პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დაუსრულებელი მოთხრობა, როგორც საკორექციო მუშაობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ადამიანის განვითარებაში. სწორედ ამ დროს ხდება ისეთი ცვლილებები და თან ისეთი ტემპით, რომლის მსგავსსაც ადამიანის განვითარების ვერცერთ ეტაპზე ვერ შევხვდებით. სასკოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესი. თუ ეს პროცესები არასწორად წარიმართა და აღმზრდელთა მიერ შეცდომები იქნა დაშვებული, მომავალში ამ შეცდომების გამოსწორების ყველანაირი მცდელობა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

 

სკოლა საკმაოდ სპეციფიკური სასწავლო დაწესებულებაა, მისი მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს ბავშვებისთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა. ეს ფაქტი ეროვნული სასწავლო გეგმით, მასწავლებლის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტითაც კარგად დასტურდება. მასში ხაზგასმით არის მითითებული, რომ სკოლის მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოზარდებში გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ასე, რომ სწორად და ეფექტიანად წარმართული სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეძლოს სამი პროდუქტის მიღება – ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები.

 

პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის ინტენსიურად მიმდინარეობისას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მოზარდში ღირებულებების და განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნვას. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ და სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს. ხშირად საჭირო ხდება ბავშვის ქცევაში, მის ღირებულებებსა და განწყობა-დამოკიდებულებებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კორექციული მუშაობის ჩატარება. ასეთი მუშაობის ეფექტიანობა უპირველეს ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მეთოდებს და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. როგორც წესი, ასეთ დროს უფროსები – პედაგოგები და მშობლები ან სჯიან ბავშვს თავიანთი „უსაქციელობის“ გამო, უწესებენ სხვადასხვა სახის აკრძალვებს, ან უტარებენ „სააღმზრდელო“ საუბრებს და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ კარგი ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ის მოიქცა. დასჯა, როგორც წესი, არათუ სასურველი მიმართულებით ქცევის კორექციის საშუალებას არ გვაძლევს, არამედ უფროსებსა და მოზარდს შორის კონფლიქტების აღმოცენების მიზეზიც კი ხდება, რაც, ბუნებრივია, ახალი პრობლემების წინაშე გვაყენებს. რაც შეეხება „სააღმზრდელო“, ჭკუისდამრიგებლურ და მენტორული ტონით წარმართულ საუბრებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მოვლენების განვითარების ორ ვერსიაზე გავამახვილოთ ყურადღება – არიან ბავშვები, რომლებიც ასეთი საუბრის დროს, განსაკუთრებით თუ ის ხმააწეული ტონით და საყვედურებით მიმდინარეობს, ხდებიან აგრესიული, ბრაზობენ, გადადიან თავდაცვის პოზიციაში და ცდილობენ, ყველა დაარწმუნონ, რომ მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, ძალიან კარგები არიან, მაგრამ გარშემომყოფები ვერ უგებენ. ბავშვების მეორე კატეგორია თავჩაღუნული, მორჩილად ისმენს ასეთ საუბრებს, თითქოს აღიარებს კიდეც მის მიმართ წაყენებულ „ბრალდებებს“, შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს, მაგრამ არაფერს ცვლის და ფარულად ყველაფერს ისევ ისე აკეთებს, როგორც აკეთებდა. განსაკუთრებით სითამამეს და გამბედაობას მაშინ ამჟღავნებს, თუ უფროსებს მის ქცევაზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ.

 

ვფიქრობ, ადვილი მისახვედრია, რომ როგორც დასჯა, ასევე „ჭკუისდამრიგებლური“ საუბრები ბევრს ვერაფერს ცვლის მოზარდის ქცევაში. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უფროსები პირდაპირ ზემოქმედებას ცდილობენ ბავშვზე, ბრალს სდებენ უსაქციელობაში და გამოსწორებისკენ მოუწოდებენ მას. მოზარდების უმრავლესობა ამ დროს თავდაცვის პოზიციაშია და ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს საკუთარი ქცევა.

 

სულ სხვა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მსგავს სიტუაციაში საკორექციო მუშაობის არაპირდაპირ მეთოდებს გამოვიყენებთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საკითხის განხილვას ვცდილობთ არა იმ ბავშვის ქცევის ანალიზი საფუძველზე, ვისზე ზემოქმედების მოხდენასაც ვცდილობთ, არამედ სხვა, სრულიად უცხო ბავშვის ცხოვრების ამა თუ იმ მონაკვეთის ისტორიას ვაცნობთ და მომავალში მის სავარაუდო ქცევაზე ვსაუბრობთ. ასეთ დროს, ბავშვი, ეცნობა რა სხვის ქცევას, ქვეცნობიერად მის პროექცირებას საკუთარ თავთან ახდენს, რაც ცვლილებების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, მოვიყვან ერთ შემთხვევას ჩემი პრაქტიკიდან. წლების წინ მეხუთე კლასის ხელმძღვანელი აღშფოთებას და ბრაზს ვერ მალავდა იმის გამო, რომ მისი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, სახელად გიორგი ისე უხეშად, აგრესიით ელაპარაკა სკოლაში მოსულ ბებიას, რომ საბრალო ქალმა ტირილი დაიწყო. როგორც კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი ინიციატივით გიორგის ქცევა თანაკლასელების ჯგუფში განხილვის თემად იქცა. როგორც მასწავლებელი, ასევე ბავშვები ადანაშაულებდნენ გიორგის და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ის კი ყველას არწმუნებდა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. რადგან ამ კლასთან შეხვედრა ხშირად მიწევდა, გადავწყვიტე ჩავრეულიყავი საქმეში, ოღონდ ისე, რომ გიორგის ქცევა კლასში განხილვის და ანალიზის საგნად არ მექცია. აღნიშნულ კლასთან მუშაობის დროს ხშირად ვიყენებდი მოთხრობის სახით მომზადებულ ჩემ მიერ შეთხზულ დაუმთავრებელ ისტორიებს, ვუკითხავდი და ვთხოვდი, მოეფიქრებინათ მოთხრობილი ამბის სავარაუდო დასასრული, დაეწერათ და შემდეგ თავისი ვერსიები თანაკლასელებისთვის გაეცნოთ. ამ ისტორიების თემატიკა, როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან დაფიქსირებულ პრობლემებს ეხებოდა. ამჯერად ბავშვებს შევთავაზე დაუსრულებელი მოთხრობა მათი თანატოლი ბიჭუნას, გიგას შესახებ. მოთხრობის შინაარსი ასეთია:

 

„ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა, პატივს სცემდი, თურმე ის არ ყოფილა, ვინც გეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გიგაზე ვაჟკაცური ბიჭი ქვეყნად არ დაიარებოდა, მასზე კეთილი და სამართლიანი არავინ იყო. ყველა გოგონა მოხიბლული იყო გიგას ვაჟკაცობით, კეთილშობილებით და სიმპათიას ვერ მალავდნენ მის მიმართ. მეც მათ შორის ვიყავი და ძალიან მეამაყებოდა, რომ გიგა გამორჩეულად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო ჩემ მიმართ. თავს ბედნიერად ვთვლიდი, რომ ასეთი ვაჟკაცური ბიჭი ჩემთან მეგობრობის სურვილს ყველას თანდასწრებით გამოხატავდა. გოგონები შურით ივსებოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, გიგას ყურადღება მიეპყროთ. თუმცა, ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რომ სრულიად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა გიგაზე. რადგან მე და გიგა მეგობრები ვიყავით, ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს ოჯახში – ხან გაკვეთილებს ვამზადებდით ერთად, ხან სხვადასხვა თამაშს ვთამაშობდით. იმ დღესაც გიგასთან ვიყავი სტუმრად – გადავწყვიტეთ საკონტროლო წერისთვის ერთად მოვმზადებულიყავით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, გიგა ჩვეულებისამებრ ზრდილობიანი და თავაზიანი იყო, თუმცა, როცა ოთახის კარი გაიღო და გიგას ბებია ხელში ნამცხვრით სავსე თეფშით გამოჩნდა, ყველაფერი უეცრად შეიცვალა. „ბებო გენაცვალოთ, იქნებ ჯერ ნამცხვარი გაგესინჯათ, საგანგებოდ თქვენთვის გამოვაცხვე“ – მოხუცი საოცრად თბილი და ალერსიანი თვალებით გვიყურებდა და ნამცხვრით სავსე თეფშს გვიწვდიდა. მე გიგას გავხედე და თავზარი დამეცა. ის ისეთი განრისხებული სახით უყურებდა საკუთარ ბებიას, თითქოს მის წინ დაუძინებელი მტერი მდგარიყოს. „რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემს ოთახში არ შემოხვიდე და არ შემაწუხო, არ მჭირდება მე შენი გამომცხვარი ნამცხვარი“ – განრისხებული გიგა ადგილს ვერ პოულობდა. მოხუცი უკანმოუხედავად ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან. მე გაოგნებული შევყურებდი გიგას – ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა. ცოტა ხანში გიგა ისევ ზრდილობიან და თავაზიან ბიჭად გადაიქცა. ის შეეცადა კვლავ გაეგრძელებინა მეცადინეობა, მაგრამ მე ვეღარ შევძელი ეს, უცბად წამოვდექი, მოვიმიზეზე, რომ სახლში მელოდებოდნენ და სასწრაფოდ გამოვედი გიგას ბინიდან. მივდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი რა ადვილად შეიძლება შეცდე ადამიანში. როგორ შეიძლება თავაზიანი, ზრდილობიანი და ვაჟკაცური იყოს ადამიანი, რომელიც მისთვის ახლობელ ადამიანს, მით უმეტეს ბებიას, ასე უზრდელად ექცევა. ნეტავი თუ მიხვდა გიგა, რომ მასთან მეგობრობაზე უარის თქმას ვაპირებ……..“.

   ტექსტის მოსმენის შემდეგ ბავშვებმა დაიწყეს ფიქრი მოთხრობის სავარაუდო გაგრძელებასა და დასასრულზე და ნაფიქრის ფურცელზე გადატანა. ყველა, მათ შორის გიორგიც გატაცებით და გულდასმით მუშაობდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მან მთხოვა, რომ პრეზენტაციები მისი ნამუშევრის გაცნობით დაგვეწყო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გიორგიმ მოსმენილი ისტორიის შემდეგი სავარაუდო გაგრძელება შემოგვთავაზა:

 

„გავიდა რამდენიმე დღე. გიგა მიხვდა, რომ მისმა საქციელმა მეგობარი ძალიან გაანაწყენა, რადგან ის მუდმივად გაურბოდა მასთან ურთიერთობას. ერთ დღეს გიგამ კვლავ შესთავაზა მეგობარს, რომ ერთად ემეცადინათ მათემატიკა მასთან სახლში. ის დათანხმდა. ოთახში შესვლისთანავე ბებიას, რომელიც ღიმილით შეხვდა ბავშვებს, გიგამ სთხოვა, რომ თუ ძალიან არ შეწუხდებოდა მათთვის ის ნამცხვარი გამოეცხო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. გიგა სიყვარულით სავსე თვალებით, გაღიმებული ესაუბრებოდა ბებიას. მეგობარს ძალიან მოეწონა გიგას საქციელი და არც კმაყოფილება დაუმალავს. ამის შემდეგ მათ კვლავ ძველებურად გააგრძელეს მეგობრობა“.

 

  ძალიან მაინტერესებდა ამ ყველაფრის შემდეგ თავად გიორგი თუ შეცვლიდა რაიმეს საკუთარ ბებიასთან ურთიერთობაში. ამ მიზნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი სკოლაში მოსული ბებიისა და გიორგის ურთიერთობას. უნდა ითქვას, რომ საყურადღებო და საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. თავად ბებიამ კი ერთხელ საუბარში კმაყოფილება ვერ დამალა შვილიშვილში მომხდარი უცნაური ცვლილებების გამო – „ჩემი გიორგი სანატრელი ბავშვი გახდა. თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. როგორც ჩანს, გაიზარდა და დაჭკვიანდა“.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ზემოაღნიშნული მუშაობის ჩატარების დროს:

 

  • გამოყენებული დაუსრულებელი მოთხრობა უნდა ეხებოდეს იმ პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ, თუმცა, ზუსტად არ უნდა ასახავდეს მას, იმისათვის, რომ ბავშვმა მასში საკუთარი თავი არ ამოიცნოს;
  • მოთხრობაში აქცენტები უნდა კეთდებოდეს კონკრეტული ასაკისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზე, ფასეულობებზე, იმაზე, რისი შეუსრულებლობაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მოზარდის კეთილდღეობას, სიმშვიდეს. მაგ. უკვე მეხუთე კლასიდან ბავშვებისთვის ყველაზე საგანგაშო მეგობრის კეთილგანწყობის დაკარგვაა. ამის თავიდან აცილების მიზნით მან შეიძლება ბევრი ისეთი რამ გააკეთოს, რასაც ვერანაირი სასჯელი და უფროსების ვერანაირი ჭკუისდამრიგებლური საუბარი ვერ გააკეთებინებდა. ზემოაღწერილ სიტუაციაში სწორედ მეგობრის დაკარგვის საფრთხემ გიორგის ქცევა შეაცვლევინა;
  • მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ნუ შევეცდებით, გავაანალიზებინოთ ბავშვებს მოსმენილი, სანამ ისინი ისტორიის გაგრძელების საკუთარ ვერსიებს არ მოამზადებენ. ნუ მოვთხოვთ ბავშვს, გვიპასუხოს ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა, მაგ: „შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაში“; „შენ თუ გააკეთებდი მსგავს რამეს“. ასეთი შეკითხვები მნიშვნელოვნად შეამცირებს არაპირდაპირი ზემოქმედების ეფექტს;
  • დისკუსიის დროს ნუ დავუკავშირებთ განხილულ ისტორიას იმ პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ. ეს ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს ჩვენი ზედმეტი მინიშნებისა და ჩარევის გარეშე;
  • გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური რეცეპტი, ხერხი, მეთოდი, საშუალება, რომელიც ბავშვის ქცევაში დაფიქსირებულ ნებისმიერ სირთულეს უპრობლემოდ დაგვაძლევინებდა. ყოველ კონრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მეთოდის გამოყენება იქნება ეფექტიანი. მართალია, ზემოაღნიშნულ სიტუაციაში გამოყენებულმა მეთოდმა ეფექტიანად იმუშავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში ეს ხერხი ზუსტად ასეთივე შედეგის მომტანი იქნება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არაპირდაპირი საკორექციო მეთოდები ბევრად უფრო სწრაფ და უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ბავშვის ქცევაზე, მის პიროვნებაზე პირდაპირი ზემოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ბავშვთან დაკავშირებული დაუძლეველი პრობლემა. მთავარია საკორექციო მუშაობის სწორად დაგეგმვა, ბავშვის ასაკის, ინტერესების, შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრა და მუშაობის მეთოდების აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩევა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი