შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ეხმარებიან წარმოსახვითი მეგობრები ბავშვებს

მე დიდხანს ვმალავდი, რომ წარმოსახვითი მეგობარი მყავდა. მას ამრი ერქვა, ჩემი შებრუნებული სახელი. ამრი ჩემზე მშვიდი იყო, ნაკლებად ჯიუტი და უფრო გულმოდგინე. როცა მის მაგივრად ვლაპარაკობდი, ხმას ვიბოხებდი. ჩვენ არასდროს ვკამათობდით, პირიქით, სწორედ იმისთვის გამოვიგონე, რომ სახლში, სადაც ხშირად მიწევდა მარტოობა, არ შემშინებოდა და მხარდამჭერი მყოლოდა.

ჩემი წარმოსახვითი მეგობარი მშვენივრად მიქარვებდა მარტოობას, მეთამაშებოდა და ჩემთან ერთად სადილობდა კიდეც.

ამრი კარგი გოგო იყო და ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.

გაკვეთილების მომზადებაში ხელს არასოდეს მიშლიდა, არც ქუჩაში დამყვებოდა, არც წიგნის კითხვის ან ფირფიტის მოსმენის დროს მაბეზრებდა თავს. სამაგიეროდ, თუ ცარიელ სახლში გავიღვიძებდი, სიხარულით მომყვებოდა ძველ სააბაზანოში კბილების გასახეხად.

ამრის არსებობას ყველას ვუმალავდი, მათ შორის – რეალურ მეგობრებსაც. მეშინოდა, გიჟი არ ვგონებოდი. ამრი ჩემი საიდუმლოების სკივრი იყო, რაც მასთან კიდევ უფრო მაახლოებდა. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა და ჩემ გვერდით ჩნდებოდა, თუკი რამეში ეჭვი შემეპარებოდა, მამაშვიდებდა, როდესაც მიწყრებოდნენ და უხაროდა, როდესაც მახარებდნენ. ხშირად პინგ-პონგს ვთამაშობდით და აქ შეუცვლელი პარტნიორი იყო, სულ მიგებდა – სინამდვილეში ბურთს ოთახის კედელი ისხლეტდა, მაგრამ იმ კედლის ნაცვლად ამრის ვხედავდი.

ახლაც, როდესაც თავს არცთუ კარგად ვგრძნობ, ამრის ოდნავ მუხლზემოთ აქაჩული გეტრები მახსენდება, მჭიდროდ დაწნული თმა და დიდი მწვანე თვალები. ის ჩემი გაუმჯობესებული ვერსია და საუკეთესო მეგობარი იყო, რომელმაც, ათი წლის ასაკიდან მოყოლებული, ისე მიერთგულა, რომ ერთი საყვედურიც არ მიუღია.

მკვლევრები ამბობენ, რომ წარმოსახვით მეგობარს ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარება შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის მას თავისი მეხსიერების ლაბირინთებში გადამალავს.

თუ ბავშვი ბაღის ასაკისაა და წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს, მშობლებს ეს არ აშინებთ, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში შფოთვას იწყებენ და ფსიქოლოგებს მიმართავენ.

5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებთან ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უმეტესობა ამ ასაკში მალავს წარმოსახვით მეგობრებს, რათა თავიდან აიცილოს დაცინვა და მშობლების ნერვიულობა, ეს კი ამახინჯებს წარმოსახვითი მეგობრების შესახებ სტატისტიკას და მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ფენომენი უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე წარმოგვიდგენია.

საქმე ის არის, რომ 2,5-5 წლის ასაკში ბავშვის ინტელექტი აქტიურ განვითარებას იწყებს, მისი თამაშები უფრო შემოქმედებითი და კრეატიული ხდება. თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობაა. თამაშის დროს ის სოციალურ როლებს ირგებს, ეძებს საკუთარ თავს მოზრდილთა სამყაროში, იჩენს წარმოსახვით მეგობრებს. მისთვის ასეთ მეგობრად შეიძლება იქცეს სუპერგმირი, შინაური ცხოველი ან ადამიანური უნარებით დაჯილდოებული თოჯინა. საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის თამაშს – როგორ არის ის ორგანიზებული, გავერკვეთ, რა როლს ასრულებს თამაშში წარმოსახვითი მეგობარი.

წარმოსახვითი მეგობარი ბავშვმა შეიძლება შთაბეჭდილებების უკმარისობის გამო გაიჩინოს, თუ ის მთლიანადაა დამოკიდებული უფროსების გადაწყვეტილებაზე და დღიდან დღემდე ერთი და იმავე სცენარით ცხოვრობს. ბავშვს შეიძლება აკლდეს სხვადასხვა სახის ურთიერთობა. ასეთ დროს მას მეტი ყურადღება და თავის სამყაროში უფროსების ჩართვა სჭირდება.

ან იქნებ ისეთ რაღაცაზე უწევს ბავშვს დუმილი, რაც მისთვის პრობლემურია? მოუსმინეთ და ჰკითხეთ, როგორ იცავს მას მისი წარმოსახვითი მეგობარი, რას ეუბნება გამოჩენისთანავე, რა შეუძლია? მაგალითად, თუ წარმოსახვითი მეგობარი ემუქრება, რომ დამნაშავეებს დასჯის, სასურველია ფსიქოლოგს მიმართოთ, რადგან ეს შეიძლება ფარული აგრესიის ნიშანი იყოს.

ზოგჯერ წარმოსახვით მეგობარს მოზარდებიც იჩენენ და ეს ხდება ტრავმული მოვლენის – საყვარელი ადამიანის გარდაცვალების, სკოლის შეცვლის, მშობლების განქორწინების შემდეგ.

გარკვეული ხნის განმავლობაში წარმოსახვითი მეგობარი თან ახლავს ბავშვს და აქვს ხასიათის ის თვისებები, რომლებიც თავად ბავშვს სჭირდება.

გავიხსენოთ ამერიკული მულტფილმი „თავსატეხი“, რომელიც სავსეა ემოციური მომენტებით, თუმცა მაყურებლისთვის ბინგო-ბონგოს სიუჟეტური ხაზი, რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელია. გოგონას წარმოსახვითი მეგობარი მთელი ფილმის განმავლობაში მას ხანგრძლივი მეხსიერების ლაბირინთებში დაატარებს: ის თითქმის მივიწყებულია, მაგრამ სჯერა, რომ ოდესმე გაიხსენებენ.

სამწუხაროდ, ბინგო-ბონგო უკვალოდ ქრება. სცენა, რომელშიც წარმოსახვითი მეგობარი კვდება, ალბათ ყველაზე სევდიანია Pixar-ის ისტორიაში. არადა, წარმოსახვითი მეგობრის დაკარგვა ბოლო დრომდე არ განიხილებოდა სამწუხარო მოვლენად, უფრო პირიქით.

ამერიკულმა ჟურნალ Science Friday-მ გამოაქვეყნა სამეცნიერო ჟურნალისტ ლორენ ჯეი იანგის სტატია, სადაც ის ამ ფენომენზე წერს: „ისტორიულად უამრავი მკვლევარი და მშობელი მიიჩნევდა, რომ წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის საზიანო იყო. ის სოციალური დეფიციტის, შეპყრობილობის ან ფსიქიკური დაავადების ნიშნად მიაჩნდათ“.

მაგალითად, ალაბამის უნივერსიტეტის წამყვანმა ფსიქოლოგმა ანსლი გილპინმა ისაუბრა შემთხვევაზე, როდესაც ერთ-ერთ მშობელს ეგონა, რომ მის ქალიშვილს შიზოფრენია ჰქონდა, ბავშვს კი უბრალოდ წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდა.

საბედნიეროდ, მოსაზრება წარმოსახვითი მეგობრების მავნეობის შესახებ თანდათან ფერმკრთალდება.

როგორც Science Friday წერს, მეცნიერებმა ფსიქოლოგიის სფეროში წარმოსახვითი მეგობრობა ყველაზე მომხიბვლელ საკვლევ მასალად აღიარეს. ყველაზე საინტერესო: მათ აღმოაჩინეს, რომ წარმოსახვითი მეგობარი არ არის რაღაც პათოლოგიური და რომ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება ეხმარება ბავშვს, განივითაროს ის ღირებული უნარები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მშობლები არ უნდა ღელავდნენ შვილის წარმოსახვითი მეგობრების გამო. ჯერ ერთი, ეს მეტად გავრცელებული მოვლენაა; მეორე – ბავშვებმა იციან, რომ მათი მეგობრები არ არიან რეალურები.

არარსებული მეგობარი ყოველთვის არ არის ბავშვის მარტოობის ინდიკატორი.

წარმოსახვით მეგობრებს ბავშვისთვის კოგნიტიური და ემოციური სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და წიგნის „წარმოსახვითი მეგობრები და მათი შემქმნელი ბავშვების“ ავტორი მარჯერი ტეილორი ამტკიცებს, რომ ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ან ჰყავდათ წარმოსახვითი მეგობარი, უფრო სოციალიზებულები და ნაკლებად მორცხვები არიან.

საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ზრდასრულებსაც უჩნდებათ წარმოსახვითი მეგობრები. „თუ აგათა კრისტის ავტობიოგრაფიას წაიკითხავთ, რომელიც მან 70 წლის ასაკში დაწერა, მიხვდებით, რომ მაშინაც ჰყავდა წარმოსახვითი მეგობრები და ისინი უფრო მეტად მოსწონდა, ვიდრე თავისი პერსონაჟები“, – ჰყვება ტეილორი.

ფსიქოლოგის აზრით, რა ასაკშიც არ უნდა გაჩნდნენ წარმოსახვითი მეგობრები, ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. არც იმაზე უნდა ვიფიქროთ, რატომ გაჩნდნენ. წარმოსახვითი მეგობრების სამყაროს წესები არ გააჩნია. ყველა წარმოსახვითი მეგობარი უნიკალურია.

წარმოსახვითი მეგობრის ყველაზე პოპულარული განმარტება გვეუბნება, რომ ის გამოგონილი, უხილავი არსებაა, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: „ბევრი ბავშვი ირჩევს საგანს და ანიჭებს პერსონალურ თვისებებს, ხასიათს, ესაუბრება და უსმენს. დარწმუნებით იმასაც ვერ ვიტყვი, რომ წარმოსახვითი მეგობრები ბავშვებს საუბარს არ აწყვეტინებენ,“ – ამბობს ტეილორი.

მცირე კვლევამ, რომელშიც 78 სკოლამდელი ასაკის ბავშვი მონაწილეობდა, გამოავლინა ბავშვთა ორი კატეგორია: ისინი, ვინც წამოსახვით მეგობარზე როგორც ნამდვილზე საუბრობდნენ და ისინი, ვინც სხვა ობიექტებს სძენდნენ ხასიათს და თავს მათ აღმზრდელებად მიიჩნევდნენ.

წლების განმავლობაში, სისტემური შესწავლის შედეგად, ტეილორმა წარმოსახვითი მეგობრების მრავალფეროვანი კოლექცია შეაგროვა. ის ამტკიცებს, რომ სრულიად გამოგონილი წარმოსახვითი მეგობრები ხშირად ჩნდებიან სუპერგმირების ან მოჩვენებების სახით, თუმცა შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები ან ცხოველებიც. ცხოველები, თავის მხრივ, შეიძლება იყვნენ ჯადოსნურები (როგორც დიპერი, ვარსკვლავზე მცხოვრები „უხილავი მფრინავი დელფინი“), ადამიანები – ბავშვზე გაცილებით დიდები ან პატარები (მაგალითად, როგორც ნობი, „უხილავი 160 წლის ბიზნესმენი, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან პორტლენდიდან სიეტლში მისი მოგზაურობის დროს“).

ზოგჯერ წარმოსახვით მეგობრები არიან ნამდვილი ადამიანების ასლები, რომლებსაც ბავშვები სხვა, დამატებით თვისებებსაც სძენენ.

ერთმა გოგონამ, რომელიც ტეილორის კვლევაში მონაწილეობდა, ისაუბრა წარმოსახვით თანაგუნდელზე, „არარეალურ რეიჩელზე“. წარმოსახვითმა გოგონამ ეს სახელი ნამდვილი მეგობრის პატივსაცემად მიიღო. ის მასთან დადიოდა სტუმრად და თუ რეიჩელი შინ არ იყო, არარსებულ რეიჩელს ეთამაშებოდა. „სხვათა შორის, არარსებულ რეიჩელთან თამაში უფრო მეტხანს გრძელდებოდა, ვიდრე ნამდვილთან“, – ამბობს მკვლევარი.

გამოგონილი პერსონაჟები ყოველთვის მეგობრები არ არიან, ისინი შეიძლება იყვნენ წარმოსახვითი ქალიშვილები და ვაჟიშვილები, ქმრები, ცოლები, შინაური ცხოველები ან მრჩეველები. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებობს, შეიძლება სხვა სამყაროშიც იყოს.

ბავშვმა თამაშის დროს წარმოსახვა რომ უნდა გამოიყენოს, ამაზე საუბარი მხოლოდ მეოცე საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს. წარმოსახვითი მეგობრების შესწავლა კი 2006 წლიდან მიმდინარეობს. ამ მხრივ ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროები, ამიტომ წარმოსახვითი მეგობრების შესახებ ადრეული თეორიები მყიფეა.

წარმოსახვითი მეგობრების გაჩენაზე, როგორც ჩანს, კულტურული ფაქტორებიც ახდენს გავლენას. 7 წლამდე ასაკის ამერიკელი ბავშვების 65%-ს ჰყავდა ან ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბრიტანელი ბავშვების 46%-საც წარმოსახვითი მეგობარი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სტუმრებია, ხოლო ინდოეთსა და ახალ გვინეაში, უკანასკნელი გამოკვლევებით, წარმოსახვითი მეგობრის ფენომენი საერთოდ არ არსებობს, რაც ასევე ძალიან საინტერესოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი