შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წინაღი იონი – მტერი თუ მოყვარე?

საწარმოში ერთი ბერძენი ტექნოლოგი მყავდა – ალბათ 50-ს გადაცილებული, ჩია ტანის, გულჩათხრობილი ანდრეას კოურისი. ენისა და თავისი ხასიათის გამო სულ რამდენიმე კაცს თუ ეკონტაქტებოდა. ცხოვრების წესიც განსხვავებული ჰქონდა – ერთთავად ქარხანაში იყო, ცხოვრებითაც იქ ცხოვრობდა, ათენში კიევის გავლით უკრაინის ავიახაზებით დაფრინავდა… მოკლედ, მეც და სხვებსაც არაერთი “მიზეზი” გვქონდა, მასთან საქმიან ურთიერთობას დავჯერებოდით, მაგრამ ერთ დღესაც ეს ჩია კაცი რამდენიმე წამში დაიშალა ჩემ თვალწინ და ბუმბერაზ ადამიანად წარმოისახა.

ქარხანაში მორიგი საქმიანი თათბირი დამთავრდა. მოთათბირენი ფუნქციების, განყოფილებებისა და დავალებების მიხედვით ჯგუფებად დავიშალეთ და საუბარი განვაგრძეთ. ერთი კუთხე ჩვენც, მე და ანდრეასსაც, გვერგო იმ დღის გეგმების განსახილველად. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ორი კოლეგა შემოგვიერთდა და განვაგრძეთ საუბარი ქარხნისთვის მეტად საჭირბოროტო საკითზე – ხარისხიანი ნედლეულის შემოტანაზე. ალტერნატივა ორი გვაქვს – ჩინეთი და თურქეთი. სინჯი ორივე ქვეყნიდან მივიღეთ, ლაბორატორიაში ანალიზიც ჩავატარეთ და ახლა პარამეტრების შეჯერებით ვარ დაკავებული. ჩემი არჩევანი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თურქეთისკენ იხრება. ანდრეასიც მხარს მიჭერს და ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ არგუმენტებიც მოჰყავს. „ოთხთა კავშირში” ერთ-ერთი ლოჯისტიკიდანაა და მოთმინებით ელის ჩვენს ვერდიქტს. მოკლედ, გადაწყდა, თურქეთს ვირჩევთ. დროც აღარ ითმენს… ანდრეასს კი მოჰყავს და მოჰყავს ახალ-ახალი არგუმენტები. და ამ საქმიან დიალოგში უცებ იმ მეოთხემ იკითხა: “კვიპროსი გახსოვთო?” ამ ახალგაზრდული სიანცით დასმულმა უადგილო კითხვამ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხზე უფრო დიდი ეფექტი მოახდინა. ნანას, ლოჯისტიკის განყოფილების თანამშრომელს, შეცბუნებანარევმა გაკვირვების ღიმილმა გადაუარა სახეზე, მე – შეცბუნებულ-გაბრაზებულმა, მაგრამ ენა ვერ აღწერს, რა დაემართა ანდრეასს. სიტყვა პირზე შეაცივდა, სახის თითოეული კუნთი აუცახცახდა, ნაცრისფერმა გადაჰკრა, ხელით იქვე მდგომ მაგიდას დაეყრდნო და გაირინდა… ანდრეასის თავს ქარაშოტად დატეხილი მღელვარება ჩვენც გადმოგვედო და ერთხანს მივჩერებოდით გახევებულნი… ჩამოვარდნილმა სიჩუმემ აუტანელზე მეტხანს გასტანა. შემდეგ ვინ ბოდიშს იხდიდა, ვინ ტუქსავდა, ვინ მხრებს იჩეჩავდა და ამაოდ იმართლებდა თავს… ჩვენი ჩია ბერძენი კი მთელი შინაგანი ძალისხმევით ცდილობდა თვალის უპეზე მომდგარი ცრემლის უკან ჩაბრუნებას… ბოლოს მაინც გამოექცა ერთი წვეთი, სწრაფად ჩამოირბინა მარცხენა ლოყა და, თითქოს ჩვენგან დამალვა ეჩქარებაო, ულვაშში გაუჩინარდა…

ანდრეასის მთელი გულის დარდი ცრემლის ამ ერთმა წვეთმა გამორეცხა შიგნიდან. თავი არც აუწევია, ისე მოგვიხადა ბოდიში და გაგვერიდა…

მეორე დღეს ადრე მივედი სამსახურში. ანდრეასი უკვე თავის მაგიდასთან იჯდა. მივესალმეთ ერთმანეთს. პეტრეპავლობის დღესასწაულს ზეიმობდა საქართველო. ეს რომ ვამცნე, ადგა, მოვიდა, მომილოცა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ დასძინა: დღევანდელ დღეს თურქეთის არმია ჩემს სოფელში შემოიჭრაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავიო… კიდევ რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არაფერი გამიგია, რადგან ახლა მე ვიბრძოდი მთელი ძალისხმევით, როგორმე ცრემლი უკან რომ ჩამებრუნებინა…

იმ წამს ანდრეასი ხელახლა დაიბადა ჩემთვის… მაშინ მივხვდი, რატომ დაფრინავდა ათენში უკრაინის ავიახაზებით… კიდევ ერთხელ გამახსენდა ოდესღაც ბავშვობაში წაკითხული კოლინ მაკალოუს ფრაზა ბერძენ ხალხზე “ეკალ-ბარდებში მომღერლიდან” და მივხვდი, რა ზუსტად დაუნახავს თავისი მატერიკის შორეული წერტილიდან ერთი ციცქნა საბერძნეთი…

რამ გამახსენა ანდრეასი? დღეს სტუდენტებთან ელექტროლიზის საკითხებს ვარჩევდი. ელექტროლიზის აბაზანაშიც ნატრიუმის ქლორიდის იონები გარეგანი ფაქტორის მოქმედებამდე ისევე მშვიდად თანაარსებობენ, როგორც ერთ დროს თურქები და ბერძნები კუნძულ კვიპროსზე. უფრო მეტიც – თუმცაღა ნატრიუმი და ქლორი სხვადასხვა ბუნებისანი არიან და ურთიერთსაპირისპიროდ არიან დამუხტულნი, სანამ ისინი ერთად სახლობენ, სისტემა ნეიტრალურია და მდგრადი. გარეშე ძალის (ელექტრული დენი) ზემოქმედებით კი ეს იონები ერთმანეთს სცილდებიან, დაჯარდებიან, თავქუდმოგლეჯილნი მიიჩქარიან ვიღაცის მიერ სისტემაში ჩადებული ელექტროდებისკენ და ივიწყებენ ერთმანეთს. კიდევ რა არის საინტერესო (და დამაფიქრებელი) მათ ქცევაში? დამუხტული ერთგვაროვანი იონები ერთმანეთსაც ვეღარ იტანენ, ახლოს აღარ იკარებენ და საწინააღმდეგო ელექტროდებისკენ ურთიერთქიშპით, ხელის კვრითა და გზიდან გადაგდებით მიიქჩარიან – არავინ მიგვასწროსო, თუმცა მასთან მიახლოებულნი (ვინ იცის, ნანობენ კიდეც, მაგრამ რაღა დროს) ელექტრონების გაცემა-მიერთებით სხვა ნაერთებად გარდაიქმნებიან და უწინდელი სახის დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

იქნებ მკითხოთ, ელექტროლიზის ასახსნელად ამ სიშორეს წასვლა რა საჭირო იყოო. აბა, რა გითხრათ… სხვის პრობლემებზე უფრო ადვილია საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარისა გრცხვენია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი