პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვის და რას ვეძებთ ტექსტში? – წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის

ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო დავალებებში ხშირად გვხვდება ისეთი საკითხები, რომლებიც ტექსტის გააზრებისა და გაანალიზების ჩვევის გამოსამუშავებლად არის საჭირო. ისიც ვიცით, როგორი დიდი პრობლემაა ტექსტის გააზრება, მისი დეკოდირება მოსწავლის მიერ და, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. კითხვა კითხვისთვის სარგებელს ვერ მოგვიტანს, თუ მას არ ახლავს რეფლექსიის, შემეცნებისა და ტექსტის გაანალიზების პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ხარისხი და ის, თუ როგორ გაიგო და გააანალიზა ის მოსწავლემ.

 

მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების დასაწყისში მნიშვნელოვანია, ამ ფუნდამენტურ კომპონენტებზეც გამახვილდეს ყურადღება, იმისათვის, რომ მას შემდგომში გაუადვილდეს რთულ ტექსტებთან ურთიერთობა და არც აზრის გამოტანა გახდეს პრობლემა. ამაზე ზრუნვის დაწყება შესაძლებელია მცირე ასაკში, როდესაც ბავშვს წიგნებს ვუკითხავთ. თუ შევყოვნდებით და ბავშვს მარტივ შეკითხვებს დავუსვამთ ნაწარმოების შინაარსის შესახებ, ის აუცილებლად გაგვცემს პასუხებს და ეს უნარიც ბავშვობიდან გამოუმუშავდება.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა მცირე ასაკიდან, წიგნთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემოს შექმნა ბავშვისთვის და ამის წახალისება. კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ, თუ ბავშვს ბავშვობაში ოჯახის წევრები წიგნებს უკითხავენ, ისინი გამოირჩევიან სწავლების ზედა საფეხურებზე და უკეთესი აკადემიური შედეგებიც აქვთ იმათთან შედარებით, ვისაც წიგნს არ უკითხავდნენ. ბავშვებისთვის წიგნების კითხვა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია წიგნის შესაყვარებლად.

 

ჩემს შვილებთან ერთად წიგნის კითხვისას ყველა საკვანძო ეპიზოდზე ვჩერდებით და განვიხილავთ გმირის ამა თუ იმ ქცევას. ბავშვები უფრო აქტიურობენ, გმირის მორალურ ჭრილში განხილვისას; ასაბუთებენ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა იყო გამაღიზიანებელი მის ქცევაში და რა შეიძლებოდა, რომ გამოესწორებინა. ისინი მსჯელობენ გმირის გადაწყვეტილებებზე და ფიქრობენ, რომ სხვანაირად რომ მოქცეულიყო, იქნებ უფრო უკეთესად ეცხოვრა, იქნებ ხიფათები და განსაცდელი აერიდებინა თავიდან და ა.შ. ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც ერთობლივი კითხვის პროცესშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ტექსტის გაგების ეს მეთოდი. გარდა იმისა, რომ ბავშვი ასეთ დროს სწავლობს მისი აზრების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას და გვიზიარებს საკუთარ ლიტერატურულ შეფასებებს, ასევე სწავლობს, როგორ დაინახოს ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ შეაფასოს მისი ქცევები, ეს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება და უნარია პატარა მკითხველისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეეჭიდა ახალ ტექსტებს.

 

ტექსტის კითხვისას, პირველი, ვისაც ვამჩნევთ ან გამოჩენას ველოდებით, ეს მისი უმაღლესობა – პერსონაჟია. ჩვენი დაინტერესებაც უფრო იზრდება, თუ ის გამორჩეული, საინტერესო და სხვა დადებითი თვისებებითაც არის შემკული. ასეთ დროს მკითხველი, განსაკუთრებით ბავშვი ახდენს პერსონაჟის საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას. ის როლურ მოდელებს არა მარტო ფიზიკურ გარემოში და ოჯახში ეძებს, არამედ ლიტერატურაშიც და შეიძლება ეს როლური მოდელი, ბევრად ავტორიტეტული და მისაღები იყოს მისთვის, ვიდრე რეალური პერსონაჟები თავისივე ცხოვრებიდან.

 

  • გაიხსენეთ ბოლოს წაკითხული მოთხრობა, იგავი ან ზღაპარი.

 

  • შენი აზრით, რომელი იყო გმირის ყველაზე მნიშვნელოვანი საქციელი?

 

  • დაწერე, რატომ მოგწონს ან არ მოგწონს მისი ეს საქციელი.

 

  • როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

 

ეს ჩემი მესამეკლასელი შვილის ქართულის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საშინაო დავალებაა. ის მსგავს სავარჯიშოს ხშირად აკეთებს. მისთვის ასეთი ტიპის სავარჯიშოს შესრულება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან სასკოლო ლიტერატურის გარდა, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მხატვრულ ლიტერატურას და მასზე დისკუსიებს. წინა ზაფხულს ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული „საიდუმლო კუნძული” წაიკითხა. კითხვას მთელი ზაფხული მოანდომა, არ იყო მარტივი მეორეკლასელისთვის საკმაოდ დიდი და სქელტანიანი სათავგადასავლო ნაწარმოების წაკითხვა. შთაბეჭდილებებს გზადაგზა მიზიარებდა, აღაფრთოვანებდა წიგნის მთავარი პერსონაჟის – ინჟინერი სმიტის და მისი ოთხი მეგობრის ამბავი, ოცნებობდა საიდუმლო კუნძულზე მოხვედრასა და თავგადასავლებზე. წაკითხულ ტექსტზე ბევრს ვსაუბრობდით, რადგან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და თავს კაპიტან სმიტთან აიგივებდა. კაპიტან სმიტის თავგანწირვა და სიძლიერე მართლაც აღმაფრთოვანებელია და სწორედ ამით მოიხიბლა ისიც და მისთვის, სამახსოვრო ლიტერატურული პერსონაჟების გალერიაში ერთ-ერთ სახასიათო და გამორჩეულ სახედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ბევრ სხვადასხვა ტექსტთან მოუწია ურთიერთობა, „საიდუმლო კუნძულის” გმირები ანდროსთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. დავალებაც კაპიტან სმიტზე დაწერა, მისი საუკეთესო თვისებები და ისეთი გადაწყვეტილებები გაიხსენა, როცა მეგობრების გამო საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

 

კარგ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში, სკოლის და მასწავლებლების მონდომებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობლის როლი და ჩართულობა. მშობელი ის პირველი ადამიანია, რომელიც პირველ წიგნს უკითხავს შვილს და ესაუბრება მასზე. ერთობლივი კითხვა კი შეიძლება კიდევ უფრო დიდ საინტერესო თავგადასავლად იქცეს. თუკი ეს ხშირად ხდება და მშობელი დაინტერესებულია, გააძლიეროს ბავშვში მკითხველის უნარები, სავარაუდოდ, მომავალში, ტექსტის გაგება-გააზრება პრობლემად აღარ იქცევა.

 

თუ ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს, როგორ გაშიფრონ ტექსტი, შეისწავლონ პერსონაჟები, ამოიცნონ და შეამჩნიონ მათი მახასიათებლები, ამოიცნონ ტექსტის გზავნილი, შეიძლება ისინი დიდხანს დარჩნენ მხოლოდ წამკითხველებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის სწავლება და ტექსტზე ყურადღებით დაკვირვება, იმისათვის, რომ მათ გაუადვილდეთ ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის და სირთულის ტექსტთან. ამიტომ, ჩვენც გავიწაფოთ მათთან ერთად კითხვაში, ვეძებოთ და ვარჩიოთ კარგი ლიტერატურა მათთვის, გავიცნოთ ჩვენთვის უცნობი პერსონაჟები და, რაც მთავარია, ვიკითხოთ ყველგან და ყოველთვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი