ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საუკეთესო დრო სიყვარულისთვის

საბერძნეთი, ალბათ, ბევრი რამის გამო უნდა გიყვარდეს,
მაგრამ ყველა სხვა მსხვილ- მსხვილ და ბრტყელ- ბრტყელ მიზეზს რომ თავი დავანებოთ, მე
ის ზეთისხილის და ჯერალდ დარელის გამო მიყვარს. ზეთისხილი ჩემმა ენის რეცეპტორებმა
ხანგრძლივი გაურკვევლობების შემდეგ შეიყვარა, დარელის  შემთხვევაში კი ერთი წაკითხვით შეყვარება დამემართა.
ამ კეთილმა ნატურალისტმა ყველა ბავშვის, მოზარდისა თუ უფროსის საბედნიეროდ, ერთხელაც,
სრულიად შემთხვევით წერა დაიწყო. შემთხვევით, შესაძლოა, გასაუბრებაზე შენს დაქალს გაყოლილი
სამსახურში აგიყვანონ ან მაცივარში რძის ნაცვლად ფეხსაცმელი შეინახო, მაგრამ წერას
უფრო ხშირად გამიზნულად იწყებენ. წიგნები არც რძეა, არც ფეხსაცმელი და არც შენი უცნაური
უფროსები, რომლებიც შენთვის უცნობი კრიტერიუმებით არჩევენ სასურველ კადრებს.

ასე იყო თუ ისე, ჯერალდ მალკოლმ დარელმა წერა დაიწყო. 

სწორედ ამის დამსახურებაა ჩემი და ალბათ, კიდევ მილიონობით
ბავშვის სიყვარული ცხოველებისადმი. აი, მაგალითად,  საკმაოდ თავისებური ხასიათის მქონე მორიელი, განთქმული
სასიკვდილო შხამით, შეგიძლია, კი არ შეიძულო, შორიდან, მზეზე გახედო, როგორ ლამაზად
ლაპლაპებს და არც კი ეცადო მის განაწყენებას.

„ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” ყველაზე კეთილი წიგნია
მსოფლიოს კეთილ წიგნებს შორის. ეს არის ბიოგრაფიული ტექსტი მწერლის ბავშვობის შესახებ.
ბავშვობის, რომელიც ზუსტად ისეთივე სიცოცხლით სავსე და ხმაურიანია, როგორიც თავად კუნძული
კორფუ და დარელის ოჯახი. ოჯახის წევრები ძალიან ადამიანურები, კომიკურები და ხანდახან
ექსცენტრულებიც არიან. ლესლის შეუძლია, თოფით ისე დააფრთხოს ქურდები, რომ გარშემომყოფები
მოსალოდნელი არეულობის შესახებ არც კი გააფრთხილოს. ლარი ხანდახან რამდენიმე ათეულ
მეგობარს ერთად პატიჟებს სახლში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე დიდია. დედას
შეუძლია, მხოლოდ ამ მიზეზის გამო დიდი სახლის ყიდვა გადაწყვიტოს. მარგოს საქმე ფერიმჭამელებთან
ბრძოლა, გარუჯვა და სასიყვარულო თავგადასავლებია. პატარა ჯერის კი სახლში ხან კუ- აქილევსი
მოჰყავს, ხან კაჭკაჭები, ხან მორიელები და ხანაც თოლია- ალეკო.

იმ პერიოდში ჩემი და „თეიქ ზეთის” მაიკზე იყო შეყვარებული
და ამერიკაში წასვლაზე ოცნებობდა. ჩემი ძმა კურტ კობეინს ბაძავდა, თმას იზრდიდა და
სევდიან სიმღერებს მღეროდა. მე სახლში ყველა ჯურის ცხოველი მომყავდა. დედა კი პლაკატების
ჩამოხევითა და ცხოველებთან ბრძოლით იყო დაკავებული. მამა მუშაობდა და საღამოს, როცა
შუქი არავის ჰქონდა, სახლში დაბრუნებული ჩვენს კორპუსამდე „ლევ” ხაზებს ჭიმავდა. ერთი
სიტყვით, ჩვენი თბილისური ყოფა არაფრით ჰგავდა კორფუულ ბედნიერ ცხოვრებას. ეს ის დროა,
როცა „ვაისროი” ახალი და პოპულარული სიგარეტია და ყველა „ვიკეროის” უწოდებს, როცა
„ნუთელას” მაგივრობას შოკოლადის კარაქი ან 
ბაყაყებით მოხატულ შუშის ჭიქაში დაფასოებული ნივთიერება წევს, ლამპებს ნავთის
სუნი უდის და პატრუქს პინცეტით ვასწორებთ, რუსთაველი მანიაკის შიშით ვძრწით და სკოლამდე
მშობლები გვაცილებენ. სკოლაში კი ხან ბაკანდაზიანებულ კუს ვხედავ, ხან კუდმოჭრილ კატას,
ხანაც თვალდათხრილ ბუს. მე კი ხელში დარელი მიჭირავს და მთელ ლექციას ვკითხულობ ბუნებისა
და ცხოველების სიყვარულის შესახებ.

საზაფხულო არდადაგები ცხოველების შეყვარებისთვის ზუსტად
შესაფერისი დროა. დარელის კითხვის პარალელურად, შეგიძლიათ, საათობით იწვეთ სოფელში,
ბალახზე და მწერების მინისამყაროს უთვალთვალოთ. დაასკვნათ, რომ ჭიანჭველებს საკმაოდ
პრაქტიკული ტვინი აქვთ, ხვლიკები კი ძალიან ახირებული არსებები არიან: ხელი რომ შეახოთ,
ტყვეობის შიშით თავს გაწირავენ- კუდს ისე მარტივად მოიწყვეტენ, თითქოს სხეული კი არა,
მინდვრის გვირილა იყოს.

ჯერალდ დარელს კი, ზუსტად ასევე, ძალიან მარტივად შეეძლო,
მამის დანატოვარი მემკვიდრეობით წარუმატებელი ექსპედიცია მოეწყო კამერუნსა და გაიანაში,
საბოლოოდ, კი მშრალზე დარჩენილიყო. ზოოპარკებს კი 
სინდისის ძარღვი გასწყვეტოდათ და უფულოდ დარჩენილი ნატურალისტისთვის სამუშაო
ადგილი არ აღმოჩენოდათ. მათ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ერთხელაც, ერთი პატარა
გოგო, შეიარაღებული დარელის წიგნით,  ვრცელ,
გულისამაჩუყებელ ლექციას წაიკითხავდა იმის შესახებ, რომ სიყვარული და სიკეთე მხოლოდ
ღრუბლებში ნავარდი, მეზობლის წამოქცეული ღობის გასწორება და ქუჩის მეორე მხარეს მოხუცის
გადაყვანა  არ არის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი