პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

33 ამბავი აფხაზეთზე

ოთახში ლურჯი წიგნი მაქვს გადაშლილი და მასზე წერილის საწერად ვემზადები. წიგნს ჰქვია „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. მასში 33 ქართველი ავტორის ის მოთხრობებია შესული, რომლებიც აფხაზეთს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ომსა და ოკუპაციას ეძღვნება.

ამ წიგნის და დღევანდელი დღის შინაარსი ერთმანეთს მუხტავს. ერთი დიდი ტკივილი გვჭირს ყველას და ამ ტკივილის ამბავი დღემდე გრძელდება. ის არა სამი ათეული წლის, არამედ საუკუნეების წინ დაიწყო და ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპივით, უკვე მერამდენე მსხვერპლი შთანთქა.

„ვილაპარაკოთ“ ჩვეულებრივი წიგნი არაა. ის ჩვენი მეხსიერების სკივრია, ჩვენი ტკივილის ანამნეზია. მასში ბევრი ხმაა, ზოგი მათგანი გუგუნებს და ბორგავს, ზოგიც უხმაუროდ, სინანულის ცრემლში მიიწრიტება და ცისფერ კვალს ტოვებს, ზოგი კი მეფური სიმშვიდით, დინჯად და დამაჯერებლად გამოთქვამს იმას, რის მოსმენასაც ამდენი ხანია ვუფრთხით, ან ჩვენც გვინდა, რომ ვთქვათ, მაგრამ ძალა არ გვყოფნის, ან ვამბობთ, მაგრამ ამ ნათქვამს არა აქვს ძალა…

აი, მწერლის სიტყვას კი სულ სხვა ძალა აქვს და სწორედ ამიტომაცაა ეს კრებული განსაკუთრებულად ღონიერი და საჭირო. მისი მნიშვნელოვანება იმთავითვე გაიაზრა მისმა სულისჩამდგმელმა, წიგნის იდეის და კონცეფციის ავტორმა – ირაკლი შამათავამ. ირაკლი თავადაა მწერალი, დევნილი მწერალი. ეს ორი სიტყვა – „დევნილი“ და „მწერალი“ რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს. მწერალი ხომ მუდმივ დევნილობაშია, საკუთარი თავიდან და სამყაროდან, შიშებიდან და კომპლექსებიდან დევნილობაში. თუმცა, როცა ამ შინაგან „ემიგრაციას“ რეალურიც ემატება, ეს უკვე საბედისწერო გამოცდილებაა. დევნილობა საკუთარ მიწაზე – განაჩენია. ირაკლი შამათავა ახალგაზრდა კაცია და რაც აქამდე დაუწერია, ყველაფერი ამ განაჩენის შედეგია. მათ შორის ეს კრებულიც, რომელშიც, საკუთარი ტექსტის ნაცვლად, მშობლიური სახლის ფოტო შეიტანა, სამურზაყანოს შუაგულში ჩატოვებული ბავშვობის სახლის ფოტო – მისი ყველაზე ნაღდი მოთხრობაც და რომანიც, მისი პირადი კოსმოსი…

„ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომლებსაც ომი აჩენს, მაგრამ რომელთა მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია! რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ, ეს წიგნი იმაზეა!“ – ვკითხულობთ კრებულის შესავალში. ამ წიგნში შესულ მოთხრობებს და რომანის ფრაგმენტებს, ირაკლისთან ერთად, თავი მოუყარეს მწერალმა ინა არჩუაშვილმა და პოეტმა ირმა ბერიძემ. კრებულის მხატვარ-ილუსტრატორი გახლავთ მამუკა ტყეშელაშვილი. წიგნი დასტამბა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ომის ნიუანსებსა და მშვიდობის პერსპექტივებზე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში. კრებულში „ვილაპარაკოთ“ ბევრია ასეთი გახმაურებული ტექსტი (გურამ ოდიშარიას – „ძმისშვილი“, ბექა ქურხულის – „მკვლელი“, ნაირა გელაშვილის – „გუნდა აკაბა“, გელა ჩქვანავას – „შიშის საათი“, მარინა ელბაქიძის – „გაცვლა“ და ა.შ.). მათ დაწერისთანავე მიიქციეს მკითხველის ყურადღება, ააფორიაქეს და გაამძაფრეს ჩვენი რეფლექსია. კრებულში ისეთ ტექსტებსაც შეხვდებით, რომლებიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაიწერა (ნინო გუგეშაშვილის – „ორი კენჭი ანუ აქ იყო ჩაკ ბერი“, მანანა მენაბდის – „აძაფშსა და ბესლეთს შორის“ და სხვა). მოკლედ რომ ვთქვათ, კრებულმა თავი მოუყარა ყველა იმ ძველ და ახალ „ჩანაწერს“, რომელთა მთლიანობაში აღქმითაც მკაფიოდ გაისმის სიმფონია „ვილაპარაკოთ“ – დრამატული, მგზნებარე და ნათელი მუსიკა იმაზე, თუ რა უნდა ითქვას ომის სიჩუმის შემდეგ…

ამ კრებულში კიდევ რამდენიმე დევნილი მწერალია: გურამ ოდიშარია, გელა ჩქვანავა, თეა თოფურია. მათ ტკივილს სულ სხვა სიმწვავე აქვს. გადამდებია მათი სინათლის ენერგიაც – ისინი არა ომზე, არამედ ომის ყველაზე შეუძლებელ მხარეზე – სიყვარულზე, ადამიანურ სილამაზეზე, ღირსებაზე ლაპარაკობენ… არიან ავტორებიც, რომლებმაც აფხაზეთის ომი საკუთარი თვალით ნახეს – როგორც მებრძოლებმა, როგორც რეპორტიორებმა (რეზო თაბუკაშვილი, შორენა ლებანიძე, ვახტანგ კომახიძე, ბესო სოლომანაშვილი, ნანა აკობიძე და ა.შ.). მათ მიერ აღწერილი ომი იმ კინოს ჰგავს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ სიკვდილი და სიცოცხლე, მათი მუდმივი ლტოლვა ერთმანეთისკენ, კონფლიქტი, სიმახინჯე და მშვენიერება ჩამთრევ, უძირო, უდასასრულო სიუჟეტს ქმნის. ჩვენ კი მასში დღემდე თავგანწირვით ვმონაწილეობთ…

ეს წიგნი ომის და მშვიდობის ანატომიაა. ამ მოთხრობებში ყველა ნიუანსი, წესი და პარადოქსი აღბეჭდილია _ გარდაუვალი სიბნელით დაწყებული, მოულოდნელი ჰუმანიზმით დამთავრებული. ომში ყველაფერს ასმაგად მძაფრი სახე აქვს, ასმაგად მაღალი ხარისხი; ომის თანმდევია შიშიც და სიძულვილიც, ბედნიერებაც და სიყვარულიც, ოღონდ ისეთი მოულოდნელი გამოვლინებებით, როგორიც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება…

„ვილაპარაკოთ“ საჭირო წიგნია მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის. იზრდებიან თაობები, რომლებსაც აღარ აქვთ ემოციური კავშირი აფხაზეთთან, მხოლოდ ისტორიულ წყაროებში, ან მძაფრი გენეტიკური მეხსიერებით თუ აღიდგენენ იმას, რასაც აფხაზეთი ჰქვია და რაც ისეთივე საქართველოა, როგორც მათთვის ნაცნობი ყველა სხვა კუთხე. ეს კრებული დაეხმარება მათ აფხაზეთის გახსენებაში, ომის რეფლექსიაში, სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაში, სამომავლო ურთიერთობებში.

როგორც ვიცი, კრებულის აფხაზურად თარგმნაც იგეგმება. ეს კიდევ უფრო გაზრდის მის მნიშვნელობას და ენგურსგადაღმა მხარესაც ჩართავს დიალოგში. სალაპარაკო კი მართლა ბევრია. ჩვენ ხომ სადღაც, საბედისწეროდ შევწყვიტეთ ის და გავჩუმდით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი