ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მეორე წერილი

  ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  მე-5 საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებს

 

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, იმედი მაქვს, კარგად ხართ. ვიცი, რომ მეორე წერილი უსაშველოდ გამეწელა, მაგრამ უნდა მაპატიოთ.

მაშ ასე, ახლა პირდაპირ მეორე საკითხზე გადავიდეთ, რომელიც წინა წერილში ასე ჩამოვაყალიბეთ- „როგორ არის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში კაცის კვლის „წყევლა-კრულვიანი“ საკითხი განხილული?“.  ამ თემას, ძირითადად, ოთხი პოემის მიხედვით განვიხილავთ, ესენია – „ალუდა ქეთელაური“,  „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“ და „ბახტრიონი“.

ზოგადად ვაჟა-ფშაველა თავის პოემებში მკითხველ-მსმენელის თანამონაწილეობას ითხოვს და ამიტომაცაა, რომ ყველანი თავს მისი პოემების ერთ-ერთ პერსონაჟად წარმოვსახავთ ხოლმე. ვაჟა ამბის აღმწერია, იგი პირუთვნელად გადმოსცემს ყველას პოზიციას და თავად არ ერევა არაფერში (თუმცა შესაძლოა, გარკვეულ სიმპათიას ავლენდეს, განსაკუთრებით საქართველოს წარსული დიდებისადმი). რით აღწევს იგი ამ ყველაფერს? – რა თქმა უნდა, „დიდი დაეჭვებებით“. სწორედ დაეჭვებებია ის ძირითადი მუხტი, რაც ამოძრავებს მის რომელიმე მთავარ გმირს. თუმცა ეს დაეჭვებაც უმიზეზოდ და უსაგნოდ არ ჩნდება – რაღაც შემთხვევა ესაბაბება ხოლმე. მაგრამ  საინტერესოა, რომ ეს ემართებათ რჩეულებს, რჩეულებს ორი თვალსაზრისით – საკუთარ საზოგადოებაში გამორჩეულებს, ეტალონებს ამავე საზოგადოებისთვის და ამავდროულად,  დიდბუნებოვან ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან რაღაცებში გამოუტყდნენ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფ საზოგადოებასაც – მთელი წარსული ნაღვაწისთვის ხაზის გადასმა რომ მოუწევთ, იმის მიუხედავად.

„დიდი დაეჭვება“ დგება მაშინ, როცა თავად იწყებ აზროვნებას და გრძნობ, რომ ირგვლივ რაღაც ვერ არის. ადამიანი ხომ დაბადებისთანავე გარკვეულ მოცემულობაში ხვდება და შემდეგ სამყაროს აღქმას  იმ მზა კლიშეებით იწყებს, რომლებსაც აწვდიან. ეს კლიშეები სწორი და მართებულიც შეიძლება იყოს და მცდარიც.  გემახსოვრებათ, იოანე საბანისძე როგორ მწუხარებს, რომ დაბადებით ქრისტიანები ისე მტკიცენი ვერ არიან სარწმუნოების მიმართ, ვიდრე ახლადმოქცეული  (ჰ)აბო. რატომ? იმიტომ, რომ  ნებისმიერი რელიგიის მიმდევრების უმრავლესობა იმ რელიგიით ნაკვებ კულტურაში კი იბადება, მაგრამ ეს უკანასკნელი მისი საკუთარი არჩევანი არ არის. მას ეს გაუცნობიერებლად, პატარაობიდანვე მიეცა, ხოლო ვინც თავისი სულიერ-გრძნობიერ-გონებრივი  საწყაოდან გამომდინარე ირჩევს მრწამსს თუ იდეოლოგიას, იგი გაცილებით ერთგულია მისი, არ ეთმობა, რადგან ამისათვის ჯაფა გასწია. ყოველმა ასეთმა ადამიანმა (მუჰამად ალიმ, მალკოლმ იქსმა, ევსტათი მცხეთელმა და ა.შ.) კარგად იცის, თუ რა არის ნიშნეული მათ მიერ შერჩეულ რელიგიაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ თქმული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს  რომელიმე რელიგიის წიაღში დაბადებულ ადამიანს არ ძალუძს მისი ჭეშმარიტების შეგნება ან გულწრფელი ვერ იქნება მისთვის მიყოლაში. მხოლოდ ესაა, გაგება, როგორც ასეთი, იწყება დაეჭვებებით, გამოძიებით, გამოკვლევით, ჩაწვდომითა და ბოლოს, ან გულწრფელი სიყვარულით, ანდა გულწრფელად უარის თქმით.

დაეჭვებები და „დიდი დაეჭვებები“ მხოლოდ რელიგიას არ ეხება. ესაა სტერეოტიპულ აზროვნებათა წინააღმდეგ გალაშქრება, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად, დამოკიდებულება ადამიანებთან, ცხოველებთან, საკუთარ თავთან, სამშობლოსთან, მოყვარესთან დაბოლოს, მტერთან.  ამ უკანასკნელის მიმართ სტერეოტიპი ნეგატიური ხასიათისაა და სტერეოტიპზე მეტად დემონიზაციის ხასიათს ატარებს, ხოლო დემონიზაცია ჩვენს თვალში მოწინააღმდეგის ყოველგვარი ადამიანური თვისებებისაგან დაცლას გულისხმობს. შედეგად, არც მისი კუთვნილი რელიგია შეიძლება იყოს კაცთმოყვარე, უფრო მეტიც, მის ასეთად ყოფნას სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აპირობებდეს.

ალუდაც ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანია. მასაც თემის მიერ ჩამოყალიბებული შეხედულებები უპირობო ჭეშმარიტებად მიაჩნია. მისთვისაც ქისტების თუ ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა, იმავდროულად „არაჭეშმარიტ“ რელიგიასთან ომიცაა, ხოლო მასში გამარჯვება ღვთისმოსაობის ტოლფასია, სიკვდილი კი  – მოწამეობის.  მართალია, თავად მრავალზე „სცადა ფრანგული ფხიანი“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი  მისი შეხედულებების შესაცვლელად, რადგან იგი ჯერ თავისნაირს არ გადაჰყრია. და განგების ნებით თუ შემთხვევის გამოისობით, ასეთ კაცად მუცალი შეხვდება. მუცალთან სროლაში ჩაბმული ალუდა, მოწინააღმდეგის ღირსეულობას მაშინვე აღიქვამს. მუცალის ნასროლი ტყვია ზედ მკერდთან რომ ჩაუვლის და დენთის შესანახ რქას რომ გაუტეხს, ხვდება, რომ შემთხვევით გადარჩა. საინტერესოა მათი ურთიერთშეყივლება „არც ახლა გჭირსა რჯულ-ძაღლო“. რატომ „რჯულ-ძაღლო“ და არა მაგალითად, „მამაძაღლო?!“.  აქაც სწორედ ერთმანეთის რელიგიის დამცირების, უფრო სწორად, არასწორი წარმოდგენიდან გამომდინარე, დემონიზაციის მომენტთან გვაქვს საქმე. თორემ არც ქრისტიანობა ამბობს ასეთ რამეს სხვა რელიგიებზე და არც ისლამი, პირიქით, ისლამისთვის ქრისტიანობა „ზეციურ რელიგიათაგანია“. ბოლოს მაინც ალუდა დასცემს მუცალს.  მუცალი მოასწრებს და კიდევ ერთხელ ესვრის, თუმცა ვერც ამჯერად მოარტყამს, რის შემდეგაც თოფს გადაუგდებს „ახლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“- დააყოლებს.  მუცალისგან რჯულის ეს უკანასკნელი შეხსენება („კიდევ მიხსენა რჯულია”) უკვე აღარაა ღვარძლიანი ამოძახილი, პირიქით, სითბოც კი დაჰკრავს, რადგან იგი ითქმის ისეთ კონტექსტში, რომელიც ალუდას ღირსეულ ვაჟკაცად წარმოაჩენს. ალუდა გაოცებულია მით, რომ კაცი, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა, მის მიმართ ბოღმის ნთხევის მაგიერ, იარაღს ჩუქნის. ე.ი. თავის მტერში/მკვლელში ადამიანობას პირველი მუცალი ამჩნევს და აფასებს. სწორედ აქედან იწყება ალუდას „დიდი დაეჭვებაც“. მისი ცრემლები („ატირდა როგორც ქალიო“),  მტრობის ყინულის გალღობაა. ალუდა ამ ტირილით მუცალსაც იგლოვს და თავისთავსაც. ხოლო შემდეგ იწყება  ამ ყველაფრის გადააზრება უკვე სახლისკენ მიმავალ გზაში. პირველი ეტაპი არის მტრობა/ სისხლისღვრის უაზრობაზე ჩაფიქრება: („ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია“…), მეორე ეტაპი კი იმ დასკვნამდე მისვლაა, რომ მხოლოდ ჩვენი თავის, ჩვენი რელიგიისა თუ ადათების საკრალიზაცია, ხოლო მტრისა თუ სხვისი პირიქით – დამდაბლება არ არის სწორი, რადგან მაშინ მუცალს ასეთი სულიერი სიმაღლე, უშიშარობა, სიმტკიცე, შეგნება არ უნდა ჰქონოდა, არა და აქვს. ალუდა სწორედ  ამას განაზოგადებს. მისი „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი“ უკვე მონოლითურ მრწამსადაა ჩამოქნილი, რომელსაც უშიშას შეგებებული   შეცხადება – “რას ამბობ? ქისტის ცხონება, არ დაწერილა რჯულადა“ ძვრას ვერ უზამს. ზოგადად უშიშას სახით თემი რელიგიის სახელით სტერეოტიპულად აზროვნებს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა რელიგიას საუკუნეთა განმავლობაში ბევრი ისეთი ადათ-წესი თუ ჩვეულება მიეტმასნა, რომელიც „რჯულზე უმტკიცესად“ გვესახება, უფრო მეტიც, რჯულზე უფრო „რჯული“ გვგონია (ამასთან დაკავშირებით მეტად მოსწრებულად, დაახლოებით ასე თქვა ამჟამად კონფლიქტოლოგმა, ხოლო განათლებით თეოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა – „ჩვენი რწმენა ქრისტეს მიმართ უფრო წარმართული წარმოდგენაა“) . ამის მსგავსი  სურათია „ბახტრიონშიც“, სადაც ზეზვა ლუხუმს ამუნათებს, რომ „შენ შაგებრალა ურჯულო, მოგიწყლიანდა თვალები. უთუოდ, საით ენახვე, მოგაფურთხებდნენ ქალები“. იგი ამ მიდგომას ორი არგუმენტით ამყარებს – „ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?“  და „სიკვდილი თვითონ უფალსა, გაუჩენია მტრისადა“.  პირველი არგუმენტი ეგზისტენციალურია -გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს, ხოლო მეორე ისევ რელიგიის/ღმერთის სახელით მანიპულირებაა. პოემის ფინალში შემზარავი გველისგან – „ადამი ტომის მტრისაგან“ -ლუხუმის შებრალება და მისი მოვლა, ლუხუმის მხოლოდ როგორც სამშობლოსათვის თავგადაგებული გმირის კი არა, მისი იმ ადამიანური თვისების გამოცაა, მოკლული მტრის სიბრალულით თვალები რომ უწყლიანდება.

ახლა გადავიდეთ „სტუმარ-მასპინძელზე“.  ეს პოემა შებრუნებული პერსპექტივაა ალუდა ქეთელაურისა, რადგან   საკითხი იგივეა, ოღონდ ამჯერად ქისტების მხრიდან დანახული. ზემოთ „რჯულისა“ და „ადათების“ ურთიერთმიმართებასა და წინააღმდეგობრიობაზე ვილაპარაკეთ. ქისტების შემთხვევაშიც ასე გვაქვს საქმე. აქაც რელიგიას მიეწერება ისეთი რამეები, რაც ისლამს არ ახასიათებს. ასეთი გახლავთ თუნდაც ადამიანის (ამ შემთხვევაში მტრის) მიცვალებულის საფლავზე მოკვდინება და თან იმ რწმენით, რომ ის იმქვეყნად მსახურად ექმნება მას, ვისთვისაც მოიკლა (გავიხსენოთ ადამიანისთვის მარჯვენა მკლავის მოჭრა და ქავის კარზე მიჭედება, რასაც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს და ალბათ, მტრის მოკვდინების დასასაბუთებლად სჭირდებოდათ). პლუს ამას ქისტები ზვიადაურს ნელა, ანუ წვალებით კლავენ, რაც ისლამისთვის მიუღებელია. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?  ვაჟას მკვლევარი გრიგოლ კიკნაძე წერს, „სტუმარ-მასპინძელში“ ტრაგედიას ქმნის ის, რომ თემი, ზვიადაურის შემთხვევაში, საკუთარ ადათებსვე ეწინააღმდეგება. მაგალითად, როგორიცაა სტუმრის მიღების ადათი ან შემოხიზნული მოსისხარის ოჯახში ყოფნის დათმენა. იმდროის კანონების მიხედვით, თუ ადამიანი შემოგეხიზნებოდა, ოჯახში შემოდგამდა ფეხს, სანამ შენს ოჯახში იყო მისი მოკვლის უფლება არც შენ გქონდა და არც სხვა ვინმეს.  რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო, უნდა გესმია და გეჭმია მანამ, სანამ თავად არ ინებებდა წასვლას. ხოლო როცა ოჯახს გასცილდებოდა, მერე უნდა გასწორებოდი, თუ ეს გწყუროდა. სტუმრის მკვლელის გვარს სამუდამო შერცხვენა ელოდა, მას კეთროვანივით მოექცეოდნენ. ეს წესი საერთო იყო მთის ქრისტიანებისა თუ მუსლიმებისთვის (სხვათა შორის, როგორც ჩანს, არც იტალიელებისთვის იყო უცხო ეს წესი, რადგან როგორც ფრანგი მწერალი პროსპერ მერიმე თავის ნოველა „მატეო ფალკონეში“ აღწერს, მატეომ ერთადერთ, მცირეწლოვან ვაჟს მის ოჯახში შემოხიზნული სახელგანთქმული ყაჩაღის ჟანდარმებისთვის გაცემა არ აპატია და თვითონვე მოკლა თოფით). თუმცა, მიუხედავად ჯოყოლას ხვეწნისა, რომ ის დღეს სტუმარია მისი,  „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, თემს ეს არ ანაღვლებს. იგი ისეა სიძულვილით დაბრმავებული, რომ არც რელიგიას მიჰყვება და არც თავისივე კანონებს/ადათებს. ამიტომაცაა, რომ შემდეგ სინანულიც შეიპყრობთ, თუმცა ჯოყოლას მაინც ამრეზით უყურებენ – ვერ პატიობენ, რომ ისიც არ გაისვარა მათთან ერთად ამ საქმეში, რომ იგი მართალია და დანარჩენები კი მტყუანნი.

ზემოთ მოცემულ მაგალითებში ვაჟა ადამიანის მკვლელობის შემზარაობას გვითვალცხადებს. მისთვის ეს მით უფრო ძნელი ასატანია, როცა ღირსეულთა შორის მეგობრობის დიდი პოტენციალი ძევს, რაც ბევრი სასიკეთოს საწინდარი იქნებოდა. ვაჟა ამბობს, რომ იქ, სადაც სიძულვილი, გონგადასული ღვარძლი მეფობს, სიყვარულის ადგილი არ არის და ვინც ამ სიტყვას თავში თუ გულში  გაივლებს, ამა თუ იმ გზით მოიშთობა. თუმცა ვაჟა მთლად არც „ერთ ლოყაზე თუ გაგარტყეს, მეორე მიუშვირეს“ კონცეფციას იზიარებს. იგი ამოდის „მშვიდობისთვის იძულების“ (რაც ნატოს დევიზია) პრინციპიდან – როცა შეგონება არ ჭრის, ხელი, დიახაც, უნდა გამოიღო, მაგრამ აქაც დადგენილ მორალურ კანონებს არ უნდა გადაუხვიო. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ  ოთხივე პოემაში („გველისმჭამელშიც“ და მეხუთე „გოგოთურ და აფშინაშიც“) ქართველები თავდაცვით ომს აწარმოებენ, ანუ მომხვდურებს ებრძვიან (მართალია, „სტუმარ -მასპინძელში“ ზვიადაური მტრის ტერიტორიაზეა, მაგრამ ამჯერად სამტროდ არ მიდის და თან ზოგადად, ის იმიტომ კლავს ქისტებს, რომ თავისი მხარე დაიცვას), თუმცა რეალურად ეს მთლად ასე არ იქნებოდა, ვგულისხმობ, რომ ხევსურები მხოლოდ თავდაცვით ომში არ იქნებოდნენ ქისტების წინააღმდეგ ჩაბმულნი. მაშასადამე, ვაჟა ამ საჩოთირო ამბავს უშვებს და განიხილავს, როგორც უკიდურეს ქმედებას და არ იზიარებს მის გამართლებას რელიგიის სახელით უკვე „გველისმჭამელში“. მინდიას მიერ ცხოველ-ფრინველ-ხეების დამცველობა არ ეპიტნავებათ ხევსურებს და განაქიქებენ:

„ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი…
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს, ყოველთი.

მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ,
გეტყვით, მისმინეთ, მე რასა:
მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ
მინდია სდგამდეს გორასა.
რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც
კლვისას არ გვაძლევს ნებასა,
მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა
ჩვენსა დაარღვევს შვებასა,
ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა,
ან გვიშლის რჯულის ცნებასა.
მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს
მტრისად შაქცევას ხელისას.

თუკი „ალუდა ქეთელაურსა“ და „ბახტრიონში“ მტრისადმი დამოკიდებულება „რჯულის“ მოშველიებით იძენს გამართლებას,  „გველისმჭამელში“, ადამიანის, თუნდაც მტრის, მკვლელობას რჯულთან რომ ხელი არ აქვს, ხაზგასმულია. ხოლო სიტყვები: „მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა ჩვენსა დაარღვევს შვებასა მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს…“ უფრო ადამიანური ლოგიკით ნავარაუდები (ნასურვილები) გამართლებაა, რაც ასეც შეიძლება იყოს და არც იყოს.

ზოგადად, მტრისადმი საკადრისი პასუხის გაცემის არაერთი შემთხვევა გვაქვს ბიბლიის „ძველი აღთქმის“ ნაწილში, რომელსაც დიდი წინასწარმეტყველები და პატრიარქები უდგანან სათავეში. მტრის მკვლელობა იქაც ღვთის ნების აღსრულებად არის მოცემული.

დასასრულს, ორი რამ გვახსოვდეს – „სტუმარ-მასპინძელში“ ზვიადაურის მკვლელობა ისლამით ნაკარნახევი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ისლამი ლინჩის წესით მკვლელობებს გმობს, გარდა ამისა პატიებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს (იხ. პირველი წერილი). მეორე კი ის გახლავთ, რომ ადამიანის მკვლელობა ვაჟას ძალიან აწუხებს და ამიტომაცაა, მის უმთავრეს პოემებში ეს თემა სხვადასხვა რაკურსით განხილული. იგი ამ აქტს იაზრებს, როგორც უკიდურეს ქმედებას, სხვა გამოსავლის უქონლობას  და ისიც მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში.

პ. ს. რა თქმა უნდა, ეს მეორე წერილიც და მეათასეც ვერ ამოწურავს ვაჟას. ნებისმიერი მონოგრაფია თუ დისერტაცია მხოლოდ მცდელობაა მისი დანახვისა. დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენი არგუმენტები გაქვთ და რაღაც-რაღაცებში არ დამეთანხმებით, რაც წინდაწინვე მახარებს.

პატივისცემით, თქვენი მეგობარი

ოქტაი

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი