროვნულობასა და ინდივიდუალობას რომ გვანიჭებს, ჩვენს სამსახურად რომ შექმნილა და ჩვენს სასიხარულოდ შემოდის ჩვენში. მან შიშისმომგვრელ ადგილებში დაისადგურა და უძველეს აკლდამებში დაიდო ბინა. უამრავი სენითაა შეპყრობილი, უცნაურ ცოდვებს ინახავს მისი ხსოვნა. ჩვენზე უფრო ბრძენია და მწარეა მისი სიბრძნე“.

ბონდოს სული, რომელსაც ახსოვს საუკუნეთა სიღრმეებში ჩამარხული ბნელი ამბები, ღალატი, სიძულვილი, მრუშობა და სხვა უზნეობანი, მწარე და ტკივილიანი თავგამეტებით ცდილობს ზედაპირზე ამოსვლას, გამოვლენას. ქვეცნობიერში ჩამარხული თაობების ნაღვაწით მოქსოვილი საიდუმლო შხამიანი ობობას ქსელში ხლართავს ბონდოს არსებას. გაწვალებული ბონდოს მზერაში ირეკლება მისი უილაჯო გენი როგორც დამახინჯებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. მადლისაგან დაცლილ გარემოში მხოლოდ სიავე და ბოროტება ისხამს ნაყოფს. „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ მისნის მოთქმა ისევ ჩაგვესმება: „მოსავალი მოვიმკეთ: ხოლო რად დალპა და ჩაშავდა ყოველი ნაყოფი? რა ჩამოვარდა ბოროტი მთვარიდან უკანასკნელ ღამეს? ამაო იყო ყოველი ღვაწლი. ჩვენი ღვინო შხამად იქმნა, ცუდმა თვალმა ყვითლად გაახმო ჩვენი მინდვრები და გულნი. დავშრით ყველა, და თუ ცეცხლი დაგვეცა, განვიბნევით, ვით ნაცარი, ჩვენ თვით ცეცხლიც დავღალეთ. ყველა წყარო დაშრა ჩვენთვის, ზღვამაც უკან დაიხია. ნიადაგი მზად არის რღვევად, ხოლო წიაღს არა ჰსურს ჩაგვყლაპოს!“

უცნაური ცეცხლით აგზნებული თვალებით შემზარავად მოთქვამს ფეფელო ქადაგი „სანავარდოში“: „ხალხნო! რა გეშველებათ, თქვე უბედურისშვილებო, რა გეშველებათ! წუხელ ღვთისმშობელი გამომეცხადა და მამხილა, რომ დედამიწა მაკეა უჟმურთა უჟმურით! დედამიწა დედა კი არ არის ჩვენი, – ცოფიანი დედალი მგელია, თავისივე ლეკვებს თვითონვე რომ ჭამს!.. ვაი, თქვენ, ხალხნო!.. სანავარდო დაბერწდა“. ამ სტრიქონებში გაცხადებულია შიში დედამიწის გაქრობის, სიცოცხლის გადაგვარების, რაც ცალკეულ ადამიანთა თუ, საზოგადოდ, ერის დასნეულებითაა განპირობებული. ჯოისმაც ასეთი თამამი სისასტიკითა და გულგრილობით წარმოათქმევინა თავის გმირს: „მერედა, იცი, რა არის ეგ შენი ირლანდია? ირლანდიაა ბებერი დედაღორი, თავისსავე გოჭებს რომ თქვლეფს“. ირლანდია, სანავარდო თუ დედამიწა ერთი და იმავე სიმბოლოს ვარიაციებია. გადაგვარებული ზნეობა ადამიანს თვითონვე აკვლევინებს თავის მომავალს. დემნა შენგელაიას „მისნური მზერა“ გრძნობდა და ხედავდა მოახლოებული სისხლიანი დღეების სურათებს. „სანავარდოში“ დახატული აპოკალიფსური სურათები წინათგრძნობაა „ცეცხლიანი ძაღლისა“ – ნგრევისა და უბედურებისა, წითელი ხელისუფლებისა, „მუნიანი ჭინკების“ ამალით რომ შემოესია საქართველოს და „ამირანი შებორკა“.

მალარიის სენი ადამიანის სულიდან თავისუფლების წყურვილის ამოძირკვასაც გულისხმობს. ამიტომაცაა, რომ გახრწნის პროცესი ასეთი სიმძაფრითაა წარმოჩენილი „სანავარდოში“. მალარია რომანში ფანტასმაგორიულ სურათებად გადაიშალა. ტიციან ტაბიძე წერდა: „ბოდლერმა პირველმა დახრწნა სამყარო… პირველად პოეზიას ბოდლერიდან აუვიდა გახრწნის სუნი. ამის შემდეგ დაშლა არ შეჩერებულა“.

დემნა შენგელაია ერთ წერილში გალაკტიონის შესახებ წერდა: „ყველაფერი მოულოდნელია და თეთრი საშინელება იპყრობს შენს სულს, საშინელება თენებისა, როდესაც ჰგრძნობ სიცრუეს, ჰგრძნობ შეჯგუფებულ კოშმარებს დღისას. მისი წიგნი ცახცახებს ნერვიულად. მისი ნაღველი გიპყრობთ თქვენ და უმწეობას გაგრძნობინებთ“. ეს სიტყვები შეიძლება გავიმეოროთ „სანავარდოს“ მიმართაც, რომელიც მკითხველში იწვევს კოშმარულ ხილვებს და სულს შემზარავი მომავლის შიშით აცახცახებს.

„სანავარდოში“ კოშმარული სურათები ესთეტისა და ხელოვანის კალმითაა შესრულებული. დემნა შენგელაიამ შეძლო მალარიის ესთეტიზება, რადგან სჯეროდა, რომ ხელოვნებას უნდა გაეკეთილშობილებინა ყოველგვარი სიმახინჯე. ბოდლერი წერდა: „ხელოვნებას აქვს არაჩვეულებრივი პრივილეგია, რისი წყალობითაც საშინელი, ხელოვნების დონეზე გამოხატული, სილამაზედ იქცევა, ხოლო ტკივილი, რიტმითა და კადენციით გამოხატული, სულს მშვიდი სიხარულით ავსებს“. ასე შემოიჭრება მკითხველის წარმოსახვაში „მწიფე ბროწეულივით გადაფატრული მზე“ და მის მიერ დაფრქვეულ სისხლისფერ ლალებში გადაიისფერდება სამყარო: „უეცრად მოსკდება ღვარი იისფერი გველებისა. ივსება ყველაფერი. ოქროს ქედები ვერ უძლებენ მათ სიმძიმეს და იზნიქებიან შტოებით. იისფერ გველთა მტევნებით დაიყუნწება ჭიმჭიმელი და ამართული იისფერი კაბით შემოსილი უნასი მობრძანდება დინჯი რონინით“.

დემნა შენგელაია განიცდიდა „ბნედიანივით დაკრუნჩხული“ დედამიწის ტკივილებს და მხატვრულ სახეებში გარდასახავდა თავის განცდებს. მალარია კი „სანავარდოში“ წარმოჩნდა როგორც სენი, რომელიც სიყვარულსა და რწმენას უნდა დაეძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი