შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აღზრდა აკრძალვების გარეშე – გამოწვევები და საფრთხეები

ერთხელ, ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა თავისი „გასაჭირი“ შემომჩივლა. „დამარცხებულმა“ იმედგაცრუება და გულისტკივილი ვერ დამალა და საუბრისას მითხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ შვილის აღზრდაში სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მართალია, ბავშვი ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, მაგრამ იმდენ პრობლემას გვიქმნის, ალბათ თავს ვერასოდეს გავართმევთო. როდესაც ქალბატონს ვთხოვე აეხსნა, თუ რაში ხედავდნენ ის და მისი მეუღლე საკუთარ შეცდომებს, მან ასეთი რამ მომიყვა: „იცით, სანდრო ჩვენი პირველი შვილია, ძალიან გვინდოდა მისთვის ყველაფერი საუკეთესო მიგვეცა და განსაკუთრებული პირობები შეგვექმნა. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი მშობლები ძალიან მკაცრად გვზრდიდნენ, ყველაფერს გვიკრძალავდნენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაკონტროლებდნენ, რასაც მოგვიანებით ორივე ტკივილით ვიხსენებდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენ თავად, როგორც მშობლებს, შვილის აღზრდის სრულიად განსხვავებული, იაპონური სისტემა გამოგვეყენებინა, მიგვენიჭებინა მისთვის სრული თავისუფლება და ყველანაირ აკრძალვაზე უარი გვეთქვა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდით, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვით და ბავშვი საფრთხის წინაშე დავაყენეთ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სანდროს სკოლაში შეყვანის შემდეგ. მისთვის არ არსებობს სიტყვა „არა“. თვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს და შეუძლია აკეთოს ის, რაც მას სურს, არ ემორჩილება სასკოლო წესებს, რის გამოც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მასწავლებლებს და თანაკლასელებთანაც მუდმივად კონფლიქტი აქვს. მე და ჩემი მეუღლე შევეცადეთ, შეგვეცვალა ბავშვთან დამოკიდებულება და სახლშიც დავუწესეთ გარკვეული აკრძალვები, თუმცა სასურველი შედეგი მაინც არ გვაქვს – სანდრო არ ემორჩილება დადგენილ წესებს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოესურვება. ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანეთ.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ აღზრდის იაპონური სისტემა ნამდვილად არ მოგვიწოდებს, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ. მისი არსი ის გახლავთ, რომ წავახალისოთ ბავშვის სწრაფვა სამყაროს შემეცნებისკენ, ცოდნის შეძენისკენ და დავრთოთ ნება, მოსინჯოს მოქმედების ახალი, მისთვის სასურველი სახეები საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მათთვის უცხოა ფრაზები: „შენთვის ჯერ კიდევ ადრეა“, ან „შენ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ხარ“. ასეთი მიდგომების პირობებში 7 წლის ასაკს მიღწეული ბავშვების მშობლებისთვის საკმაოდ თვალსაჩინოა საკუთარი შვილის ინტერესები, მიდრეკილებები, ნიჭის გამოვლინებები. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ისინი ბავშვის მკაცრ აღზრდას და მოითხოვენ მისგან თავდაუზოგავ შრომასა და ხასიათის სიმტკიცის გამოჩენას შემხვედრი პრობლემების დასაძლევად.

 

თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში აღზრდის თუ სწავლა-სწავლების მოდელი, არ იქნება გამართლებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით მისი შემოტანა და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ „უცხო“ ნიადაგში გადარგვისას ხშირად მცენარეც კი იცვლის სახეს. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რომელიმე ქვეყნის წარმატებული მოდელის შემოტანა და მისი დანერგვის მცდელობა, თუ არ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ცვლილებებისადმი საზოგადოების მზაობის დონეს, შეიძლება მარცხით დამთავრდეს, რისი მოწმეებიც ჩვენ არცთუ იშვიათად გავმხდარვართ ბოლო ათწლეულებში.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ სამყაროში არაფერია მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი, რომ ყველაფერში შეიძლება პლუსების და მინუსების პოვნა, ვფიქრობ, ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საინტერესო იქნება აკრძალვების გარეშე აღზრდის სტილის გაანალიზება და მასში, როგორც უარყოფითის, ასევე დადებითის მოძიება.

 

აღზრდა აკრძალვების გარეშე

პლუსები:

  • როდესც ბავშვს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკრძალვებს არ უწესებენ და უკან არ ახევინებენ, ის ბევრად აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს და ამჟღავნებს უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას, რაც ბუნებრივად მისი სწრაფი განვითარების პირობა ხდება;
  • ბავშვი, რომელმაც არ იცის სიტყვა „არა“, დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მისი ძალაუფლების ქვეშაა. მთავარია მოინდომოს და ძალისხმევა გამოიჩინოს. ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ საკუთარი ძალების ასეთი რწმენით ცხოვრება ადამიანისთვის ბევრად ადვილია. სანამ სხვები ჯერ კიდევ ეჭვობენ და მერყეობენ, ის უკვე მოსინჯავს და თუ არ გამოუვა, იპოვის ახალ გზას, დაისახავს ახალ მიზანს და ახალ ამოცანებს;
  • პატარა, რომელიც აკრძალვების გარეშე იზრდება, ღია და გახსნილია სამყაროსათვის, ის მას კეთილად აღიქვამს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ხშირად სწორედ ისეთი აღმოჩნდება ხოლმე, როგორც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ზედმეტი აკრძალვებისგან თავისუფალ გარემოში გაზრდილი ბავშვისთვის ძნელი არ იქნება ადამიანებში სიკეთის დანახვა და ცხოვრებაც მძიმე და აუტანელი აღარ იქნება მისთვის;
  • როდესაც აკრძალვები ნაკლებია, ბავშვს ექსპერიმენტირების მეტი შესაძლებლობა ეძლევა. ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ ბავშვები, რომლებიც თავისუფალ, ნაკლებად მკაცრ გარემოში იზრდებიან, ადვილად ავლენენ შემოქმედებით უნარებს და მომავალში წარმატებებს სწორედ აღნიშნული მიმართულებით აღწევენ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.

 

მინუსები:

 

  • მშობლები, რომლებიც ბავშვთან ურთიერთობისას არასოდეს ამბობენ სიტყვას „არა“, სწრაფად კარგავენ ავტორიტეტს შვილის თვალში, შედეგად კი იღებენ უმართავ ბავშვს, რომელიც მიიჩნევს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ყველა ვალდებულია თავისი არსებობა მის სურვილებსა და ინტერესებს დაუმორჩილოს. ასეთი ბავშვის მშობელი ხშირად მზად არის, უარი თქვას თავის ინტერესებზე, მოთხოვნილებებზე 5 წლის თავნება ბავშვის სასარგებლოდ, რომელსაც სურს, რომ ოჯახში ყველაზე მთავარი თვითონ იყოს;
  • ბავშვებს, რომლებსაც ადრეული პერიოდიდან ყველაფრის ნებას რთავდნენ და რომელთათვისაც უცხოა წესები და წესებისადმი მორჩილება, ყველაზე სერიოზული პრობლემები ექმნებათ მაშინ, როდესაც თანატოლთა ჯგუფში ხვდებიან – საბავშვო ბაღში ან სკოლაში, სადაც ყველა ვალდებულია გარკვეულ წესებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პედაგოგი უბრალოდ ვერ შეძლებს მუშაობას და მეცადინეობების ჩატარებას. ბავშვი, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის ნებას რთავდნენ, ხვდება სიტუაციაში, სადაც მკაცრი შეზღუდვებია მისთვის დაწესებული – რაღაცის აღება არ შეიძლება, რაღაც სხვას უნდა გაუყოს, გაუზიაროს და ა.შ. პატარა ადამიანისთვის ეს დიდი სტრესია, რაც ოჯახში არასწორი აღზრდის შედეგია. ახალ გარემოში მოხვედრისას ბავშვს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ისწავლოს ამ გარემოში დამკვიდრებული წესების შესრულება. ყოველ აკრძალვაზე, დიდი ალბათობით, მას ძლიერი ემოციური რეაქცია ექნება. მოსალოდნელია ისტერიული გამოვლინებები იმ ბავშვებში, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ მათ ცრემლებზე ოჯახში ნებისმიერი მათი სურვილის შესრულებით რეაგირებდნენ. პატარები, რომლებსაც მშობლები ყველაფრის ნებას რთავდნენ, უკიდურესად რთულად ეგუებიან თანატოლებს ჯგუფში. ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულად ართულებს არცთუ მარტივ ადაპტაციის პერიოდს ჯერ საბავშვო ბაღთან, მოგვიანებით კი სკოლასთან. მშობლებს, რომლებიც ყველაფრის უფლებას აძლევენ ბავშვს, ძალიან უჭირთ აღზრდაში დაშვებული შეცდომების მოგვიანებით გამოსწორება.

 

რა თქმა უნდა, ბავშვს სჭირდება აკრძალვები და სწორედ ამიტომ უწესებენ მშობლები, საკმაოდ ადრეული ასაკიდან საკუთარ შვილებს მოქმედების საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღზრდაზე ვერც ვისაუბრებთ, მაგრამ როგორ ავუკრძალოთ ბავშვს სწორად:

 

  • აკრძალვები არ უნდა იყოს ხშირი და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა ბავშვის მიერ შეიძლება შეურაცხყოფად იქნეს აღქმული;
  • ჩვენი აკრძალვები უნდა იყოს დასაბუთებული და, რაც მთავარია, „არ შეიძლება“ უნდა ვრცელდებოდეს ოჯახის ყველა წევრზე. მაშინ ბავშვს ეცოდინება, რა საზღვრები არ უნდა გადალახოს;
  • შევეცადოთ ჩვენ თავად არ გავუკეთოთ მოდელირება იმ ქცევას, რომელსაც ბავშვს ვუკრძალავთ; გავითვალისწინოთ, რომ პატარა დაკვირვებით და უფროსების მიბაძვით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ჭკუისდამრიგებლური საუბრების მოსმენით. თუ ბავშვს კომპიუტერულ თამაშებს ვუკრძალავთ, მაგრამ ჩვენ თავად შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ამ საქმით დავკავდეთ, ბავშვი ადვილად დაარღვევს დაწესებულ აკრძალვებს და გააკეთებს იმას, რაც მას სურს;
  • აკრძალვების დაწესების დროს მშობლები უნდა მოქმედებდნენ შეთანხმებულად და თანმიმდევრულად. თუ ერთი მშობელი ბავშვს უკრძალავს რაიმეს, მეორე კი – ნებას რთავს, დაწესებული აკრძალვა ვერ იმოქმედებს; ბავშვი აღარ ენდობა დადგენილ შეზღუდვებს და მშვიდად არღვევს ჩვენ მიერ მიწოდებულ წესებს. ასევე უარყოფითი გავლენა ექნება აკრძალვებზე ჩვენს არათანმიმდევრულ მოქმედებას. თუ ჩვენ ბავშვს დღეს, ცუდ ხასიათზე ყოფნის გამო, ვუკრძალავთ ისეთ რამეს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ნებადართული იყო მისთვის, ჩვენი აკრძალვა უშედეგო აღმოჩნდება. დადგენილი წესები არ უნდა იცვლებოდეს ჩვენი გუნება-განწყობის მიხედვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღზრდა გარკვეული აკრძალვების გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვის ფსიქიკა საჭიროებს წესებს, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მუდმივი აკრძალვა და „არ შეიძლება“ აფერხებს ბავშვის აქტივობას, კლავს მასში ცნობისმოყვარეობას, ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი