პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები, რომლებიც აქტივობებს თავად გვკარნახობენ

სასწავლო წლის ბოლოს ახლად კითხვანასწავლი მოსწავლეებისთვის სარეკომენდაციო წასაკითხ ლიტერატურას ვეძებდი. ხომ არის ხოლმე, რომ მასწავლებელი ზოგჯერ ისეთ წიგნს წააწყდები, რომელიც თავად გკარნახობს საინტერესო აქტივობებს. ჩემთვის ამგვარი აღმოჩენა იყო ქართველი მწერლის ინგა თეთრაძის ერთი პატარა წიგნი „რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭი“, რომელიც წელს გამოიცა.

წიგნის მთავარი გმირი რატომელა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. კითხვა „რატომ?“ მოსვენებას არ აძლევს, ამიტომაც ბავშვებმა „რატომელა“ შეარქვეს. იგი ბევრს კითხულობს, ფიქრობს, აზროვნებს… ხან თავად პოულობს პასუხებს, ხან კი უფროსების დახმარებით აკვირდება სამყაროს და უდიდეს სიხარულს ანიჭებს ახალი აღმოჩენები.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ბიჭუნას გაცნობა ჩემი 6-7 წლის მოსწავლეებისთვის. ჰოდა, შევიძინე თითოეულისთვის წლის სამახსოვრო წიგნად და თითქმის ყოველ გვერდზე ჩავაკარი შესაბამისი კითხვები თუ აქტივობები. როგორც მშობლები მწერენ ამგვარმა დეტალურმა ინსტრუქციამ ბავშვებსა და მშობლებს წიგნზე მუშაობა გაუადვილა. ამან მიბიძგა და გამათამამა, რომ სტატიის შინაარსიც ამგვარი ყოფილიყო.

გთავაზობთ აქტივობათა ინსტრუქციას, რომელიც ამ წიგნისთვის გავწერე:

„გვ. 3-5

რატომ შეარქვეს ბავშვებმა „რატომელას“ ეს სახელი?

როგორი ბიჭია რატომელა?

წერილობით დაასრულე წინადადება: „მშვენიერია, როცა შენი ცხოვრების გზას ……“.

როგორ ფიქრობ, რატომ არ არის მატარებელი, თვითმფრინავი, გემი ცოცხალი არსებები, ისინიც ხომ მოძრაობენ?

დახატე 1 ცოცხალი და 1 არაცოცხალი საგანი. ამ საგნებზე შეადგინე სამ-ოთხსიტყვიანი წინადადებები და მიაწერე ნახატის ქვეშ.

გვ.6-7

დაფიქრდი, რატომ აწყობენ ყვავილებს წყლიან ვაზაში?

სოფელში ყოფნისას დაკრიფე სხვადასხვა ყვავილი თუ ფოთოლი, ჩადე წიგნში. ამოიღეთ 1 კვირის შემდეგ და ჩააკარი დღიურში (რვეულში, წიგნაკში), რომელსაც დააწერ „ჩემი ზაფხული“. შეეცადე, დაადგინო, რა ჰქვია შენს ყვავილებს და მიაწერო სახელებიც.

დახატე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე ფესვებიანად. მიაწერე ყველა ორგანოს თავისი სახელი (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი ან ნაყოფი). მოიფიქრე სახელი თითოეული ხისთვის.

გვ. 8-9

წყლიანი ჭიქა მოათავსე ფანჯარაზე. დანიშნე მარკერით წყლის დონე. 5 დღის შემდეგ ისევ მოინახულე შენ მიერ დადგმული ჭიქა. რაიმე უცნაურს ხომ არ ატყობ?

დაადგინე, რატომ შრება მზის გულზე  გაფენილი სველი სარეცხი ?

ნახატის სახით შექმენი ბუნებაში წყლის მოძრაობის მარშრუტი, რუკა.

გვ. 10-12

როგორ ჩნდება ცისარტყელა?

დაასახელე ცისარტყელას ფერები.

დახატე ცისარტყელა, სადაც ფერები ზუსტად იმავე თანმიმდევრობით იქნება, როგორც რატომელას მასწავლებელი აღწერს.

რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

რომელი პლანეტა ამოიღეს მზის სისტემიდან? შენი აზრით, რატომ?

შეგიძლია ინტერნეტის დახმარებით მოძებნო და ამოწერო პლანეტების სახელები?

როგორ ფიქრობ, რას საქმიანობენ ასტრონავტები?

გვ. 13-18

გაყავი თაბახის ფურცელი ოთხ ნაწილად ოთხი სეზონის შესაბამისად. შექმენი ნახატები თითოეულისთვის. არ დაგავიწყდეს ყველა დროისთვის თვეების მიწერა.

შეარჩიე ერთი დრო და შენი სიტყვებით აღწერე იგი წერილობით.

გვ. 19

შენს დღიურში შექმენი პოსტერი, სადაც დაიტან ჰიგიენის წესებს. შეამოწმე ძილის წინ, მოახერხე თუ არა შენ მიერ შექმნილი წესების დაცვა.

გვ. 20-21

ჩამოწერე რისი ოთახები არსებობს შენს სკოლაში და რა ფუნქცია აქვთ მათ.

ქოთანში ჩარგე რაიმე მცენარე და გადაიღე ვიდეო, მოუარე მთელი ზაფხული, შემოდგომით კი მოიტანე სკოლაში და იზრუნე შენი ოთახის გალამაზებისთვის. გახსოვდეს, რომ მასზე ზრუნვა საკლასო ოთახშიც შენი პასუხისმგებლობა იქნება.

გვ. 22

ზოგიერთ შენს მეგობარს ზაფხულში აქვს დაბადების დღე. დაამზადე მათთვის მისალოცი ბარათი. გაითვალისწინე კეთილი სურვილები. არც გამგზავნის ვინაობის მიწერა დაგავიწყდეს და არც სადღესასწაულოდ გაფორმება.

გვ. 25-26

გულისყურით წაიკითხე მშვიდობის მტრედის ამბავი. ინტერნეტის დახმარებით მოძებნე ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი „მტრედი“. უყურე ანიმაციას „ჩიტების საძმო“. ხომ ვერ გაიხსენებდი კიდევ რაიმეს მტრედთან დაკავშირებით?

გვ. 27-29

მისწერე წერილი მასწავლებელს და მოუყევი შენი საზაფხულო ამბები. წერილისთვის დაამზადე კონვერტი, რომელზეც დააწერ ადრესატს და ადრესანტს (ვის ვისგან). შეგიძლია დახატო კიდეც რაიმე.

გვ. 30-33

პლასტელინის ან სხვა მასალის დახმარებით შექმენი ზოოპარკის დიორამა. ვოლიერებისთვის შეგიძლია გამოიყენო ასანთის ჩხირებიც. არ დაგავიწყდეს, ყველა ვოლიერს გაუკეთე შესაბამისი წარწერა!

გვ. 34-39

ინტერნეტის დახმარებით მოიძიე 10 საინტერესო ფაქტი შენთვის სასურველ არსებებზე და ჩაწერე შენს დღიურში. შეხვედრაზე გაგვაცანი ეს მასალა. ინტერესით მოგისმენთ.

გვ. 40-45

შენი სოფლად ცხოვრების შესახებ რას მოუყვებოდი კლასელებს? როგორ და რაში ეხმარებოდი უფროსებს? რა აღმოაჩინე საინტერესო?

გვ. 46-47

მოუსმინე სიმღერებს „სხვა საქართველო სად არის“, „ჩაკრულო“, საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.

გამომიგზავნე შენი საყვარელი სიმღერის სახელი ან თავად ლინკი, მეც სიამოვნებით მოვუსმენ.

წერილობით ჩამოთვალე ქართული ეროვნული სიმბოლიკა. მაგ. ქვევრი, ჩოხა, ჩურჩხელა და ასე შემდეგ.

გვ. 53-57

მოაწყვე პიკნიკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. შეადგინე საჭირო ნივთების სია, ქცევის წესები. გადაიღე ფოტოები. შეგიძლია, გადმომიგზავნო პირად შეტყობინებებში ან გვაჩვენო შეხვედრაზე.

გვ. 58-60

მოძებნე სახლში რაიმე ძველი ნივთი და შეეცადე გააახლო ან სხვა დანიშნულება მოუძებნო. მაგ. შეგიძლია ტომატის თუნუქის ქილა გარედან შეღებო და საფანქრედ გამოიყენო, ძველი ღილებისგან ან მძივებისგან თმის სამაგრი დაამზადო და ასე შემდეგ.

გვ. 61-66

როგორ დაარიგა პაპამ რატომელა?

ინტერნეტის დახმარებით მოძებნე საკვებად ვარგისი სოკოს სახელები და ამოწერე შენს დღიურში. თუ საშუალება მოგეცემა უფროსთან ერთად ეწვიე ახლომდებარე ტყეს, დააკვირდი და  აღმოაჩინე სოკოები. გადაუღე ფოტო და დაადგინე, რომელი ჯიშია.

გვ. 67

ღამით გამოიტანე პლედი და ბალიში გარეთ ეზოში ან აივანზე. დააკვირდი ღამის ცას, ვარსკვლავებს და შეეცადე, აღმოაჩინო ცისკრის ვარსკვლავი. გახსოვდეს ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. თვალდახუჭულმა და სულგანაბულმა მოუსმინე ღამის ხმაურს.

შეეცადე დახატო ღამის ცა.

გვ. 68-74

დაამზადე რაიმე კერძი ან ცოცხალი სალათა. გადაიღე ვიდეო ან ფოტო, როგორ ამზადებ. დაწერე კლასელებისთვის რეცეპტი. გაითვალისწინე, რომ თავიდან უნდა ჩამოწერო მასალა, რაც გამოიყენე, შემდეგ კი აღწერო მომზადების პროცესი.

გვ.75-79

რას ეტყოდი გუგულას?

როგორ გესმის ამბის დასასრული – „ჩააღწია თუ არა გუგულამ ამერიკამდე, ეს თავად განსაჯეთ, ერთი კია – ეცადა მაინც!“.

გვ. 80

წარმოიდგინე, რომ სოფლიდან მეგობარი გეწვია. შენი მეგობრული ვალია მას მასპინძლობა გაუწიო და დაათვალიერებინო თბილისი. დაასახელე 2 ადგილი, რომლებსაც მეგობარს აჩვენებდი. ახსენი ამ ორი ადგილის მნიშვნელობა. შეგიძლია მასალა ინტერნეტ-წყაროებშიც მოიძიო.

გვ.92-93

რატომელამ ბევრ კითხვაზე იპოვა პასუხი. თუმცა ბევრიც პასუხგაუცემელი დარჩა.

ვიცი, თქვენც რატომელასავით ბევრი კითხვა გიტრიალებთ თავში. მოიფიქრეთ რამდენიმე საინტერესო კითხვა ან საკითხი რომელიც გაინტერესებთ, გამომიგზავნეთ პირად შეტყობინებაში და შევეცდები მათ შესახებ გადამოწმებული და დაზუსტებული პასუხები მოგიძებნოთ.

ეს ის აქტივობებია, რომლებიც ერთი წიგნის ფარგლებში შევთავაზე მოსწავლეებს. თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ეს ჩამონათვალი არ წარმოადგენდა სავალდებულო დავალებებს. ბავშვებს შეეძლოთ, საკუთარი სურვილისა და კეთილი ნების საფუძველზე შეერჩიათ რომელიმე ერთი მაინც და ის წარმოედგინათ ყოველთვიურ შეხვედრაზე.

დაბოლოს, საზაფხულო აქტივობებზე მუშაობისას ხშირად მივმართავ ქვემოთ მოცემულ მიდგომებს და  ამართლებს ხოლმე. იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ძვირფასო მასწავლებლებო?!

  1. აირჩიეთ ერთი კონკრეტული თარიღი და დრო  (მაგ. ყოველი თვის 30 რიცხვი, საღამოს 6 საათი) და დანიშნეთ მოსწავლეებთან ონლაინშეხვედრა. დისტანციური სწავლების პრაქტიკამ ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გააჩინა. ზოგი შინიდან ჩაგერთვებათ, ზოგი ჰამაკიდან, ზოგიც ზღვის სანაპიროდან, თუმცა ეს იმდენად საინტერესოა, რომ შესაძლებელია ერთმანეთთან სასაუბროდ ორი საათიც კი არ გეყოთ. კარგი იქნება, თუ სასაუბრო თემატიკას წინასწარ გაწერთ, პრეზენტაციას მოამზადებთ და თავად მისცემთ მაგალითს. მაშინ ისინიც მარტივად აგყვებიან.
  2. ზოგჯერ გადაიქეცით მოსწავლედ და თავადაც სცადეთ მათთვის მიცემული საზაფხულო რეკომენდაციების შესრულება. შედეგები კი აჩვენეთ მოსწავლეებს. აუხსენით, რომ ეს თქვენთვისაც შრომატევადი, თუმცა საინტერესო გამოდგა. ამით მოსწავლისთვის მოდელი იქნებით და აღძრავთ მოტივაციას მისი შესრულებისთვის. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ  დავალებები შეასრულეთ ისე, თითქოს თქვენც მათი ასაკისა იყოთ.
  3. ზოგჯერ მისწერეთ წერილი თითოეულ მოსწავლეს, სადაც ისაუბრებთ თქვენი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეთა გაბედნიერება ამ  ჟესტით ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ ამით მოსწავლეებს წერილის წერის მაგალითს აჩვენებთ, მათში გააჩენთ სურვილს, თავად შექმნან საპასუხო შეტყობინება. გარწმუნებთ, ამის შედეგს იმ დღესვე იხილავთ პირად შეტყობინებებში.
  4. ყოველ გამოგზავნილ ფოტოსა თუ შეტყობინებას აუცილებლად უპასუხეთ დროულად და სიყვარულით. დაუკავშირდით და გამოხატეთ მადლიერება ჩართულობისთვის, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით განმსჭვალავს მათ.

ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი