სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩემი რუსთაველი

ჩემი რუსთაველი სკოლის წლებში სულაც არ დაწყებულა. ალბათ, ამით ახალს არაფერს ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, აუცილებელი საზეპიროების სიმრავლის გამო “ვეფხისტყაოსნის” სწავლა მაინც ყველაზე დამქანცველ რუტინად მახსოვს. მოგვიანებით, აბიტურიენტობის დროს, იმავე ქართულის მასწავლებელმა უფრო მშვიდ გარემოში გამიხსნა პოემის უძვირფასესი საგანძური. აქედან დაიწყო ჩემი რუსთაველი, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზეც გაგრძელდა და, რასაკვირველია, საკლასო ოთახშიც, სადაც მოსწავლე კი არა, უკვე ქართულის მასწავლებელი ვიყავი.

 
რამდენჯერმე მეც ვცადე, ეს შესანიშნავი ტექსტი უფრო ახლობელი და საყვარელი გამეხადა ჩემი მოსწავლეებისთვის, ჰოდა, მინდა ამ რამდენიმე ცდის შესახებ მოგიყვეთ.
 
***
როდესაც ამ შესანიშნავი პოემის მხატვრული სტრუქტურის, კერძოდ, ტროპული მეტყველების თავისებურების შესახებ ვსაუბრობდი, გადავწყვიტე, შოთას მეტაფორების გამოფენა მომეწყო – ჩვეულებრივი ექსპოზიცია თავისი ყველა კომპონენტით. ეს იქნებოდა ცდა, ფრაზები მხატვრობის ან თუნდაც ფოტოგრაფიის სახით წარმოგვედგინა, ოღონდ ისე, რომ ნახატებსა და ფოტოებთან ერთად ტექსტიც გამოფენის ნაწილი ყოფილიყო.

ასეც მოვიქეცით. წინასწარ მოვამზადეთ ტექსტობრივი ექსპონატები. ზოგიერთი მათგანი ბავშვებმა ფოტოებად აქციეს, ზოგიერთის მიხედვით საინტერესო ნახატი შეიქმნა, ზოგიერთი კი, უბრალოდ, ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი (ვცადეთ, სხვადასხვა ხელნაწერის მხედრული გამოგვეყენებინა) თავისთავად იქცა ვიზუალური ხელოვნების ნიმუშად.

ვიზრუნეთ გამოფენის მუსიკალურ ფონზეც – მსახიობებისა და მწერლების წაიკითხულ “ვეფხისტყაოსანს” საინტერესო მუსიკალური ფონი დავადეთ, ზოგჯერ კი ტექსტი, როგორც თავისთავადი მუსიკა, ასე, უბრალოდ გავუშვით გამოფენის მიმდინარეობის დროს.

ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა, დაჭერილი კურდღლების რაოდენობას აღარ დავთვლი – გარდა ტექსტზე მუშაობისა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი ღონისძიების დაგეგმვა ისწავლეს, გაიგეს, როგორ შეიძლება ერთ სივრცეში მოახერხო ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაერთიანება და, რაც მთავარია, გაუშინაურდნენ გენიოსს – შოთა რუსთაველს.
 
***
მეორე ცდა უკვე პოემის სიუჟეტზე მუშაობისას მოსწავლეთა დაინტერესება იყო. ამიტომაც მივეცი საშუალება, ყველას თავისებურად განევითარებინა პოემის სიუჟეტი. წარმოიდგინეთ, რომ „მათ სამთა გმირთა მნათობთა” სულაც არ შეექმნათ კოალიცია და ცალ-ცალკე წასულიყვნენ ნესტანის გასათავისუფლებლად, ან თვითონ თინათინი გამგზავრებულიყო უცხო ყმის გამოცანის ამოსახსნელად; იქნებ ნესტანსა და ტარიელს თავიდანვე ექორწინათ და ქაჯებს მათი მშვენიერი ასული გაეტაცებინათ, ანდა ფრიდონს ასმათის გული მოენადირებინა; იქნებ ქაჯებიც გონს მოგებულიყვნენ და საკუთარი სამეფო ინდოეთისთვის შეეერთებინათ… მოკლედ, ეს და კიდევ მრავალი ვარიანტი და კომბინაცია წარმოადგინეს ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა, თანაც თვითონ „ვეფხისტყაოსანი” იძლევა ასეთი ვარიაციების საშუალებას, შემთხვევითი არ არის, რომ გვიანი შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა შოთას გენიალური პოემის ათასგვარ გაგრძელებას იცნობს.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კარგად გავერთეთ, ჩვენი ფანტაზიაც გავაღვიძეთ, პოემის ტექსტიც ბევრჯერ წავიკითხეთ, ძალიან მხიარული, შედეგიანი და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა.
 
 
„უცნობი შოთა რუსთაველი”

შოთა რუსთაველის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, მრავალი ცნობა მის შესახებ მითოლოგიური ან ნახევრად მითოლოგიურია, რაც კიდევ უფრო აღვიძებს ფანტაზიასა და ინტერესს.

გაკვეთილზე, რომლის თემაც ბიოგრაფიის შედგენა, ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები, ბიოგრაფიული რომანი იყო, ვცადეთ მოგვეძიებინა შოთა რუსთველის ცნობილი თუ უცნობი ბიოგრაფიები.

ერთ-ერთი რესურსი, რომელიც დავიხმარეთ, ქართული დიალექტური კორპუსი იყო. საძიებო სისტემაში „შოთას” ან „რუსთაველის” ჩაწერისას ბევრ საინტერესო ისტორიას წავაწყდით.

აი, მაგალითად, 1945 წელს მესხეთში, სოფელ მუსხში ჩაწერილი ტექსტი:

„რუსთავში უცხოვრია შოთას მამას, რქმევია იესე, გვარი – ჩახრუხაძე. ეს კაცი ძალიან მოლექსე ყოფილა. ბატონებსაო წინ უძღოდაო და ისეთ-ისეთ სიტყვიებ ეტყოდა, რომ აწყენდა ხოლმეო. ბატონებმა შური აიღეს, რომ ამან ყოველთვის ასე'ნა გვარეზილოსო და მოინდომეს იმის მოკლა.

პატრაშენში იყო ერთი სიმონ ბატონი. გაღმა-გამოღმა ყოფილან ეს რუსთავი და პატრაშენი. სიმონ ბატონს ვაჟი დიესახლებინა და ქორწილში დიეპატიჟებინა იესე ბატონი. ქორწილის დროს, რასაკურველია, სმაში ყოფილან ესენი და მაშინ მოსვლია მახარობელი იესე ბატონს, რომ შენაო ვაჟი შეგეძინაო. ამ კაც გახარებია. დაუწყვია მეტი სმა და ქეიფი. მაშინ ბატონებს უფიქრიათ, დრო ეს არიო – და მიუციათ წამალი და მოუკლიათ ეს კაცი.

შოთაჲ დარჩენილა ობოლი. აუღზრდიათ სახში. რო პატარა მოზდილა, ბიძა ყოლია იმას, უპატრონია და გამოუზდია. შემდეგ წაუყვანია, შკოლებში მიუცია. ჯერ აუყვანია ტბეთის შკოლაში, მერმე ზარზმაში გადმოუყვანია და იქ დაუსრულებია. მერე წამოსულა და რუსთავში მოსულა. რუსთავში რო დარჩენილა, ხალხს შეყვარებია. ძალიან სწავლული კაცი ყოფილა.

მანდ ერთი ქალი შეუყვარდება, სახელათ ნინაჲ რქმევია.

ამის მერე თამარ დედოფალს დაუბრია შოთაჲ, გამოუცხადებია, რომ შენაო საბერძნეთში უნდა წახვიდეო რამდენიმე წლითაო, იქ შეისწავლეო და დაბრუნდები ისევაო.

წასვლი დროს რამდენიმე სიტყვას ეტყვის შოთაჲ თავის საყვარელს:

შავარდენი გადმოფრინდა
აბრეშუმის ბუდიდგანა,
ნინამ ვაშლი ამოიღო,
შემამტყორცნა უბიდგანა:
შენებურათ შემინახე,
არ გადმიგდო გულიდგანა!

ადგა, წავიდა ეს შოთაჲ. ექვსი წელიწადი დარჩება საბერძნეთში და მობრუნდება. ამ დროს, რო გაიგებს ეს ნინაჲ, მოსულაო – და იმას არ ნახამს, ადგება თითონ, ჩაიცვამს, გამიეწყობა თავი ძმის ტანისამოსში და წავა შოთას სანახავათ. მივა, შეიხედამს ფანჯრიდან, ნახამს, რო შოთაჲ სწერამს, მისულა ერთი მშვენიერი ქალი და დაყუდებია ნიდაყვით. მაშინ იტყვის ნინაჲ, რომ: ვაი, შენ ჩემო თაოო, ექვსი წლის სიყვარულო, რა უდროოთ დაშჭკნიო, რას მოველოდი და რას მევესწარიო, ამას სხვა შეუყვარებიაო! თურმელ და ყოფილა ის ქალი, ნინას არ სცოდნია. ნინას დაუძახია შოთასთვის:

შეყვარებულის მოღალატეო,
წინ გიგია ხლართი მახეო,
შოთა ჩემო, ხმა გამე,
გულ ლახვარი ნუ დამეო!
დაუკრია ხანჯალი და მოუკლია თავი.”
 
როგორი ამბავია? 🙂
 
კიდევ ბევრი რამ ვიპოვეთ, უბრალოდ, ყველაფერს არ მოგიყვებით, თავადაც მოძებნეთ და გახადეთ დაუვიწყარი თქვენი ლიტერატურის გაკვეთილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი