ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ გვჭირდება მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი განათლება?!

ყოველთვის, როცა ჩვენს ქვეყანაში სულისშემძვრელი კრიზისი დგება ან ტრაგედიის მოწმენი ვხდებით, პირველად ყოველთვის ხარისხიანი  განათლების საჭიროებაზე დაგვცდება ხოლმე სიტყვა. თუმცა, ასეთ შემთხვევებში იშვიათად საუბრობენ ადრეული და სკოლამდელი განათლების, როგორც ადამიანის ჯანსაღი განვითარების ფუნდამენტზე.

 

„პერის სკოლამდელი პროექტი” ასე ეწოდება კვლევას, რომელიც ეძებდა პასუხს კითხვაზე – დადებითი ეფექტის მომტანია თუ არა ხარისხიანი განათლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და საზოგადოებისთვის? ფსიქოლოგ დევიდ ვეიკარტის ხელმძღვანელობით და პერის დაწყებითი სკოლის დირექტორის ჩარლზ ევგენი ბიტის საგანგებო ჩართულობით, სკოლამდელი ასაკის 123 ბავშვი, რომლებსაც ჩავარდნები ჰქონდათ, ორ ჯგუფად დაიყო. ბავშვები გადანაწილდნენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ერთი ჯგუფი ჩაერთო მაღალხარისხიან სკოლამდელ პროგრამაში, რომელიც დაფუძნებული იყო HighScope-ის აქტიური სწავლების მიდგომებზე (ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, შემოქმედებითობის, პრობლემის-გადაჭრისა და აკადემიური უნარების განვითარებას), მეორე ჯგუფმა არ მიიღო სკოლამდელი განათლება.

„პერის სკოლამდელი პროექტი” ჩატარდა 1962-67 წლებში, თუმცა მან მოგვცა გრძელვადიანი ხედვა, რადგან პროგრამის სკოლამდელი ასაკის მონაწილეების დაკვირვებას აგრძელებენ მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ამ კვლევის შედეგებმა სამუდამოდ შეცვალა ადრეული განათლების მიმართულება.

„პერის სკოლამდელმა პროექტმა” დაადასტურა ადრეული ასაკის ბავშვების განათლების ღირებულება და საფუძველი ჩაუყარა HighScope-ის განათლების კვლევის ფონდს. ასევე, ამ პროექტის შედეგად ადრეული ასაკის ბავშვების ერთ-ერთი პირველი პროგრამა მიზნობრივად შეიქმნა სიღარიბეში მყოფი ბავშვების სკოლამდელი განათლებისა და ზრდასრულ ასაკში მათი წარმატების მიღწევის გაზრდის მიზნით.

 

გრძელვადიანი კვლევის შემდეგ 40 წლის ასაკში გამოიკითხნენ მისი ის მონაწილეები, რომლებმაც ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიიღეს. კვლევის შედეგად ამ ადამიანებში გამოვლინდა:

  • თინეიჯერობის ასაკში ორსულობის ნაკლები შემთხვევა;
  • უფრო მეტმა მიიღო საშუალო განათლება;
  • უფრო მეტი დასაქმდა და ჰქონდა მაღალი შემოსავალი;
  • ნაკლები დანაშაული, ნაკლები ნასამართლეობა;
  • საკუთარი სახლისა და მანქანის ფლობა.

 

როგორც ადრეულ განათლებაში ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე კვლევა, ზემოთ აღნიშნული პროექტი აჩვენებს, რომ ადრეულ მაღალხარისხიან განათლებაში ინვესტიცია დადებით შედეგებს იძლევა ბავშვებისა და ოჯახებისთვის.

კვლევის შედეგები:

კვლევის ფარგლებში გაიზომა არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური სარგებლიანობის მაჩვენებელიც.
ადრეულ და სკოლამდელ ხარისხიან განათლებაში ჩადებული ინვესტიციის უკუგება:

 

დანაზოგი განათლებაზე – 7, 303$;

გადასახადები და შემოსავლები – 14, 079$;

ჯანმრთელობის ხარჯების დანაზოგი – 2,768$;

დანაშაულის ჩადენის გამო გასაწევი ხარჯების დანაზოგი – 171, 473$;

პერის სკოლამდელი პროგრამის ხარჯები – 15,166$.

 

ხარისხიან განათლებაში ყოველ დახარჯულ 1$-ზე გრძელვადიან პერსპექტივაში მიღებულია 12,90$ უკუგება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი