რედაქტირება – თვითორგანიზების პროცესი

ხშირად გვიკვირს, რომ ჩვენივე ტექსტის კითხვისას ისეთი შეცდომები გვეპარება, სხვის ტექსტში რომ მარტივად  აღმოვაჩენდით. გვიკვირს, ეს როგორ დაგვემართა, ეს როგორ ვერ შევამჩნიეთ.  ცოტათი პროფესიული თავმოყვარეობა გველახება, ცოტაც კომპლექსი გვიჩნდება და საკუთარ შესაძლებლობებში ვეჭვდებით.

წარმოიდგინეთ, უფროსები რომ ასე ვართ, როგორი რთულია შეცდომების პოვნა, გაანალიზება, გამოსწორება და ამ ყველაფრის რეფლექსია მოსწავლეებისთვის. რატომაა, რომ ხშირად ისინი წერის დროს უშვებენ შეცდომებს, რომელთა შესახებ კარგად იციან, რომ ჰკითხოთ, თავიდან ბოლომდე ჩამოარაკრაკებენ წესებს, თეორიას, დაგიმტკიცებენ რატომაა ეს შეცდომა, მაგრამ წერისას-მაინც ეპარებათ.

რატომაა ასეთი ხშირი მათი წუხილი-აუ, ეს ხომ ვიცოდი, ეს როგორ შემეშალა, ეს რანაირად დამავიწყდა?

როდესაც ყოველ ჯერზე მოსწავლეების თუ სტუდენტების ნაწერების გასწორება მიწევს, მახსენდება ჩემი პირველი პროზაული ტექსტი, რომელიც გაწითლებული, უამრავი შენიშვნითა და  კომენტარით დამშვენებული დამიბრუნა იმ გამომცემლობის რედაქტორმა, სადაც წიგნი უნდა გამოსულიყო. ამიტომ არასდროს არავის განვსჯი შეცდომების გამო, უბრალოდ, მათთან ერთად ვცდილობ გამოსავლის პოვნას.

რედაქტირება ყველაზე რთული ეტაპია, მოდი, დავყოთ ეს პროცესი რამდენიმე საფეხურად, მოვამზადოთ ერთგვარი გზამკვლევი, საკითხებად და მოქმედებებად ჩაშლილი პროცესი.  თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაამატოთ, შესაძლოა ინდივიდუალური მახასიათებლებიც დაუმატოთ, იმის მიხედვით, რა საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში.

რედაქტირების გზამკვლევი

 

  1. დაასრულე წერა? დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი თქვი, რაც გინდოდა? მაშინ ადექი, გაიარ-გამოიარე, წყალი დალიე ან რამე გემრიელი ჩააკნატუნე.
  2. სცადე, დაივიწყო შენი ტექსტი, გაუუცხოვდე მას, მაშინვე ნუ დაიწყებ რედაქტირებას.
  3. თუ ტექსტურ დოკუმენტში მუშაობდი, შეცვალე ტექსტის შრიფტი, ან ფონი ან ფერი, მოიტყუე თავი, ვითომ ეს შენი დაწერილი ტექსტი არ არის, საკუთარი ნაწერის რედაქტირებისას ობიექტურობის შენარჩუნება რთულია.
  4. წაიკითხე ტექსტი ერთხელ ჩუმად, ერთხელ ხმამაღლა;
  5. პირველ ეტაპზე გადახედე მექანიკურ შეცდომებს, მაგალითად, რომელიმე სიტყვა ან ასო ხომ არ გამოგრჩა?
  6. გაასწორე აბზაცები.
  7. მეორე ეტაპზე დააკვირდი, ყველა სიტყვა სწორად გიწერია?
  8. ბრუნვის ნიშნები სწორად გაქვს? აბა, კიდევ ერთხელ გადახედე.
  9. დააკვირდი, ალბად გიწერია თუ ალბათ? რამოდენიმე თუ რამდენიმე? ფაქტიურად თუ ფაქტობრივად? ეხლა თუ ახლა? ეხლავე თუ ახლავე?
  10. მნიშვნელოვანია ზმნიზედების მართლწერა, არ გამოგრჩეს!
  11. რთული სიტყვები სწორად გიწერია?
  12. ზმნის პირის ნიშანი ხომ არ გამოგრჩა სადმე? კიდევ ერთხელ გადახედე ზმნებს, სადმე შეცდომა ხომ არაა?
  13. ზმნისწინი სწორად გამოიყენე?
  14. შემდეგ ეტაპზე ვამოწმებთ სიტყვები სწორად შევათანხმეთ თუ არა ბრუნვასა და რიცხვში, სწორად ვაბრუნეთ მსაზღვრელ-საზღვრული?
  15. სიტყვათა ისეთი რიგი ხომ არ გამოგვიყენებია, რომ შინაარსს ცვლიდეს
  16. ახლა პუნქტუაციასაც გადავხედოთ, ჩამონათვალში ყველგან დავსვით მძიმე? რთულ წინადადებაში მძიმე სწორად გამოვიყენეთ? წინადადების ბოლოს წერტილი? ბრჭყალები ხომ არ გამოგვრჩენია? ორწერტილი?
  17. სადმე ბარბარიზმი ხომ არ გაქვს? კალკი? იქნებ პარონიმებსაც დააკვირდება, მცნების ნაცვლად ცნება ხომ არ გაქვს? ან ამპლუის ნაცვლად ამპულა?
  18. ახლა კიდევ ერთხელ გადაიკითხე!
  19. ერთხელაც!
  20. თუ ძალიან ბევრი შეცდომა მოგიგროვდა და ხელით წერ, ერთხელ გადაწერა მოგიწევს,სამაგიეროდ, შედეგით იამაყებ.

კომენტარები

comments