ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

არაფორმალური განათლება უსინათლოთათვის

მე ვარ ესმა გუმბერიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი და ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელთა გლობალური ქსელის დამფუძნებელი წევრი; შშმ ქალთა ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე; ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის გამგეობის წევრი; ონლაინ რადიო „ჩემს ხმაზე“ გადაცემის – „ჰორიზონტს მიღმა“-ს ავტორი და წამყვანი; სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩი EU Neighbors East პროექტში.

ვატარებ ლექციებს, ტრენინგებს შშმ პირთა და ქალთა უფლებებზე, უსინათლოსთან ადეკვატური კომუნიკაციის შესახებ; ასევე ვასწავლი მედია და ფინანსურ წიგნიერებას, პროექტის წერას, სივისა და სამოტივაციო წერილის შედგენას, საჯარო გამოსვლის ხელოვნებასა და სამოქალაქო აქტივიზმს. ვეწევი საინფორმაციო საქმიანობას ევროკავშირის შესახებ. ვწერ ბლოგებს, სტატიებს, კომენტარებს სამოქმედო გეგმებზე, შშმ პირებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ვარ თანატოლგანმანათლებელი და სამოქალაქო აქტივისტი. ხშირად ვაკვალიანებ შშმ თემატიკაზე წერით დაინტერესებულ სტუდენტებს, მენტორობას ვუწევ ახალგაზრდებს, ვაკვალიანებ ინდივიდუალურადაც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ.

დავამთავრე თბილისის 202-ე უსინათლოთა სპეციალიზებული სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ჩავერთე მოდელირებებში, დებატებში, სტუდენტურ ტრენინგებში. თუმცა, ჩემი თანატოლი მხედველებისგან განსხვავებით, ამ ღონისძიებებზე ვერ ვერთობოდი. სწავლით ვსწავლობდი, მაგრამ ტრენინგების დასრულების შემდეგ, სხვებს რომ გართობა და  ღამისთევა უნდოდა, მე ჩემს ოთახში ყოფნასა და ძილს ვარჩევდი. კარგა ხანს ვერ ვიგებდი, რატომ ვიღლებოდი სხვებზე მეტად.

წლების შემდეგ კი გავიაზრე, რომ წვრილმანი დეტალები, სადაც უსინათლოს საჭიროებები არ იყო გათვალისწინებული, საბოლოოდ ჩემთვისვე შეუმჩნეველი გარიყულობის განცდას იწვევდა და მფიტავდა. არადა, სულ მიჭირდა ჩემი საჭიროებების გაჟღერება. არ მინდოდა, ზედმეტად პრეტენზიული გამოვჩენილიყავი; არ მინდოდა, დამეშინებინა პროექტის ორგანიზატორები, რომლებისთვისაც ხშირად პირველი უსინათლო მონაწილე ვიყავი. პრობლემა წვრილმან დეტალებში იყო, არადა. მაგ. ე.წ „ყინულის გალღობის“ (მონაწილეთა ურთიერთგაცნობის) აქტივობები ხშირად სისწრაფესა და ვიზუალურ აღქმაზეა დაფუძნებული.

წლების განმავლობაში დამიგროვდა გამოცდილება და ზუსტად ვიცი, რა უნდა გაითვალისწინონ ორგანიზატორებმა ყველა ახალგაზრდაზე ორიენტირებულ პროექტებში.

იმისათვის, რომ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება (ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი) უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი იყოს:

  1. ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია, მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს შეკითხვა – აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის ფორმატში გამოგზავნა, სუბტიტრებიანი ფილმის სუბტიტრების წაკითხვა და მისთ)? თუკი შშმ მონაწილეობის მსურველს აგრძნობინებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო პროექტში მონაწილეობაზე უარს არ ეუბნებით, ის უფრო მონდომებით გაგაცნობთ თავის საჭიროებებს და ეს თქვენ წინასწარ მოგცემთ შესაძლებლობას, გადააწყოთ და დაგეგმოთ ღონისძიება ისე, რომ ის მაქსიმალურად იყოს ჩართული. ეს შეგიძლიათ იმ კითხვარშიც განუმარტოთ.
  2. პროექტში უსინათლო მონაწილის ჩართვის შესახებ უნდა შეატყობინოთ ტრენერს/ფასილიტატორს, მოკლედ ღონისძიების უშუალო განმახორციელებელს, რაც შეიძლება ადრე. ეს მას დაეხმარება, დაგეგმოს და გაითვალისწინოს უსინათლოს/მცირემხედველის საჭიროებები გასაცნობ, ყინულის გამლღობი აქტივობების/თამაშების, სასწავლო მასალებისა და პრეზენტაციების მომზადებისას.
  3. სასურველია, რომ ტრენერი წინასწარ დაუკავშირდეს უსინათლო მონაწილეს და ჰკითხოს, როგორ შეიძლება გახადოს ღონისძიება მისთვის მისაწვდომი. სასურველია, ტრენერი მონაწილესთან ამგვარ გასაუბრებამდე უკვე იცნობდეს თავის პროგრამას. მან გასაუბრებამდე უნდა ნახოს, სავარაუდოდ, რომელი აქტივობები შეიძლება პრობლემური იყოს უსინათლო/მცირემხედველი მონაწილისთვის. (მაგ. თუ თავიდან იგეგმებოდა ხატვის ვორკშოპი, ტრენერმა შეიძლება, ის სხვა აქტივობით ჩაანაცვლოს ან შესთავაზოს მონაწილეებს არჩევანი, დახატონ ან წარმოიდგინონ. ასევე შეიძლება, ტრენერი დაფიქრდეს უსინათლოსთვის ხატვის სწავლებაზე, თუმცა ეს დიდ დროს მოითხოვს და თუ პროექტით გათვალისწინებული დრო მწირია, უსინათლო/მცირემხედველი შესაძლოა, გარიყული დარჩეს).

თუ ტრენერი წინასწარ მომზადებული გაესაუბრება მონაწილეს, მას შეეძლება, პირდაპირ გააცნოს მას გათვალისწინებული აქტივობები და მისი აზრიც გაითვალისწინოს იმის შესახებ, როგორ გახადოს ეს აქტივობები მისთვის ხელმისაწვდომი. თუ ტრენერი პროგრამის წინასწარ გაცნობის გარეშე დაელაპარაკება მონაწილეს, მონაწილემ შეიძლება, ვერ დაუსახელოს კონკრეტული საჭიროებები ან დაასახელოს რამე წინა გამოცდილებებიდან.

  1. უცხოენოვანი ფილმი უნდა იყოს გახმოვანებული თარგმანით (აქაც საჭიროა მონაწილესთან გასაუბრება. იქნებ, მან იცის ის ენა, რომელზეც ფილმია გადაღებული და არ სჭირდება თარგმანი). თუკი ფილმს სუბტიტრები ახლავს, ადგილზე მათი წაკითხვა სრულყოფილად ხშირად ვერ ხერხდება. ადამიანი ხმამაღლა უფრო ნელა კითხულობს, ვიდრე – თვალით, ტექსტი კი ხშირად სწრაფად იცვლება. თანაც ზოგჯერ მარტო სუბტიტრების წაკითხვა საკმარისი არაა. უკეთესი იქნება, თუ ასეთი ფილმის ტრანსკრიპტს წინასწარ მისცემთ მას ან წაუკითხავთ.
  2. ნებისმიერ შემთხვევაში, ფილმის ჩვენებისას ვიღაცამ უნდა შეძლოს, მოუყვეს ხოლმე უსინათლოს, თუ რა ხდება ეკრანზე (უამრავი უსიტყვო მოქმედებაა). აუდიოდესკრიფციით საკმაოდ ცოტა ფილმი არსებობს. უსინათლოს შეიძლება, ჰქონდეს კითხვები – ახლა ვინ საუბრობს? ან რა ხდება? სასურველია, რომ ჩვენების დროს მას დაუჯდეს ტრენერი ან მისი თანაშემწე.
  3. ღონისძიებამდე სასურველია, ტრენერი გაეცნოს უსინათლოსთან კომუნიკაციისას გასათვალისწინებელ ძირითად პრინციპებს და ისინი პროექტის დანარჩენ მონაწილეებს გააცნოს. (მაგ., ის, რომ მისალმებისას უსინათლოს უნდა უთხრას, ვინაა, რადგან შეიძლება, მან ის ვერ იცნოს და მისთ). შესაძლოა, თავად უსინათლო მონაწილეს შეუთანხმდეთ, გამოუყოთ რამდენიმე წუთი, რომ მან ისაუბროს მსგავს საჭიროებებსა და სპეციფიკაზე.
  4. ისეთი გასაცნობი აქტივობების დროს, რომლებიც მოითხოვს სივრცეში თავისუფლად გადაადგილებას და ხალხის შემთხვევითობის პრინციპით გაცნობას, უმჯობესია, უსინათლოს გაჰყვეს ტრენერი ან მისი თანაშემწე, რომ მან თავი დაბნეულად და დაკარგულად არ იგრძნოს. ტრენერ-მეგზური ამ შემთხვევაში ეხმარება მონაწილეს, მოძებნოს ადამიანები; უთხრას, ვის წინ დგანან ახლა; გამოიწვიოს იმ მონაწილის ყურადღება, რომელთანაც უსინათლოს სურს საუბარი/თანამშრომლობა.
  5. განსატვირთ აქტივობებში, რომლებიც სისწრაფეს მოითხოვს, სჯობია, მხედველ მონაწილეებს თვალები ახვეული ჰქონდეთ, რათა უსინათლოსთან თანაბარ პირობებში იყვნენ.
  6. თუ ენერჯაიზერი მოიცავს მოძრაობების შესრულებას, ამ მოძრაობათა ვიზუალურ დემონსტრაციასთან ერთად აუცილებლად ახსენით ისინი სიტყვებით. ასევე უთხარით უსინათლოს, სწორად იმეორებს თუ არა ის მოძრაობას. საჭიროების შემთხვევაში მასთან უნდა მიხვიდეთ და ხელით აჩვენოთ.
  7. როდესაც აკეთებთ პრეზენტაციას, აცნობთ მონაწილეებს მონაცემებს, სტატისტიკას, დიაგრამებს და საერთოდ ნებისმიერ რამეს, ეცადეთ, სიტყვიერად რაც შეიძლება დეტალურად ახსნათ და თქვათ ის მონაცემები, რომლებიც ეკრანზე გაქვთ გამოტანილი.
  8. თუკი ხსნით საჯარო გამოსვლისას ჟესტიკულაციის საკითხს, სხეულის და ხელების როგორი მოძრაობაა მისაღები და როგორი – მიუღებელი, ვიზუალურად ჩვენებასთან ერთად სიტყვებითაც ახსენით. სთხოვეთ უსინათლო მონაწილეს შეხების ნებართვა და შეგიძლიათ, აჩვენოთ კიდეც, აამოძრაოთ მისი ხელები.
  9. ტრენინგის დაწყებამდე კარგი იქნება, უსინათლოს აჩვენოთ სივრცე. იქნებ, მას მოუნდეს ხელჯოხის გამოყენებით თავად გადაადგილდეს ღონისძიების სივრცეში, თავისით გავიდეს საპირფარეშოში, საკვებ შესვენებაზე და მისთ. მიეცით მას ამის საშუალება და მოუწოდეთ მონაწილეებსაც, არ დააძალონ დახმარება, თუკი უსინათლოს თავისით სურს გადაადგილება, წყლის ქულერიდან დასხმა და მისთ.
  10. ეცადეთ, რომ სატრენინგო სივრცე გაათავისუფლოთ ზედმეტი და მსხვრევადი ნივთებისგან. ეცადეთ, სკამებისა და სხვა ნივთების განლაგება ნაკლებად ცვალოთ. დეკორაციული ბარიერები და წინაღობები, ყვავილებიანი ქოთნები, წყლის დისპენსერები/ქულერები, დინამიკები არ უნდა იდოს ოთახის შუაში. თუ ოთახში არის სვეტები ან სახურავია უსწორმასწორო, გააფრთხილეთ უსინათლო ამის შესახებ და აჩვენეთ, სად რას შეიძლება, დაეჯახოს.
  11. ჰკითხეთ უსინათლოს, რა ფორმატით ურჩევნია სატრენინგო მასალის მიღება (ბრაილით თუ ელექტრონულად).
  12. რამე ისეთი დავალების მიცემისას, რომელსაც უსინათლო სხვისი დახმარების გარეშე ვერ შეასრულებს, ავტომატურად ნუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე მონაწილე თავისი ინიციატივით დაუწყვილდება მას. სთხოვეთ ეს რომელიმე მონაწილეს ან თუკი დავალება ინდივიდუალურად უნდა შესრულდეს, თქვენვე გაუწიეთ ასისტირება.
  13. თუ უსინათლო მონაწილეს ახლავს მეგობარი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად უსინათლოსთან ერთად უნდა ხვდებოდეს სამუშაო ჯგუფში. შეგიძლიათ, ისინი მოკლე ვადით მაინც სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილოთ, რათა უსინათლოს ჰქონდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება. ამით მისი მეგობარიც დაისვენებს და განიტვირთება.
  14. აქვე: დიალოგი მონაწილესთან აუცილებელია მუდმივად, არამხოლოდ ტრენინგის დაწყებამდე, არამედ მისი მსვლელობისასაც, მაგ. ყოველი დღის ბოლოს. უნდა ჰკითხოთ – რომ შეეძლოს, რამეს ხომ არ შეცვლიდა. გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველას განსხვავებული საჭიროებები და შესაძლებლობები აქვს.
  15. აუცილებელია, ტრენერმა იცოდეს არა მხოლოდ ის, რომ შშმ მონაწილე ეყოლება, არამედ ისიც – რა კონკრეტული შეზღუდვა ექნება მას. ყრუსთვის მისაწვდომი აქტივობა ან სწავლების მეთოდი შეიძლება, მიუწვდომელი იყოს უსინათლოსთვის. რაც უსინათლოსთვისაა მისაწვდომი, შესაძლოა, ასეთი არ იყოს ეტლით მოსარგებლისთვის.

ევროპის საბჭოს აქვს მასალები, სადაც აღწერილია ინკლუზიური ენერჯაიზერები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  სასურველი და მისასალმებელი იქნება მათი გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი