პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მთებში დარჩენილი ბავშვები

ახლა ზაფხულია, ის დრო, როცა ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, მოხერხებული ფეხსაცმელები უნდა გადმოალაგო, მთა-ველებს თვალი გადაავლო და ისეთი ადგილები იპოვო, რომელთა გახსენებაც მთელი წლის განმავლობაში სიამოვნებას მოგანიჭებს. ნაყოფიერ მოგზაურობაზე საინტერესო და სასიამოვნო ცოტა რამ თუა ქვეყანაზე. ისეთ მოგზაურობას ვგულისხმობ, ყოველ ბილიკს, სახლს, შემხვედრს რომ იმახსოვრებ, მათ ამბებს ისმენ, მათ გამოწვდილ ლუკმას აგემოვნებ, ბავშვებს გამოელაპარაკები, გასაჭირი გზას გიმძიმებს და სიხარული გაბედნიერებს. ასე სხვების გარემო დროებით მაინც შენად იქცევა და შინ დაბრუნების შემდეგაც აუცილებლად გაგახსენდება შემთხვევითი ნაცნობები, გესიზმრება გავლილი გზა, სხვებს უყვები მათ მოყოლილ ამბებს.
რამდენიმე წლის წინ, როცა სტუდენტი ვიყავი და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე დროის უმეტეს ნაწილს კარავში ვატარებდი. სწორედ მაშინ ვიგრძენი ის, რის სწავლებასაც მანამდე წლების განმავლობაში ცდილობდნენ სასკოლო პროგრამები და მასწავლებლები, ოჯახი და წიგნები. მაშინ გავლილმა გზებმა და შემთხვევითმა ნაცნობებმა, რომელთაგან ბევრს მეტად აღარც შევხვედრივარ, მიმახვედრეს, რას ჰქვია შენი მიწა და ხალხი, თავისუფლება და გამძლეობა. 
ბევრი კარგი ადგილიდან მხოლოდ რამდენიმეზე მოგიყვებით, რომლებზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე.

გუდამაყარი, კიტოხი 

გუდამაყარი საქართველოს ალბათ ყველაზე ღარიბი მთიანი რეგიონია. შესაბამისად, მოსახლეობაც ცოტაა. ერთმანეთისგან კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, უმთავრესად – მოხუცები. ერთადერთი სკოლა, სადაც მთელი გუდამაყრის ბავშვები (სულ რამდენიმე ათეული) სწავლობენ, კიტოხშია.
სევდიანი სანახავია სკოლა, სადაც უზარმაზარ საკლასო ოთახებში თითო-ოროლა მოსწავლე ზის. კიტოხში მოსასვლელად მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მეზობელი სოფლებიდან ყოველდღე კილომეტრებს გადიან. პირველად რომ ვნახე, რეგულარულად მოსიარულე ავტობუსსა და ახალ წიგნებზე ოცნებობდნენ…

 
სვანეთი, ლაშთხვერი 
ლაშთხვერი მესტიიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თუ მესტიაში ახვალთ, აუცილებლად უნდა შეიაროთ ლაშთხვერშიც შუა საუკუნეებში აგებული მთავარანგელოზის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე ნახატი „ამირანდარეჯანიანის” ილუსტრაციების სანახავად. ასეთი მხატვრობა ქრისტიანულ ეკლესიებში ხშირი არ არის.
ლაშთხვერში, ისევე როგორც საქართველოს ყველა სოფელში, სტუმარი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და თუ უფროსები ამ ინტერესის დამალვას ახერხებენ და მალულად გაკვირდებიან, პატარები უცხოს გამოჩენისთანავე მასთან ჩნდებიან. მორიდებით, ვითომ სხვა მხარეს მომზირალები, თვალებგაფართოებულები.
 
ხევსურეთი, არდოტი
ხევსურეთში მოსახლეობა წლიდან წლამდე იკლებს. ახალგაზრდაზე მეტი მოხუცი შეგხვდებათ. არდოტში, რომელიც პირიქითა ხევსურეთში, მუცოდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს და კლდეზე ნაგებ სოფელს წარმოადგენს, უკვე რამდენიმე წელია აღარავინ ცხოვრობს. მხოლოდ მახლობელი სოფლებიდან ქრისტიანული რიტუალების შესასრულებლად იკრიბებიან ზაფხულობით, ძველი ეკლესიის ნანგრევებთან.
რამდენიმეკომლიან სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უყვართ დღესასწაულები. შორიდან, დაკვირვებით გათვალიერებენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა სოფლებს ტოვებს და თბილისში მოდის. ჩემი არდოტში შეძენილი პატარა ნაცნობები ჯერ კიდევ სკოლაში უნდა დადიოდნენ.
 
 
მთიანი აჭარა, თეთრობი 
სოფელი მხოლოდ სეზონური საცხოვრებელია მათთვის, ვისაც ზაფხულის საძოვრებზე მოჰყავს საქონელი გაზაფხულის მიწურულს. მთებზე გამოკიდებული სახლები ხისგანაა ნაგები. უფროსები მთელი დღე დაუღალავად შრომობენ, პატარები სოფლის შარაგზებზე მხიარულად დარბიან, თუ ვინმე შემოხვდათ, აუცილებლად ჰკითხავენ, მათთვის ტკბილეული ხომ არ მოეძევება. არ ვიცი, ეს მხიარული ბავშვები სად და როგორ სწავლობენ ახლა, თუმცა წლების წინ მიყვებოდნენ მთიანი აჭარის ერთ-ერთ სკოლაზე. ფანჯრებს შუშების მაგივრად ცელოფანი აქვს აკრული, რამდენიმე მოსწავლე მაინც ყოველდღე ბეჯითად დადის გაკვეთილებზეო. 
 
კიდევ ბევრია ასეთი, საკუთარი თვალით ნანახი ლენტეხისა და სვანეთის საზღვარზე, ყაზბეგში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, ქსნის ხეობაში, მაგრამ მოყოლილს, თუნდაც ილუსტრირებულს, ნაკლები ძალა აქვს. ახლა ზაფხულია, მოგზაურობისა და აღმოჩენების დრო, ამიტომ აუცილებლად გადმოალაგეთ კარავი, საძილე ტომარა, მოხერხებული ფეხსაცმელები და გაუდექით გზას, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ საინტერესო ადგილებში, საინტერესო ხალხთან.

 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი