ქიმიის შესასწავლი ზღაპარი

თავის სიცოცხლეში სულ ორჯერ უბანავია: ერთხელ – დაბადებისას, მეორედ კი – ქორწილის დილას. სულ ეს იყო მისი სისუფთავის რიტუალი.

ესპანეთის დედოფალ იზაბელა კასტილიელზე მოგახსენებთ, რომელთან შეხვედრასაც არ ვისურვებდი. არადა, ამ სიბინძურის ფონზე ავადაც რომ არ ხდებოდა! ჯანმრთელობას არც სოფელში, ჩვენს მეზობლად მცხოვრები ზურიკო უჩიოდა, რომელიც მუდამ ტალახში იყო ამოგანგლული და ყველაფერს გაურეცხავს ჭამდა. მე კი დედა და ბებია დღედაღამ მხეხავდნენ, სულს მიბერავდნენ, მაგრამ სოფლის „ბუთო ექიმი“ მაინც სულ ჩვენს კართან იდგა. „ბუთო ექიმს“ სინამდვილეში რამაზი ერქვა და ძალიან კარგი ექიმი და ადამიანი იყო. აი, ისეთი, თავის სიცოცხლეს რომ გვერდზე გადადებდა და შენ გამოგენთებოდა „იქ“ გადასასვლელ კართან. აღმოსავლური მედიცინის პატარ-პატარა ხრიკებიც სწორედ „ბუთო ექიმმა“ მასწავლა, ჩემი იმუნიტეტიც ნელ-ნელა წელში გამართა და დაგვამეგობრა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს დაბანის და სისუფთავის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, საპონს ლამის ხუთ წუთში ერთხელ ვიყენებ, დიდწილად – ჩემი პროფესიის გამოც. დარწმუნებული ვარ, შუა საუკუნეების ევროპელ დიდგვაროვნებსაც ეყვარებოდათ სისუფთავე, მაგრამ მაინც დაუბანელები დადიოდნენ, რადგან გულწრფელად ეშინოდათ იმ წმინდა წყლის ჩამობანის, რომელიც მონათვლის დროს აპკურეს. ლუდოვიკო XIV-ც იმავე აზრზე იყო, ამიტომ დილაობით ორ სველ თითს ამოისვამდა ხოლმე თვალებში და ყველაფერი ამით მთავრდებოდა.

შავი, დახრული კბილებიც არისტოკრატობის მაჩვენებელი იყო. თუ კბილები არ გივარგოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ტკბილეულს, ღვინოს და ყოველგვარ იმ სიკეთეს მიირთმევდი, რაც კბილის მინანქარს აზიანებდა და ალპობდა. ამიტომ, თუ შავი და დახრული კბილები გქონდა, ბატონი იყავი და ეგ არის.

ევროპას ანტისანიტარია ჭამდა, არაბულ ქვეყნებში კი უკვე საპონი ჰქონდათ. მას ნატურალური ზეთებისა და ტუტისგან ამზადებდნენ, ლაიმის წვენს და ეთერზეთებს ამატებდნენ.

უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების ნატრიუმისა და კალიუმის მარილებს საპნები ეწოდება. წარმოებაში ტუტე არეში ცხიმების ჰიდროლიზის შედეგად გლიცერინი და კარბონმჟავათა ხსნადი მარილები მიიღება. ამ პროცესს ცხიმების შესაპვნის რეაქცია ეწოდება, რადგან გლიცერინი და საპონი წარმოიქმნება. ნატრიუმის ტუტის გამოყენებისას – მყარ, ხოლო კალიუმის ტუტის გამოყენებისას თხევად საპონს მივიღებთ.

ამ წერილში ხელით დამზადებულ საპონზე ვისაუბრებთ. თან ჩვენივე ხელით დავიცავთ სისუფთავეს, თან სახლის ქიმია გამოდის და კომპლექსურ დავალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ, მოსწავლეებს ნათლად დავანახოთ, რომ ქიმია აქვე, სახლშია და არა მხოლოდ ქიმიის სახელმძღვანელოში.

ხელით დამზადებული საპნის pH ნეიტრალურთანაა ახლოს. პალმიტინის მჟავა საპონს სიმაგრეს ანიჭებს, ოლეინის მჟავა – ცივ წყალში ხსნადობას და რეცხვის უნარს. სტეარინის მჟავა ცხელ წყალში რეცხვის უნარს აძლიერებს. თანამედროვე ხელით ნაკეთი საპნები ნატრიუმის პალმიტატისა და სტეარატის საფუძველზეა დამზადებული.

ქოქოსის ზეთზე დამზადებული საპონი ცივ წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მასში შემავალი ლაურინის მჟავა კანს აღიზიანებს. შესაბამისად, საპნებში ქოქოსის ზეთის დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის რეკომენდებული.

საპნის წარმოებაში ღორის ქონს არ იყენებენ, რადგან უჯერი ლინოლენის მჟავას შემცველობის გამო ასეთი საპონი მალე გაფუჭდება.

დავიწყოთ საპნის კეთება ნულიდან.

დაგვჭირდება:

  1. ზეითუნის ზეთი – 210გ;
  2. პალმის ზეთი – 280გ;
  3. რაფინირებული აბუსალათინის ზეთი – 35გ;
  4. ქოქოსის ზეთი – 175გ;
  5. 5. გამოხდილი წყალი – 231მლ;
  6. 6. ნატრიუმის ტუტე – 99,5გ;
  7. 7. მინდვრის პიტნის ეთერზეთი – 7მლ;
  8. 8. ბაღის პიტნის ეთერზეთი – 4მლ;
  9. 9. ბარამბოს ეთერზეთი – 4მლ.

არ ვიცი, მოსწავლეებმა იციან თუ არა, მაგრამ ეთერზეთი მრავალკომპონენტიანი აქროლადი ნივთიერებების ნარევია, რომელიც მცენარეში წარმოიქმნება. ეთერზეთები სპირტების, ალდეჰიდებისა და არომატული ბირთვის მქონე ნივთიერებებთან ერთად ესტერებსაც შეიცავs.

ეთერზეთის ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. მისი ძირითადი კომპონენტია მენთოლი. პიტნის ერთ-ერთი სახეობის, ბაღის პიტნის (რომელსაც ჩვენც ვიყენებთ), ეთერზეთის შედგენილობაში შედის 50% მენთოლი და 4-10% ესტერები.

თუ საპნისთვის პიტნის ეთერზეთს ვერ მოიძიებთ, თავად დაამზადეთ:

  • 50-100გ გამხმარი პიტნა ხელით დავსრისოთ, დავუმატოთ სპირტი და გამოვხადოთ. გამოხდის შედეგად მწვანე მასიდან 5-10 წვეთი მკვეთრი სუნის ბლანტი სითხე მიიღება.

აწონეთ თითოეული ზეთის მითითებული რაოდენობა, მოათავსეთ სპეციალურ ჭურჭელში და გაათბეთ 50-60 გრადუსამდე. ამის გაკეთება ან მიკროტალღოვან ღუმელში შეიძლება, ან ქურაზე მოთავსებულ წყლის აბაზანაში.

აიღეთ გამოხდილი წყალი და გახსენით მასში ნატრიუმის ტუტის მითითებული რაოდენობა. ტუტე ჩაყარეთ წყალში. კარგად მოურიეთ და აცადეთ ბოლომდე გახსნა. ვინაიდან ეს პროცესი სახლში ან საკლასო ოთახში მიმდინარეობს, უსაფრთხოების ტექნიკა ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. გამოიყენეთ სათვალეები და პირბადე.

როდესაც ტუტის წყალხსნარი ოდნავ შეგრილდება და ზეთის ნარევიც ბოლომდე გალღვება, ტუტის ხსნარი ჩაასხით ზეთში. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით (ერთი ბლენდერის გამეტება დაგვჭირდება). თქვიფეთ, სანამ თავად ბლენდერზე სქელი მასის კვალი არ დარჩება.

ამის შემდეგ ათქვეფილ მასას უკვე მომზადებული ეთერზეთების კოქტეილი დაამატეთ. ეთერზეთების რაოდენობა ზემოთაა მოცემული. შეგიძლიათ ჩაამატოთ დაფქვილი სურნელოვანი ბალახებიც და ბლენდერით კვლავ კარგად ათქვიფოთ. საპნის ფორმა წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული. მიღებული მასა მასში ჩაასხით. თუ გეხერხებათ და გეხალისებათ, შეგიძლიათ, ზედაპირზე ჩხირით ან კოვზით რაიმე ფიგურებიც მიახატოთ. ფორმიდან საპნის ამოღება 24 საათის შემდეგ შეიძლება. ამოიღეთ და ლამაზ ნაჭრებად დაჭერით.

თუ საპონი კარგად მოიხარშა და მოსწავლეებსაც მოეწონათ, შეგიძლიათ, ე.წ. „მარსელის საპნის“ მომზადებაც სცადოთ.

აბა, რამდენმა თქვენგანმა იცის, რა არის „მარსელის საპონი“? საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იაფად შეიძენთ, ქსელურ აფთიაქებში კი ხელით დამზადებული ფრანგული „მარსელის საპნის“ ერთი ციცქნა ნაჭერი 20 ლარი დაგიჯდებათ. არადა, არც მეტი, არც ნაკლები, 72%-იანი სარეცხის საპონია. 72% ნიშნავს საპონში ზეითუნის ზეთის წილს. საპონი გამოსაყენებლად უფრო პრაქტიკული გამოდის.

მარსელში ასეთი საპნის ხარშვა მეთორმეტე საუკუნეში დაუწყიათ, მასალად კი პროვანსში წარმოებულ ზეითუნის ზეთს იყენებდნენ. ტუტის მოვალეობას დამწვარი მცენარეების ნაცარი ასრულებდა. პირველი რეგისტრირებული საპნის მხარშავი ვინმე მარსელელი კრეკას დავინი (Crescas Davin) ყოფილა 1370 წელს. ქარხანა კი 1593 წელს ჟორჟ პრუნემუამ ააშენა.

მაშ, ასე, „მარსელის საპნისთვის“ საჭიროა:

  1. რაფინირებული აბუსალათინის ზეთი – 22გ (3%);
  2. ზეითუნის ზეთი – 518გ (72%);
  3. ქოქოსის ზეთი – 180გ (25%);
  4. ზღვის მარილი – 7,2გ;
  5. გამოხდილი წყალი – 216მლ;
  6. ნატრიუმის ტუტე – 98,57გ;
  7. სხვადასხვა ფერის მისაცემი პიგმენტები (3-3გ), თუმცა ეს მხოლოდ სურვილის შემთხვევაში.
  8. ბაზილიკის ან სხვა სურნელოვანი ეთერზეთი – 14მლ.

გამოხდილ წყალში გახსენით ზღვის მარილი. ამავე ხსნარში გახსენით ნატრიუმის ტუტე. ცალკე ჭურჭელში მითითებული რაოდენობით ჩაასხით ზეთები და შეათბეთ. როდესაც ტუტის წყალხსნარის და ზეთების ტემპერატურა 40-45 გრადუსს მიარწევს, შეგიძლიათ, ერთმანეთს შეურიოთ და ათქვიფოთ.

თუ პიგმენტების გამოყენებას გადაწყვეტთ, მათი დამატება სწორედ დროული იქნება. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ბლენდერით და ფორმაში ჩაასხით.

ფორმიდან საპნის ამოღება 24 საათის შემდეგ შეიძლება. ამოიღეთ და ლამაზ ნაჭრებად დაჭერით.

ამასწინათ, დისტანციურ ლექციებს შორის მოცალეობის ჟამს, ტელევიზორთან ყავის დასალევად ჩამოვჯექი. ბოლო დროს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ იმ დღეს რატომღაც მომინდა. საინფორმაციო არხებისკენ თვალიც კი არ გამქცევია, ცოტა გართობა მინდოდა, დაზაფვრა კი არა. ჰოდა, პირდაპირ ფილმი- ზღაპრების არხისკენ ავიღე გეზი.

და-ძმა სოფელში ბებიას ესტუმრა. ღვიძლ ბებიას არა – მის დას, დეიდაშვილს თუ ბიძაშვილს, რომელსაც მანამდე არ იცნობდნენ. ბებიის სახლი ტყის პირას იდგა და წითელი აგურისა და საპნის ნაფხვენით იყო გარშემორტყმული. ბებიამ ბავშვებს აუხსნა, რომ ტყეში გობლინები ცხოვრობდნენ და ეს ნაფხვენი სახლს მათი შემოსევისგან იცავდა. საპონი აუცილებლად ახალი უნდა ყოფილიყო და ბებოც გულმოდგინედ ხარშავდა მას ეზოში. ბუნებრივია, საპნის ხარშვაში ბავშვებიც ჩაერთნენ და უამრავი სასარგებლო რამ შეიტყვეს საპონსა და ქიმიაზე. დიახ, ქიმიაზე, რადგან საპნის მომზადება ჩვეულებრივი ქიმიური პროცესი გახლავთ.

აი, მესმის ზღაპარი… ქიმიის შესასწავლი ზღაპარი.

კომენტარები

comments