შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროცესი, რომელიც შეუქცევადია

ჯონ კუტზეეს და პოლ ოსტერის მიმოწერაში ამოვიკითხე: “ერთი ახალგაზრდა კაცი უფსკრულის თავზე გაჭიმულ ბაგირზე გავლას გაბედავს. არ ჩამოვარდება, მეორე მხარეს მშვიდობით მიაღწევს, მაგრამ ამის შემდეგ ბაგირზე ერთხელაც აღარ გაივლის. ამის შესახებ არასდროს საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებს მისი ოსტატობა ახსოვთ და ხშირად იხსენებენ თავშეყრის დროს. ახალგაზრდა კაცი ცხოვრებას თავიდან იწყებს, ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინდება, შვილები უჩნდება და ერთი შეხედვით, ყოველმხრივ წარმატებული ადამიანი ხდება, თუმცა ის აღარ არის, ვინც ადრე იყო – ეს მისმა მეგობრებმაც იციან და თვითონაც იცის. თითქოს იქ, ჰაერში, იმ მოკლე დროში ვიღაცას ან რაღაცას შეხვდა: თვალი შეავლო, იცნო და ყველაფერი შეიცვალა…”

მაინც რატომ მიანება ახალგაზრდამ თავი ბაგირზე სიარულს? რამდენი დადის გაჭიმულ თოკზე წინ და უკან სხვისი გულის გასახარად და ამ ჯამბაზობით იძენს სახელსა და სარგებელს… მაგრამ მან, როგორც ჩანს, ბაგირზე სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის გაიარა. საკუთარ თავში შიშის დასამარცხებლად… შიში ხომ ჩვენი მუდმივი თანამგზავრია, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე თან გვდევს, მაღლა ახედვის, წელში გამართვის, სხვისთვის თვალებში ჩახედვის, ახალი სიტყვის თქმის, შეცდომის აღიარების, თავმდაბლობის და, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამის საშუალებას არ გვაძლევს…

როგორ ვძლიოთ შიშს, როგორ გავიაროთ ბაგირზე და გადავიდეთ უფსკრულის მეორე მხარეს? 

დავაკვირდეთ კალციუმს.

კალციუმი უმთავრესად კირქვის სახით განისვენებს დედამიწის წიაღში და ამ მოთეთრო ფერის ქვას მხოლოდ ჩვენი ბუნაგებისა და ეკლესიების ასაშენებლად თუ გამოვიყენებთ. კალციუმმა საინტერესო და შემოქმედებითი ცხოვრება რომ დაიწყოს (ქიმიურ რეაქტივად რომ იქცეს), დიდი კატაკლიზმები უნდა გადაიტანოს – ნახშირთან ერთად თითქმის ათასგრადუსიან მცხუნვარებას გაუძლოს და ნახშირბადის კარბიდად გარდაიქმნას. ნახშირბადთან დაწყვილებით კალციუმისთვის ახალი ცხოვრება იწყება – ენერგიული, მშფოთვარე, დაუდგრომელი, ფეთქებადი და, აქედან გამომდინარე, არასტაბილურიც. ის აღარ ჰგავს კირქვას, რომელსაც მზის გულზე თუ ყინვაში საუკუნეობით შეეძლო ნებივრობა – კალციუმის კარბიდი, ჟუჟუნა წვიმა ეპკურება თუ არა, ერთიანად იფხორება, ფუვდება, პირიდან დუჟი გადმოსდის. ირღვევა კალციუმისა და ნახშირბადის კავშირიც და ორივე ელემენტი ახალ ფორმას პოულობს საარსებოდ: კალციუმი ჰიდროქსიდის სახით ევლინება ქვეყნიერებას, ხოლო ნახშირბადი აცეტილენში აგრძელებს არსებობას. მაგრამ არც ჰიდროქსიდად გარდაქმნილი კალციუმის ცხოვრებაა მთლად მშვიდი – ის ისევ ენერგიულად პასუხობს გამოწვევებს და არაერთ რეაქციაში ბოლომდე იხარჯება. ამის გამო ნათლიებმა მას მწვავე კალციუმიც კი შეარქვეს, ხოლო ზოგიერთი, მის მიერ განვლილი გზის გათვალისწინებით, ჩამქრალ კირად მოიხსენიებს. თუმცა კალციუმის ამ ბოჰემური ცხოვრების მიღმა განმარტოებისა და მშვიდი ცხოვრებისკენ სწრაფვა იმალება.

დავაკვირდეთ კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარს. მართალია, იგი კამკამა და წყალივით გამჭირვალეა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ამ ელექსირს არაფრით ჰგავს. თუ ხელს შევახებთ, სიმწვავეს ვიგრძნობთ, არ გვაპატიებს კადნიერებას, მაგრამ საკმარისია, სული შთავბეროთ (მასშიმილიჩავუშვათ და ჩავბეროთ), რომ ხსნარი უმალ აიმღვრევა, გამჭვირვალობასა და სისპეტაკეს დაკარგავს… მერე კი ცხოვრების ქარტეხილებისგან დაქანცული კალციუმი კარბონატის (ცარცის) სახით მშვიდ განსასვენებელს პოვებს ჭურჭლის ფსკერზე, ხოლო მის თავზე ცა გადაიწმინდება, ჭურჭლის შიგთავსი კვლავ მთის წყაროსავით კამკამა და უწყინარი გახდება.

ვინ იცის, იქნებ მართლაც ღირდეს კიდეც სიცოხცლის ისე დასრულება, როგორც კალციუმი ასრულებს ამ გარდაქმნების შემდეგ.. იქცე ცარცად, რომელსაც ოდესმე ხელში აიღებენ, დაფაზე ასოებსა და ციფრებს გამოსახავენ და შენით ვინმეს რამეს ასწავლიან…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი