სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ვინ ხართ თქვენ ნინა ალექსანდროვნა?(ნამდვილი ამბავი)

ძველ, ნიკოლოზის დროინდელ სასტუმროში გავიზარდე, კომუნისტებისგან საცოხვრებლად გადაკეთებულში. ორი დიდი ოთახი, ოთხმეტრიანი ჭერი, ცენტრალური გათბობა, გადატიხრულ საკუჭნაოში გამართული საოცრად მოუხერხებელი ტუალეტი, მერცხლის ბუდესავით გარედან მიდგმული სამზარეულო და მეზობლის სახურავი, რომელიც პირდაპირ შუშაბანდის კარიდან იწყებოდა. 

არის ერთი ესპანურ ენოვანი მწერალი დღეს, პოპულარული კაცია და უგზოუკლოდ განათლებული, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, არტურო პერეს რევერტე ქვია, გაგონილიც გქონდეთ იქნება. ჰოდა, არტუროს უწერია თავის რომანში, არიან უნუგეშო ქვრივები და არინ ქვრივები, რომლებსაც ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით ანუგეშებდაო.

ნინა ალექსანდროვნა ალბათ უნუგეშოთა რიგში ჩაეწერებოდა. ორმოციან წლებშიც და მერეც თბილისში სრულიად სპეციფიური კასტა ჩამოყალიბდა მკერავების, მე ძლივს მოვესწარი,  წინა თაობას, ან იმის წინას კიდევ უკეთესად ახსოვს ეს უცნაურად ჩუმი ხალხი. 
ნინა ალექსანდროვნა მამით გერმანელი იყო, დედით ქართველი, გვარი არასდროს მიკითხავს, ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად. დაგრეხილი და მუდამ ჩაბნელებული დერეფნის ბოლოში. მე სულ კაფანდარა მახსოვს, მსუქანი არც არასდროს ყოფილა, კი არ დადიოდა დაფარფატებდა უფრო. კლიენტები ბევრი ყავდა ნინა ალექსანდროვნას, ჩემს მახსოვრობაშიც და იქამდე ხომ მით უმეტეს. ჩემსობას ძირითადად ასაკოვანი, ზომიერად შეღებილი, რუსულ–ქართულად მოლაპარაკე ქალები მოსდიოდნენ ხოლმე. ნინა ალექსანდროვნა მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბებს კერავდა, წელში ოდნავ გამოყვანილებს, აი ისეთებს, რომელთა სურათებიც ,,საბჭოთა ქალის” ბოლო გვერდებზე იბეჭდებოდა და რომლებზეც ბოროტი ენები ამბობდნენ, გდრ–ული მოდის ჟურნალებიდანაა ამოღებულიო. 

ჩვენ ვმეგობრობდით, მე ნინა ალექსანდროვნას ვეძახდი, ის აუცილებლად ზაალს, შესამჩნევი უცხოური აქცენტით, სხვანაირად არასდროს არ მიგვიმართავს ერთმანეთისთვის. ყავა პირველად მასთან დავლიე. მახსოვს, წიგნის თაროებს ვათვალიერებდი მისაღებ ოთახში, თვითონ კოპლებიან კაბას კერავდა, სამკუთხედი ცარცი ეჭირა ხელში, ბრტყელი, ხელის დალეულ საპონს გავდა, ნაჭერს ხაზავდა, მე იშვიათად თუ გავაპარებდი მზერას მისკენ და უცებ:
– რამდენი წლის ხარ, ზაალ?
ცამეტის–მეთქი. მერე ადგა, სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ორი სავსე ფინჯანით დაბრუნდა უკან. ყავა იყო საოცრად მწარე, ჰოდა, დღემდე ვერ ვსვამ სხვანაირს. მახსოვს რა ფრთხილად ვწრუპავდი სრულიად უცხო, მუქ სითხეს და როგორ მეშინოდა თავი არ შემერცხვინა. იმ დღეს პირველად გამატანა ნინა ალექსანდროვნამ სახლში წიგნი, ჰენრი სენკევიჩის ,,ჯვაროსნები”. 

სკოლას ვამთავრებდი უკვე, როცა გავუბედე და ლექსებს ვწერ–მეთქი, ვუთხარი, გაუკვირდა. ექვსი იანვარი იყო, ნაახალწლევი, უკვე სხვაგან ვცხოვრობდით ჩვენ, მე ნინა ალექსანდროვნას შევუარე. ჰოდა ლექსებს ვწერ–მეთქი, ყურადღებით დამაკვირდა, მიყურა, მიყურა, მერე ახმატოვას კრებული აიღო, მაგიდაზე რომ ედო სულ, ვითომ შემთხვევით, და ჩემკენ გამოაცურა, ორჯერ აათამაშა თითები ზედ, მეტი არც იყო არაფერი საჭირო. მერე ამბავს მოყვა.

იყო და არა იყო რა, იყო ათიოდე წლის გოგო, მამადახვრეტილი და დედაგადასახლებიდანმალედაბრუნებული. ხდებოდა თბილისში მასე, ის დიდი ომი რომ დაიწყო, დახვეტეს გერმანელები, პოლიტიკურად არასანდონი, გაუყენეს ციმბირისკენ გზას. ცოლებიც მიაყოლეს ბევრს. ვინც ჩამობრუნდა, შიმშილით უნდა მომკვდარიყო, ასე გადაეწყვიტა იქ სადღაც ვიღაცას, არა სამსახური, არა სამუშაო, ნაციხარს კი არა, ჭეშმარიტ, დამსახურებულ საბჭოთა მოქალაქეებს არ ჰყოფნიდათ მაშინ ერთ ადამიანზე გამოყოფილი ულუფა, 200 გრამი შავი პური. 

და მიყვებოდა ნინა ალექსანდროვნა, როგორ იძინებდა ციმბირიდან დაბრუნებულ დედასთან ერთად საღამოსპირზე, რომ შიმშილი ნაკლებად ეგრძნოთ. მიყვებოდა, როგორ იპოვა 1943 წლის 25 მარტს დილით, სკოლაში წასვლის წინ საკუთარი კარის ზღურბლთან ,,კომუნისტში” გახვეული 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ორი ნაჭერი პური და ცოტა თევზის ქონი. ეს ის დროა, როცა ადამიანებს ჯეროდათ, ბავშვი თევზის ქონს თუ ჭამს, ჭლექი აღარ დაემართებაო.  როგორ შეეშინდა მაშინ დედა–შვილს, როგორ იფიქრეს ბევრი და სანამ რამეს გადაწყვეტდნენ, პირველი ამბიდან მესამე დღეს, როგორ დახვდათ გაზეთში გახვეული ახალი ულუფა ისევ. მერე ნინა ალექსანდროვნამ მოყვა, როგორ ეშინოდათ თავისი თავის კი არა, იმ უცნობი სამარიტელის გამო, ვინმეს რომ დაენახა, ვინმეს სხვას, ისეთს… ჰოდა, გაწითლებულმა გამიმხილა, როგორ ჩაამტვრია ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებულმა ჩვენს დერეფანში დაკიდებული ორივე ნათურა. გატეხილის გამთელებაზე კი არც მაშინ და არც მერე არავის უზრუნია, ჯერ ერთი ომი იყო და ჩატეხილი ნათურები ვის ანაღვლებდა, მეორეც… კიდევ წელიწადს მოგვდიოდა ძღვენიო, ნინა ალექსანდროვნამ, მერე დედას უშუამდგომლა ერთმა და ფაბრიკაში მიიღესო.

ჰოდა, იმ დღეს ბავშვებმა, ჩემებმა, ზოგმა პარიზში მინდა ცხოვრებაო, ზოგმა ლონდონშიო, სხვებმა ოკეანეც გადაცურეს. ზოგმა მულენ რუჟი იცოდა, დიდები არიან უკვე, ზოგმა სოჰო და ყველამ მანჰეტენი. თბილისი–მეთქი? და თბილისი რაო, უსახო ქალაქიაო. რამე ამბავი მოყევით–მეთქი, რამე ამბავი სათბილისო. მე ეგრე მჯერა, თუ ცხოვრობ კაცი სადმე, უნდა იცოდე კიდეც სადაც ცხოვრობ. ვერ მოყვნენ, გავჯორე. ერთმა, ისტორიას რომ ეწყობა ისეთმა, გაბრაზებულმა მითხრა, ეგ რა ქალაქია, 37–ში ერთი ნახევარი ხალხისა მეორე ნახევარს სასაკლაოზე აგზავნიდა, აქაოდა ლამაზი ცოლი და კარგი ბინა აქვთო, სხვები ხელს იბანდნენო, ბოლოს კიდევ თავიანთი ჯალათისთვის ჯერ ცრემლი ღვარეს, მერე თქვენ რომ ცხოვრობდით, იმ სახლის წინ ჩაიხოცნენ დიდის ამბითო. გავშრი. ვიჯექით ჩუმად გაკვეთილის ბოლომდე, ენა ვეღარ მომიბრუნდა, ან რა უნდა მეთქვა. მივედით ისევ მეორე დღეს კლასში. ბავშვები ცოტა დარცხვენილები, ბოდიშის მოსახდელად გამზადებულები, მე შეშინებული. მეთქი მომისმინეთ, და იმ დღეს ჩემებს ჯერ ის ამბავი მოვუყევი, როგორ ერქვა თბილისში ქუჩებს ტერორისტების სახელები, ბოროტი ენები ამბობენ, მსოფლიოს ყველა სხვა ქალაქს ჯობდა მაგითიო და მერე ეს ამბავი მივაყოლე, ნინა ალექსანდროვნასი. შევყევით, ამ სოფლისაც ვთქვით და იმ სოფლისაც და ბოლოს ერთი ძველი ესპანური ნოველის მორალით დავამთავრეთ, სალადინზე და იმის ვეზირებზე როა, სამი რაინდიდან უმამაცესი რომ უნდა აირჩიონ, ეგრეც დავასკვენით, ნამდვილი ადამიანური სილამაზე ბაზრად არ არი გამოფენილი არასოდეს, რომ უფალს გავს, თუ დანახვა გინდა მისი, ჯერ კეთილი უნდა ინებო და შეიყვარო. ბოლოს მოვიდა ის ძალიან ჩემი და მასო, რაცა ვთქვი, საწყენად არ მითქვამსო. ჰო, ვიცი, არ იჯავრო შენ ეგა, არაფერი მე არ მწყენია–მეთქი. მეთქი, წადი და კვირის თავზე ამბით მოდი. მოვიდა. 
ჰო, კიდევ, ნინა ალექსანდროვნა ამ შვიდიოდე წლის წინ გარდაიცვალა. ნათესავებმა უპატრონეს, გააპატიოსნეს. მე ვერ ვიჯავრე მაშინ, არ მეყურებოდა სიკვდილი, ახლაღა ვეჩვევი ნელ–ნელა, იმდენი გამეცალნენ გზიდან. დღემდე მაქვს ანა ახმატოვას ის ტომი, ფურცლის ნაგლეჯით ჩანიშნული. ეგრეც გამომატანა და ეგრეც არი აქამდე. ერთი ლექსი წერია მანდა, აღელვებულ ქალს ხელთათმანის ჩაცმა რომ შეეშლება, მარცხენა ხელზე მარჯვენისას რომ ჩაიცვამს, ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, აი, მაგ ლექსთან დევს ნინა ალექსანდროვნას ჩატოვებული ერთიანად ჩაყვითლებული გაზეთის ნაკუწი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი