შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არგუმენტირებული ესე – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის (წერილი I)

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი მოიცავს სამი სხვადასხვა ტიპის დავალებას: 1. ტექსტის რედაქტირება, 2. არგუმენტირებული ესე, 3. პოეტური ან პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი. წლების მანძილზე ტესტში გარკვეული ცვლილებები შედიოდა, ხოლო არგუმენტირებული ესე იმ სახით, როგორც ის უკანასკნელი პერიოდის ტესტებშია, 2012 წლიდან გვხვდება და აბიტურიენტთა დიდ ვნებათაღელვას იწვევს ორი მიზეზის გამო: 1. ესეს თავისებური, მკაცრი სტრუქტურა აქვს და მისი კონსტრუირება გარკვეულ ცოდნა-გამოცდილებას ეფუძნება და 2. მისი თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს უამრავ გლობალურ, ლოკალურ, საკაცობრიო ღირებულებებთან თუ მორალურ-ეთიკურ  პრობლემებთან დაკავშირებულ თემებს, რაც აბიტურიენტის ფართო სააზროვნო თვალსაწიერსა და მაღალი დონის სააზროვნო უნარებს ითხოვს. არგუმენტირებული ესეს კონსტრუირების მარტივი და ნათელი ტექნიკა სპეციალისტებს არაერთხელ შეუთავაზებიათ ახალგაზრდებისთვის ტელექციებში, აკადემიური წერის სახელმძღვანელოებში, ბლოგებსა და წერილებში. ინტერნეტგაზეთ „mastasavlebeli.ge”-სა და ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზეც უამრავი საინტერესო რესურსი გამოქვეყნებულა არგუმენტირებული ესეს აგების მეთოდებზე. (სამ მათგანს აქვე დავიმოწმებ და ბმულებს შემოგთავაზებთ, რომ იოლად ხელმისაწვდომი იყოს: მაკა სახურია – https://mastsavlebeli.ge/?p=19921 დავით ჩივაძე – https://mastsavlebeli.ge/?p=21561, ნინო ლომიძე – https://mastsavlebeli.ge/?p=25743).

არგუმენტირებული ესეს სტრუქტურაზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან წერილს თან ერთვის ჩვენ მიერ შესრულებული ნიმუში, სადაც გვსურდა მკვეთრად და თანმიმდევრულად წარმოგვეჩინა, თუ როგორ უნდა წარმართოს მსჯელობა აბიტურიენტმა. ამ წერილში შევეცადეთ, რომ მოახლოებული გამოცდების წინ ზოგადი რეკომენდაციები შემოგვეთავაზებინა და ეს ყველაფერი ცოდნის გამთლიანებაში დახმარებოდათ აბიტურიენტებს. არ დავიზარე და 2012 წლიდან გასულ ეროვნულ გამოცდებამდე, ანუ 9 წლის მანძილზე, ტესტებში შესული ესეს მითითებები ამოვკრიბე, რათა ერთიანად გადაგევლოთ თვალი. ყოველწლიურად ქართულში ტარდებოდა 4 სესია, ხოლო გასულ წელს, პანდემიის პირობებში საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, ჩატარდა 6 სესია და წელსაც ამდენივე იგეგმება. ჯამში ეროვნული გამოცდების ისტორიიდან ჩვენ წინაშეა არგუმენტირებული ესეს 38 თემა. ტესტში დავალება ფორმულირებულია თეზისის სახით და აბიტურიენტის ოსტატობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გაიაზრებს ის პრობლემას, მიმოიხილავს მის გენეზისს, აქტუალობას, არგუმენტებითა და მაგალითებით იმსჯელებს ურთიერთსაპირისპირო თეზისების გარშემო და საკუთარ პოზიციასთან ერთად შეაჯამებს მსჯელობას, თანაც დაურთავს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიაჩნია პრობლემების გადაწყვეტის გზად. წერილში რომ გასული წლების ტესტების ესეების დასათაურება ვრცლად არ ყოფილიყო და მარტივად გაგვეაზრებინა, თუ რა ტიპის პრობლემებს ეძღვნება ხოლმე ესეები, სათაურები შევამოკლეთ, თუმცა აქ ნათლად ჩანს თემატიკის მრავალფეროვნება, პრობლემების აქტუალურობა და მასშტაბები. აი, ისინიც:

  1. სამუზეუმო ექსპონატების საზღვარგარეთ გატანა
  2. ახალი მშენებლობები ისტორიულ უბნებში
  3. ზოოპარკებში ცხოველების ბუნებისგან მოწყვეტა
  4. ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკაში
  5. მმართველ ორგანოებში ქალთა რაოდენობის ზრდა
  6. „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები
  7. ტელევიზიის როლი ახალგაზრდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში
  8. სიტყვის თავისუფლება და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
  9. გარემოს დაცვის მიზნები
  10. გლობალიზაცია, როგორც ახალი ტიპის კოლონიზაცია
  11. სასკოლო განათლების მთავარი მიზანი – ლიდერის თვისებების ჩამოყალიბება
  12. უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შემცირება
  13. არასრულწლოვანთა ქორწინება
  14. განათლების ნაადრევად შეწყვეტა და არასრულწლოვანთა შრომითი დასაქმების პრობლემა
  15. სიმკაცრე ბავშვის აღზრდაში
  16. მშობლების როლი მოზარდის არჩევანის გადაწყვეტისას
  17. პოპულარობა და მასების გემოვნება
  18. სხვებთან შეჯიბრი თუ გამარჯვება საკუთარ თავზე?
  19. დემოკრატია – საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა სხვის სასარგებლოდ
  20. მოწინააღმდეგის უპირატესობის აღიარება, როგორც საკუთარი სისუსტეების დაძლევის გზა
  21. კულტურათა დაახლოება, როგორც მათი უნიკალურობის გამოკვეთის გზა
  22. საზოგადოების კარჩაკეტილობა, როგორც საფრთხე ეროვნული თვითშეგნებისთვის
  23. კულტურული მემკვიდრეობის სამუზეუმო ექსპონატებად ქცევის საფრთხე
  24. ისტორიით სიამაყე და მისი შესწავლა-გააზრების პრობლემა
  25. ტოლერანტობა თუ უპრინციპობა?
  26. ქსენოფობია და განათლებული საზოგადოება
  27. მჩაგვრელი, როგორც მსხვერპლი
  28. ძალადობის გამართლება, როგორც ტერორიზმის ხელშეწყობა
  29. მასმედიის როლი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში
  30. მოწინააღმდეგის დამცირება – საკუთარი უძლურების მაჩვენებელი
  31. თავისუფლება, პასუხისმგებლობა და მოვალეობა
  32. წარმატება და პოპულარობა
  33. ტექნოლოგიები ადამიანის წარმოსახვის წინააღმდეგ
  34. ახალგაზრდობის მიმართება სოციალური უთანასწორობის პრობლემისადმი ძველად და ახლა
  35. ადამიანის ინდივიდუალიზმი და ზრუნვა განსხვავებულ იმიჯზე
  36. ინტელექტის გამოყენება ჩაგვრის ინსტრუმენტად
  37. ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულება ეროვნული კულტურისადმი
  38. თანამედროვე ახალგაზრდების ამბიცია – ზრუნვა არა პირად, არამედ გლობალურ პრობლემებზე

თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემა სოციალურ ქსელებთან მიჯაჭვულობა და სხვადასხვა სფეროს აქტუალურ თემებზე ნაკლები ინფორმირებულობაა. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები უკვე ნაკლებად იზიდავენ ახალ თაობებს, მათი მსმენელი ძირითადად წინა თაობების ადამიანები არიან, ამიტომაც ხშირია ესეს პრობლემებთან დაკავშირებით ცოდნის დაბალი დონე, ანალიტიკური აზროვნებისა და სინთეზირების უნარები. საიმისოდ, რომ წარმატებით დაძლიოთ ესეს წერის ამოცანა, საჭიროა გამოიჩინოთ ინტერესი ზოგადსაკაცობრიო, ლოკალური და ჰუმანისტური პრობლემების მიმართ. შემდეგ წერილში ვისაუბრებთ ესეების შინაარსსა და პრობლემაში ჩაღრმავების ტექნიკაზე, ამჯერად კი გთავაზობთ ჩვენ მიერ შესრულებულ ნიმუშს. მოცემული ესეს დავალება გვხვდება 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთ ტესტში:

 

არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო პრობლემური ხდება.

აბზაცი I – შესავალი, პრობლემის აქტუალობა და ზოგადი მიმოხილვა:

განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება, კადრების დასაქმება უაღრესად აქტუალური პრობლემაა. ადამიანისთვის თვითრეალიზაცია და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია. მოუწყობელი შრომითი ბაზარი უამრავ დაბრკოლებას ახვედრებს ადამიანს. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ხშირად ვერ ხდება დასაქმების გარანტია, რადგან საბიუჯეტო სექტორში სამუშაო ადგილების ოდენობა შეზღუდულია, კადრისადმი მოთხოვნები – მაღალი. ბიზნეს-სექტორში თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები და დასაქმების სტანდარტები დამოკიდებულია კერძო მფლობელის ინტერესებზე. მცირე ბიზნესის წამოწყებაც უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული კაბალური საბანკო პირობების ვითარებაში. უმუშევრობა კი ადამიანისთვის განაჩენია. მძიმე სოციალური ფონი ქვეყნის განვითარებასაც აფერხებს.

აბზაცი II – თეზისი და ანტითეზისი:

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა თვალსაზრისი, რომ უმუშევრობის დასაძლევად აუცილებელია უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების რიცხოვნობა არ არის კავშირში შრომითი ბაზრის და დასაქმების პრობლემასთან. ისინი თვლიან, რომ უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

აბზაცი III-IV- არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

დამაჯერებელი არგუმენტები აქვთ იმ ადამიანებს, რომელებიც მიიჩნევენ, რომ პატარა ქვეყანაში ამდენი უმაღლესი სასწავლებლისა და დიპლომირებული ადამიანის არსებობა პრობლემაა, რომ შრომითი ბაზარი უძლურია მათი რეალიზაციისთვის. ამ რადიკალურ თვალსაზრისში სიმართლის მარცვლები უდავოდ არის, რადგან სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ, საქართველოში ყოველწლიურად 40 ათასამდე აბიტურიენტი ცდილობს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას, საიდანაც დაახლოებით 25 ათასი ირიცხება ანუ შესაბამისად ყოველ წელს დიპლომირებულ სპეციალისტთა 25 ათასიან არმიას ვუშვებთ შრომით ბაზარზე. შეუძლია კი ქართულ ბაზარს ამ ოდენობის სპეციალისტის დასაქმება? ვფიქრობ, რომ არა! ამ თეზისის მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ თუკი განათლების სისტემა შეეცდება პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების პოპულარიზაციას და ახალგაზრდები მოკლე დროში დაეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, უფრო იოლად შეძლებენ დასაქმებას, რადგან მომსახურეობის სფეროში, სხვადასხვა ტიპის სერვისებში კვალიფიციურ მუშა ხელზე მოთხოვნა ყოველთვის არის. პრობლემათა მთელ სპექტრს ქმნის უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხი და არაკვალიფიციური კადრები, რომელთაც დამსაქმებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ. გულწრფელად ვაღიაროთ: უმაღლესში ჩარიცხულთა შორის რამდენი პროცენტი იმსახურებს იქ სწავლის უფლებას? ალბათ დაახლოებით მეოთხედი. ყოველ წელს რომ უნივერსიტეტს 25 ათასის ნაცვლად 5-7 ათასი ბაკალავრი ამთავრებდეს, უფრო მაღალკვალიფიციური უნარებით, მათი დასაქმება ბევრად იოლი იქნებოდა. ამ თეზისის მომხრენი იმ პრობლემაზეც საუბრობენ, რომ დიპლომირებული უმუშევარი ფსიქოლოგიურად დანგრეული, დემორალიზებული, ასოციალური ტიპია. შემდეგ ეს ხალხი უცხოეთში მიდის დასასაქმებლად. მიგრაციის მაღალი დონე კი მცირე ერის დემოგრაფიულ რეალობაზე მტკივნეულად აისახება.

ანტითეზისის მომხრენი საუბრობენ იმაზე, რომ უნივერსიტეტების ოდენობა თავისუფალ ბაზარზე დასაქმების პრობლემასთან კავშირში ნაკლებადაა, რადგან ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ და თავად გადაწყვიტონ თვითრეალიზაციის საკითხები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკვე არის ახალ თაობებში ევროპული მენტალობა, რომ ადამიანმა არანაირი სამუშაო არ უნდა ითაკილოს. დიპლომი ადამიანს ხელს არ უშლის, რომ სხვადასხვა სფეროში დროებით დასაქმდეს და საჭირო დროს გამოიყენოს საუნივერსიტეტო განათლება. საბიუჯეტო სექტორში დასაქმდება თუ არა, სულერთია, უმაღლესი განათლება ადამიანს მაინც ეხმარება პიროვნულ თვითგანვითარებაში. ხოლო დასაქმების პრობლემურობა, პირიქით, მოტივაციაა. გამოუვალ სიტუაციაში ადამიანი ყველაფერს აკეთებს თვითრეალიზაციისთვის, ხელს მიჰყოფს მცირე ბიზნესს, რომლის წარმოებაშიც უმაღლესი განათლება დაეხმარება.

აბზაცი V – ესეს ავტორის პოზიცია:

მიმაჩნია, რომ ორსავე თვალსაზრისს თავისი საინტერესო და დამაჯერებელი არგუმენტები აქვს. ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ უმჯობესია პროფსასწავლებლების პოპულარიზაციით ხელი შევუწყოთ ბაზარზე აქტუალური პროფესიების დაუფლებას, ჩავაგონოთ ახალგაზრდებს, რომ ყოველი პროფესია პრესტიჟული და ღირსეულია, რომ ჩვენს პიროვნულ უნარებზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა, ხოლო ანტითეზისის მომხრეთა არგუმენტი, რომ დიპლომით ხელშიც არის შესაძლებელი ტაქსისტად ან სტილისტად მუშაობა, შეგიძლია დროებით აკეთო ეს საქმე და ეს გამოცდილება მოგვიანებით საბიუჯეტო ან ბიზნეს-სექტორში დასაქმებისას გამოიყენო, ასევე მისაღები მგონია. თუმცა უფრო პირველი თეზისის მომხრეებს შორის მოვიაზრებ საკუთარ თავს.

აბზაცი VI – დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე რეკომენდაციებით):

დასაქმება, თვითრეალიზაცია, უმაღლესი განათლების პრობლემები და უპირატესობები ყველა დროის აქტუალური თემებია. საზოგადოების აზრი ორად იყოფა ჩვენში უმაღლესი სასწავლებლების ოდენობასთან დაკავშირებით. ერთნი მიიჩნევენ, რომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება და ხარისხის ამაღლება, ხოლო მეორენი თვლიან, რომ ამას ყველაფერს თავისუფალი ბაზარი აწესრიგებს. მიმაჩნია, რომ ორივე მოსაზრება მოიცავს რაციონალურ დაკვირვებებს, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ უმაღლესი განათლების სფეროს ოპტიმიზაციაზე, რათა შრომითმა ბაზარმა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ამდენი არარეალიზებული ადამიანი არ იყოს გარშემო. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ მრავალწლიან, ძვირადღირებულ უმაღლეს განათლებას არჩიონ მოკლევადიანი პროცესი პროფესიის დაუფლებისა და მომსახურების სფეროში დასაქმდნენ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელ დროს უფასო პროფსასწავლებლები და კოლეჯები გაიხსნა და იქ ყველას შეუძლია გამოსადეგი პროფესიის დაუფლება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი