პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტელეგრაფისტი, აფთიაქარი და ლუდის მხარშველი

ორას წელზე მეტი ხნის წინ საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ და საქართველოს მოზაიკას კიდევ ერთი უნიკალური წახნაგი შემატეს. ბერიას რეპრესიების ეპოქამდე ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ, მრავლდებოდნენ, ქმნიდნენ უნიკალურ დასახლებებსა და საწარმოო ცენტრებს. მეორე მსოფლიო ომმა და ნაციზმის საბჭოთა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხემ ქართველ გერმანელთა საუკუნოვანი ისტორია დაასრულა, საქართველოში მცხოვრები ევროპელები ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. მიუხედავად ბედის უკუღმართობისა, ვიურტენბერგელთა შთამომავლებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა ბევრი სიახლის დანერგვა მოასწრეს ჩვენს საზოგადოებაში.

რეგიონში ყველაზე მეტ ლუდს ქართველები ვსვამთ. მაღაზიის ვიტრინები სავსეა ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების ლუდის ბოთლებით, ქილებითა და კასრებით. ლუდის ხარშვა საქართველოს კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიანი და მდგრადი დარგსია. არადა, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ალაოსა და სვიისგან დამზადებული სასმლის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით. აღმოსავლეთის მთიანეთის რომელიღაც მიუწვდომელ, არწივის ბუდეზე უფრო მაღალა მდებარე სოფელში თუ დაამზადებდნენ ხევისბერები სარიტუალო ალკოჰოლიან სასმელს. ვითარება 1850-იან წლებში შეიცვალა, როდესაც ღვინის ქვეყნის დედაქალაქის გარეუბნებში – ნოი ტიფლისსა და ალექსანდერდორფში – დასახლებული გერმანელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და შეიცვალა მათი ცხოვრების ნირი. მათ შინ, სახელდახელოდ დამზადებული ლუდი აღარ ჰყოფნიდათ, აღარც ბევრი დრო ჰქონდათ პროდუქტის დასამზადებლად. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ლუდის კომერციული და შედარებით უფრო მასობრივი წარმოების მოთხოვნა გაჩნდა. მოთხოვნას პირველებმა მადერების გავლენიანი გვარის წარმომადგენლებმა უპასუხეს. „ქართულ-გერმანული ელექტრონული არქივის“ ცნობით, მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გვარია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 1817 წელს ჩამოსახლდა. ისინი კავკასიის შუაგულში ცხოვრების პირველივე წლებიდან აქტიურად ჩაებნენ ეტლების, კარეტებისა და ეკიპაჟების დამზადებასა და მიწოდებაში, ჰქონდათ ტრაქტირები და სასტუმროები. შესაბამისად, შეძლებული გვარის წარმომადგენლებს ლუდის მოხარშვა არ უჭირდათ. ლუიზა მადერი იყო პირველი კომერსანტი, რომელმაც ჩვენს ქალაქში ლუდის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშტრები მხოლოდ გერმანელი კოლონისტები იყვნენ, მაგრამ შემდეგ შავი და ნაკლებად ხარისხიანი სასმლით სავსე ტოლჩების დაგემოვნება დანარჩენმა თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმაც დაიწყეს. თუმცა მადერები ლუდს კუსტარულად ასხამდნენ. ჩვენს ქვეყანაში პირველი ლუდის ქარხანა შეძლებულმა გერმანელმა კაპიტალისტმა და თბილისში მდიდრული სასტუმროს მფლობელმა ფრიდრიხ ვეტცელმა გახსნა. სამწუხაროა, რომ არც ერთ თანამედროვე ქართველ მეწარმეს არ მოსვლია აზრად გერმანელ კოლონისტთა სახელობის პროდუქტის გამოშვება, რაც ტრადიციის აღდგენის, მისი უწყვეტობისთვის ზრუნვის მარკეტინგულ სიმბოლოდ შეიძლება ქცეულიყო.

ზოგი მკვლევარი მითურ კოლხ მედეას მედიცინისა და ფარმაცევტიკის ფუძემდებლად მიიჩნევს. საქართველო ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი სამკურნალო მცენარეებით, მკურნალობის ტრადიციული მეთოდებით. სახალხო მედიცინის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, სააფთიაქო წარმოებასა და მომსახურებას ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით. სამაგიეროდ, სხვადასხვა დროს თბილისში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა არაერთ ადგილობრივ აფთიაქსა თუ ფარმაცევტულ კოოპერატივს ჩაუყარეს საფუძველი. ქალაქის ყველა ასეთ დაწესებულებას გერმანელები ხელმძღვანელობდნენ. ყველაზე ცნობილი ჰაინესა და ზემელის აფთიაქები გახლდათ. პირველი მათგანი თბილისის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა და გამორჩეული იყო უნიკალური ავეჯით, სტილით, პროდუქციის მრავალფეროვნებით.

საუკუნეთა მიჯნაზე თბილისის ტრამვაის ბოლო გაჩერებაზე ვატმანები აუცილებლად დასძახებდნენ ზემელის სახელს. ევგენი ზემელი საგანგებოდ უხდიდა მძღოლებს, რომ მგზავრებისათვის აფთიაქის არსებობა შეეხსენებინა.

აფთიაქები წამლებთან ერთად ისეთ საჭირო პროდუქტებსაც ყიდიდნენ, როგორიც იყო ყინული. გერმანულ ლუდს გერმანელ აფთიაქართა მიერ წარმოებული ყინულით აცივებდნენ და ამგვარად, მრავალფეროვან ქალაქში დასავლეთევროპულად მოლხენის შესაძლებლობასაც ქმნიდნენ.

1860-იანი წლების შუა ხანებამდე ქართული ინტელიგენცია იტანჯებოდა, რადგან გაზეთების საზღვარგარეთის განყოფილებაში ორი-სამი კვირის წინანდელი ცნობები იბეჭდებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ახალი ამბები თბილისამდე გვიან აღწევდა. საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენების უსწრაფესად მიღების საშუალება განათლებულ ქართულ საზოგადოებას მალევე გაუჩნდა. თბილისზე ლონდონი-კალკუტის ათიათასკილომეტრიანმა სატელეგრაფო ხაზმა გაიარა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად კი კავკასიის ცენტრში „სიმენსისა და ჰასკეს“ წარმომადგენლობა გაიხსნა. 1858-1868 წლებში ვალტერ და ოტო სიმენსები, დღემდე ცნობილი ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კორპორაციის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები, ხელმძღვანელობდნენ რეგიონის სატელეგრაფო ხაზით დაქსელვას. მათმა შრომამ, კაპიტალმა და ცოდნამ მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა მეცხრამეტე საუკუნის საქართველო.

საქართველოს პირველი ტელეგრაფისტების, აფთიაქარებისა და ლუდის მხარშველის  ამბების გახსენება აუცილებლად გამოადგებათ სამოქალაქო განათლების იმ მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ისტორიის შეხსენებას ცდილობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი