სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

არგუმენტირებული ესე – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის (მეორე ნაწილი)

წინა წერილში ვწერდით ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტული ტესტის არგუმენტირებული ესეების მიმოხილვასა და სტრუქტურაზე და წარმოვადგინეთ ერთი ნიმუში. ამჯერად კი გვსურს ყურადღება შევაჩეროთ ესეს მოცულობასა და შინაარსზე. მართალია, ესეს მითითებას ახლავს შენიშვნა, რომ ნაშრომი არ გასწორდება, თუკი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო ნაშრომი, რომლის მოცულობა არ აღემატება 120 სიტყვას, ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არამცთუ 4-5 წინადადებისგან შემდგარი, არამედ 120-200 სიტყვით შემოფარგლული ესე ვერ ამოწურავს პრობლემის გარშემო დამაჯერებელ მსჯელობას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიმსახურებს მაღალ შეფასებას. თუკი აბიტურიენტი ამომწურავად იმსჯელებს პრობლემის მიმოხილვასა და გენეზისზე, მის გარშემო გავრცელებულ ურთიერთსაპირისპირო თეზისებზე და არგუმენტირებული მსჯელობით შეეცდება, რომ ორივე თვალსაზრისის მომხრეთა პოზიციები შეაჯეროს, საკუთარი პოზიცია ნათლად გამოკვეთოს და მოიფიქროს რეკომენდაციები პრობლემის დასაძლევად, ამგვარი ამომწურავი ნაშრომის სავარაუდო მოცულობა 300 სიტყვაზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს.  საუკეთესო ვარიანტი იქნება 400-500-სიტყვიანი მოცულობა.

ადვილია ესეს სტრუქტურის დასწავლა, თუმცა ამგვარ სქემებს, რომელთაც მასწავლებლები ხან ხარაჩოს, ჩარჩოს, გეგმა-პროსპექტს, ხან რას და ხან რას ვუწოდებთ, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არავინ ითხოვს, რომ აბიტურიენტი მიჯაჭვული იყოს მშრალ სქემებს, პირიქით, რამდენადაც მეტად თავისუფალ, ორიგინალურ, ინდივიდუალური ხელწერით აღბეჭდილ ნაშრომს შექმნის, მით უფრო მაღალი შეფასების კანდიდატი გახდება. ეს სქემები შექმნილია ახალბედა, გამოუცდელი, ესეს სტრუქტურისა და შინაარსის არმცოდნე მოსწავლეების ხელშესაწყობად, რომ ადვილად ისწავლონ ნაშრომის აგების ტექნიკა, წინასწარ გამზადებული სქემა ეფექტურად დაიხმარონ. თუმცა არიან მაღალი სააზროვნო უნარების, სათანადოდ ინფორმირებული აბიტურიენტები, რომლებიც კარგად ერკვევიან გლობალურ, ლოკალურ თუ ჰუმანისტურ პრობლემებში, უსმენენ საინფორმაციო არხებს, ამუშავებენ და ფილტრავენ ინტერნეტით მოპოვებულ ინფორმაციებს, ეძებენ დამატებით რესურსებს ცოდნის შესავსებად, ფიქრობენ და აქტიურად  მონაწილეობენ დისკუსიებში სასკოლო თუ არაფორმალურ გარემოში და ამით ივითარებენ უნარებს. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს პრობლემის არსში წვდომა, მისი ღრმად გააზრება, ერკვეოდეს, თუ როგორია საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ თემის გარშემო, შეძლოს ადეკვატური კითხვების დასმა, პრობლემის ანატომიაში წვდომა, საკითხების მარკირება და სორტირება, აკადემიური და არგუმენტირებული პოლემიკა ოპონენტთან. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ესე არ არის მარტივი დავალება, თანაც აბიტურიენტები ხშირად ჩივიან, რომ ესეს თემა შესაძლოა მათთვის აღმოჩნდეს სრულიად უცხო, უცნობი, გაუგებარი, არ იცნობდნენ არც განსხვავებულ თვალსაზრისებს საკითხის გარშემო. თანაც ლიტერატურული ტექსტის საანალიზო თხზულებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ არჩევანი ესეს მოცემულობებში. ტესტი მოიცავს მხოლოდ ერთ დავალებას და ესეს მაქსიმალური შეფასება –  24 ქულა ტესტის მაქსიმალური შეფასების (70 ქულა) 16.8%-ია.

თანამედროვე მაღალკლასელთა პრობლემა ისაა, რომ მიჯაჭვულები არიან სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ თამაშებს, ხშირად უგემოვნო ტელესერიალებს, რასაც მიაქვს მთელი მათი დრო და ენერგია, აღარ რჩება რესურსები საიმისოდ, რომ იკითხონ წიგნები, ნახონ ხარისხიანი მხატვრული და შემეცნებითი ფილმები, ვიდეოები, მოისმინონ ლექციები, დაინტერესდნენ მსოფლიო სიახლეებით და გამოეხმაურონ საყოველთაო პრობლემებს, ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები  და პოზიცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.  ამ რეალობის გათვალისწინებით, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ დაინტერესდნენ სიახლეების არხებით, მოისმინონ ინფორმაციები და შეივსონ ცოდნა იმ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რაც თანამედროვე ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

არგუმენტირებული ესე შეიძლება შეეხებოდეს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, სამართლის, ადამიანის უფლებათა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებს. მაგალითად, როცა ესე მოითხოვს, რომ აზრი გამოვთქვათ სამუზეუმო  ექსპონატების საზღვარგარეთ გატანასთან ან ტურიზმთან, ქალთა უფლებებთან/გენდერულ საკითხებთან, გლობალიზაციის, ტერორიზმის, დემოკრატიის, კულტურათა დიალოგისა ან მასმედიის როლთან დაკავშირებით, ამგვარ ფართომოცვით თემებთან დაკავშირებით საჭიროა არა დილეტანტური და ზედაპირული ცოდნა, არამედ საკითხებში ჩაღრმავება და თუ აბიტურიენტს ამგვარ თემებზე არასდროს არავისთან ჰქონია პოლემიკა/დებატები, არ უმსჯელია და არ დაუსვამს კითხვები, აქტიურად არ მიუღია მონაწილეობა სასკოლო პროექტებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, მაშინ კომპეტენტური მსჯელობები გაჭირდება. ესეს წერას ჯერ კიდევ საბაზო საფეხურიდან ვსწავლობთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ მე-12 კლასში, რამდენიმე თვეში ესეს წერის სწავლა რთულია.

რაც შეეხება ადამიანის ინტერესებთან, მის შინაგან სამყაროსთან, ქცევებთან, მორალთან დაკავშირებულ თემებს, აქ დიდწილად გამოგვადგება ლიტერატურის ცოდნა, რადგან მხატვრულ ტექსტებში ადამიანური პრობლემები ოსტატურად აისახება. ავიღოთ ერთი რომელიმე პრობლემა, რომელიც ფართოდ არის ასახული ჩვენს მწერლობაში და შევქმნათ ნიმუში ესესი, რომელშიც უხვად დავიმოწმებთ ლიტერატურულ მაგალითებს.

მაგალითისთვის ავიღოთ ყველა ეპოქაში აქტუალური ორი თემა, რომელსაც მწერლობა უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა: 1. პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტი; 2. ავანტიურიზმი და დიქტატურა. ამ თემებთან დაკავშირებით ესეს მითითებები ჩამოვაყალიბოთ ამ სახით: 1. არსებობს თვალსაზრისი, რომ ვინაიდან პიროვნების კონფლიქტი მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან სიცოცხლისთვის საშიშია, უმჯობესია მას თავი ავარიდოთ; 2. არსებობს თვალსაზრისი, რომ ავანტიურიზმი და დიქტატურა საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის პირდაპირპროპორციულად ძლიერდება. ვინაიდან წინა წერილში ესეს სრული ნიმუში შემოგთავაზეთ, შევეცადოთ ამჯერად აქ ვიმსჯელოთ მხოლოდ არგუმენტირების ნაწილზე.

მაგალითი I: ვინაიდან პიროვნების კონფლიქტი მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან სიცოცხლისთვის საშიშია, უმჯობესია მას თავი ავარიდოთ.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

იმ თეზისის მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უმჯობესია პიროვნებამ საზოგადოებასთან დაპირისპირებაზე უარი თქვას, აპელირებენ სიცოცხლის უნიკალურობასა და განუმეორებლობაზე. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლის ფასად არაფერი ღირს. ნიკო ლორთქიფანიძე თავის ნოველაში „დადიანის ასული და მათხოვარი“ წერდა, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ზუსტად იმდენივე ღირს, რამდენიც – მთელი კაცობრიობისა. უმრავლესობას თავისი სამართალი აქვს, მას აქვს ძალა, მონოლითური ენერგია, რომლის დაძლევა ცალკე მდგომ, გარიყულ, მარგინალიზებულ ადამიანს არ შეუძლია და პოზიციების დათმობა გონივრულია. ამას მოწმობს ყველა მაგალითი ფილმებიდან და მწერლობიდან. პიროვნება ყოველთვის მარცხდება თემთან და მას ვერავინ დაუბრუნებს წართმეულ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ვერავინ აუნაზღაურებს დანაკლისს, უმჯობესია ის გაეცალოს კონფლიქტურ სივრცეს, იზრუნოს საკუთარ და ახლობელ ადამიანთა უსაფრთხოებაზე, თანამედროვე ადამიანი ორიენტირებულია კონფლიქტების დარეგულირებისა და ბედნიერებისკენ, სისხლისღვრა იდეისთვის არ არის საჭირო, ჯობია, ადამიანი დანებდეს საზოგადოებრივ კონიუნქტურას.

მოცემული თეზისის მომხრეებს მოჰყავთ უამრავი მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, რომ პიროვნების თემთან დაპირისპირება მთავარი გმირისთვის ტრაგიკულად სრულდება. ამის ნიმუშია ალუდა ქეთელაურის თავგადასავალი ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემიდან, მისივე „სტუმარ-მასპინძლის“ გმირების, ჯოყოლასა და აღაზას უსასტიკესი ხვედრი, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგის“ გმირის ჯერ თემიდან გარიყვა და შემდგომ სიკვდილით დასჯა. არამცთუ ასეთი მებრძოლ სულებს, თვით გიორგი ლეონიძის პერსონაჟ მარიტასავით უცოდველ და უწყინარ გმირებსაც კი, ვინც თანასოფლელთაგან განსხვავებულია, საფრთხე მოელის.

მოცემული თვალსაზრისის ანტითეზისის მომხრეები კი საუბრობენ ამაღლებულ იდეებზე, რომელთათვისაც თავგანწირვა ამ გმირებს უღირთ და როცა ადამიანისთვის გმირული სულისკვეთება სულმდაბლურ თვითგადარჩენასა და საკუთარ თავზე უარის თქმას წინ უსწრებს, მას უღირს თავგანწირვა. ამ თეზისის მომხრეები საუბრობენ იდეის უპირატესობაზე და ასკვნიან, რომ საზოგადოებას ყოველთვის ასეთი გმირები ავითარებენ, ხალხი მათგან სწავლობს. მოგვიანებით ხვდება თავის შეცდომას და ბაძავს  თავის მიერ უარყოფილ ადამიანს. ამის მაგალითია სწორედ „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალურ თავში მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, რომ ჯოყოლას მიმართ უსასტიკეს თემს ლამის განუყრელ ხილვად ექცა ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურის შეხვედრა და ისინი დასახეს ვაჟკაცობის, დანდობის, სტუმარ-მასპინძლობის, გონიერების, ჰუმანიზმის, და-ძმობის მაგალითებად. პიროვნების მსხვერპლშეწირვის ფასად ხდება სწორედ საზოგადოების გაკეთილშობილება, გმირი ამას აცნობიერებს, მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, მან რომ თავისი იდეა უკან წაიღოს, მორალურად მოკვდება, რაც ფიზიკურ სიკვდილზე არანაკლები ტრაგედიაა. ასევე შეიძლება გავიხსენოთ შემთხვევები, როცა გმირი თემთან უსასტიკეს კონფლიქტში გამარჯვებული და ცოცხალი გამოდის. ამის მაგალითია რიჩარდ ბახის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელმაც თემის აგრესია მიტევებით, სულიერი კათარზისითა და ახალი მწვერვალების დაპყრობით დაძლია, მიმდევრებიც გაიჩინა, მიუღწეველს მიაღწია და სრული ნირვანა მოიპოვა ცად ამაღლებით. თვით იგისაც, რომლის სიცოცხლე ახალგაზრდულ ასაკში ტრაგიკულად დასრულდა, უღირდა თავგანწირვა ამ იდეისთვის, რადგან სიკვდილის წინ იგი ხედავდა წელში გამართულ ზუს, ხილვაც ჰქონდა, ხედავდა მილიონობით სხვადასხვა ტომის ადამიანს, რომლებიც მომავალში გაიმართებოდნენ წელში და მისი იდეა საბოლოოდ გაიმარჯვებდა. იმდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს პიროვნება ეწირება, რომ გმირი უმალ სიცოცხლეს თმობს, ვიდრე ამაღლებულ იდეას.

მაგალითი II: ავანტიურიზმი და დიქტატურა საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის პირდაპირპროპორციულად ძლიერდება.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

ავანტიურიზმი შესაძლოა უფრო მცირემასშტაბიანი იყოს, ვიდრე დიქტატურა, რომელიც ფართომასშტაბიან პოლიტიკურ რეჟიმებს გულისხმობს, თუმცა თუნდაც მცირე ლოკალში ამოზრდილი ავანტიურიზმი მაინც მასთან ახლოს არის ბუნებით, ყოველთვის მოიცავს საფრთხეს, რომ გადიდდეს, უმართავი და უკონტროლო გახდეს და შეიწიროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მახინჯი სისტემები საზოგადოების გაუნათლებლობით, შიშითა და დაბალი ცნობიერებით სულდგმულობს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ხალხი უძლურია სასტიკისა და თაღლითური სქემების წინააღმდეგ.

პირველი თეზისის მომხრეები, რომელთა შორისაც მეც გახლავართ, საუბრობენ იმაზე, რომ დიქტატურა დასნებოვნებული საზოგადოებრივი წიაღიდან იშვება, ის სარგებლობს ხალხის სიბრმავით, ნელ-ნელა იკრებს ძალებს, ხალხი საფრთხეებს ვერ ამჩნევს, ან ამჩნევს, მაგრამ შიში და უვიცობა აიძულებს, რომ დაელოდოს მოვლენების განვითარებას, იცის, რომ საშიშია და უფრთხის საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლას, რასაც შემდეგ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. თუკი არ გამოჩნდა ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი და საპროტესტო მოძრაობა, ავანტიურიზმი და დიქტატურა მახინჯ ფორმებს იღებს და დგება ჟამი, როცა ის უკვე სისხლში ახშობს ყოველგვარ წინააღმდეგობას. პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერის“ გმირი, ავანტიურისტი ყვარყვარე ამბობს, რომ ხალხი ჯოხს თვითონ გაძლევს, რომ გაროზგო, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა ურტყა. განა ამის მაგალითი არ არის ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიას“ გმირის, არქიფო სეთურის საქმიანობა და მის მონობაში მყოფი ბრბოს სიბრმავე?! რატომ გაჩნდა სტალინის კულტი საბჭოთა კავშირში ან ჰიტლერისა გერმანიაში? განა საზოგადოება ვერ ხედავდა, თუ რა სისხლიანი კალო დაატრიალეს ამ ადამიანებმა განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ, მაგრამ რაღაც უხილავი და გაუგებარი ძალა მართლაც რომ აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს საზოგადოებას, რითაც დიქტატორი სარგებლობს და უფრო და უფრო სასტიკ რეჟიმს აყალიბებს. ამის მაგალითი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროშიც კი ჩვენ თვალწინაა ჩრდილოეთ კორეის მმართველის სახით. კიმ ჩენ ინის რეჟიმი არის ტოტალიტარული რეჟიმების გამანადგურებელი ბუნებისა და საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნების სრული ნიველირების, უფრო კი სიკვდილის მაჩვენებელი. 37 წლის კაცმა მოახერხა, რომ მამისა და ბაბუის მიერ შექმნილი დიქტატურა უფრო და უფრო ოდიოზური და სასტიკი გახადოს და საზოგადოებაში პროტესტი საერთოდ მკვდარია.

ანტითეზისის მომხრეები საუბრობენ იმაზე, რომ დიქტატურას მოაქვს წინასწარ გამზადებული სქემები, რომლებთან დაპირისპირებაც რთულია, სიცოცხლისთვის საშიშია და საზოგადოებაც ნელ-ნელა უძლურდება. რეჟიმი კიბოს დასნებოვანებული უჯრედებივით ედება ყველაფერს, ნელ-ნელა იპყრობს ყველა სეგმენტს, ქმნის იდეოლოგიურ თუ სადამსჯელო მანქანებს, რომელთა გამოყენებითაც ახშობს საზოგადოებრივ მღელვარებას. ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე საზოგადოებაში დიქტატურის არსებობა. გავიხსენოთ ჩვენს უახლოეს სამეზობლოში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები, რომლებიც წამებში ანადგურებენ წინააღმდეგობის მოძრაობის ყოველგვარ აქციას. ლუკაშენკოს რეჟიმმა სულ ახლახან  მსოფლიოს თვალწინ ათენიდან ევროპაში  მიმავალი „რაინეარის“ თვითმფრინავი იძულებით დაასმევინა მინსკში და დააპატიმრა ბელორუსული ოპოზიციის აქტივისტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი. ამ გამაოგნებელ ფაქტს გამოეხმაურა ევროპაც და ამერიკაც, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლაში უძლურია ყველა.

მოცემული თვალსაზრისებიდან ორივე შეიცავს სიმართლის რაციონალურ მარცვლებს, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ საზოგადოების გულგრილობა, გაუნათლებლობა, შიში, დაბალი ცნობიერება აძლევს რეჟიმს ძალას. სოფლის სიბრიყვემ აქცია ჯაყო ჯივაშვილი სისხლისმსმელ წურბელად, არქიფო სეთურიც და ყვარყვარე თუთაბერიც. სოფლელები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ ყვარყვარეს ფიცრული ციხის დანგრევა და გაქცევა შეეძლოთ.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ესეების წერისას აქტიურად დაიმოწმონ მხატვრული ტექსტები, რაც მათ ნაშრომს უფრო საინტერესოს, დამაინტრიგებელსა და ხატოვანს გახდის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი