შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის ავტონომია?

მეათე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად მომიხდა ჩემი
სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. მას შემდეგ კიდევ წელიწად-ნახევარი
ვცდილობდი ამგვარ თავყრილობებზე მოსწავლეთა პოზიციების გამოხატვას. ჩემი მუდმივი ბუზღუნით,
უკმაყოფილებითა და თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე მეტი ყურადღების გამახვილების მოთხოვნით
სასწავლებლის მესვეურებს ვაღიზიანებდი კიდეც. ერთ-ერთ ასეთ გაფართოებულ შეხვედრაზე
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ნაკლებად ლოგიკურ დირექტივას განიხილავდნენ, რომელსაც,
ტრადიციულად, მონდომებით დავუპირისპირდი. ზემდგომ მოხელეებთან ურთიერთობის გაფუჭების
რისკით შეშფოთებულმა სკოლის დირექტორმა გაბრაზებით მკითხა: “ადამიანო! ბოლოს და ბოლოს
გაგვაგებინე, რა გინდა? რა დაგიშავეთ?” ცხადია, გამეღიმა და ვუპასუხე, რომ სკოლის ავტონომიას
ვუჭერდი მხარს. მაშინ ეს ცნება კარგად არ მესმოდა, ვერც დღეს დავიკვეხნი მისი თითოეული
ნიუანსის ცოდნით, მაგრამ მაინც მინდა აგიხსნათ, რას ვგულისხმობ, როდესაც საგანმანათლებლო
დაწესებულების (სკოლის ან უნივერსიტეტის) ავტონომიურობას ვახსენებ.

სასწავლებლის ავტონომიის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი აკადემიური თავისუფლება გახლავთ. ეს ფუნდამენტური
პრინციპი უზრუნველყოფს იდეების, შეხედულებების, ცოდნის თავისუფალ გავრცელებასა და გადააადგილებას
დაწესებულების სააზროვნო სივრცეში. მაშასადამე, პედაგოგები და სტუდენტები (მოსწავლეები)
თავიანთი ზოგადი, პროფესიული მრწამსის მიხედვით იმოქმედებენ. მათ გადაწყვეტილებებზე
გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური სტრუქტურა, მატერიალური
მდგომარეობა და სხვადასხვა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა – ყველაზე მნიშვნელოვან, პირველხარისხოვან
ფასეულობად პროფესიონალიზმი ყალიბდება.

ამის კვალობაზე, სასწავლებლის ავტონომია შეგვიძლია აკადემიურ ხარისხზე  დაფუძებულ მოცემულობადაც განვიხილოთ. თუ დაწესებულება
დისფუნქციურია ანუ ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, ვერ ახერხებს ცოდნის შეუფერხებლად
გადაცემას, მისი დამოუკიდებლობის შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა სუვერენულობაზე საუბრისას
არ შეიძლება არ განვიხილოთ მათი ფინანსური
დამოუკიდებლობის
 ასპექტიც. თუ სასკოლო
ან საუნვერსიტეტო საზოგადოება არ ფლობს გარკვეულ ქონებას და არ აქვს კუთვნილი მატერიალური
რესურსების თავისუფლად, სხვათა ჩაურევლად გადანაწილების შესაძლებლობა, მაშინ ის  ვერ უზრუნველყოფს სასურველი მიმართულების აკადემიური
საქმიანობის წარმართვას.

კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მრავალმხრივი კომპონენტი
სასწავლებელთა ადმინისტრაციული მოწყობის საკითხია.
უმნიშვნელოვანესია პასუხი კითხვებზე: ვინ მართავს? ვინ ირჩევს მმართველებს? ავტონომიის
იდეალურ ვარიანტთან ყველაზე მიახლოებულია მმარველობის ის წესი, როდესაც საგანმანათლებლო
პოლიტიკის ძირითად პრინციპებს პროფესორ-მასწავლებელთა საერთო კრება განსაზღვრავს და
თავადვე ირჩევს სასწავლებლის აღმასრულებლებსა თუ უმაღლესი თანამდებობის პირებს (დირექტორებს/რექტორებს).

ეს ოთხი კრიტერიუმი ალბათ მხოლოდ ელემენტარული მინიმუმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის თემა გაცილებით ფართო და კომპლექსური ხასიათისა
გახლავთ, ის უამრავ კომპონენტსა და დეტალს გულისხმობს. პირობის სირთულე განაპირობებს
სურვილს, პოლიტიკოსებმაც, აკადემიური და სასკოლო წრეების წარმომადგენლებმაც, რექტორებმაც
და დირექტორებმაც, სტუდენტებმაც და მოსწავლეებმაც მეტი სიფრთხილით გამოიყენონ ეს ცნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი