ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყვითელი სახლების ქვეყანა

არ მახსოვს, როდის შემიყვარდა ლიტვა. არც ის მახსოვს, რატომ შემიყვარდა. მე თუ მკითხავთ, ნამდვილი სიყვარული სწორედ ესაა _ როცა რაღაც ჯადოქრობა შენგან დამოუკიდებლად ხდება. პირველი შთაბეჭდილება არც ისე კარგი იყო _ აეროპორტიდან საერთო საცხოვრებლისკენ მიმავალმა შუა გზაში თვალებიც კი დავხუჭე იმედგაცრუებისგან _ 19 წლის ასაკში პირველად გავცდი საქართველოს და აშკარად რაღაც უფრო მეტი, უფრო ბრწყინვალე და ჰოლივუდური მჭირდებოდა და არა „ხრუშოვკებიანი” გარეუბნებით დამძიმებული ნაცრისფერი გზები. 

არადა, ნამდვილი სიყვარული ასეთიცაა: არაბრწყინვალე, არამყვირალა, არაჰოლივუდური, ბედნიერი რომ ხარ და შენი ბედნიერების სხვებს არ ესმით. ვერ ვიტყვი, რომ ლიტვაში ცხოვრებაზე ოდესმე მიოცნებია, უბრალოდ, გარემოს შეცვლა მინდოდა, ისე, როგორც 19 წლის გოგოებს უნდებათ. ვიცოდი, ბევრ სიახლესთან მომიწევდა შეგუება, არც საერთო საცხოვრებლის ბინადრობა და თავის მიხედვა იქნებოდა ადვილი, არც სრულიად უცხო ადამიანებს და ცივ ამინდს შეჩვევა, მაგრამ მე მიყვარს თავგადასავლები, უფრო სწორად, მიყვარს თავგადასავლები, რომლებიც კარგად მთავრდება.

ვერც კი მივხვდი, სად გაქრა მოსაწყენი პეიზაჟი, რომელიც პირველ დღეს მომხვდა თვალში. ლიტვა მალევე გადაიქცა ყვითელი სახლების, ვაშლის ბაღების, კრიალა ტბების, იდუმალებით მოცული ტყეების და ზღაპრული ციხე-კოშკების ქვეყნად. ჩემი უნივერსიტეტიც, 1579 წლიდან რომ ინახავდა საიდუმლოებებს, შებინდებისას უცნაურად ემსგავსებოდა ჰოგვორტსს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. სხვისთვის, შეიძლება, სხვაგვარად იყო _ ყველას ხომ თავისი ზღაპარი აქვს.  თუმცა ყველაფერზე მეტად, რაც ჩამოვთვალე, მე ლიტველი ხალხი მიყვარს, ხალხი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი და სხვისი თავისუფლების ფასი, ხალხი, რომელიც ბევრს არ ყვება წარსულზე _ უფრო მეტს მომავალზე ფიქრობს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ლიტვის წარმატების საიდუმლო. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს, მაგრამ მე გეოპოლიტიკური ვითარების მიმომხილველად ნაკლებად გამოვდგები, მე მხოლოდ ის შემიძლია, ყვითელი სახლების ქვეყანაზე წლების შემდეგაც აღტაცებით ვწერო _ ნამდვილი სიყვარული ასეთიცაა, ვადა არ გასდის.

ლიტვური დღეები მოკლეა, საღამოები _ გრძელი და უცნაური მოლოდინით სავსე, მეგობრის სახლში, ბუხართან ჯდომა და ათასგვარი ისტორიის მოყოლა რომ უხდებათ, სიტყვებს განსაკუთრებულ დატვირთვას რომ სძენენ. და თუ ხშირად გვიფიქრია, რომ როცა საკუთარ ქვეყანაში ვართ, სამშობლოზე ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ პათეტიკაა, სხვის მიწაზე, სხვის სახლში, სხვის ბუხართან არაფერია უფრო ბუნებრივი სიტყვა, ვიდრე სამშობლო. 
მე და ლინა, ჩემი ლიტველი მეგობარი, ძირითადად ყველა ეროვნების გოგოებისთვის გასაგებ თემებზე ვსაუბრობდით, თუმცა ერთ დღეს საქართველოს საზღვრებთან მორიგი გასროლა გაისმა და მე ჩემდაუნებურად ავლაპარაკდი სამშობლოზე, ჩვენს დროებით გაყუჩებულ ტკივილებზე, ქუჩებში ნიჩბებით დახოცილ ადამიანებზე, მიტოვებულ საფლავებზე, საქართველოში რომ არასოდეს მითქვამს, ისეთი სიტყვებით ავლაპარაკდი. თანაც, წინა დღეებში, დსთ-ს კონფლიქტური რეგიონების ლექტორმა მთელი ჯგუფის გასაგონად თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოდან დაიწყოო და ერთი სიტყვით, გული მქონდა აჩუყებული. 

ლინამ, რა თქმა უნდა, ბოლომდე მომისმინა. არ დაგიმალავთ და არასოდეს შევხვედრივარ ლიტველს, მოსმენა რომ არ შესძლებოდა. მითხრა, 9 აპრილის ამბები მშობლებისგან გამიგიაო და ვიდეო ჩამირთო. 1989 წლის 23 აგვისტოს 2 მილიონზე მეტმა ბალტიისპირელმა ჩაკიდა ერთმანეთს ხელი. 600 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი ვილნიუსში იწყებოდა და ტალინში მთავრდებოდა. ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები გვერდიგვერდ დადგნენ თავიანთი დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ მოვლენის აღსანიშნავად სიმღერაც დაიწერა სამ ენაზე. მე და ლინა კლიპს ვუყურებდით. არცერთი სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვუყურებდი ხელჩაკიდებულ, ულამაზეს ბალტიისპირელებს, ფერადი მანქანებით გადაკეტილ ქუჩებს, მოფრიალე დროშებს და ვტიროდი. ლინაც ტიროდა. ისევ ნამდვილ სიყვარულს უნდა დავუბრუნდე _ იგი ასეთიცაა, ზოგჯერ ცრემლები მოაქვს.

როცა ლიტვაზე ვწერ, ყოველთვის მგონია, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი, როგორც მინდოდა, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ორგვერდიანი, თუნდაც დიდი მონდომებით დაწერილი ტექსტი. ხშირად უკითხავთ, რატომ მიყვარს ლიტვა განსაკუთრებით, როცა გაცილებით შთამბეჭდავი ქვეყნებიც მინახავს. დაფიქრდით და გაიხსენეთ, როგორი გემო აქვს პირველ სიყვარულს, პირველ აღტაცებას, პირველ განთავისუფლებას საკუთარი თავისგან და ყველაფერს მიხვდებით. მე დღესაც ხშირად ვუყურებ „ბალტიისპირული ჯაჭვის” ვიდეოს და ვიცი, რომ შეიძლება, მშვიდად იჯდე საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში, ამბობდე, რომ გაქვს მეორე სამშობლო და სულაც არ ფიქრობდე, რომ პათეტიკური ხარ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი