ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ ვთამაშობ ჭადრაკს

მარტივადაც შეიძლებოდა, – იმიტომ.

მაგრამ რთულად უფრო საინტერესოა..

სწორედ ამ ტექსტის დაწერამდე გავაანალიზე ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვთამაშობ ჭადრაკს ასე ხშირად და ანალიზის რეზულტატმა სხვა შრეებში ჩამახედა, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. იქნებ, თქვენც ამიტომ თამაშობთ ჭადრაკს, ანდა არ თამაშობთ და თამაში გადაწყვიტოთ, ანდა რაიმე სხვა..

ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ვისწავლე, თუმცა ათასში ერთხელ თუ ვითამაშებდი ხოლმე მეგობრებთან და იმ შემთხვევებშიც ჩემი საჭადრაკო დონე ELO რეიტინგში 300-400-ს არ ასცდებოდა. ყველაფერი შარშან შეიცვალა, როცა რატომღაც გადავწყვიტე საჭადრაკო აპლიკაციის გადმოწერა და თამაშის გახსენება. ვითამაშე ბევრი, ვითამაშე სხვადასხვა პრინციპით და საკუთარ შეცდომებზე სწავლით 400-დან 1200-ზეც ამოვძვერი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრებისა თუ უბრალოდ ნაცნობების დიდი ნაწილიც საკმაოდ ხშირად თამაშობს ჭადრაკს, ეს “ხშირად” შეიძლება იყოს როგორც დღეში 20, ისე – დღეში 100 და მეტი პარტია. თუმცა აქ ეგ არ არის მთავარი. მთავარი კი იმის გააზრებაა, თუ რატომ ვთამაშობთ ჭადრაკს.. ანდა, მოდით განზოგადებას მოვერიდოთ, მე იმას გეტყვით მე რატომ ვთამაშობ.

და აი აქ ბევრი პრობლემა ამოტივტივდა.

საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ხშირად სწორედ მაშინ ვხსნი აპლიკაციას და თამაშს ვიწყებ, როცა რეალობიდან თავის დაღწევა, მისი დროებით გადადება მსურს, ანდა როცა რაღაც იმდენად მძაბავს და მბოჭავს, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობ. ჭადრაკის თამაშისას მთლიანად სვლებსა და კომბინაციებზე ვარ ორიენტირებული, მთელი გონება ჩართულია ამ სათამაშო დაპირისპირებაში და თითქოს ამ დროს ვისვენებ, ამ დროს არ ვფიქრობ არც კარგზე და არც ცუდზე, მხოლოდ ჭადრაკზე. ეს გაქცევა, დამალვა, ან გნებავთ თავის არიდება, ერთგვარი ადამიანური სისუსტეა, თუმცა არის მომენტები, როცა ამის გარეშე შეუძლებელია.

ჭადრაკს მაშინაც ვთამაშობ, როცა რაღაც არასასურველი მაქვს გასაკეთებელი და მოსათავებელი. თითქოს ამით წინარე განწყობას ვიქმნი, ფსიქოლოგიურად ვემზადები, ანუ ჭადრაკი იქცევა ერთგვარ თავისუფალ, ყველაფრისგან მოშორებულ სივრცედ, ჩაკეტილ ოთახად, რომელშიც შეგიძლია შეხვიდე, ამოისუნთქო, თმა გაისწორო, ტანსაცმელი კარგად მოირგო, ერთი “ჰუ” ამოფშვინო და გამოხვიდე უკვე საქმისთვის მზად მყოფი.

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ჭადრაკის თამაშს ვიწყებ – სიგარეტის მოწევას ჰგავს. მე სიგარეტს არ ვეწევი, ის კი არა, საერთოდ ვერ ვიტან ამ პროცესს, თუმცა როგორც ჩანს, მოთხოვნილება, რომლის გამოც სხვებიც ხშირად ეწევიან, მეც მაქვს. რა მოთხოვნილებაზე ვსაუბრობ და უხერხულობაზე. როცა არ იცი ამ წამს რა გააკეთო, როგორ მოიქცე, უეცარი პაუზაა ცხოვრების დინებაში, ასეთ დროს ჭადრაკი მზა საქმეა. იცი, რითი უნდა დაკავდე მომდევნო 3-5 წუთის განმავლობაში და ამასობაში, იქნებ მოიფიქრო კიდეც, როგორ გაგრძელდეს შენი ცხოვრება. ასე ამოავსებ ამ სიცარიელეს და გასდებ ხიდს მომავლისკენ.

ახლა ვინმე იკითხავს, თვითონ თამაშის აზარტი საერთოდ არ გაინტერესებსო? დიახ, ცხადია, მაინტერესებს და ძალიან ხშირად ჭადრაკს იმიტომაც ვთამაშობ, რომ თავად ჭადრაკი მიყვარს, მისი მრავალფეროვნება, სტრატეგიულობა, ტაქტიკურობა, სვლების დაუსრულებელი ვარიანტები, აზარტი, გონებრივი ომი. ეს ყველაფერი თავის ადგილზეა. მაგრამ ეს ისედაც ნათელია, ხოლო ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელთა აღიარებაც არც თუ ისე მარტივი იყო, უფრო ბუნდოვანია და ხშირად არ გავლენინებენ თავს.

ჭადრაკში გაქცევის გაანალიზებამ მკაფიოდ დამანახა ის წნეხი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცდით ადამიანები. დამანახა, თუ როგორი დაღლილები ვართ სინამდვილეში მთელი რიგი სტრესული სიტუაციებისა თუ დაძაბულობების გამო. როგორ არ ჩანს ხანდახან გამოსავალი ყოფითი და მორალური პრობლემების ქაოსში, როგორ ვკარგავთ თვალის ჩინს, როცა გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას ვცდილობთ და ბოლოს, როგორ ვირჩევთ გაქცევას. ეს მდგომარეობა რაღაცით ჰგავს შექსპირის ცნობილი სონეტის საწყის სტრიქონს, “ყველაფრით დაღლილს გასაქცევად სიკვდილი დამრჩა”. ასეთ დროს ადამიანები ქალაქებიდან გარბიან, ზოგი ტყესაც აფარებს თავს და განმარტოებით ცხოვრობს (ჰო, ჰენრი დევიდ თორო კარგი მაგალითია). ადამიანები გარბიან საკუთარი გარემოცვისგან და ეკლესია-მონასტრებს ანდა სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებებს აფარებენ თავს. ადამიანები გარბიან საკუთარი თავებისგანაც და ცდილობენ მუდმივ ცვალებადობაში ჰპოვონ შვება. ადამიანები მუდმივად გარბიან. ამ გაქცევის ერთ-ერთ მცირე, მაგრამ აქტიურ დანიშნულების პუნქტად კი, სრულიად მოულოდნელად, ჩემთვის ჭადრაკი იქცა. არ ვიცი, რისთვის თამაშობთ ჭადრაკს თქვენ, მაგრამ მე ამიერიდან ხშირად გავივლებ თავში ფრაზას: “ყველაფრით დაღლილს გასაქცევად ჭადრაკი დამრჩა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი