ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა ხიდის ქვეშ

საქართველოში შესაძლოა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმადაც, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის აღზრდას ვერ ახერხებს, სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრება. კანონმა, ერთი მხრივ, შესაძლოა დაიცვას ის ბავშვები, უკეთეს ცხოვრებას რომ იმსახურებენ, მეორე მხრივ კი ის მრავალ კითხვას ბადებს ჰუმანიზმის კუთხით, ვინაიდან ნათელი არ არის, როგორ შეუწყობს იგი ხელს იმ მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რომლის გამოც არაერთი ბავშვი რჩება სათანადო საკვების, განათლებისა და ელემენტარული ყოფითი პირობების გარეშე.

სიღარიბე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, ახალი თაობების სრულფასოვანი განვითარების ხელისშემშლელი გარემოება. ფაქტია, რომ მშობლები, რომლებიც მატერიალური გაჭირვების გამო შვილებს ვერ უქმნიან სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო პირობებს, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში არიან, ამ ფენომენთან ფულადი ჯარიმის საშუალებით ბრძოლა კი ნიჰილიზმის საფუძველს იძლევა. რეპრესიული ხასიათის ფულადი სანქციის დაწესებას ხომ არ აჯობებს დახმარება – მძლავრი სოციალური სამსახურითა და მაღალი სამოქალაქო აქტივიზმით ზურგგამაგრებული გონივრული ქმედებები?

ასეთი სამოქალაქო აქტივიზმის პატარა, თუმცა ნათელი მაგალითია ინდოელი რაჯეშ ქუმარ შარმა, რომელიც რამდენიმე წელია ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ინდოელი ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში სიარულის მაგივრად მცირე ასაკიდანვე მუშაობენ (განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ბავშვის იაფ მუშახელად გამოყენება). ინდოეთში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა შემაშფოთებლად დიდია, ბავშვების მუშაობა ადრეული ასაკიდან მეტ-ნაკლებად მიღებული მოვლენაა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში ქორწინება (ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი აქ 19 წელია). შიმშილისა და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრების გამო ინდოეთში მცხოვრებ ბავშვთა უმეტესობა ვერ პასუხობს მათი ასაკისთვის სავალდებულო განვითარების დონეს. საგანგაშოდ ხშირია შიმშილით სიკვდილის პრეცედენტიც ადრეულ ასაკში. 

რაჯეშმა, რომელიც თვითონაც სამი შვილის მამაა, ისევე როგორც ათასობით სხვა ინდოელმა ბავშვმა, კოლეჯში სწავლა ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაასრულა. შესაბამისად, მისთვის კარგად ნაცნობია ადრე შეწყვეტილი ბავშვობის სევდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ 40-ს გადაცილებულმა რაჯეშ ქუმარ შარმამ მიზნად დაისახა იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც მშობლებისა და დამსაქმებლების მძევლებად ქცეულან და რამდენიმე გროშის სანაცვლოდ სამუდამოდ უწევთ უარის თქმა განათლებასა და ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე. რაჯეშს კარგად ესმის, რომ სიღარიბისგან თავის დახსნა და უკეთესი მომავალი სათანადო განათლების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მან ქალაქ დელიში, ერთ-ერთი მეტროსადგურის ხიდის ქვეშ, გახსნა სკოლა ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც განათლება წარმოუდგენელი ფუფუნებაა. სკოლაში, სადაც ამჯამად 30-ზე მეტი მოსწავლე დადის, გაკვეთილები ყოველდღე ტარდება და ორ საათს გრძელდება (ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელს ძმა ცვლის პატარა მაღაზიაში, სადაც ის მუშაობს). ორი საათის გამოძებნა იოლი არ არის ცოდნას მოწყურებული ბავშვებისთვისაც, რომელთა მშობლებსა და დამსაქმებლებთან რაჯეში თავად მიდის, რომ დაარწმუნოს ისინი ბავშვებისთვის განათლების აუცილებლობაში. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობა მეზობელი სოფლებიდან დადის, მასწავლებელი არასოდეს აღრიცხავს გაკვეთილზე დასწრებას. მისი აღსაზრდელები, რომელთათვისაც ორსათიანი გაკვეთილი მძიმე ცხოვრებისგან ამოსუნთქვაა, სიხარულით მიეშურებიან სკოლისკენ და გაკვეთილების გაცდენა სიზარმაცის გამო აზრადაც არ მოსდით. 



რაჯეშ ქუმარ შარმას თავისუფალი სკოლის მთავარი მიზანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისთვის ელემენტარული ცოდნის მიცემაა, რაც სურვილს გაუჩენთ მათ, გააგრძელონ სწავლა სახელმწიფო სკოლებში. სურვილს ზურგს უმაგრებს თავისუფალ სკოლაში მიღებული ის ცოდნა, რომელიც მათ სახელმწიფო სკოლაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ. იმ ორი წლის განმავლობაში, რაც თავისუფალმა სკოლამ ფუნქციობა დაიწყო, 140 მოსწავლიდან 70-მა შემდეგ სწავლა სახელმწიფო სკოლაში გააგრძელა. თავის მთავარ მიღწევად სკოლის დამაარსებელს ამ ბავშვების მშობელთა სწავლისადმი დამოკიდებულების შეცვლა მიაჩნია.

თავისუფალი სკოლის მაგალითი და ინდოელი „განმანათლებლის” მონდომება კარგი მაგალითია ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა მის გვერდით მცხოვრები ადამიანების ბედ-იღბალზე, რომელთა დახმარება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა არა სადამსჯელო ღონისძიებებითა და ჯარიმებით, არამედ მეტი განათლებით, მეტი მონდომებით და გულისხმიერებითაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი