ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წესები წესრიგის დამყარებისთვის

ზოგადი წესები მშობლებისთვის – მაინც რა უნდა აუხსნან მშობლებმა შვილებს, რომ მათ სათამაშოების მილაგებისას ყოველი მორიგი სათამაშოსათვის ადგილის მოსაძებნად უფროსებისათვის კითხვის დასმა არ დასჭირდეთ – ზუსტად განუსაზღვრეთ ადგილი ყველა ნივთს – გვირჩევს იაპონელი ავტორი ნაგისა ტაცუმი. დაინტერესებულ მკითხველებს ამჯერად გთავაზობთ ერთ თავს მისი წიგნიდან: „დალაგების მაგია ბავშვებისთვის, ანუ როგორ ეხმარება ბავშვის განვითარებას წესრიგის დამყარების ხელოვნება“.

მშობლებმა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ნივთს საკუთარი განსაზღვრული ადგილი ჰქონდეს, თანაც იმგვარად, რომ მისი გადმოღება და თამაში ბავშვისთვის სირთულეს არ წარმოადგენდეს. ბავშვის ნივთებსა და სათამაშოებს მშობლებმა ისეთი ადგილები უნდა გამოუძებნონ, რომ შემდეგ პატარას თავადაც ადვილად შეეძლოს მათი ადგილზე დაბრუნება, თავდაპირველად მშობლების დახმარებით და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად. ბავშვებისთვის სულაც არ არის მარტივი ნივთების კატეგორიებად დახარისხება და მათთვის შესაფერისი ადგილის განსაზღვრა. ამიტომ მშობლებმა თავად უნდა განსაზღვრონ ნივთების კატეგორიები და მოუძებნონ მათ საკუთარი კუთხე. მაგალითად: „სასწავლო“ კუთხე, „სათამაშოების“ კუთხე, „ტანსაცმლის“ კუთხე და სხვა. პატარებისთვის რომ დასასწავლად უფრო ადვილი და მოსახერხებელი იყოს, კუთხეები უფრო პატარა ქვეკატეგორიებად დავყოთ. მშობლები ამ საქმიანობას ასე მარტივად ვერ დაასრულებენ, რადგან აუცილებელია მათ ნივთების რაოდენობა განსაზღვრონ. ბავშვს სწორედ იმდენი ნივთი და სათამაშო უნდა ჰქონდეს – მიაჩნია იაპონელ ავტორს – რამდენსაც ადვილად მოუძებნის ადგილს. ისინი არ უნდა ეყაროს უსაგნოდ სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში. ნაგისა ტაცუმის არც კარადების გამოტენა მიაჩნია გამართლებულად. პატარებს უჭირთ განსაზღვრონ, რამდენი ნივთი სჭირდებათ მათ. მშობლების დახმარება აქაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ ბავშვის ნივთების რაოდენობა მისი საჭიროებებისა და ხასიათის თავისებურებების მიხედვით.

იმისათვის, რომ ბავშვის ნივთების იდეალური რაოდენობა განსაზღვროთ, არასოდეს გადაავსოთ ის ადგილები, რომლებიც ბავშვის ნივთებისთვის გაქვთ გამოყოფილი; არ შეინახოთ გაფუჭებული, დამტვრეული, არასაჭირო სათამაშოები და სხვა საგნები. მაშ ასე, მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს, სად მოათავსონ ნივთები, რამდენი ნივთი სჭირდებათ. უფროსებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ადვილია, აუხსნა ბავშვს ნივთების მისთვის განკუთვნილ ადგილას დადების აუცილებლობა. თუმცა პრაქტიკულად ამას ყველა არ და ვერ აკეთებს. ცოდვა გამხელილი სჯობსო, ხომ გაგიგიათ და ამიტომ ადვილად გაიხსენებთ უფროსები იმ მომენტებს, როდესაც სამზარეულოს წინსაფარს გამოყენების შემდეგ სადმე სკამზე გადაკიდებთ; წიგნს, რომ დახურავთ თაროზე დადების ნაცვლად იქვე სავარძელზე დატოვებთ და ამგვარად სხვა წვრილმან ნივთებსაც ხშირად არ მიუჩენთ განკუთვნილ ადგილს. ავტორს მიაჩნია, რომ უფროსებს ისღა დარჩენიათ – შეძლებისდაგვარად აკონტროლონ საკუთარი ქმედებები. ხოლო ბავშვებისთვის საუკეთესო ვარიანტია, მცირე ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ აკურატულობა და მოწესრიგებულობა.

ახლა რამდენიმე სიტყვით საჭიროა ითქვას, რომ ხშირად ბავშვისთვის საკმარისია, სულაც ერთი სიტყვით შევახსენოთ უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ნივთების ადგილზე დაბრუნების საჭიროების შესახებ. აი, როდესაც პატარა იწყებს კონსტრუქტორით თამაშს, შემდეგ რკინიგზის აწყობას იწყებს და მალე ფაზლების გაშლას მოინდომებს, საჭიროა მივიდეთ და მშვიდად, მარტივი ფრაზებით ვუთხრათ: „ჯერ ცოტა მიალაგე აქაურობა და შემდეგ განაგრძე ფაზლების აწყობა, კარგი?“ ან „ახლა ის სათამაშოები მიალაგე, რომლებიც აღარ გჭირდება და მერე განაგრძე თამაში“. თქვენი პატარის ხასიათის გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ დღის ბოლოს უთხრათ შვილს: „უკვე საღამოა და დროა, სათამაშოებს ადგილი მიუჩინო“. ნივთების მილაგების ჩვევას გამომუშავება სჭირდება. პირველივე შენიშვნაზე ბავშვი, სავარაუდოდ, არ დაგიჯერებთ. პირიქით, გაჯიუტდება და არ შეასრულებს თქვენს სურვილს. ამიტომ, უფროსებმა დაუღალავად, თანამიმდევრულად და მონოტონურად უნდა გაიმეორონ მითითება, რის შემდეგადაც ბავშვი მიეჩვევა იმ აზრს, რომ მისი სათამაშოებისა და ნივთების მილაგება სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი საქმიანობაა.

ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც მათ მიუთითებენ – რა, როდის და როგორ გააკეთონ. თუ მშობლები აიძულებენ შვილს, ჭურჭელი გარეცხოს, ის აუცილებლად გააპროტესტებს, მაგრამ თუ ბავშვი თავად გადაწყვეტს, დედას დაეხმაროს საოჯახო საქმეებში, მაშინ ის ხალისიანად შეასრულებს ნებისმიერ დავალებას და ჭურჭელსაც გარეცხავს. ამით იმის თქმა მსურს – განაგრძობს ნაგისა ტაცუმი – როდესაც მშობლებს შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაშინ პატარას ადრე თუ გვიან მობეზრდება გამუდმებული მითითებების მოსმენა და თავად დაიწყებს ნივთებისთვის ადგილის მიჩენას. ამიტომ მშობლებს, მართებთ სიბრძნის გამოჩენა, რათა განსაზღვრონ სწორი დრო იმისათვის, რომ შვილს შენიშვნა მისცენ. მაგალითად: თუ ბავშვი თავად აპირებს ნივთების მილაგება დაიწყოს, თქვენ კი მას ეუბნებით: „ეგ სათამაშოები ყუთში უნდა ჩაალაგო“, მაშინ ის აუცილებლად გააპროტესტებს და გეტყვით: „მე ზუსტად ახლა ვაპირებდი ჩემი ნივთების ყუთში ჩაწყობას“ და შეიძლება საერთოდაც აღარ გააგრძელოს დაწყებული საქმიანობა. მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებისთვის აღზრდა ნიშნავს ერთი და იმავე მითითებების მუდმივ დაჟინებულ გამეორებას, თანაც ისე, რომ ემოციას არ აჰყვეს და საკუთარი მშობლური ავტორიტეტიც არ დააზარალოს.

მე ვფიქრობ, – ვარაუდობს ავტორი – მშობლებს სხვა გზა არ აქვთ, სანამ მათი შვილები პატარები არიან და მათთვის ჩვევების ჩამოყალიბება შეგონებებით არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი. შინ დაბრუნებულ ბავშვს საკუთარი ჩანთის მსგავსი ნივთებისთვის განკუთვნილ ადგილას დადება ჩვევაში უნდა გადაუვიდეს, რისთვისაც მშობლებმა მხოლოდ ფაქტი უნდა აღნიშნონ: „შენი ჩანთა სკამზე დევს“, ბავშვი თავისთავად მიხვდება, რაც უნდა გააკეთოს, არ არის საჭირო მკაცრი ტონით ითქვას: „ახლავე აიღე და თავის ადგილას დადე“.

უფროსებმა, ამავე დროს უნდა შეძლონ და აუხსნან პატარებს, რომ ნივთების დალაგება კარგია იმგვარად, რომ საჭირო დროს მათი ადვილად მიგნება და გამოყენება შეიძლებოდეს. მოდი, დავფიქრდეთ, სთავაზობს დედა შვილს – სად უფრო მოსახერხებელია იმ კურტკის შენახვა, რომელსაც ყოველდღე ხმარობ? კარადაში, რომელიც შემოსასვლელში მდებარეობს თუ საძინებლის კარადაში, რომელიც სახლის მეორე სართულზეა? აქ პასუხი ნათელია: ის ნივთები, რომლებსაც საკუთარი ადგილი აქვთ მიჩენილი ადვილი გამოსაყენებელია და მით უმეტეს, თუ მათი ადგილმდებარეობა პრაქტიკული და კომფორტულია.

სათქმელი, რომ უფრო მკაფიო და გასაგები იყოს – სთავაზობს ნაგისა ტაცუმი მშობლებს – კარგი იქნება, თუ წესებს შეადგენთ. წესები – უმეტეს შემთხვევაში აკრძალვების ჩამონათვალია. რადგან მათ უფროსების უმრავლესობა შემდეგი პრინციპით ადგენს: „ჩვენ არ გვაინტერესებს შენ რა და როგორ გსურს“; „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან სხვა მშობლები“; „ჩვენს სახლში მოქმედებს ასეთი წესები და სხვა არ განიხილება“. მაგრამ იაპონელი ავტორი ფიქრობს, რომ როგორც ნივთების შესანახი ადგილებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრაა ინდივიდუალური, ასევე ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს წესები თითოეულმა ოჯახმა საკუთარი ღირებულებებისა და გემოვნების შესაბამისად. ოჯახში წესების არსებობა, მნიშვნელოვანი თემაა და ის მხოლოდ ნივთების დალაგებას არ ეხება. თუ ოჯახში არის სხვადასხვა წესი – მთელი ოჯახის ვახშამზე ერთად შეკრება, ჭამის პროცესში ტელევიზორის და სხვა ელექტრომოწყობილობის გამორთვა, დილით აუცილებელი სალამი – სავალდებულოა მათი შესრულება.

მაშ ასე, პირველი წესი იაპონელი ავტორისგან: საკუთარი ნივთები არ უნდა დავტოვოთ სახლის საერთო სივრცეში. ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, რომ სახლში არსებობს ისეთი სივრცეები, რომლებიც საერთოა ოჯახის ყველა წევრისთვის. ამიტომ სავალდებულო კომფორტი მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები ზრუნავენ მის წესრიგზე. ოჯახის უმრავლესობაში საერთო ტერიტორიის წესრიგზე ძირითადად მხოლოდ დედა ზრუნავს. ის ყოველდღე ალაგებს დანარჩენების მიერ უწესრიგოდ მიტოვებულ ნივთებს და საფიქრებელია, რომ მას ეს სულაც არ აბედნიერებს და თუ დანარჩენებიც იზრუნებენ საერთო ტერიტორიის მოწესრიგებაზე, დედა უკეთ მოასწრებს დანარჩენი საოჯახო საქმეების მოგვარებას. მშვიდი, მაგრამ მტკიცე ტონით უნდა უთხრან უფროსებმა პატარებს: „თუ სასადილო ოთახიდან შენს ნივთებს არ გაიტან, მაშინ ყველას ხელს შეუშლი“, ან „შენი ნივთები სასტუმრო ოთახიდან საკუთარ ოთახში გაიტანე“. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი ნივთების მილაგება და არა – ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა.

მეორე წესი: არ შეიძლება ნივთების ნებისმიერ ზედაპირზე დაყრა. უფროსებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ნებისმიერი თავისუფალი ზედაპირი სწრაფად ივსება ნივთებით. ამიტომ, თუ ბავშვი (და ზრდასრულიც) წესის დაცვას მოახერხებს, მაშინ გაცილებით გაადვილდება სახლის დალაგება. როდესაც ბავშვების ოთახში ყველგან უწესრიგოდ ყრია სათამაშოები, ეს ბევრ ოჯახში ნორმადაც კი ითვლება. მე ვფიქრობ – ამბობს ქალბატონი ნაგისა – თუ ბავშვს ავუხსნით, რომ მშობლებმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაუფრთხილებლად გადაყარონ დიდი ხნის მანძილზე უწესრიგოდ მიყრილი სათამაშოები, ის ისწავლის მათ მილაგებას. მთავარია, ბავშვი ენდობოდეს მშობლების სიტყვებს. უფროსებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ ის, რასაც ბავშვებს ჰპირდებიან. გადავწყვიტე არასდროს დავემუქრო შვილებს ნივთების გადაყრით, რადგან მივხვდი, რომ ვერ შევასრულებდი დანაპირებს და ამას ბავშვებიც მშვენივრად მიმიხვდნენ“.

მშობლების მიერ შემუშავებული წესები ოჯახის წევრებისთვის უნდა იყოს სავალდებულო – ესეც წესია.

 

სტატია თარგმნა ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი