პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წვიმაში დაკარგულები

„ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე…”
ელენე დარიანი
ამას წინათ პაკისტანში ორი გოგონა წვიმაში ცეკვისთვის მოკლეს.

მოზარდი გოგონები წვიმაში საკუთარ ეზოში ცეკვავდნენ, რისთვისაც თანასოფლელებმა სასტიკად დასაჯეს – ხუთი შეიარაღებული მამაკაცი მათ სახლში შეიჭრა და გოგონები მშობლების თვალწინ ჩაცხრილა. ეჭვმიტანილთა შორის გოგონების ნახევარძმაცაა.

ეს ამბავი რომ წავიკითხე, ძლივს მოვედი გონს, ძალიან, ძალიან ვიდარდე.

საკუთარი თავი გამახსენდა იმ გოგონების კბილა. ჩემს უსახურ ქუჩას ავუყვებოდი-ჩამოვუყვებოდი, ავუყვებოდი-ჩამოვუყვებოდი თავსხმა წვიმაში, თუ ვინმე დამემგზავრებოდა, ხომ კარგი, თუ არადა, მარტო.

პაკისტანში გოგონებს წვიმაში ცეკვისთვის სჯიან. საქართველოში?

არც საქართველოშია ყველაფერი რიგზე. ქალები ყოველდღიურად ისჯებიან ნიჭისთვის, თამამი სიტყვისთვის, წინააღმდეგობისთვის… 

ისჯებიან შინ თუ სამსახურში, ქუჩაში, სკოლასა და წიგნებში. ჰო, წიგნებში.

მუდამ ასე იყო. მაგალითად, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ქართულმა საზოგადოებამ ფაქტობრივად გააქრო, მიჩქმალა და გააუჩინარა ერთი საინტერესო და თამამი პოეტი ქალი გულწრფელი და „ეროტიკული” პოეზიის გამო, რომელიც, ჩემი აზრით, გრძნობადი, გულახდილი უფროა, ვიდრე რამე სხვა იარლიყმისაწებებელი.

პოეზია წვიმაში ცეკვაა, მეტი კი არაფერი.

ჩემს ერთ მეგობარს განსაკუთრებით უყვარს პაოლო იაშვილის დარიანული ციკლის ლექსები. გადაიყრის თაფლისფერ თმას, გადააგდებს მაღალ კისერს და განსაკუთრებული შთაგონებით კითხულობს:

„დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით…”
მერე იკითხავს: როგორ შეიძლება ეს კაცის დაწერილი იყოს, როგორ?!

პოეზიის „ქალურად” და „მამაკაცურად” დაყოფის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მეტიც – ამ ლექსებში სწორედ ის მომწონდა ყოველთვის, როგორ ცდილობდა პაოლო იაშვილი სხვა სქესის, სხვა ადამიანის პოზიციიდან წერას, სხვის ტყავში შეძრომას, სხვის სულში შესახლებას.

თუმცა პაოლოს დარიანული ლექსები რომ სხვას ეკუთვნოდა, კანტიკუნტად ადრეც გამიგონია. გასული საუკუნის მიწურულს ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეა, გაზეთ „კალმასობაში” დაიბეჭდა მისი პუბლიკაციები, რომლებიც პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სიყვარულის ისტორიას ააშკარავებს.

სულ ახლახან კი ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ძალიან კარგი გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციას „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან” ერქვა და საინტერესოზე უფრო საინტერესო საარქივო მასალას მოიცავდა (გამოფენა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსისა” და „ქალთა ფონდის საქართველოში” მხარდამჭერით მოეწყო).

ფოტოებიდან მიყურებდა მშვენიერი, თამამი, თავისუფალი ქალი უნაკლო გარეგნობითა და მოურჩენელი სიყვარულით.

„ჩემს ლექსებს სარედაქციოდ ვაძლევდი პაოლოს, რომელიც აშალაშინებდა და მიბეჭდავდა ელენე დარიანის, ე.ი. ჩემი ფსევდონიმით… პაოლოს დორიან გრეი შევარქვი. მანაც დორიანი მიწოდა. დროთა განმავლობაში შემიცვალა დარიანად, რადგან უფრო მოსწონდა კეთილხმოვანების გამო.

ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემია. როდესაც შალვა დემეტრაძე პაოლოს კრებულს ადგენდა, ამის შესახებ მოვახსენე. მან მიპასუხა, რადგან ერთობლივი ლიტერატურული მოღვაწეობაა, შესაძლებელია, მის კრებულში შევიდესო” (ელენე ბაქრაძის მოგონებიდან).

ელენე ბაქრაძე ცისფერყანწელების ორდენის წევრი, მათი მესაიდუმლე და მეგობარი, მეტიც – ნათლია იყო. როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, სწორედ მას ეკუთვნოდა იდეა ჟურნალის სახელწოდებისა – „ცისფერი ყანწები”:

„პაოლომ ჩაასხა ღვინო, ასწია მაღლა და უეცრად თვალი მომტაცა ამ ყანწის ლურჯმა ფერმა.
– პაოლო, შეხედე, რა ცისფერი ღვინოა, – წამოვიძახე მე.
– ცისფერი ყანწი, დავლიოთ, ასწით! – წამოიძახა ვიღაცამ.
პაოლო გაჩუმებული უმზერდა ყანწს და უეცრად წამოიძახა:
– ევრიკა, ელი! ჩვენ ჟურნალს დავარქმევთ „ცისფერ ყანწს!”

დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის ლექსების კრებულში გამოქვეყნდა. ლიტერატურულმა საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. პროტესტი აშკარა იყო – ქუთაისში ამ ლექსების კითხვის დროს მაყურებელმა დარბაზი დატოვა.

საზოგადოების ეს დამოკიდებულება კარგად ხსნის, რატომ დაიმალა ელენე ბაქრაძე ჯერ ფსევდონიმის, მერე კი პაოლო იაშვილის სახელის უკან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ამ ლექსთაგანი მათი თანაშემოქმედების ნაყოფია, პაოლო, როგორც კარგი და გამოცდილი ლიტერატორი, ელენეს ლექსებს პოეტურ რედაქტირებას უკეთებდა. ლიტერატურათმცოდნეობისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორ ცვლის ლექსის გრაფიკულ სტრუქტურას, ტეხს სტრიქონებად, ხვეწს და აშალაშინებს მას პაოლო იაშვილი.

თუმცა მთავარი მაინც ელენე ბაქრაძის ეს მოგონებაა:

„ერთხელ, როცა ცხელი მზიანი დღე გრილმა საღამომ შესცვალა და მე სხვებთან ერთად ვიჯექი ვიღაცის ეზოში, უეცრად ვიგრძენი, როგორ დაარღვია რაღაცამ სოფლის მყუდროება და სულში განახლდა უკანასკნელ წლებში ჩემში გაბატონებული უცნაური განწყობილება:

ჩემს წინ იდგა თეთრ ტანსაცმელში და კრაგებში პაოლო იაშვილი. უნებურად ფეხზე წამოვდექი და აღელვებული ვუმზერდი მის ზღვასავით მოლივლივე დიდ თვალებს. ისიც აღელვებული ჩანდა, რამდენიმე წუთს ხმა ვერ ამოვიღეთ…”
პ.ს. გამოფენაზე, ფოტოებს შორის სიარულისას, სამ მოხუც ქალბატონს გადავეყარე – სათვალემომარჯვებულები ფოტოებს ათვალიერებდნენ და გაბრაზებული ჩურჩული მესმოდა მათი ვარდისფერპომადიანი ბაგეებიდან:
– ეს უსირცხვილო ესა, როგორ შეიძლებოდა ამ სამარცხვინო ამბების გამომზეურება, ოჯახისთვის მაინც ეკითხათ, ეს ხომ ოჯახისთვის ლაფის დასხმაა!!

არადა, საუკუნე გავიდა თითქმის.

ჰოდა, რამდენ გოგოს ვკარგავთ წვიმაში ცეკვისთვის, რამდენს კიდევ დავკარგავთ, ვინ იცის…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი