პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

უგანცხადებო

ფშავს, დანარჩენი საქართველოს დიდი ნაწილი, ძირითადად ვაჟა-ფშაველათი და ჩარგალით იცნობს. ეს არის კუთხე, რომელიც თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობს, თუმცა არაგვის ხეობის ბუმბერაზი მთების კალთებსა და ხევებში შემალულა სხვათა თვალთა მოსარიდებლად და დღესაც, ძირითადად, ძველი ადათ-წესებით აგრძელებს ყოფას. ფშავში სტუმრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ბუნებით, მოიხიბლოთ ფლორის მრავალფეროვნებით, გული გაიგრილოთ მთის ანკარა და ცივი მდინარეებითა და კდლიდან ნაჟური წყარობით, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა სხვა მაღალმთიან კუთხეებშიც შეიძლება.

თუმცა ფშავს აქვს თავისი განსაკუთრებულობა_ დიალექტი, რომელიც ყველაზე ახლო დგას ძველ ქართულ ენასთან და კაფია. ამ კუთხის მოსახლეთა ერთ-ერთი ძირითადი კრედო “სიფრთხილით ცხოვრებაა”, რომ არაფერი შეეშალოს და ვინმეს საკბილო არ გახდეს კაფიისთვის. ამიტომაც, დინჯად, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვით ფიხვნობენ… რიყეზეც ნაბიჯს ფრთხილად ადგამენ, რადგან ქვაზე ფეხის დაცდენით შეიძლება კაფიაში ამოჰყონ თავი… კიდევ რა არის თვალში საცემი? თვითკრიტიკულობის უნარი. ფოლკლორი საკუთარი თავის გალექსების არაერთ შესანიშნავ ნიმუშს ინახავს…

ეს ამბავიც დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ქვეყანას პარტიის გენერალური მდივანი მართავდა და პრეზიდენტი კაპიტალიზმის გადმონაშთად მიგვაჩნდა, როდესაც ქვეყანაში ერთი პარტია იყო და სიტყვა “მრავალპარტიულობა” მხოლოდ მოამბის პოლიტიკური მიმომხილველებიდან გვესმოდა, თუმცა ბოლომდე მთლად ნათლად ვერ ვაცნობიერებდით, რა საჭირო იყო ერთი პარტიაზე მეტი… მაშინ, როდესაც არა თუ ფიქრი სხვა პარტიის არსებობაზე, არამედ არსებული პარტიის მანდატის შემთხვევით დაკარგვაც კი მკაცრად ისჯებოდა, ფშავში შეიქმნა ახალი პარტია – “უგონთ პარტია”… იმ დროისათვის, როდესაც დასაქმება ცენტრალიზებული იყო, დიდი საბჭოეთის მოსახლეობა “ლაღად” ცხოვრობდა და თავჩაქინდრული შრომობდა დიადი კომუნიზმის ასაშენებლად, ფშავში ზაფხულობით, თიბვა-ხვეტის პერიოდში ჩნდებოდნენ (ბარიდან ამოდიოდნენ) ხელის მუშები. მათ დიდ უმეტესობას ჟამ-კარი ჰქონდა არეული (აბა, ისე დასაქმების ძიებას მთიბავად ვინ დაიწყებდა) და საზოგადოების იმ შტოს წარმოადგენდა, შერეკილების იარლიყს რომ ვაკერებთ ხოლმე არაშერეკილები, ანუ ფშაურად რომ ვთქვათ, უგონთ იყვნენ. ერთ დღესაც რამდენიმე ასეთმა მუშამ ერთ-ერთი ფშაველის სათიბში მოიყარა თავი. სათიბი დიდი იყო, დრო არ ითმენდა და მეპატრონემ სხვა მუშებსაც დაუწყო ძებნა კარი-კარ სოფელში. ეს ფაქტი სიტყვის სათქმელად სასხლეტივით მომართული ფშავლებისათვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ შალვასთვის შეეთხზათ ისტორია, ვითომ ”დაცენტრილების” პარტია შექმნა, კარი-კარ დადის, დაეძებს წევრებს, რომელთაც განცხადებას ავსებინებს და პარტიაში იღებს. ასე გაჩნდნენ პარტიის პირველი განცხადებიანი წევრები. შემდგომში პარტიაში მიღების წესები კიდევ უფრო დაიხვეწა. თუ ვინმეს “ჭკუა-სუსტობა” ეჭვს არ იწვევდა, მაშინ მას პირდაპირ უგანცხადებოდ იღებდნენ. იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ თვით ადრესატმაც კი არ დაინდო საკუთარი თავი და გაალექსა (სამწუხაროდ, სრულად ვერ აღვიდგინე კაფია, და ვერც ვერავის მივაკვლიე, ვისაც მთლიანად ემახსოვრებოდა):

“განცხადებებით მიღება,
ჭკვა-გონებაზე ჰკიდია,
უგანცხადებოდ მიღება,
ძალიან ძალზე ძვირია.
დავდივარ, წევრებს ვაგროვებ,
ღამე არა მაქვს ძილია,
დაცენტრილების ხელწიფე

შალვა მადურაშვილია”.

დღეს აღარც შალვა მადურაშვილია ცოცხალი და არც ალბათ პარტიის პირველი წევრები, მაგრამ პარტია ისევაც აგრძელებს არსებობას. დღეს ისევ გამოიყენება ტერმინები პარტიის წესდებიდან “წევრი” და “უგანცხადებო”. ჰოდა, ფშავში სტუმრობისას, თუ მოისმენთ, რომ ვინმეზე ამბობებ “წევრიაო” ან “უგანცხადებოაო”, უკვე მიხვდებით საზოგადოების რომელი შტოს წარმომადგენლებზე საუბრობენ…

ქიმიაშიც გვყავს ასეთი “უგანცხადებო” ნაერთები… ქიმიურ ლაბორატორიებში ქიმიკოსთა დიდი ამქარია დასაქმებული, რომელნიც უამრავ უკვე არსებულ ნაერთს იყენებენ ან თავად იგონებენ ახალს. ქიმიკოს-სინთეტიკოსთა ამ კატეგორიას, ერთ ხელში კოლბა უჭირავს სინთეზის ჩასატარებლად, მეორეში კი ფარი, ეკოლოგთა შემოტევის მოსაგერიებლად. გასული საუკუნის შუა წლებში აზო საღებრების ბუმი იყო. ეს მეტად იაფი, თვისებების ფართო სპექტრის ნაერთები, რომელთაც ბუნებრივი ანალოგები არ გააჩნიათ, ეკოლოგებმა ლამის ანათემას გადასცეს. მათ აღმოაჩინეს, რომ აზოსაღებრები კანცეროგენულ ნაერთებს წარმოადგენენდენ. სინამდვილეში კი მათი ტოქსიკურობა გამოწვეული იყო საღებართა მეტაბოლიზმით მიღებული წყალში უხსნადი პირველადი არომატული ამინებით. ამ პრობლემის მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებმა ეკოლოგთა ყიჟინით მათ ზურგი აქცია. საზოგადოებას ვინ დაეძებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგაც კი მათ ამრეზით უყურებს, როდესაც სამეცნიერო კონფერენციაზე აზოსაღებრებზე მოხსენება გამომაქვს. არადა ერთი ხელის მოსმით მოლეკულას დააბრალო მკვლელობა ან მისი მცდელობა (სიმსივნის გაჩენა), მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა კორექტული. ბენზიდინი რომ კანცეროგენული ნაერთია, უკვე ბევრი აღარ დავობს. მისი მსგავსი ნაერთი ამინობიფენილი, რომ მისი კომპანიონია ავ საქმეში, ესეც დადასტურებულია, მაგრამ თითქმის იმავე აღნაგობის ნაერთი 4,4′-დიამონო-2,2′-დიმეთილბიფენილი “უწყინარი არსებაა”…


თუმცა მათიც მესმის, სიმსივნის შიშს იმხელა თვალები აქვს, რომ ცხელის შეშინებული ცივის შებერვის პრინციპით ყველა აზონაერთს “უგანცხადებოდ” ვიღებთ “კანცეროგენთა პარტიაში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი