ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მე მშობელი ვარ..

მე მშობელი ვარ,

მშობელი ვარ და ვიცი, რომ შვილები დილით უნდა ვასაუზმო და ისე გავუშვა სკოლაში; ვიცი, სკოლიდან რომ დაბრუნდებიან, ჩემი ამბები გავუზიარო და მათი გამოვკითხო; რომ თუ ბავშვს პრობლემა ექნება, დამრიგებელს დავურეკო, შევხვდე, ფრთხილად გავუმხილო ჩემი შიშები და წუხილი; რომ თუ ჩემს შვილებს საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდებათ, უნდა დავეხმარო;  რომ განათლების აუცილებლობის შესახებ ბევრი უნდა ვესაუბრო და მათი სწავლის მოტივაციაც ყოველდღიურად ვკვებო იდეებითა და რესურსებით; რომ სკოლაში წასვლამდე ტანსაცმელი უნდა მოვუწესრიგო და პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო; რომ შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნო; რომ, როცა სკოლაში „და მი ბა რე ბენ“ უნდა მივიდე; რომ, თუ მასწავლებელს დააგვიანდება ჩემთან დარეკვა, მე თავად შევეხმიანო და ვკითხო – „რას შვრება ჩემი შვილი? როგორ სწავლობს? როგორ იქცევა? რა ნიშნებს იღებს?“

 

მე მშობელი ვარ და არ ვიცი, რა არის ამა თუ იმ თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები; არ ვიცი, რომ სკოლას თავისი გეგმაც აქვს –  სასკოლო გეგმა რომ ჰქვია. და არ ვიცი, რომ თითოეულ საგანში მისაღწევი სტანდარტიც არსებობს. არ ვიცი, ამა თუ იმ წლის ბოლოს რა შედეგებზე უნდა გავიდნენ ჩემი შვილები. და არც მეცოდინება, თუ ამის შესახებ თქვენ არ მეტყვით, მასწავლებლები. რადგან ეს თქვენი პროფესიაა, თქვენ ხართ ამ საქმის მცოდნეები. მე კი, თუ არაფერს მეტყვით ამ გეგმების შესახებ, ისევ ისე ვინერვიულებ, ვიშფოთებ, როგორც გასულ წლებში. ისევ შევიქმნი არაადეკვატურ მოლოდინს, ისევ ვიქნები თქვენით უკმაყოფილო და ისევ წავიყვან ჩემს შვილს რეპეტიტორთან, თუ მესამე კლასის ბოლოსაც არ ამეტყველდა გამართული ინგლისურით.

 

მე მშობელი ვარ და მგონია, რომ სკოლა განათლების მისაღებად არსებობს. ამიტომაც მომყავს ჩემი შვილები თქვენთან. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. ავტომატურად მომყავს, როგორც ყველა სხვას. მგონია, რომ სკოლა იმისთვისაა, რომ მისი დასრულების შემდეგ ჩემმა შვილებმა უმაღლესში გააგრძელონ სწავლა. მე არ ვიცი, რა არის სკოლის სხვა მიზანი. მე არ ვიცი, რომ არსებობს მთავრობის დადგენილი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. არ ვიცი, რა წერია ამ დოკუმენტში. შესაბამისად, არ ვიცი, რომ სკოლის მიზანი მხოლოდ ცალკეული საგნების სწავლება კი არ არის, ჩემი შვილებისა და მისი მეგობრების აღზრდა-განვითარებაა იმგვარად, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მათ შეძლონ კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება, შემოქმედებითობა, გუნდურად მუშაობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ახალი ღირებულებების შექმნა… მითხარით, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, სადაც გაწერილია სკოლის მიზანი. მითხარით, რომ მათემატიკისა და ქიმიის გარდა, სკოლაში ცხოვრება ისწავლება, ურთიერთობები, პრობლემებთან გამკლავება, სირთულეების გადალახვაც ისწავლება. მითხარით ეს, რომ მშვიდად შევხვდე ჩემი შვილების სასკოლო ყოველდღიურობას და თქვენთან ერთად დავუდგე მათ მხარში, როცა ეს დასჭირდებათ.

 

მე არ ვიცი, რა კანონები მოქმედებს სკოლაში. არ მახსოვს, რა წერია სკოლის შინაგანაწესში, რომელიც სადღაც, რომელიღაც სართულზეა გამოკრული იმ შენობაში, სადაც ჩემი შესვლის და დაყოვნების დრო შეზღუდულია და მკაცრად რეგულირდება. სიმართლე რომ ვთქვა, ისიც არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებაში, რომელიც სკოლამ გამიფორმა, რადგან ამისთვის დიდი ყურადღება არც მასწავლებლებს დაუთმიათ და არც მე. მე საერთოდ არ ვიცი, რომ სკოლას წესდებაც აქვს და მით უფრო ის, რაში სჭირდება სკოლას ეს დოკუმენტები. არც მეცოდინება, თუ თქვენ არ მეტყვით. მარტო კი არ მეტყვით,  ამიხსნით, რომ სკოლა ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი წესები და კულტურა აქვს და ამის დაცვა ერთნაირად მოგვეთხოვება, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის დირექციას.

მე არ ვიცი, რომ არსებობს მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სადაც ჩემს ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. გამაცანით ეს დოკუმენტები, რათა ჯანსაღი წარმოდგენა შევიქმნა თქვენზე, სკოლის თანამშრომლებზე და ვიცოდე, როგორია კარგი მასწავლებელი, კარგი დირექტორი, რას ითხოვს თქვენგან სახელმწიფო.

 

მე მშობელი ვარ და ვერასოდეს გავიგებ, რატომ არ უნდა მივაქციო ქულებს იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე ვაქცევ, რადგან არ ვიცი, რომ განმავითარებელი შეფასებაც არსებობს და ისეთივე ან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განმსაზღვრელი. ვკითხულობ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი. მართალია, არავინ მიშლის ვიკითხო: როგორია ჩემი შვილი იმ სივრცეში, სადაც არ ვარ? როგორ ურთიერთობს თანაკლასელებთან, პედაგოგებთან? შეუძლია გუნდური მუშაობა? ჰყავს მეგობრები? ავლენს კრიტიკულ აზროვნებას? როგორ გამოხატავს ემოციას, როცა იმარჯვებს ან მარცხდება? გავარკვიო, რამდენად იცნობთ ჩემს შვილს ან მე რამდენად ვიცნობ ჩემს შვილს, მაგრამ ეს ჩემთვის რთულია. რთულია, რადგან არ ვიცი, შემიძლია თუ არა ამ შეკითხვების დასმა სკოლაში და ნამდვილად არის თუ არა სწორი ადრესატი მასწავლებელი. აი, ქულებს კი ნამდვილად გავიგებ. მოკლედ მეტყვიან, მცირე დროში და მეც შემექმნება სტანდარტული წარმოდგენა ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ.

 

მე მშობელი ვარ და არ მაქვს დასაკარგი დრო, არ მინდა მივყვებოდე დინებას. ვხედავ, რომ სკოლას სჭირდება მშობლების თანადგომა. ვხედავ, რომ მშობლებს სჭირდებათ სკოლა.

მე მშობელი ვარ, რომელიც თქვენგანაც ვითხოვ მეტ კომუნიკაციას, მეტ ანგარიშვალდებულებას და მეც მინდა, დადებითი წვლილი შევიტანო ჩემი შვილების კეთილდღეობაში, რათა ათწლეულების შემდეგ, ჩვენ მშობლებმა და თქვენ მასწავლებლებმა თვალებში თამამად ჩავხედოთ შვილებს,  მოსწავლეებს და ვუთხრათ:

„ჩვენ ვცადეთ, იდეები გვქონდა, გავისარჯეთ, გამოგვივიდა, ჩვენ შევცვალეთ უკეთესობისკენ თქვენი ცხოვრება!“.

ჩვენ ბევრნი ვართ. დავინახოთ ერთმანეთი!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი