პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„შიშიშ კუბო ბჭკადი!“

ჩვენს
კლასში ერთი ბიჭი სწავლობდა, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. მგონი,
არც თვითონ უცდია ოდესმე ყურადღების მიქცევა და არც იმის საბაბი მიუცია
ვინმესთვის, მისით დაინტერესებულიყვნენ. არ აცდენდა, არ იგვიანებდა, საშინაო
დავალებაც ყოველთვის მზად ჰქონდა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე მიდიოდა შინ.

დიდი
ხნის უნახავი კლასელები შევხვდით ამასწინათ, სკოლა გავიხსენეთ, სკოლის პერსონაჟებს
ჩამოვუარეთ სათითაოდ და, როგორც ყოველთვის, ლექსოზე ვერავინ ვერაფერი თქვა. ეტყობა,
წესიერი და ზრდილობიანი ის თვისებები არ არის, რითაც ადამიანი უნდა დაგამახსოვრდეს
სამუდამოდ, სხვაც სჭირდება ალბათ: ერთი კვიმატი სხივი, თუნდაც ფეხის ერთი გადაცდენა.

იმათ
არ იცოდნენ, მაგრამ მე კი მახსოვდა ლექსოს ისეთი საქციელი, რომელმაც მთლიანად შემიცვალა
წარმოდგენა მის შესახებ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ზოგადად წარმოდგენების (რაც კი
გამაჩნდა!) დასამსხვრევად შემამზადა.

ჩვენმა სკოლელებმა სხვა სკოლის ბიჭებთან იჩხუბეს და, როგორც ხდებოდა
ხოლმე, მთელი უფროსკლასელობა წავიდა ამბის გასარკვევად. ამ შემთხვევაში
შეურაცხყოფაც საერთოა, სიხარულივით, ამიტომ მასზე პასუხისგება ყველას სათითაოდ
გვიწევდა. მეც ჩემი „პაპკა” გადავკეცე, ქამართან ჩავიმაგრე და კუბოკრული პერანგი
გადავაფარე – არ უნდა შემტყობოდა, სწავლას მოწყურებული რომ ვიყავი, თორემ (ყოველ
შემთხვევაში, მაშინ ასე გვწამდა) შეიძლებოდა ვინმე დაეჭვებულიყო ჩვენს
ბრძოლისუნარიანობაში.

ყველაზე
უცნაური ამ ამბავში ლექსოს გამოჩენა იყო – მისი ინტერესის ფარგლებს ხომ სცილდებოდა
ყოველგვარი „კლასგარეშე”. ასე მგონია, კლასგარეშე ლიტერატურის ის სიაც არასდროს
ჩაუწერია, რომელსაც ზაფხულის არდადეგების წინ გულმოდგინედ გვკარნახობდა ქართულის
მასწავლებელი.


შენ აქ რა გინდა? – ვკითხე გაოცებულმა. გაჩერდა.


რა იყო, არ შეიძლება?! – კითხვა შემომიბრუნა, სერიოზული და შემართული ჩანდა.

რამდენიმე
წამი ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, რომ მისი საჩხუბრად წამოსვლის ნამდვილი მიზეზი
გამეგო, რაღაცაზე უნდა წამომეგო. ბოლოს ჩავაწვეთე:


მერე, რომ გცემონ? – ეს ვთქვი თუ არა, შევატყვე, როგორ გამევსო გული ბრაზით
საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, იმწუთას ცნობისმოყვარეობა რომ თრგუნავდა
სინდისს.


მცემონ, მერე რა.

– გცემონ და არაფერი? – გაკვირვებისგან პირი დავაღე.

გაეღიმა, მოტრიალდა და აჩქარებული ნაბიჯით გაეკიდა წინ წასულ ბიჭებს.
არ დავანებე:

– მოიცა, მოიცა, გცემონ, გჟეჟონ, ცხვირ-პირი დაგისისხლიანონ და…

– მერე რა?

– არ გეშინია?

მაშინ იყო, რომ გაჩერდა, შემობრუნდა, ქვემოდან ამომხედა და მკაცრად
თქვა:

– შიშიშ კუბო ბჭკადი!

ჯერ სიცილი წამსკდა, ვხარხარებდი. ფეხზე მდგომარემ რომ ვერ დავიოკე,
ჩავიკუზე, ცრემლს ვიხოცავდი და სულს ვერ ვითქვამდი. მერე, როგორც იქნა, წამოვდექი.
არავინ ჩანდა, ლექსოც სადღაც გამქრალიყო. არ გამოვდევნებივარ, არავინ არ მიძებნია,
შინისკენ დავაღერე თავი.

გზაში სულ ლექსოს სიტყვებზე მეფიქრებოდა. ისიც წარმოვიდგინე, როგორ გამოჭედავდა
ხელში ჩაქუჩ- და შალაშინმომარჯვებული ლექსო კუბოს შიშისათვის, დიდს, უზარმაზარს,
შიშის სამყოფს, სადაც ყველაფერი ჩაეტეოდა, რასაც ჩვენი დაშინება და გაბითურება
შეეძლო – აურაცხელი ყოფითი მიზეზი, პირადი ურთიერთობები, ძალაუფლების წინაშე
თავმოთნეობა… და კიდევ ათასი მოძალადე შეკითხვა: რომ მოვიდეს, რომ წავიდეს, რომ
წამართვას, რომ მცემოს, რომ… რომ… ეს კუბო ყველა შიშს დაიტევდა, ყველას შთანთქავდა.


თეონა ჭანიშვილის ნახატი 

…ახლაც ვფიქრობ, ახლაც მტანჯავს და მაკვირვებს ლექსოს გამბედაობა.
მეცინება კიდეც. სასაცილოცაა ალბათ ადამიანისგან აბუჩად აგდებული, მეტიც – ადამიანის
ხელით კუბოში ჩასვენებული შიში, რომლის რისხვაც კვალდაკვალ მოჰყვება კაცობრიობის
ისტორიას. ხანდახან დავეჭვდები: იქნებ წამოსცდა ან მე მომეყურა? რატომ თქვა
საერთოდ? წყევლა იყო თუ თავის გამხნევება? ისევ შიშმა ათქმევინა თუ ვაჟკაცობამ?
მაგრამ შიში ხომ ერთნაირად ჩასდის გულში მხდალსაც და ვაჟკაცსაც – წვეთ-წვეთად ჩაიწურება
ხოლმე.

მოძალადე კითხვებს მოიყოლებს-მეთქი და მოჰყვა კიდეც. მერე რა, რომ
ჩვენ ამ ყველაფერს „სიფრთხილედ”, „წინდახედულებად”, „თავის შენახვად”
მოვიხსენიებთ, უთქმელადაც ვიცით, რომ თუკი რაღაცის (ამ აბსტრაქტული სიტყვის ადგილას
შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერი არსებითი სახელი) შიშით შენს თავს, პრინციპებსა და
ფასეულობებს ღალატობ, „სიფრთხილე” უმალ „ლაჩრობად” იქცევა, „წინდახედულება” – „მონურ
შემგუებლობად”, „თავის შენახვა” – „თავზე ლაფის დასხმად”. 

– შიშიშ კუბო ბჭკადი! – სადღაც შორიდან მესმის ლექსოს ხმა. ალბათ ისევ
ის ჩვეულებრივი ბიჭია, სხვებს რომ არაფრით გამორჩეული ჰგონიათ. თვითონაც დიდად არ
ანაღვლებს, რას იტყვიან, როგორ შეაფასებენ სხვები – მან ხომ ეს შიშიც მოაშთო, უფრო
სწორად, ამ შიშსაც გამოუჭედა განსასვენებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი