პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხელოვნება ყველასთვის

სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ხელოვნების გაკვეთილებზე, ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ცოტა მოშვებული და დაღლილი მეჩვენება. დავალების შესრულება ხშირად ავიწყდებათ და გაკვეთილებსაც აცდენენ. მესმის, ამის მიზეზი დღეს ბევრი რამ შეიძლება იყოს – ცხოვრება ფიზიკური თუ ემოციური სირთულეებით არის სავსე, მაგრამ როცა კლასში სისტემატურად მხოლოდ სამი-ოთხი მოსწავლე ასრულებს დავალებას, ვცარიელდები, მოუსვენრობა მიპყრობს. თავს ვიმხნევებ და ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა შევცვალო. მინდა, ყველას მივწვდე, ყველა ჩავრთო შემოქმედებით პროცესში, გავააზრებინო ახალი საკითხი, გავიგო მათი დამოკიდებულება, მივცე საშუალება, შესრულებული ნამუშევრები ბედნიერებმა გაგვიზიარონ.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვფიქრობ: აი, რა მშვენიერი გაკვეთილი მოვამზადე, როგორ ვეცადე, მასალა ყველა მოსწავლისთვის გასაგები ყოფილიყო, მაგრამ ყველასგან ის უკუკავშირი ვერ მივიღე, რასაც ველოდი; ხელახლა უნდა გადავხედო მიცემულ დავალებებს, ვიფიქრო და კიდევ ვცადო, ახლებურად.

უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილის თემას და დავალებას ვყოფ პატარა ნაწილებად – ასე უფრო გაუადვილდებათ მუშაობა. კოლეგების რეკომენდაციებიც მეხმარება პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში. ბავშვებს ხშირად სჭირდებათ შეხსენება, გამხნევება, მხარდაჭერა. და, ნაცვლად იმაზე წუხილისა, რომ მოსწავლეებს არ აინტერესებთ ჩვენი გაკვეთილი, უმჯობესია, საკუთარ თავს ვკითხოთ: რატომ? რა გამომრჩა, რატომ ვერ მივწვდი მათ გულებს და გონებას? ხომ არ დაიღალნენ? იქნებ მასალა ზედმეტად რთული ან მოსაწყენია ამ მომენტისთვის? როგორ მივცე ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს მეტი პერსონალური არჩევანი?

 

„ჩვეულებრივი ნივთები“

ალბათ ყველა ხელოვნების მასწავლებელს აქვს სახალისო აქტივობა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს გაკვეთილზე მოსწავლეების გამოსაცოცხლებლად. ერთი თემა ძალიან დამეხმარა და, ვფიქრობ, კარგად იმუშავა ხელოვნების გაკვეთილზე უფროსკლასელებთან მთელი კლასის ჩართულობისთვის.

„ჩვეულებრივი ნივთების სერია“ – ასე დავარქვი თემას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს დავალების შესრულებას ვთავაზობდი. თან პოპ-არტი გავიხსენეთ, ენდი უორჰოლის სერიებით. დავალება ასეთი იყო: ტელეფონის კამერით რომელიმე პირადი ნივთისთვის (კალამი, ქუდი, წიგნაკი, ჭიქა) ფოტო უნდა გადაეღოთ და ფილტრების დახმარებით ამ ფოტოს 4 ვერსია გაეკეთებინათ, მერე სათაური მოეფიქრებინათ ამ სერიისთვის და გაკვეთილზე, ნამუშევრების წარდგენისას, ესაუბრათ იმაზე, რატომ აირჩიეს ეს ნივთი, რა ემოციები აკავშირებთ მასთან და ეს ფოტოები, სხვადასხვა ეფექტის გამოყენებით, რას გვეუბნება.

იდეა მოეწონათ, დავალება ხალისით შეასრულეს და არაჩვეულებრივი სერიებიც გამოუვიდათ. ნამუშევრებზე საუბრის დროს ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ ამბებს. (სურ. 1)

ქეთოს კალმის ფოტოები, ულამაზესი და ხასხასა ფერებით, გაბნეული წარწერებით, პირდაპირ მისი მხიარული და ლაღი ხასიათის გამომხატველია. ტასომ საათი აირჩია და კიდევ – რამდენიმე მისთვის ძვირფასი ნივთი, იდუმალი განათებით და ეფექტებით. სერია თავისნაირად მშვიდი და ფიქრიანი გამოუვიდა. ნიკომ უმცროსი ძმის საყვარელი სათამაშო გადაიღო, რომელიც ახალი წლის შემდეგ მოწყენილი იდგა ოთახში. ლუკამ ჯერ მეტროს ცარიელი ვაგონის შთამბეჭდავი ფოტო გვაჩვენა – მარტოობის და სიცარიელის სიმბოლოაო, მერე, როცა დავაზუსტე, რომ ჩვენ მიერ არჩეულ თემას „ჩვეულებრივი ნივთები“ ერქვა და ვთხოვე, ამის შესახებ ეფიქრა, სხვა ფოტოები გადაიღო, ის, რაც მოსწონდა.

საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, რას და როგორ ხედავენ ბავშვები თავიანთ სიახლოვეს. ჩვეულებრივ ნივთებშიც შეიძლება აღმოაჩინო რაღაც საინტერესო, ის რასაც სხვა თვალი ვერ ხედავს, შენთვის კი ასეთია, გამორჩეული, განსაკუთრებული, რადგან მას შენი პირადი გამოცდილება, მოგონება და ემოცია უკავშირდება.

 

დაბრუნება „აფორიზმების წიგნთან“ (სურ. 2)

მერვე კლასთან ჯერ კიდევ პირველი სემესტრის ბოლოს დავგეგმე ერთობლივი პროექტი – „აფორიზმების წიგნი“. ვინაიდან სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, ნება დავრთე, წიგნის ციფრული ვერსია შეექმნათ. იმედი მქონდა, რომ განვლილი მასალა: ხელნაწერი წიგნის მინიატურები, აღმოსავლური ხელოვნების ორნამენტულობა, ქართული შრიფტის დიზაინი, მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები – მუშაობაში დაეხმარებოდათ. მაგრამ მხოლოდ სამმა მოსწავლემ მოახერხა ამ დავალების შესრულება.

როგორც კი სკოლაში დავბრუნდით და განვლილ მასალას გადავხედეთ, ვთხოვე, ისევ ეფიქრათ აფორიზმების წიგნზე, ამჯერად – ხელნაკეთ ვერსიაზე. და, ჩემდა გასახარად, აენთნენ. სამუშაოს დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიურად ჩაებნენ, გამოცოცხლდნენ და თავისუფალი ინტერპრეტაციით გადაწყვიტეს ხელნაკეთი წიგნის შექმნა. რა თქმა უნდა, მინდოდა, ყველას ინტერესით და სიამოვნებით ემუშავა. მხოლოდ რამდენიმე მინიშნება მივეცი, მაგალითად, როგორი ფორმატი შეიძლებოდა აერჩიათ წიგნისთვის და როგორ გაენაწილებინათ ეფექტურად სამუშაო.

პირველ რიგში, საჭირო მასალა და მუშაობის გეგმა ჩამოწერეს:

  • ფურცლებისთვის – ვატმანის ქაღალდი;
  • უბრალო ფანქრები, საშლელი;
  • მაკრატელი;
  • ფერადი ფანქრები, პასტელები, მარკერები;
  • გარეკანისთვის – ნაცრისფერი თხელი მუყაო;
  • ქაღალდის სახვრეტი;
  • ასაკინძად – უბრალო თოკი;
  • გარეკანის დიზაინზე მუშაობა;
  • თავფურცლის გაფორმება;
  • შოთა რუსთაველის პორტრეტის დახატვა;
  • ილუსტრაციები.

მომდევნო ნაბიჯი იყო „ვეფხისტყაოსნიდან“ აფორიზმების მოძიება და არჩევა. თითო მოსწავლეს თითო აფორიზმი მაინც უნდა გაეფორმებინა.

ბუნებრივია, ნახატები და წარწერები სტილებრივად განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ საერთო ჩარჩო როგორმე უნდა დაეცვათ. მაგალითად, ჰოროზინტალურად ეხატათ, ხატვისას ფურცლის ფორმატიც გაეთვალისწინებინათ რომ ილუსტრაციები ერთნაირი ზომისა ყოფილიყო.

წიგნის ფურცლებად თეთრი ვატმანის ქაღალდი დაჭრეს, ასაკინძავად წინასწარ გაუკეთეს ნახვრეტები და შესაბამისი ზომის ყდაც გაამზადეს.

შემდეგ აფორიზმები დაინაწილეს და დაიწყეს გაფორმება.

მუშაობის პროცესი ხალისით სავსე ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ, სად როგორი დეტალი შეიძლებოდა გამოეყენებინათ.

აფორიზმები მოსწავლეების ულამაზესი ხელწერით იკაზმებოდა და ნახატებით ირთვებოდა. რამდენიმე მოსწავლემ ერთის ნაცვლად სამი ილუსტრაცია შექმნა. შოთა რუსთაველის პორტრეტიც ერთის ნაცვლად რამდენიმე დახატეს. ნიკომ ახალი იდეა მიაწოდა ბავშვებს: შეიძლება, წიგნში რუსთაველის პერსონაჟების გათანამედროვებული ვერსიებიც დავამატოთო. აიტაცეს და ხატეს.

ჟრიამულში გავატარეთ ოთხი გაკვეთილი და დასრულებული წიგნიც საზეიმოდ ავკინძეთ.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ასეთი მომენტებია უძვირფასესი, როცა მთელი კლასია ჩართული მუშაობაში, გატაცებით ასრულებს დავალებას და შედეგით კმაყოფილი და ბედნიერია. ონლაინ სწავლებისას ამას, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებდით.

 

„ხელნაკეთი წიგნაკები“ (სურ. 3)

„ხელნაკეთი წიგნაკები“ ადვილად მზადდება და ერთ გაკვეთილშიც მოესწრება. რაც მთავარია, მეექვსეკლასელებს ძალიან მოეწონათ. ამ აქტივობის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ბავშვები განსხვავებული მასალებით მუშაობენ. დაგვჭირდება გამოჭრა, გახვრეტა, დაწებება, თოკების, წებოვანი ლენტების გამოყენება, ფერადი და ბრჭყვიალა მარკერები, კალმები, სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდი, ქსოვილის ნაჭრები და ა. შ.

მასალა:

  • თაბახის ერთი ფურცელი შიგთავსისთვის;
  • ერთი თეთრი ან ფერადი ფურცელი გარეკანისთვის;
  • მაკრატელი;
  • სახვრეტი;
  • თოკი;
  • ფანქრები, მარკერები ან პასტელები.

წიგნაკის შიგთავსისთვის თაბახის ფურცელს გავკეცავთ შუაზე და გავჭრით, მერე – კიდევ ერთხელ. ერთი ფურცლისგან ოთხი გამოდის. თუ კიდევ გავყოფთ, რვა გამოგვივა, უფრო პატარა ზომის.

გარეკანისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თეთრი, ისე ფერადი ფურცელი. თეთრი ყდა ლამაზად მოიხატება ან აპლიკაციებით გაფორმდება.

ფურცლებს და ყდას გავხვრეტთ, ამ ნახვრეტებში თოკს გავუყრით და ავკინძავთ.

წიგნაკები შეიძლება ილუსტრირებულ წიგნებადაც გადაიქცეს.

მე „ხელოვნების პაწაწინა ლექსიკონის“ შექმნა შევთავაზე, მაგრამ უმეტესობამ თემას გადაუხვია: ერთმა „ყვავილების წიგნაკი“ შექმნა, მეორემ – „პატარა პრინცის“, მესამემ – „გაზაფხულის“, მეოთხემ – „რაინდების“… მთავარი ის არის, მათი ინტერესი და შემოქმედებითი ენერგია სასურველი მიმართულებით გადმოიღვარა.

 

ბარათები (სურ. 4)

მეხუთეკლასელებმა კი ულამაზესი ბარათები დაამზადეს შერეული ტექნიკით, ძველი ნახატებისა და გაზეთების ნაკუწებისგან. აი, აქ გამოგვადგა მათივე ძველი ნამუშევრები – ისეთები, რომლებიც დიდად არ მოსწონდათ, დაუმთავრებლები… გადასაგდებად ვერგამეტებული ნახატები ყოველთვის შეგვიძლია კოლაჟისთვის გამოვიყენოთ.

ხელოვნების გაკვეთილი მაშინ არის ნამდვილი და სასარგებლო, როცა ყველა მოსწავლე მთელი გულით არის ჩართული შემოქმედებით პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი