პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გზაგასაყარი უდაბნოში

ასე ერქვა პატარა მოთხრობას, რომელიც დიდი ხნის წინ რომელიღაც გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე ამოვიკითხე. მას შემდეგ ამ მოთხრობის გმირები სულ თვალწინ მიდგანან. შევეცდები, გიამბოთ მისი შინაარსი.

უდაბნოს გრძელ ბილიკს თაკარა მზის ქვეშ ორი გლახაკი დასდგომოდა. კერიის მიტოვება ორივეს დუხჭირი ცხოვრებით გამო მოუწია. გზაც თითქმის ერთი ჰქონდათ – უდაბნოს მეორე ნაპირი. ერთს იქ პორტი ეგულებოდა, მეორეს – საყდარი. პირველს იმედი ჰქონდა, პორტში რაიმე საქმეს იპოვიდა, ცოტა ფულს იშოვიდა, თავსაც გაიტანდა და შინ დარჩენილ ცოლ-შვილსაც დააპურებდა… მეორეს გაეგონა ძველი სასწაულმოქმედი ეკლესიის ამბავი და იქ მიეჩქარებოდა. ეს მისი უკანასკნელი იმედი იყო. მანამდე თავის მხარეში ყველა წმინდა ადგილი მოელოცა, მრავალჯერ დაჩოქილიყო ხატების წინაშე, მრავალი საათი გაეტარებინა ვედრებაში, შეეწიეო, უფალო, ჩემს ოჯახს, მაგრამ მუდმივი თანამგზავრებისთვის – შიმშილისა და სიცივისთვის – ვერა და ვერ დაეღწია თავი.

მიუყვებოდა ბილიკს ეს ორი გლახაკი – მაშვრალი და მლოცველი – და დაუსრულებელ, მომქანცველ გზას ფიქრებით იმოკლებდა. ერთმანეთს ბილიკზე შეხვედრისას გამოლაპარაკნენ. გაანდეს თავ-თავიანთი გულისნადები და მიხვდნენ რა, რომ მათი გზები უდაბნოს ბოლოს უნდა გაყრილიყო, დადუმდნენ… გზას ჩუმად მიუყვებოდნენ. ერთი კია, ერთმანეთის ფიქრები თითქმის ესმოდათ…

“უფალო, რა იქნება ამ მაშვრალ კაცს თვალი აუხილო და შეაგნებინო, რომ ხსნა მხოლოდ შენს სიყვარულშია. ერთადერთი სწორი გზა შენკენ მოდის. იქნებ დაინახოს გზა ჭეშმარიტებისა და ჩემთან ერთად წამოვიდეს შენს ტაძარში…” – ფიქრობდა მლოცველი.

“ეჰ, რა იქნებოდა, ჩემი თანამგზავრიც პორტში მოდიოდეს. ერთად ხომ უფრო ადვილად ვიშოვით ლუკმაპურს. ერთს გვექნებოდა – მეორეს გავუზიარებდით… გზაც გაგვიიოლდებოდა, ერთად უკეთაც მოვიფიქრებდით ამ ძაღლუმადური ცხოვრებიდან გამოსავალს…” – ფიქრობდა, თავის მხრივ, მაშვრალი.

“ღმერთო, როგორ შეიძლება, ასე უგუნურად იცხოვროს ადამიანმა, ეს გლახაკი რომ ცხოვრობს? მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს, დღესა და ღამეს ასწორებს ლუკმაპურის საშოვნელად და ერთხელაც არ მომდგარა შენს კარზე, გროშიც არ გაუღია სანთლის დასანთებად…” – კიცხვაზე გადავიდა ტაძრისკენ მიმავალი.

“ალბათ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოვირჩევი… თუნდ ჩამქოლოთ, არ მესმის, როგორ შეიძლება, მთელი ცხოვრება მხოლოდ ღმერთს ევედრო სარჩოს და თავად ერთი კვალიც არ გაავლო ხნულში, ხორბლის ერთი მარცვალიც არ ჩააგდო მიწაში”, – ბრაზი მოერია მაშვრალსაც.

უცებ ზურგს უკანიდან შორეული სიცილი შემოესმათ. ორივე შედგა და უკან მიიხედა. არავინ ჩანდა… წინ დიდი გზა ედოთ, ამიტომ გააგრძელეს სიარული, თუმცა ნაბიჯს უკლეს, იმ იმედით, რომ ის მესამე წამოეწეოდათ.

“რა იქნება, ისიც პორტში მოდიოდეს… მაშინ ხომ ჩემს თანამგზავრს ადვილად დავაჯერებდი, რომ მე უფრო სწორ გზას ვადგავარ დღეს. მაშინ უკვე სამნი ვიქნებოდით ერთად…” – ფიქრიდან ოცნებისკენ გადაუხვია მაშვრალმა.

“ღმერთო, მიეცი ძალა, რომ მალე დაგვეწიოს და დაინახოს ამ გლახაკმა, საით უნდა მიდიოდეს”, – გაიფიქრა მლოცველმა, თითქმის დარწმუნებულმა, რომ ის მესამეც მისნაირი იყო.

კვლავ შემოესმათ სიცილი, ახლა – უფრო ახლოდან… ისევ მიიხედეს – ისევ ვერავინ დალანდეს… თუმცაღა დიდი იყო მესამის შემოერთების წადილი, დრო არ ითმენდა და არც ამათ შეუნელებიათ ნაბიჯი.

“ღმერთო დიდებულო, უზომოა შენი მოწყალება. ჰქმენი მადლი და მოაბრუნე ჭეშმარიტი გზისკენ ეს ცოდვილი. როგორ შეიძლება, ერთხელაც არ მიხვიდე წირვაზე, ერთხელაც არ მოინანიო შეცოდებანი?! აბა, შეხედეთ, სული ისე აქვს დამძიმებული ცოდვებით, რომ ფეხებს ძლივს მოათრევს”, – ფიქრობდა მლოცველი.

“განა მე არ ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, განა დაიარება ამ ქვეყანაზე სულიერი, ცოდვა არ ჩაედინოს? მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა იმ ცოდვის მონანიება მგონია, რომელსაც ვიცი, რომ ისევ ჩავიდენ. ღმერთო, ნუ მიწყენ, რომ არ მოვდივარ შენს ტაძარში და არ ვინანიებ ცოდვებს შენ წინაშე. ვერ მოგატყუებ… უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ მოვალ შენთან, მაშინ გეტყვი აღსარებას, მეტად ვეღარ შემაცდენს ცხოვრება… მანამდე კი მაპატიე ჩემი თავნებობა…” – თითქოს მიუხვდა მაშვრალი მლოცველს…

ასე მიუყვებოდნენ უსასრულო ბილიკს და მათი ფიქრებიც განაგრძობდნენ ხეტიალს ფიქრთა უკიდეგანო სამყაროში. ხან კიცხავდნენ ერთმანეთს, ხან იცოდებდნენ და ხანაც, ვინ იცის, ოცნებით რომელი მთის მწვერვალს იპყრობდნენ… დროდადრო ისევ ესმოდათ მოგუდული სიცილი, თუმცა მესამე ჯერ კიდევ არ ჩანდა… მათაც ნელ-ნელა მიავიწყდათ იგი. ახლოვდებოდა გზის დასასრული… იმდენად დიდი იყო საწადელის მიღწევის სურვილი, რომ უხილავი თანამგზავრის სიცილს ყურადღებას აღარც აქცევდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს გზის გასაყარს… აქ მათი გზები იყრებოდა. წუთით შეჩერდნენ და თვალებში ჩახედეს ერთმანეთს მდუმარედ.

“მენანები, გლახაკო, დიდ შეცდომას უშვებ, სალოცავად რომ არ მომყვები. წამოდი, ილოცე და შენც გეშველება და შენს ოჯახსაც…” 

“მე გამომყევი, თანამგზავრო, ერთად ვღვაროთ ოფლი, ერთად მოვიპოვოთ სარჩო. ასე უფრო შეისმენს უფალი შენს ლოცვა-ვედრებას…”

გაიფიქრეს ეს, ზურგი აქციეს ერთმანეთს და მარტონი გაუყვნენ თავ-თავის ბილიკს.

ღმერთი კი იცინოდა…
რატომ დამამახსოვრდა ეს ამბავი ასე კარგად? ვინც ლაბორატორიაში ერთხელ მაინც ყოფილა და ორგანული ნაერთის სინთეზი უცდია, ადვილად მიმიხვდება სათქმელს… ვიღებთ რეაგენტებს, ვურჩევთ რეაქციის პირობებს, მოწყობილობებს, მერე რამდენიმე საათის განმავლობაში თავს დავტრიალებთ, ცივ ნიავს არ ვაკარებთ… მაგრამ, მთელი ჩვენი ცოდნისა და რამდენიმესაათიანი მუყაითი გარჯის მიუხედავად, სულ სხვა ნაერთს ვიღებთ… რატომ? ალბათ ქიმიის ჯერ კიდევ შეუცნობელი კანონზომიერებები დაგვცინიან…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი