პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ტაოს, სიყვარულით

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ეს პოსტი. იქნებ ჯობდა, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან” მომეყვანა ერთ-ერთი ის აბზაცი, მტანჯველ საზეპიროებად რომ გვიხაზავდნენ სკოლაში; იქნებ რომელიმე ნაკლებად ცნობილი წიგნიდან ციტატის მოშველიება ყოფილიყო უფრო ეფექტური. ბოლოს გადავწყვიტე, უბრალოდ მეთქვა თქვენთვის, რომ ერთი კვირაა ვფიქრობ, როგორ დავწერო ტაოზე, უფრო სწორად, ტაოს მცირე ნაწილზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე და, ჩემდა სამარცხვინოდ, ვერაფერი მოვიფიქრე განსაკუთრებული.

ბავშვობაში არაფერს მაძალებდნენ, არც სწავლას, არც კითხვას, არც რომელიმე კონკრეტული სფეროსკენ მიბიძგებდნენ დიდად. უბრალოდ, არაპირდაპირი გზებით მეხმარებოდნენ, რომ ახალ-ახალი სასწაულები თავადვე აღმომეჩინა. ასე გაჩნდა ჩემი სამეცადინო მაგიდის წინ, ერთი შეხედვით, უცნაური რუკა, რომელზეც მხოლოდ ქართული ისტორიული ძეგლები იყო აღნიშნული. მათემატიკის ამოცანებით თავმობეზრებული, წუთშესვენებისას თავს მაღლა ვწევდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ათასჯერ წაკითხულ წარწერებს: იშხანი, ხახული, ხანძთა, ბანა, პარხალი… მერე – ისევ თავიდან.

რეალურად, ჩემი მოგზაურობათა სერია გაცილებით შორიდან დაიწყო – ევროპის ჩრდილოეთიდან – და მოგზაურთა ღვთაებამ უფრო ადრე გუანაჰუატოს ფერად სახლებსა და აფრიკის მოსაზღვრე ზღვებთან მიმიყვანა, ვიდრე ტაო-კლარჯეთში. იქ წასვლაში კი ხან დაღლილობა მიშლიდა ხელს, ხან მოუცლელობა, ხანაც, უბრალოდ, თავმოუბმელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში განსაკუთრებით ბანას ნახვაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ზოგჯერ კარგა ხნის უნახავი, შორეული ნათესავივით მახსენებდა თავს, ტაოს გზას ვერაფრით დავადექი. მეც სხვებივით შორიდან ვწუხდი, როცა ვინმე იტყოდა, რომ ოშკი ინგრევა, რომ იშხანს ყოველდღე ახალი ბზარები უჩნდება, მაგრამ თურმე თვითონ უნდა ნახო, რომ მიხვდე, რა მტკივნეული სიტყვაა „ინგრევა” და როგორ შეუძლიათ ქვებს, ადამიანივით შეგაყვარონ თავი.

ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს რომ ჰკითხოთ, არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლებიც ყოველ წელს უნდა ნახო და ერთი მათგანი ტაო-კლარჯეთია. წელს მე და ჩემი მეგობრები სწორედ გოგას დამსახურებით აღმოვჩნდით ტაოში. ახლა ვხვდები – არც ისე ძნელი ყოფილა, უბრალოდ, გადაწყვიტო, შენი ჭკუის ერთი-ორი ადამიანი აიყოლიო და წახვიდე, აი, ასე, ადგე და წახვიდე, თუნდაც ორი დღით, თუნდაც სუსხიან ამინდში, დრო მოაკლო ძილს და ყავის სმას და ორ დღეში იმდენის ნახვა მოასწრო, სხვა დროს რომ ერთ კვირაზე გაანაწილებდი.
ჩვენი მოგზაურობა იშხნით დაიწყო. სასწაულია – ხრიოკ მთაზე ადიხარ, გგონია, უფრო მაღლა ცაა და სხვა არაფერი და უცებ აღმოაჩენ, რომ ცასა და უდაბნოს შორის პატარა სოფელი გამოკიდებულა, მოღიმარი ადამიანებით, კლდეზე გადამდგარი ჩაიხანით და… უძველესი ეკლესიით.


*ოშკი

ჩვენივე უსაფრთხოების დასაცავად იშხანში არ შეგვიშვეს. თურქები ცდილობენ, ძეგლი როგორმე გაამაგრონ. ჭიშკართან ვდგავართ და გუმბათს ავცქერით. ხვეწნა-მუდარას აზრი არა აქვს, თუმცა ჩვენზე ადრე მისული მეორე ქართული ჯგუფის წევრები არ ნებდებიან და ცდილობენ, მუშებს აუხსნან, რომ „ეკლესია ჩვენი მამა-პაპის აშენებულია” და შესვლას ვერავინ დაგვიშლის. თუმცა წესი წესია. ჩვენ, ეს, რა თქმა უნდა, გვესმის და უკან ვბრუნდებით. გზაში ბავშვები გვხვდებიან და ცდილობენ, ინგლისურად გამოგველაპარაკონ. გოგას ასეთი ტრადიცია აქვს – როცა ტაოში მიდის, იქაური ბავშვებისთვის ქართული შოკოლადები მიაქვს. „ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ საქართველოს ახსოვს ტაო-კლარჯეთი”, – ამბობს გოგა. მე არ ვიცი, ხვდებიან თუ არა ბავშვები მის ჩანაფიქრს, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მათთვის შოკოლადის დარიგება ძალიან სასიამოვნო პროცესია.


*ოთხთა

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ იმის მოყოლას, როდის და როგორ აშენდა ტაოს ქართული ძეგლები, არც ჩემი ემოციების აღწერით მინდა შეგაწყინოთ თავი. უბრალოდ, ვცდილობ მოგანდომოთ, წახვიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ ოშკის გამურულ კედლებზე შემორჩენილი ნაქარგობა, სვეტებს თვალი ააყოლოთ და აღმოაჩინოთ, რომ აქ ცა სულ სხვანაირია, ცა, რომელიც ოშკს გუმბათის ნაცვლად ადგას. ვცდილობ გიბიძგოთ, ესტუმროთ ოთხთას და მეგობრისგან, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ, თავად მოისმინოთ სევდიანი ისტორია მეფის ასულ თამარზე, რომელმაც თმა მოიჭრა და გაყიდა, რომ ოთხთა ეკლესიის მშენებლობა დაესრულებინა. რას ვიზამთ, ქართული ლეგენდები ასეთია – ჩვენთან ხომ ყველა მეფის ასულს თამარი ჰქვია და თვით სამეფო ოჯახიც ისეთივე ღარიბია, როგორიც მისი ქვეყანა. ვცდილობ, როგორმე გადმოვცე, როგორია ხახულის ნაწვიმარი ეზოს სურნელი და შესასვლელში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მზერა, რომელსაც სინამდვილეში თვალები სულაც არ უჩანს. ჰო, მართლა, ხახულში რომ მიხვალთ, თუ დაკეტილი დაგხვდეთ, იქვე, სოფელში, ხოჯა ოსმანი მოიკითხეთ – გასაღები მას აბარია. აუცილებლად გაგიღებთ კარს და მეჩეთად ქცეულ ხახულში შეგიძღვებათ.


*ბანა

ბანა კი… ბანა, რომელიც ვნახე, საერთოდ არ ჰგავს ჩემი ბავშვური გონების წარმოდგენილს. ის დგას ტრიალ მინდორზე, წელში გადაჭრილი, გული საკუთარი ნანგრევებით ამოვსებია, დგას და თითქოს არაფერს ელოდება.

ტაოს ძეგლების დანახვისას ერთი ამბავი გამახსენდა: შარშან, ნეპალში მოგზაურობისას, ჩემმა მეგობარმა თურმე გაკვირვებით აათვალიერა უცნაური, თითქოს ჰაერში გამოკიდებული შენობები და დათო ტურაშვილს მიუბრუნდა: „კი მაგრამ, დათო, რაზე დგას ეს სახლები?” დათოს გაეღიმა: „სიყვარულზე, მარიკა, სიყვარულზე!” ჰოდა, მეც მგონია, რომ ეს კედლებიც, ეს გახსნილი, ქარისა და წვიმისგან ნარეცხი კედლები, მთელი ტაო-კლარჯეთი, რომელიც არავინ იცის, როგორ უძლებს საუკუნოვან ტკივილებს, სიყვარულზე დგას, ჩვენს შორეულ, მაგრამ გულწრფელ სიყვარულზე.  


*იშხანი

*გოგა ჩანადირის ფოტოები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი