ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა წერის სწავლებისთვის

წერის სწავლება მარტივი არ არის. ალბათ, დაკვირვებიხართ, შეიძლება, ბავშვი ბევრს კითხულობდეს, მაგრამ წერა სულაც არ იყოს მისი ძლიერი მხარე. ისიც ადვილი შესამჩნევია, როგორც კი ამ მიმართულებით ბავშვთან მუშაობას ვიწყებთ, წინადადებები და სიტყვები მალევე ჩიტივით რომ იწყებს ფრენას.

მაინც როგორ უნდა ვასწავლოთ წერა?

ცნობილი მოსაზრება მახსენდება – თუ გვინდა, წერა ვისწავლოთ, ბევრი უნდა ვწეროთ.

პირადი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც სწორედაც რომ „ბევრ წერას“ უკავშირდება.

მეორე კლასი

სასწავლო წელი სრულდება, რაც დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს.

აღსანიშნავია პანდემიის გამო შექმნილი ვითარება – ბავშვებს რამდენიმე თვე შინ ყოფნა მოუწიათ. მშობლების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა სწავლება. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებმა, რომელთა მეცადინეობას მშობელი უზრუნველყოფდა, სკოლაში დაბრუნებისას სასწავლო პროცესს ადვილად აუწყვეს ფეხი, ხოლო ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ესწრებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებს, შესამჩნევად ჩამორჩნენ პროგრამას, თუმცა, სკოლის ჯადოსნური ძალა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა – ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლასის ყველა მოსწავლეს თანაბარ ტემპში  დაეწყო მუშაობა.

მრავალრიცხოვანი კლასისთვის შემცირებული საგაკვეთილო დრო ჩემს თავსატეხად იქცა. გადავწყვიტე, მთელი ძალისხმევა წერისკენ მიმემართა. წერენ, შესაბამისად, კითხულობენ კიდეც.

სათაური

წერას დღის სათაურის მოფიქრებით ვიწყებთ, რაც განწყობისა თუ მობილიზებისთვის ათვლის წერტილად იქცა.

საიდან დავიწყო? ორი თითი დავადო? – გეცნოთ, ალბათ, კითხვები, ხოშკაკალასავით რომ გვსეტყვავენ დაფასთან ჩამომდგარ მასწავლებლებს.

წერის სწავლების დაწყებით ეტაპზე მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი – რვეულში ორიენტირება, სასვენი ნიშნები, დავიწყებულ თუ დეფორმირებულ ასოებზე თვალთვალი.  გამოცდილებამ მიკარნახა, რომ აღელვებასა და ბრაზს აზრი არ აქვს. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ნელ-ნელა საერთო მდინარებაში მოაქცევს ყველას.

სათაური ერთგვარ გონებრივ იერიშადაც შეიძლება მივიჩნიოთ. სათაურად რა დავწეროთ? – მთელი კლასი ფიქრს იწყებს.

 

ჩანაწერები რამდენიმე წინადადებით

კლასის საერთო ჩანაწერი მშვენიერი აქტივობა აღმოჩნდა წერის სწავლებისთვის.

როგორი ამინდია? რას გრძნობთ? რა გესმით? რას ხედავთ? – ეს ოთხი კითხვა საკმარისია ჩანაწერისთვის. ჯერ ერთი, რომ კითხვები ფიქრის დასაწყებად სტიმულის მიმცემია, მეორეც, სამყაროზე დაკვირვებას იწყებენ. შემდეგ კი შესაფერისი სიტყვების შერჩევის, წინადადებების აკინძვისა და რვეულში გადატანის დრო დგება.

საერთო ჩანაწერი ამბად იქცევა. აბზაცის საჭიროებაც დგება და ბოლო ეტაპი უკუკავშირია – სათითაოდ მისვლა, დაკვირვება, განმავითარებელი შეფასების მიცემა.

ეს კლასის საერთო ჩანაწერია:

13 აპრილი

კლასში ნინო მასი შემოვიდა

          ღრუბლიანი დღეა. ინსტრუქციას დავაკვირდით. გაბომ „ცნობილი ხუთეული“ გაგვაცნო.

          რატომ არ ჩანს მზე?

შემდეგ დღეს გაკვეთილის ბოლოს ვთხოვე თავად დაეწერათ ჩანაწერი. თედოს რვეულში ასეთ რამეს ამოიკითხავთ:

          „მე ვაცემინებ. კლასში სიჩუმეა ძალიან მომწონს. ლელა მასწავლებელმა მუსიკა ჩაგვირთო. ძალიან გავმხიარულდით. ლელა მასწავლებელმა მწერლები დაგვიძახა“ .

ჩანაწერის დაწერა საშინაო დავალებად იქცა. ინსტრუქცია უკვე ნაცნობი და ადვილად აღსაქმელია. შინ ილუსტრაციის დახატვის დროც აქვთ.

ინდივიდუალური აზროვნების განვითარებისთვის კითხვების მოფიქრებას ვთავაზობ, მაგალითად, დაუსვით ერთი კითხვა კლასელს, მასწავლებელს ან საკუთარ თავს.

კარნახი – თვითშეფასება

წერითი აქტივობების ცვლილება განწყობას ამაღლებს. დროდადრო კარნახის ჩართვა წერის სწავლებისას მნიშვნელოვანია. კარნახისას სიტყვების მოსმენას, ბგერების ასოებად აღქმას სწავლობენ. გასათვალისწინებელია ემოციური ფონი, ვერგაგებისა თუ ვერმოსწრების შიში თვითშეფასებით ჩავანაცვლოთ – ვთხოვოთ, საკუთარი ნაშრომი ერთი წინადადებით თავად შეაფასონ. პირადად ჩემთვის, 90-იანი წლების მოსწავლისთვის, სიტყვა „კარნახი“ და „კითხვებზე პასუხი“ ნამდვილად არ უკავშირდება სასიამოვნო განცდებს. მთავარია, ბავშვს დასჯის შიში გავუქარწყლოთ და ზედაპირული დამოკიდებულებაც წარსულში დავტოვოთ.

წერილი

წერილი წერის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

თავდაპირველად საერთო წერილს ვწერთ. სათაური, მიმართვა, ძირითადი ტექსტი და დამშვიდობება – პირადი წერილის მახასიათებლებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეჩვევიან იმასაც, რომ მიმართვასთან მძიმე იწერება.

ჩემს დაბადების დღეზე წერილების მოწერა ვთხოვე. ყველაზე ძვირფას საჩუქრებად მექცა მათი აცაბაცა ასოებით გამოყვანილი სასიყვარულო სიტყვები, გულწრფელი აღიარებები, ნაჩქარევად გაკეთებული ილუსტრაციები. ბავშვების წერილებს თავი ბლოგზე მოვუყარე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, დაათვალიეროთ.

https://comreadspress.wordpress.com/2021/04/26/%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93/?fbclid=IwAR26Ea_NrMzkxCchmXHi4hqEEVWYchciMtwGU-HjU3v1bh2FwkqXs

სამსტრიქონიანი ლექსი

დროდადრო ჟანრს ვცვლით. ერთ სტროფს დაფაზე ვწერ და რვეულში იწერენ. ამასაც დიდი ალიაქოთი მოჰყვება ხოლმე. ჯერ კიდევ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ხშირად ინდივიდუალური მითითება სჭირდებათ იმისთვის, რომ სტრიქონი ველიდან დააშორონ. რომ მგონია, ყველაფერი იდეალურადაა და თავჩახრილები გამალებით მუშაობენ, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ლექსის სტროფი ზოგს გაბმულ აბზაცად გადაუწერია. შემდეგ ჯერზე იმ ბავშვებს განსაკუთრებით ვუთვალთვალებ, რომელთაც რვეულის სივრცეში ორიენტირება უჭირთ და კალამს კურსარეული გემივით მიაცურებენ ფურცელზე.

გაკვეთილის თემა გადამფრენ ფრინველებზეა. გახსოვთ, იაკობ გოგებაშვილი როგორ წერს მათზე?

„შოშია ლამაზი ფრინველია, მეტად ცქვიტია და მხიარული ხასიათისაა. მისი პირი დილიდან საღამომდე არ დადგება, სულ ყბედობს, გალობს, უსტვენს, ტრიალებს, ცელქობს. რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს კაცი, შოშია დარდს უქარვებს; თავისი მხიარულებითა და სიცოცხლით სავსე მოძრაობით ყოჩაღად იყავიო.“ – ვუკითხავ ამონარიდებს და თვალები უთბებათ. ასი წლის წინ დაწერილი წინადადებები ჰაერში ლივლივებს. განსაკუთრებით მოსწონთ სიტყვა „უქარვებს“. ნუცა  ამბობს, როცა თქვენ ახსენეთ  „უსტვენს“, ჩიტი ეზოში სწორედ მაშინ აჭიკჭიკდაო.

შემდეგ შიო მღვიმელის „შოშიას“ ვკითხულობ. პირველ სტროფს დაფაზე ვწერ და რვეულში იწერენ.

მეც ვეგებები გაზაფხულს

ფრთების ქნევით და სტვენითა,

ვახარებ დიდს და პატარას

მის მოსვლას ტკბილის ენითა.

ძალიან  მოსწონთ პირველ პირში ალაპარაკებული ლექსი. ბოლოს სამსტრიქონიანი ლექსის შექმნა გადავწყვიტეთ. სათაურად, იაკობ გოგებაშვილის გავლენით, სიტყვა „ცქვიტი“ შეურჩიეს. ცხადია, ამ ეტაპზე მე ვაძლევ ბიძგს, მაგრამ სიტყვების „დალაგებაში“ მეხმარებიან. ამ ეტაპზე სამსტრიქონიან ლექსს დამოუკიდებლად ვერ დაწერენ, ამიტომ ბოლო სტრიქონის  მოფიქრებას ვთავაზობ.

ცქვიტი შოშია

კოხტა, ცელქი, ცქვიტი,

გალობს, ყბედობს, უსტვენს,

ეს საერთო ძალებით დაწერილი სათაური და ორი სტრიქონია. ბავშვების მოფიქრებულ სტრიქონები კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს ლექსს:

ნუცა:        „შოშია, რატომ ხარ მოუსვენარი?

გაჩერდი, ცოტა დაისვენე.“

ბარბარე:     „მოდი ჩემთან, შოშია, უნდა გაჭამო.“

რეკლამა

წერითი აქტივობების მონაცვლეობა ხალისიან განწყობას ქმნის. რეკლამის შექმნამ ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული გაკვეთილი გვაჩუქა. მთელი წლის განმავლობაში ვკითხულობდით ლელა ცუცქირიძის წიგნს „ატუსა და მატუსა“. ერთი წიგნის კითხვა გვაერთიანებს. ამას ვეჭიდები და პატარა გულების მონადირებას ადვილად ვახერხებ. რა უნდა ქნას ერთმა მასწავლებელმა, თუკი ბავშვების თვითგამოხატვის სურვილები წალეკვით ემუქრება? იმ დღეს ნუცას დაბადების დღე იყო. ამიტომ წინადადებების მოფიქრება მას ვთხოვეთ, ცოტა ჩვენც დავეხმარეთ. წიგნის რეკლამა ამგვარი გამოვიდა:

„ ეს არის საბავშვო წიგნი. შეიძინეთ! აქ მეგობრობა და სასაცილო ეპიზოდებია“.

შემდეგ ინდივიდუალურად დაწერეს პირადი ნივთების რეკლამა.

„შეიძინეთ საყურე! ის ბრჭყვიალებს! თან როგორ“ – ეს ლიზის რვეულში ვიპოვე. ხომ არ გაგიჩნდათ ლიზის ბრჭყვიალა საყურის ყიდვის სურვილი?

ერთი წინადადება

მცირე საგაკვეთილო დრო და მოსწავლეთა სიმრავლე კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება, თუმცა სიტუაციას ვერგები. ერთი წინადადებით საკუთარი აზრისა თუ ვარაუდის გამოხატვა მშვენიერი გამოსავალია.

„ჩემი აზრით“- ეს ორი სიტყვა ყოველდღიურად უნდა ხმიანდებოდეს გაკვეთილზე, რადგან საკუთარი აზრის გამოხატვა მოაზროვნის აღსაზრდელად უაღრესად მნიშვნელოვანია, ამასთანავე, დროსაც ვიგებთ და წინადადების აწყობასაც ეჩვევიან.

ილუსტრაცია

საშინაო დავალებების ინსტრუქციაში ბოლო პუნქტად ხშირად არის ილუსტრაციის დახატვა.  ხატვა ვიზუალური გამოსახვის, თვითგამოხატვის, ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალებად იქცა. ვათვალიერებ ბავშვების რვეულებს და ნახატები სიტყვების ფონად მათი განწყობისა და ხასიათზე დაკვირვებისკენ მიბიძგებს. ალაგ-ალაგ იგრძნობა მშობლის გულმოდგინე დახმარების კვალიც, რაც  ბავშვის ხასიათს ფარავს.

რედაქტირება

ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს მეორეკლასელის რვეულში ჩანაწერის დატოვება. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. გაიხსენეთ, ბოლოს როდის იტირეთ. ახლა წარმოიდგინეთ, მასწავლებლის მიზეზით ატირებული მოსწავლე. გაფიქრებაც კი მზარავს. არასწორი უკუკავშირი შეიძლება დიდ გულისტკივილად, მოუშუშებელ ტრავმად გადაიქცეს.

პირველი ნაბიჯი საკუთარი ნაწერის ხმამაღალი კითხვაა. ეს დავალების ინსტრუქციაშიც ერთ-ერთი მუდმივი პუნქტია. როდესაც მოსწავლე კლასის წინ კითხულობს, ვთხოვ, თავად დააკვირდეს, სად ყოვნდება და მერე ერთად ვმსჯელობთ და ვარჩევთ სასვენ ნიშნებს. მიმართვასთან რომ მძიმე დაისმის, პირადი წერილის წერისას დაიმახსოვრეს. ამ ეტაპზე მძიმის აღქმა და გააზრება რთულია მათთვის, ამიტომ ძირითადად დასრულებულ აზრზე (წინადადებაზე) ვამახვილებთ ყურადღებას. კითხვისა და ძახილის ნიშნებსაც ადვილად აუღეს ალღო.

მათ ნაწერში იკვეთება ფონეტიკური ხარვეზები, რის გამოც დროდადრო ვუბრუნდები ბგერებისა და ასოების სამყაროს.

ვცდილობ, სტილს არ შევეხო. ვფიქრობ, როგორც აზროვნებენ, ისე წერენ და სწორედ ეს ანიჭებს მათ ნაწერს დადებით ენერგეტიკას – ჯერ რომ ძალიან გულწრფელები არიან, ჯერ რომ მკითხველზე არ ფიქრობენ.

კალიგრაფია სწრაფი წერის გამო ხშირად ეცვლებათ. ასოების უმრავლესობა შინ ისწავლეს, რაც დიდ თავსატეხად იქცა.  მითითებები სჭირდებათ კონკრეტული ასოების „გამოსასწორებლად“, თუმცა კალიგრაფიაზე  დიდი ყურადღების გამახვილება დაბალი თვითშეფასების წინაპირობაა.

განმავითარებელ კომენტარებს შეცდომებზე მისათითებლად ვიყენებ. ამის შესახებ ცალკე სტატიაში გიამბობთ.

უკუკავშირი

  • რვეულები მომიტანეთ, შეგიმოწმებთ და დაგიბრუნებთ!
  • იმედია, დაგვიბრუნებთ! – დღევანდელი დიალოგი ჩემსა და მეორეკლასელ გაბრიელს შორის ამგვარი იყო. ერთი გაკვეთილი მყოფნის მათი ნაწერების წასაკითხად და კომენტარების დასაწერად. ადრე ყველაზე მეტად რვეულებთან ურთიერთობა მთრგუნავდა. დაწყებითი კლასის მასწავლებლობისას კი დღის რუტინის საყვარელ მონაკვეთად მექცა.

უკუკავშირი ჰაერივით მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ვერ ვასწრებ რვეულების დაბრუნებას. დღეს გულში ჩახუტებული რვეულებით მისულს კლასი ცარიელი დამხვდა. თამარის წინადადება ამეკვიატა და მოსვენებას არ მაძლევდა: „მე ვგრძნობ სუნთქვას“. – დღის ჩანაწერში დაუწერია.

ფერადი კალმები, სტიკერები, ბრჭყვიალა წებოვანი ლენტები – ყველაფერი აღაფრთოვანებთ და ახარებთ, თან დამოკიდებულება – ფიქრი და ზრუნვა სხვაზე – მათ ქვეცნობიერში ილექება.

გაკვეთილზე რამდენჯერმე მიწევს თითოეულ მოსწავლესთან მისვლა. ძალიან მიყვარს ეს პროცესი – ცარიელ ფურცელზე წინადადებებს რომ მახვედრებენ ხოლმე. პირველი ეტაპი „ჩამოვლაა“, წერს თუ არა ყველა ან გაიგეს თუ არა დავალების ინსტრუქცია. გაკვეთილის დასრულებისას მოაფრიალებენ ხოლმე რვეულებს – ყველას სჭირდება შექება, წახალისება.

კიდევ რა შემიძლია?

დღეს ჩემმა კოლეგამ, ნინო მასწავლებელმა, მიამბო, მეორე კლასში ბავშვებს საკუთარი ოცნების შესახებ დავაწერინე, შენახული მქონდა და ბოლო ზარზე წავუკითხეო.  მეც გამიჩნდა ნინო მასწავლებლის მიბაძვის სურვილი – მეორეკლასელი ბავშვების ოცნებების შენახვისა.

კიდევ რა შემიძლია? – გამუდმებით ვეკითხები საკუთარ თავს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მეორეკლასელებისთვის დამახასიათებელი დიდი გულწრფელობის კრიტიკული აზროვნების უნარად და შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნისთვის მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო.

მოკლედ შეჯამებული პრაქტიკული დაკვირვებანი ამგვარია:

შევთავაზოთ მრავალფეროვანი წერითი აქტივობები; ხმამაღლა გავაჟღეროთ, როგორ ვფიქრობთ, როგორ ვარჩევთ სიტყვებს, აზრებს წინადადებებისთვის; ვწეროთ ყოველ გაკვეთილზე, თუნდაც ერთი წინადადება; გაკვეთილზევე დავაკვირდეთ ბავშვს წერის პროცესში; ვიმეგობროთ მათ რვეულებთან – განმავითარებელი კომენტარებით ბავშვებთან ინდივიდუალი ურთიერთობები გავაბათ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი