ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„შავრაზმელები“ და ბახვის მანიფესტი

სკოლაში გატარებული უკანასკნელი წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სასწავლო პროცესის ფარგლებში ჩემ მიერ წაკითხული ისტორიის სახელმძღვანელოთა უმრავლესობა არასრულყოფილი გახლდათ. მივხვდი, რომ ამ წიგნებში ყველაფერს ბოლომდე არ მეუბნებოდნენ. ვგრძნობდი, რომ რაღაცებს მიზანმიმართულად ასხვაფერებდნენ ან მალავდნენ. ხშირად, უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ფურცლებზე არაერთ ზღაპარსა თუ უსაფუძვლო ლეგენდას გადავყრივარ. კიდევ კარგი, რომ ამ საგანშიც შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ. ისინი ყოველთვის დაუღალავად მიკირკიტებდნენ, რათა კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამომყალიბებოდა.
მახსოვს, ჩემი ინტერესის ერთ-ერთი განსაკუთრებული სფერო რელიგიური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება გახლდათ. გაკვეთილებზე მიმდინარე ცხარე დისკუსიებისას, მუდამ ხაზს ვუსვამდი გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი ჭყონდიდელის სახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელი მოუტანა ფეოდალურ საქართველოს. თუმცა, იქვე გაბრაზებით ვაკეთებდი აქცენტს XVII საუკუნეში სასულიერო პირების მიერ გადაბუგულ „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერებზე. ჩემი კრიტიკის უმთავრესი ობიექტი გახლდათ პასიურობა, რომელიც XIX და XX ასწლეულების გზაგასაყარზე ეკლესიამ საქართველოში განვითარებული სოციალური მოძრაობის მიმართ გამოამჟღავნა. ხშირად, ჩემი შეფასებები ზედმეტად სუბიექტური და ძალიან რადიკალური იყო. ალბათ, ეს წარმოადგენდა რეაქციას, რომელიც 16 წლის მოსწავლეში სასკოლო სახელმძღვანელოებმა და ფრანგული რევოლუციისადმი ემოციურმა დამოკიდებულებამ გამოიწვიეს. ბუნებრივია, ჩემს ამგვარ პოზიციას არანაკლებ ხისტად უპირისპირდებოდა თანაკლასელთა ნაწილიც.

სასიხარულოდ, ჩვენს შფოთს ჩვენმა მასწავლებელმა თვალის დახამხამებაში დაუსვა წერტილი. მან რუსეთის პირველი რევოლუციის დროს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ დაწვრილებით გვიამბო.

1905 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. გოლოვინის პროსპექტზე ათასობით მოქალაქე მეფის აბსოლუტიზმისა და სამხედრო რეჟიმის  წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლებასა და რვასაათიან სამუშაო დღესაც ითხოვდნენ. მათთან ერთად, ქალაქის ცენტრში ფართომასშტაბიანი მიტინგი გამართეს ნიკოლოზ II-ის მხარდამჭერებმაც, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირებიც. „შავრაზმელები” მოწინააღმდეგეებს ხელმწიფის პორტრეტისა და ხატების საჯარო თაყვანისცემას აიძულებდნენ. ვინც ამ ბრძანებას არ დაყაბულდებოდა, მათ ტყვიით უმასპინძლდებოდნენ. ცარისტების პროვოკაციის შედეგად, გამოსვლა უსასტიკესად დაარბიეს – 68 დემონსტრანტი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი უმძიმესად დაშავდა.

აღნიშნულ მოვლენათა პარალელურად, რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო შექმნილი დასავლეთ საქართველოში. იმერეთის, სამეგრელოსა და რა თქმა უნდა, გურიის სოფლებში ადგილობრივი თემები თანმიმდევრულად აქვეყნებდნენ საპროტესტო მანიფესტებს. აჯანყებულები მიწის ნაკვეთების დაბრუნებას, სავადებულო უფასო განათლებას, სიტყვის თავისუფლებას, რელიგიურ ორგანიზაციათა ქონების კონფისკაციას, „დრამის” (საეკლესიო გადასახადი) გაუქმებასა და დემოკრატიული წესით არჩეული დამფუძნებელი კრების მოწვევას ითხოვდნენ. „ჯვარცმის” საკრებულოში მდებარე პატარა გურული სოფლის – ბახვის მსგავსად, რიგ სხვა დასახლებებში შედგენილ დოკუმეტებსაც უპირველესად ადგილობრივი მღვდლები აწერდნენ ხელს. ამასთანავე, ისინი მოძრაობის აქტიური ორგანიზატორებიც იყვნენ და სიცოცხლის რისკის ფასად თანასოფლელებს თანადგომას უცხადებდნენ.

შესანიშნავი გაკვეთილის შემდეგ, ყოველთვის  ვცდილობ ნებისმიერი საკითხი მრავალმხრივი პერსპექტივიდან შევაფასო და სხვადასხვა განხილვის დროს უპირატესობა კომპლექსურ, ნაკლებად ემოციურ ანალიზს მივანიჭო. ხანდახან არ გამომდის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი თუ რომელია მსჯელობის მართებული გზა და სტრატეგია. 

დღესაც არ შემცვლია აზრი, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ „შავრაზმელთა” გვერდით ბახველი მღვდლებიც არსებობენ.


[ფოტო: ფილმიდან „პატრიოტი” (2000), მამა ოლივერი]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი