შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

საუკუნის წინ, ერთ პატარა კაფეში რამდენიმე ახალგაზრდა ღვინოს სვამდა. მაშინ ყოველ საღამოს ასე იყო – შეიკრიბებოდნენ ხოლმე, პოეზიის ღმერთს ადიდებდნენ, შარლ ბოდლერის სადღეგრძელოს იტყოდნენ, ქუჩაში ხმაურით გამოვიდოდნენ და საკუთარ ბინებს მიაშურებდნენ. ეს ბინები ან ნაქირავები იყო, ანაც ნათესავისგან ნათხოვარი. მაგრამ იყო და რაც მთავარია, თბილისში. თბილისის მაგიაც ეს არის. თბილისი შემკრებია.  ამ ხალხმა საკუთარი ,,ცისფერი ყანწები” უძველეს და დიდებულ ქუთაისში დააარსა. უმეტესობა იმერეთიდან გახლდათ, მაგრამ არჩევანი ისევ თბილისს ეკუთვნოდა. როგორც ადრე და არაერთგზის.

თბილისი აბოს ქალაქია – დიდი თავგანწირვისა და სიმტკიცის.

თბილისი რუსთაველის ქალაქია. ის კი არ ვიცით, თვითონ შოთას რა აკავშირებდა თბილისთან, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსნის” პროლოგი კი ნაღდად თბილისია, იმ ამბით, რომ სამყარო ,,უთვალავი ფერითა” გვაქვს.  ეს ქალაქი კიდევ ამ მრავალი ფერისაა – ეთნოსის, რელიგიის, განწყობის, ენის. აქაც შემკრებია და საუკეთესოდ შემკრებიც.

თბილისი სულხან-საბას ქალაქიცაა – ხიდი ევროპულსა და აზიურს შორის, რომელზეც მოქალაქეები, ევროპისკენ ისე მიდიან, რომ არც აზიას აქცევენ ზურგს.

ბესიკის ქალაქია თბილისი, ერეკლეს პოეტის – დიდ სასიყვარულო ხლართებში გაბმული კაცის და ამ ხლართების ლექსებად მქცევის. ანუ ტკივილის პოეზიად გადასხვაფერების ქალაქია თბილისი.

თბილისი არის საიათნოვა, აშუღი პოეტი – ალეპოდან წამოსული სომხისა და ამ კაცის ავლაბრელი მეუღლის შვილი. საიათნოვა, რომელიც მოგვიანებით იტყვის – ,,ჩემი სამშობლო თბილისია”. სწორედ ეს სიტყვებია გასაღები. ამ გასაღებით იოლად შევაღებთ კარს, საიდანაც თბილისი გამოჩნდება იმ ქალაქად, რომლადაც დაიბადა და გაზიარდა – მას, ვისაც სიტყვა აინტერესებს,  თბილისი სამშობლოდ ეგებება.

თბილისი არის ბარათაშვილი, უდიდესი რომანტიკოსი, ოდნავ კოჭლი, კოჯრის შეკრებებზე კოხტად მოცეკვავე, საღამოობით  მტკვარს ადამიანად ყოფნის მოურჩენელ ტკივილზე რომ ელაპარაკება.

გრიგოლ ორბელიანიცაა თბილისი – ნიჭიერებით, სიამაყითა და გაორებით.

თბილისი თანაბრად არის ილიაც, ვაჟაც და აკაკიც – ერთი კახეთიდან, მეორე ფშავიდან და მესამე იმერეთიდან და თბილისი სწორედ ამიტომაც არის ქალაქი, ქალაქი ადამიანებისთვის, ანუ ლიტერატურისთვის. რადგან იქ, სადაც ადამიანია, ლიტერატურაცაა. სადაც ბევრნაირი ადამიანია – მრავალფეროვანი ლიტერატურა. სხვანაირად ვერ იქნება.

 

თბილისი არის ბარბარე ჯორჯაძე და წლების მერე, ეკატერინე გაბაშვილი. თუ სადმე გაისმა ქალის ხმა ლიტერატურაში, რომელიც ლიტერატურასაც გასცდა –  თბილისი იყო. რადგან მათი ხმა, სხვადასხვა კუთხიდან წამოსული, აქ იკრიბებოდა. თბილისურ ჟურნალებში.

ეს ჟურნალებიცაა თბილისი – „ცისკარი”, „ივერია”, „დროება”,  „ჯეჯილი”.

 

ასე მოხდა და ყველა ეს განცდა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიკრიბა და იმ ბიჭებმა, ერთხელაც, მორიგი ქეიფისას, ადგნენ და თბილისი მსოფლიოს პოეზიის დედაქალაქად გამოაცხადეს.

თუ საერთოდ სამეფო იყო, რატომაც არა დედაქალაქი:

 

„შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო

ლექსები, როგორც სისხლის წვეთები…

მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,

დიდი სატახტო ხარ პოეტების“.

 

(პაოლო იაშვილი)

„და გავიდა ივლისი,და მოვიდა, წამებო,შფოთიანი ტფილისი:პოეტების სამეფო!“, (გალაკტიონ ტაბიძე)  საქმე ის არის, რომ თუ თბილისში ხარ, ლიტერატურაში ხარ, ლიტერატურას კიდევ ვერასდროს გაცდები, სადაც უნდა წახვიდე – „იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ” – უკვე ნახსენები პაოლო იკითხავს და იცის, ეს დატოვება ფორმალურია ან უფრო ზუსტად – ფიზიკური.  ოცნებას კი მაშინ ასრულება არ ეწერა. მალე ბოლშევიკებმა დაიპყრეს თბილისი, ეს ადამიანები კიდევ, ზოგი მოკლეს და ზოგიც საკუთარ თავში გამოკეტეს. წელს, ასე მგონია, სწორედ მათი ოცნება ასრულდა – თბილისი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა. 2021 წელს საუკუნეების ნაფიქრს შევაჯამებთ და დავანახებთ სამყაროს. დაგველოდეთ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი