ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქიში, შამათი

ჩემი უბნის შავ-თეთრ ნახატზე ფერადოვნებას მხოლოდ №25 ყვითელი ავტობუსი ღვრიდა. მახათას მთიდან დაეშვებოდა და კარავს პუშკინის სკვერთან დასცემდა. ჩვენ კი ვაზისუბნის შუაწელზე შემოვახტებოდით და მგზავრობაში 20 თეთრს ვიხდიდით. თუ ჯიბის ბიუჯეტი ფენოვანსა და კოკა-კოლასაც გასწვდებოდა, ის დილა გათენებად ღირდა.

ყვითელ ავტობუსში ათასი ჯურის ხალხი ვიყრიდით თავს: ნასვამები, ფხიზლები, ჰიპ-ჰოპის ჩაჩებიანი მოყვარულები, მძიმე როკის მსმენელები „slipknot”-ის ფოტოებით მაისურებზე, მოძველბიჭო ელემენტები, გიტარიანი ჯეელები, აბიტურიენტები, რომლებსაც რეპეტიტორებთან ეჩქარებოდათ, რეპეტიტორები, რომლებსაც მოსწავლეებთან აგვიანდებოდათ, შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი იეჰოვას მოწმეები. ჩვენ კი – მოჭადრაკეები ვიყავით. 

პუშკინის სკვერიდან ფეხით ავივლიდით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე, სადაც ვალიკო ურიდია რამდენიმე პარტიას გვათამაშებდა. თუმცა ჭადრაკის განყოფილებამდე მისასვლელად დაბრკოლებები იყო გადასალახი. მთავარი ჰოლი უნდა გაგევლო და ეზოში გასულიყავი, სადაც წყლის შადრევანი 15-ვატიან ნათურასავით ბჟუტავდა და პირზე ხავსი მოეგდო. მერე თაღქვეშ გამძვრალიყავი და ხელმარცხნივ საეჭვო შესახედაობის კარში შეგებიჯებინა. იქაური კიბე სატუსაღოს მიწისქვეშეთს ჰგავდა, სადაც სიკვდილმისჯილებს ამწყვდევდნენ. სურნელიც ისეთივე იდგა, როგორიც ორთაჭალის ციხის მიწისქვეშეთში ვიგრძენი ექსკურსიაზე ყოფნისას – ნესტის და სიცივის. მეორე სართულზე კი შედარებითი კეთილშობილება იგრძნობოდა – საბჭოური სტილის რბილი კარი, პარკეტიანი იატაკი და კედელზე გამოკრული ქართველი მოჭადრაკეების ფოტოები. 

ჩემი, ისაკასა და ერეკლეს ჯგუფი მრავალეთნიკური იყო: რამდენიმე ქართველი, სამი სომეხი, ერთი ბერძენი და ერთიც აზერბაიჯანელი, რომელიც დროგამოშვებით დევიდ გუეტას სიმღერას ღიღინებდა: „The world is mine”. სომხები, როგორც წესი, იოლად გვამარცხებდნენ და გულზე ხელი რომ დავიდო, აზერბაიჯანელიც მჯობნიდა. 

ჩვენი მწვრთნელი, ვალიკო ურიდია, საინტერესო ვინმე იყო. ხნიერი, მოსუქებული, მელოტი კაცი სქელლინზებიანი სათვალითა და ხშირი წარბებით. ინგლისური ენა ვალიკოს სისუსტე და ჩვენი სასჯელი გახლდათ – გვაიძულებდა, თამაშისას ინგლისურად გაგვემართა დიალოგი: I occupied your center და ამის მსგავსი მაიმუნობები. სასახლის ამბებიდან წლების შემდეგ ვალიკო ურიდია თაბუკაშვილის ქუჩაზე შემხვდება და როცა ვეტყვი, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, მიპასუხებს შენ დიდი კაცი გამხდარხარო. 

ვისაც ჩემი გარეგნობა და ასაკი ერთმანეთისთვის შეუდარებია, დამეთანხმება, რომ ბენჯამინ ბატონის ბედისა ვარ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მოხუცად დავიბადე და ნელ-ნელა, გაახალგაზრდავების ნაცვლად, კიდევ უფრო ვბერდები. ამის გამო იყო, სასახლის ნორჩ მოჭადრაკეებსა და მათ მშობლებს დაბრძენებული, დაღვინებული და დაუმარცხებელი მოთამაშე რომ ვეგონე. ერთხელ ჭადრაკის დაფასთან მარტო ვიჯექი, როცა ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა: „თქვენთან თამაში ჩემი შვილის ოცნებაა. უდიდეს ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ სუთ წუთს ვერ დაუთმობთ?..” ქალბატონს თვალებში ვუყურებ და საკუთარ თავს ვეუბნები: „არ აცანცარდე. თავი ხელში აიყვანე”. ვპასუხობ: 
– კეთილი
– ვაიმე
– სად არის ბავშვი?
– ბაქარ, მოდი, სწრაფად!
– ოოო, ყოჩაღი ბიჭი ჩანს.
– ოღონდ არ დაუთმოთ, ძალიან გთხოვთ!
– არავითარ შემთხვევაში.

სამი სვლა დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ 10 წლის ბაქარი ჩემზე 10 თავით ძლიერი მოჭადრაკე იყო, ამიტომაც დამრიგებლური ტონი ავირჩიე. როცა ფიგურას მიკლავდა: „აი, ყოჩაღ!” – ვეუბნებოდი. ქიშს მეტყოდა? – „კარგია, რომ დაინახე”, – შევაქებდი. პარტიის შუაგულია. ზურგმოშიშვლებული ლაზიერი დავინახე და ის-ის იყო ჩემი მხედრისთვის ხელის წავლებასა და მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას ვაპირებდი, რომ ბაქარის ხმა გავიგე: 
– ვიცი, რატომ არ კლავთ ჩემს დედოფალს.

გამოვფხიზლდი, სახეზე ყალბი ღიმილი ავათამაშე და ვკითხე:
– აბა, რატომ?
– იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში ჩემი ოფიცერი თქვენს ლაზიერს მისწვდება და შამათს გეტყვით. 
– აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი, – ვამბობ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ბაქარის ენატლიკინობამ რაიონული მასშტაბით შერცხვენას გადამარჩინა. 

დედამისს მივუბრუნდი და ვუთხარი: „თქვენი შვილი ნამდვილი მოჭადრაკე გაიზრდება”.

სასახლის პერიოდმა ცუდი მოგონებებიც დამიტოვა. მრავალეთნიკურობა რომ ვახსენე, ტყუილად არ ყოფილა. ერთხელ ჩვენი ჯგუფელი ქართველები გუეტას მოყვარულ აზერბაიჯანელს სრულიად უმიზეზოდ აუშარდნენ და ეზოში გვარიანად გალახეს. მე, ისაკა და ერეკლე Беспредел-შჩიკები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვერც რაინდობით დავიკვეხნიდით, ამიტომაც იმ საძაგლობას გვერდიდან ვადევნებდით თვალყურს. თუკი ჩემი ცხოვრების წარსულიდან რაიმე დარცხვენის საფუძველს მაძლევს, ერთ-ერთი სწორედ ესაა. 

ის იყო ჩვენი მოჭადრაკეობის უკანასკნელი დღე. 

გუშინ კომპიუტერს ვეთამაშე. რთული ვერსია ჩავრთე და მთელი გულით მივეჯაჭვე ვირტუალურ დაფას. ორი პაიკი დავკარგე, ორიც მე ვიმსხვერპლე. ოფიცერი მაცხენა ფლანგზე მომიკლეს, მხედარი – ცენტრში. პარტიის შუაგულში დეჟავუ მქონდა. მაშინ, როცა ეულად მდგომი ლაზიერისთვის ყელის გამოფატვრას ვაპირებდი, ბაქარის ეპიზოდი გამახსენდა და ზუსტად იგივე სიტუაცია გათამაშდა. კომპიუტერი დავამარცხე. წლების წინ ათი წლის ბავშვის ნათქვამი სიტყვები გუშინ გამომადგა და მივხვდი, რომ ადამიანის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, პატივისცემას თუ არა, მოსმენას მაინც იმსახურებს. 

ვალიკო კარგა ხანია აღარსად დამილანდავს. ჩვენი ჯგუფელი ქართველები იპოვიდნენ თავიანთ გზას. სხვებიც. აი, აზერბაიჯანელის ბედი კი მადარდებს. ეგეთი ბუნჩულა ტიპები ხანდახან იკარგებიან ხოლმე, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ტყუილად არ ღიღინებდა გუეტას სიმღერას და მსოფლიო მართლაც მისია?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი