ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მურიკელა ღრრრ

ახლაც თვალწინ მიდგას: ზაფხულის მცხუნვარე დღეს, სადილის შემდეგ, ყველანი
რომ მოსასვენებლად გავიკრიფებოდით ჩვენ-ჩვენს ოთახებში, დედაჩემი ჩანიშნულ ადგილას
გადაშლიდა წიგნს, საიდანაც ახალი, უცნობი და მომნუსხველი სამყარო უნდა
გაცოცხლებულიყო ჩვენ თვალწინ.

მე და ჩემი ძმა ამ წუთს გაფაციცებით ველოდით. საუცხოო განცდაა – გარეთ მზე
აჭერს, პაპანაქებაა, შენ კი კაკლის ქვეშ წამოწოლილი ისმენ უჩვეულო და
თავბრუდამხვევ ამბებს. მაშინ მიკვირდა, რამდენ ხანს შეეძლო დედას ეკითხა ჩვენთვის
ზღაპრების წიგნი, ისე, რომ არ დაღლილიყო და მოწყენაც არ შეპარვოდა. არ მახსოვს,
თვითონ შეეწყვიტოს ან ვინმე უხეშად შემოჭრილიყოს, სანამ ჩვენ თვითონ არ
გამოვეთიშებოდით – დაგვეძინებოდა.

ზღაპრის პერსონაჟები ძილშიც განაგრძობდნენ
ცხოვრებას, სიზმარშიც მოგვყვებოდნენ.
ერთი ასეთი მშობლიური მურიკელა ღრრრ იყო და
ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ბავშვობას სწორედ მისი ღრენა და ყეფა გასდევს
,
სანამ ავტომატების კაკანის, დაბომბვისა და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმა
შემოაღწევდა.

ჯერ მარტო სახელები იყო დაუვიწყარი:
მურიკელას დედას ავმყეფარი ერქვა, მის მეტოქე და მეგობარ კნუტებს
– ფისუნია ფი და პი, იმათ დედას კი ქალბატონი ფიჰფისო. ერთ დღესაც პატარა
ლეკვი მურიკელა მანქანაში ჩასვეს და სოფლიდან თბილისში წაიყვანეს.

აქედან იწყება ყველაფერი – აქედან იძაბებოდა
ჩვენი ცნობისმოყვარეობა. სულმოუთქმელად ველოდით, რას იზამდა დიდ ქალაქში
მოხვედრილი ლეკვი, რომელსაც გზაშივე გამოუცვალეს სახელი – მიკი შეარქვეს, მაგრამ
მურიკელა ახალ სახელს შეეჩვია, ახალ ყოფას კი
ვერა.
კორპუსების სივიწროვეში მოხვედრილს საბედისწერო ამბები გადახდა – ჯერ იყო და,
ბავშვს უკბინა, მერე ათი დღე მოუწია ცხოველთა სამკურნალო
პოლიკლინიკაში ყოფნა, იქიდან გამოწერილი ვიღაც მძღოლს გაატანეს სოფლისკენ, იმან კი შუა ქალაქში
ჩამოსვა და „ეზოს ძაღლი” თავზეხელაღებულ მაწანწალა „თანამოძმეებს” პირისპირ
შეატოვა.

მეც და ჩემს ძმასაც ერთი ქუჩის ძაღლი
მოგვწონდა ძალიან – ბუტუზო (იგივე ყურშა), იქაურობის წინამძღოლი, რომელსაც ცალი
თვალი ლომმა დასთხარა. ერთხელ ზოოპარკში, ლუკმაპურის საშოვნელად გასულს ლომის
გალიაში შეეყო თათი, რათა ხორცისთვის ჩაევლო კლანჭები, გალიის კიდესთან
მიეჩოჩებინა და დაეთრია. ლომმა თავი მოიმძინარა თურმე და როგორც კი ბუტუზო ხორცს
წაეპოტინა, წამოვარდა, ტორი ჩასცხო და ცალი თვალი დაუბუშტა.
 

თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, მურიკელამ სახელოვან
ბუტუზოსაც შეუღრინა.

თვითონ ეს სიტყვა – ღრრრ –  უცნაური მშობლიურობით ხვდებოდა გულს და არა
მარტო იმიტომ, მშობლისგან წაკითხული რომ გვესმოდა, არამედ იმიტომაც, რომ
დაუმორჩილებლობითა და შეუგუებლობით, მკაცრ ცხოვრებაში გაძლებითა და გარემო
პირობებთან გამკლავებით იყო ნაკარნახევი. ყველას და ყველაფერს უღრენდა მურიკელა –
კატის კნუტებს, გაფხორილ ინდაურს, მაწანწალა ძაღლებს, ქუჩას და ზღვასაც, მაგრამ
ღრენა მისი ახირება კი არა, უფრო თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის დამკვიდრების
ინსტინქტი იყო. ინსტინქტი, რომელმაც დიდი ქალაქიდან თავისი სოფლისკენ მიმავალ გზას
გაუყენა და მთელი წელი სიცხე-სიცივესა და ხიფათ-ფათერაკში გამოვლის ძალა
მისცა.
 

…მაშინ
არ დავკვირვებივარ, მაგრამ წლების შემდეგ რომ დავხედე ჩემი საყვარელი ზღაპრის
გარეკანს, მისი ავტორის – ნოდარ წულეისკირის შესახებაც მომინდა რაღაცების შეტყობა.
მერე სადღაც წავიკითხე, რომ სხვა ბევრი წიგნიც დაუწერია, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც
ყოფილა და იმ ტრაგიკული ამბების შემდეგ მარნეულში წასულა, სოფელ წერაქვის სკოლის
დირექტორად
და ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ეს ის დროა, როცა ავტომატების კაკანი მურიკელას ყეფასა და ღრენაზე მეტად
ისმის ჩვენს ბავშვობაში. მურიკელა კი ჩუმად არის, სადღაც მიმალულა, თითქოს თავის
დროს ელოდება, რომ ღამის დამთრგუნველ სიჩუმეში გამკრთალ ლანდებს გამოენთოს და
გააგონოს თავისი საბედისწერო და მშობლიური „ღრრრ”…
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი